Category: არქივი

  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით არსებული პანდუსი დაიკეტება

    შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოები დღეს, 17 ივლისს, 11:00 საათიდან დაიწყება და 200 კალენდარული დღე გაგრძელდება.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, დროებით შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები, კერძოდ:

    მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დაიკეტება;

    მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდიდან ჩამომსვლელი პანდუსიდან თამარ მეფის ხიდის მიმართულებით, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება;

    სადგურის მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით, მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის გავლით, ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმართულებით;

    მარჯვენა სანაპიროდან ვაკისა და საბურთალოსკენ მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ე.წ. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის გავლით, გმირთა მოედანზე არსებული პანდუსებით.

    სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

  • ივანიშვილთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითანამშრომლებ თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან- უგულავა

    პრემიერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობაში შევა „ნაციონალურ მოძრაობის“ გარდა,  “რუსავი2”- გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ეხმაურებიან.

    “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა ხუმრობით ამბობს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ მარსიანელებთან ბრძოლა გახდება საჭირო.

    “ივანიშვილთან, როგორც პარტნიორთან, “ქართულ ოცნებასთან” მხოლოდ და მხოლოდ, ერთ შემთხვევაში ვითანამშრომლებ, თუ საქართველოს მარსიანელები შემოესევიან და კაცობრიობა უნდა გაერთიანდეს,” – განაცხადა უგულავამ.

    „ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჯერ დაუჭერელი დათვის ტყავს ვინაწილებთ, თავსაც ნუ დავიწყნარებთ. ივანიშვილის არანაირი დემოკრატი არ არის, ის არ არის პოლიტიკოსი და მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს. ვისაც შიში ჰქონდა 2012 წელში სააკაშვილის გადააბარებდა თუ არა ხელისუფლებას მშვიდობიანად, ეს შიშები გაქარწყლდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილის ამას ასე მშვიდად შეელევა. პირველ რიგში, ეს არის ქონება. ეს ადამიანი აპირებს აქ ცხოვრებას. წარმოუდგენია, რომ ესე უნდა იყოს როგორც არის. მისი წარმოდგენა და რეალობა აცდენილია. მაგრამ თუ იქნება მკაფიო გამარჯვება, ვერანაირი ივანიშვილი და რუსეთი მის უკან მდგომი ვერაფერს ვერ შეცვლის,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

  • „დავინახეთ მარიამი, რომელიც შუა ეპიცენტრში იდგა” – როგორ მოხვდა “რუსთავი 2-ის” თანამშრომელს ტყვია 20 ივნისის ღამეს

    “რუსთავი 2-ის” დაცვის თანამშრომელი გიორგი სულაშვილი, რომელსაც სპეცრაზმელის ტყვიამ თვალი დაუზიანა,  20 ივნისის ღამეს იხსენებს. გადაცემა “არჩევანში” მან დეტალურად  გაიხსენა 20 ივნისის ღამეს რა ვითარებაში გაისროლეს მისი მისამართით.

    გიორგი სულაშვილის განცხადებით, ის აქციაზე  სხვა თანამშრომლებთან ერთად შეეცადა, ეპიცენტრიდან „კურიერის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი გამოეყვანა. 

    „დავინახეთ მარიამი, რომელიც შუა ეპიცენტრში იდგა და ყოველ წამს შეიძლებოდა, მარიამს მოხვედროდა ის, რაც მე მომხვდა. მთელი კოლექტივი წავედით მარიამის დასახმარებლად და მარიამს რომ მივუახლოვდით, აგონიაში იყო, არ ესმოდა არაფერი, ვეძახდით. როდესაც თავი გამოვწიე, რომ უნდა დამეძახა, მარიამ, ჩამოდი, მაგ მომენტში მომხვდა ტყვია. მტკივნეული იყო. იმ მომენტში ძალიან დიდი ტკივილი მქონდა. ვეღარაფერს ვხედავდი. შევძელი გამოვბრუნებულიყავი. გონება არ დამიკარგავს. ნახევარი გზა გავიარე და შემდეგ ჩვენი თანამშრომლები დამეხმარნენ და ჩამსვეს სასწრაფოს მანქანაში. სასწრაფოს ექიმი დაიბნა, არ ელოდებოდა ამ სურათს,” – განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

    გიორგი სულაშვილის თქმით, ოპერაცია 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მან დაკარგა თვალი და ამასთან ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები. მისივე თქმით, საქართველოში ოპერაციის შემდეგ ის ჯანდაცვის სამინისტრომ გერმანიაში გაუშვა სამედიცინო დახმარების გასაწევად.

    „მითხრეს, რომ თავის ქალიდან უნდა აიღონ ის ძვლის ფრაგმენტი, რომ სამომავლოდ პროტეზირების დროს რაღაც საფუძველი ჰქონდეთ, რაზეც შეიძლება, რომ ის თვალი მიამაგრონ და გააჩერონ. იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ქვედა ძვალი აღარ მაქვს,….გავძლიერდეთ, ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით ძლიერად და ვერაფერი მოგვერევა. იყოს ეს ჩემი და მაკა გომურის და სხვა დაზარალებულების ბოლო მსხვერპლი. აღარ ყოფილიყოს სხვა დაზარალებულები საქართველოში. მინდა ქართველი ხალხი გავამხნევო. მათი გვერდში დგომა მე მაძლიერებს,“ – განაცხადა გიორგი სულაშვილმა.

  • “როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით” – გუბაზ სანიკიძე

    “როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “არჩევანში”.

    „მე არ მაქვს დიდი იმედები, რომ ივანიშვილი დათმობს ამას იმიტომ, რომ ივანიშვილისთვის წაგება არჩევნების პირადი ტრაგედიაა. რაღაცები აქვს ისეთი გაფუჭებული, რომ მისთვის წარმოადგენს პირად საფრთხეს. მე მგონია ასე, რომ გვაწვალებს, გვატარებს. რამდენიმე თვე გაიწელება და მერე ჩაატარებს პარლამენტში კენჭისყრას, იქ მაჟორიტარები ყოველთვის ჰყავს და მაჟორიტარების ინტერესები ცალკე არის და ჩააგდებენ ამ ამბავს…ივანიშვილმა თუ გადაგვაგდო რას ვშვრებით მაშინ? მე მაქვს პასუხი ძალიან მარტივი. როცა არჩევნებით ვერ უშვებ ხელისუფლებას, უნდა გაუშვა რევოლუციით,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

  • “პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეთ”-კამათი აკაკი მინაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის

    “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა “არჩევანში” იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

    ეთერში კამათი დავით უსუფაშვილსა და  აკაკი მინაშვილს შორის პროპორციული არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საუბარს მოჰყვა. უსუფაშვილის თქმით, ის მხარს არც ნაციონალურ მოძრაობას უჭერს და არც ქართულ ოცნებას.

    “ორივე კანდიდატს, ორივე ძალას საქართველო ჰყავდა მძევლად, მე თუ არ მომცემ ხმას ეს ბოროტება გაიმარჯვებს და მე თუ არ მომცემ ხმას ის ბოროტება გაიმარჯვებს.”

    უსუფაშვილის ამ განცხადებას აკაკი მინაშვილსა და უსუფაშვილს შორის კამათი მოჰყვა.

    “პოზიცია ვერ ჩამოაყალიბეთ თქვენ იძახით რომ ერთი წლის თავზე  რომელიღაცა პარტია, მაგალითად შენების მოძრაობა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, წამოიწიოს და იყოს პირველ ადგილზე?”-განაცხადა მინაშვილმა.

    ამ განცხადებას უსუფაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ბუნებაში ვინ არსებობს და ვინ არ არსებობს 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე გამოჩნდება.

    უსუფაშვილმა  ასევე პროპორციული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები საშუალებას მისცემს, რომ თავიდან აიცილონ ერთპარტიული მმართველობა.

    „ერთპარტიულ აზროვნებას უნდა დავაღწიოთ თავი, ვის ჩავიდებ როგორმე ჯიბეში, წინასწარ დავიბევებ…  მთავარი ამოცანა 2020 წლის არჩევნების არის ის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში კონტრვარდების რევოლუცია,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

  • როგორ ექცევა შსს-ს დაკავებული თანამშრომელი აქციის მონაწილეებს (ვიდეო)

    პროკურატურამ ცოტა ხნის წინ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, სადაც შსს-ს დაკავებული თანამშრომლის მოქმედებები ჩანს. ვიდეოში ნახავთ, როგორ დამიზნებით ესვრის ის აქციის მონაწილეებს.

    დღეს პროკურატურამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დაკავებაზე ბრიფინგი გამართა, სადაც აღინიშნა, რომ მან უფლებამოსილებას გადაამეტა. 

  • ბათუმის მერია მოსწავლეებს სულხან-საბას “სიტყვის” კონის ცოდნაში შეამოწმებს, რაშიც ბიუჯეტიდან 16 ათასი ლარი დაიხარჯება

    ბათუმის მერია მოსწავლეებს სულხან-საბას “სიტყვის” კონის ცოდნაში შეამოწმებს, რაშიც ბიუჯეტიდან 16 ათასი ლარი დაიხარჯება.

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული 15 749 ლარიანი ტენდერის გამარჯვებული შპს “ეტალონ-მედია“ გახდა.

    ეს ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია რაც სახელმწიფოსგან ასობით ათასი ლარის ტენდერებს იგებს, ხოლო მისი ხელმძღვანელი გოჩა ტყეშელაშვილი “ქართულ ოცნების” აქტიური მხარდამჭერია.

    “შპს “ეტალონ მედიასა” და სახელმწიფოს ურთიერთობას მედიის ყურადღება წარსულშიც არაერთხელ მიუქცევია, ამის მაგალითად 2017 წელს გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე გაფორმებული 377 ათას ლარიანი კონტრაქტი გამოდგება”-აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.