Category: არქივი

  • დარჩით სახლში, იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი ცხადდება- იტალიის პრემიერ-მინისტრი

    იტალიის მთელ ტერიტორიაზე 60 მილიონი ადამიანი კარანტინში მოექცა, შესაბამისად, გადაადგილება და შეკრება აიკრძალა მთელ ქვეყანაში.

    იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რადგან ქვეყანაში აღარ არსებობს წითელი ზონები.

    „ახლა დრო არ გვაქვს. ინფექცია მზარდად ვრცელდება. კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩვენი ჩვევები უნდა შევცვალოთ, ჩვენ ყველამ უნდა გავიღოთ რამე იტალიის სასიკეთოდ. ყველანი სახლში დარჩით. გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამუშაოს, საგანგებო სიტუაციას, ან ჯანმრთელობას უკავშირდება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

    მისივე თქმით, სასწავლო პროცესი სკოლებში და უნივერსიტეტებში 3 აპრილამდე შეჩერდება. ასევე შეჩერდება ყველა სახის მასობრივი ღონისძიებების, სპორტული ტურნირების ჩატარება, მათ შორის იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის.

    ამჟამინდელი ინფორმაციით, იტალიაში ბოლო 24 საათში 97 ადამიანი გარდაიცვალა, 1797 კი დაინფიცირდა. დაავადებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ ყველაზე მაღალი – 9172-ია , გარდაცვლილი კი 463.

  • ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

    ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ორ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

    შსს ცნობით, ფაქტზე 1 პირი დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართ არის ჩადენილი.

  • ,,დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში”- ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება

    პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, თვითმფრინავში, რომლითაც ის სტაბოლიდან დაბრუნდა, ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინეს.

    დანელია აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიული კვლევით მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა თვითიზოლაციის რეჟიმში რჩება.

    ,,მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.

    მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიდაან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.

    გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია.

    ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს!”- წერს ოთარ დანელია ,,ფეისბუქზე”.

  • უგულავას შეწყალება განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება- ევროპარლამენტარი

    ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ,,ტვიტერზე” წერს, რომ გიგი უგულავას შეწყალება განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება.

    ,,გიგი უგულავას შეწყალება განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიზირებისგან თავისუფალი სასამართლო არის ის, რასაც ქართველი ხალხი პოლიტიკოსებისგან იმსახურებს”,- წერს გალერი.

    მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგუმული ნაბიჯია.

    ,,საქართველოში მიღწეული შეთანხმება არის საკვანძო ნაბიჯი პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაცისა და ნორმალიზაციისკენ. ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სწრაფი მიღება პარლამენტის მიერ, მისი სულისკვეთების და პირობების სრული აღსრულება”,- აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის წევრი. 

    გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. გაფორმებული მემორანდუმებით, ოპოზიციის განცხადებით, საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები და შეწყდება პოლიტიკური დევნა.

    ოპოზიციას გიგი უგულავას გათავისუფლების გზად პრეზიდენტის მიერ შეწყალება მიაჩნია, რაც მემორანდუმშიც აღინიშნა. ,,ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”- წერია განცხადებაში.

  • ყველას, ვინც ისრაელში ჩავა, 14 დღის კარანტინში გატარება მოუწევს

    ყველას, ვინც ისრაელში ჩავა, 14 დღის განმავლობაში კარანტინში ყოფნა მოუწევს.

    ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიიღო.

    „რთული დისკუსიების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება – ყველა, ვინც საზღვარგარეთიდან ისრაელში ჩამოვა, 14 დღით კარანტინში განთავსდება“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ზომა ისრაელის მოქალაქეებზე დაუყოვნებლივ ამოქმედდება, უცხოელებისთვის კი ის ძალაში ხუთშაბათიდან შევა.

    ამ დროისთვის ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 42 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • ვის მისცემდით ხმას – ქართული ოცნება- 40%, გაერთიანებული ოპოზიცია- 53%, პატრიოტთა ალიანსი და სხვები – 7% – Edison Research

    Edison Research-ის მიერ ტელეკომპანიას ფორმულას დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: დღეს რომ საპარალამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას ან პარტიათა ბლოკს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 53% ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას მისცემდა ხმას, 40% ქართულ ოცნებას, 7% კი პატრიოტთა ალიანსს და სხვებს.

    რაც შეეხება ე.წ. ალოკაციის, ხმების შეწონვის მეთოდის მონაცემებს, ამ შემთხვევაში ქართული ოცნებას ხმების 39%-ს მიიღებდა , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 23%-ს, ევროპული საქართველო — 8%-ს, ლეიბორისტული პარტია- 6%-ს, პატრიოტთა ალიანსი- 6%-ს, ხოლო ლელო 5%-ს.

    Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ინფორმაციით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

  • მოსახლეობის 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება- Edison Research

    ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის თებერვალში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 27% ფიქრობს, რომ სწორი.

    ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მოსახლეობის 89%-ს აქვს, ხოლო ნატოს მიმართ 84%-ს. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მოსახლეობის 65%-ს აქვს, სომხეთის მიმართ 62%-ს, თურქეთის- 60%, რუსეთის კი 35%-ს.

    გამოკითხულთა 84% მცდარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაუქმებას. გამოკითხულთა უმეტესობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში მთავარ ინვესტორად აშშ-ს (64%) და ევროპას (65%) ისურვებდა. კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 11% ასახელებს რუსეთს.

    Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ინფორმაციით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

  • “პანდემიის საფრთხე რეალურია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე დაინფიცირებული ქვეყნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ასეთი რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომლის კონტროლირებაც შეიძლება“ , – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

    მანამდე, ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კრონავირუსით 104 ქვეყნაში 109 343 ადამიანია დაინფიცირებული.

    მისივე თქმით, თითქმის 110,000 შემთხვევიდან 93% ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება.

    „ჩვენ გვამხნევებს ის, რომ იტალია აგრესიულ ზომებს მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ზომების ეფექტურობა დადასტურდება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.

    შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.

  • ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, უსაფუძვლო ეჭვი იყო- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა და ეს უსაფუძვლო ეჭვი იყო.

    მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან 28 ანალიზის შედეგი მიიღეს და ყველა უარყოფითია.

    ,,ამ 28 ანალიზში იყო ძალიან ბევრი კონტაქტი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, იმიტომ, რომ ბაკურიანში დიდი პანიკაა. იქ იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ ერთერთი სასტუმროს მომსახურე პერსონალი შეიძლება ყოფილიყო ინფიცირებული, მინდა დავაწყნარი ბაკურიანში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები, რომ პასუხი უარყოფითია“, – აცხადებს იმნაძე.

    დღეს დილით ბაკურიანიდან ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადამოიყვანეს. 30 წლამდე ასაკის ქალი იტალიიდან საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო.

  • კორონავირუსის ვაქცინის იმედი მომავალი წლის ზაფხულამდე არ უნდა გვქონდეს- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის იმედი მომავალი წლის ზაფხულამდე არ უნდა გვქონდეს. იმნაძე ამბობს, რომ მისი შექმნისთვის 1 წელი ,,მინიმუმის მინიმუმია”, ისე კი წელწად-ნახევარი მაინც იქნება საჭირო.

    ,,რეალურად ვაქცინის იმედი რეალურად არ უნდა გვქონდეს ჩვენ მომავალი წლის ზაფხულამდე მაინც. რეალობა ეს არის. დღეს არის 20 სხვადასხვა ჯგუფი, რომელსაც აქვს ვაქცინის შექმნის წინაპირობა და დაიწყო გამოცდა. უბრალოდ რეგულაციები ისეთია მსოფლიოში ამ ვაქცინების გამოცდის, სანამ ის მივა საბოლოო პროდუქტამდე და ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, რომ ამას დაჭირდება არანაკლებ ერთი წელი, ეს მინიმუმის მინიმუმია, ისე წელიწად-ნახევარი მაინც იქნება საჭირო”,- ამბობს პაატა იმნაძე.

    მისი თქმით, უფრო რეალისტურია რომ ანტივირუსული პრეპარატი გამოჩნდეს. იმნაძე იმედოვნებს, რომ ზაფხულისთვის სამკურნალო პრეაპარატზე უკვე ჩატარებული იქნება კლინიკური კვლებები. მასზე უკვე დაწყებულია მუშაობა.