Category: არქივი

  • პროპორციული უკან არ წაგვიღია, ეს იყო თარიღის ცვლილება და მეტი არაფერი- თალაკვაძე

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას” პროპორციული არჩევნები უკან არ წაუღია და უბრალოდ თარიღი შეუცვალა.

    ,,უკან ეს არ წაგვიღი, ეს დღესაც წერია კონსტიტუციაში. რაზეც პარლამენტმა კენჭისყრაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო ეს იყო თარიღის ცვლილება, რომ პროპორციული არჩევნები არა 2020 წელში, არამედ 2024-ში ჩატარებულიყო. ეს იყო მხოლოდ თარიღის ცვლილება და არაფერი მეტი, ამიტომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს არის უკვე ისტორია და ეს წერია კონსტიტუციაში”,- აცხადებს თალაკვაძე.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო.

    საერთაშორისო პარტნიორების, საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ, 8 მარტს ,,ქართული ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 

  • საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სპეციალური რეისით დააბრუნეს

    საქართველოს მოქალაქეები რომი-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნეს.

    ჯორჯიან ეარვეისის ერთი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. მეორე თვითმფრინავი რამდენიმე წუთში დაჯდება.

    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე რეისით ჯამში საქართველოს 156 მოქალაქე დაბრუნდება.

    მგზავრები აეროპორტში თერმო სკრინინგს გაივლიან, შემდეგ კი სპეციალური ტრანსპორტით საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდებიან.

    ,,მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, თუმცა ჩამოსვლისას ისევ საჭიროა სკრინინგი. ყველა მათგანი გაივლის 2-კვირიან კარანტინს. თუ რომელიმე მგზავრს აღმოაჩნდება სიმპტომი, გადაიყვანენ ინფექციური პროფილის საავადმყოფოში”,- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

    მო­ქა­ლა­ქეების ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოყ­ვა­ნა ფი­ნან­სუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უზრუნველყო.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იტა­ლი­ას­თან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი 6 მარტს შეჩერდა. პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი ასე­ვე შე­წყვე­ტი­ლია ჩი­ნეთ­თან და ირან­თან.

  • როგორ შეიძლება იმით დაზიანდე, რითაც კურნავ- დეკანოზი გალდავა ერთი კოვზით ზიარებაზე

    მამა ალექსანდრე გალდავას თქმით, საპატრიარქო არ განიხილავს ზიარების წესის დროებით ცვლილებას, რადგან ზიარება არის ,,საკურნებელი და არა დამაავადებელი”.

    მისი თქმით, ხატზე ამბორის, დეზინფექციისა და ყველა სხვა რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ ერთი კოვზით ზიარების წესის ცვლილების გარდა.

    ,,რაც შეეხება იმ მსოფლიო სურათს, რაც მართლაც შემზარავია, ყველაფერი უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდევაც ეკლესია, რომ რა რეკომენდაციასაც მოგვცემენ ჯანდაცვის სამინისტროდან, [შევასრულოთ] – ეს იქნება დეზინფექცია, ეს იქნება თავშეკავება, ეს იქნება პრევენციები, ერთად არ დგომა, ხატებზე თუ ერთმანეთზე ამბორი, ყველაფერი ზიარების გარდა, იმიტომ, რომ ადამიანი რომ კვდება, მაშინ ვაზიარებთ, როცა სჭირდება მას განკურნება და როგორ შეიძლება, იმით, რითაც კურნავ, რომ პირიქით დაგაზიანოს, ამაზეა ლაპარაკი”,- ამბობს დეკანოზი.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველას მოუწოდებს, არ გამოიყენონ ერთი კოვზი, თუმცა მათი თქმით, რელიგიურ რიტუალებს ვერ შეცვლიან. ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომენდაციას უწევს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც.

  • კორონავირუსის გამო სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ ვიზიტებს აუქმებს.

    ,,საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს,” – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

    ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 116-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, 4091 კი დაღუპული.

  • ჩინეთი კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გვაჩუქებს- გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია საქართველოს კორონავირუსის სწრაფად დასადგენ ტესტებს აჩუქებს.

    ტესტები კორონავირუსის ინფექციას უფრო სწრაფად ადგენს, ვიდრე არსებული საშუალებები, თუმცა, გამყრელიძის თქმით, ჯერ ამ ტესტებს WHO-ს სერტიფიკატი არ მიუღია.

    ,,საუბარია, რომ ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს უფასოდ. დაახლოებით 1000 ტესტზეა საუბარი, მაგრამ ეს ტესტები არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 178 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 .

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.  ამის შესახებ ილიაუნის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა 

    გთავაზობთ განცხადებას უცვლელად :

    “გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 16 მარტს.

    ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი უსაფრთხოებისათვის მივიღეთ გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი დავიწყოთ დისტანციურ რეჟიმში, კერძოდ:

    არგუსის მეშვეობით მოგეწოდებათ სასწავლო მასალები ელექტრონულად, გაციფრებული სახით;ასევე, არგუსის სისტემას დაემატება ვიდეოლექციების სექცია, რომელსაც ლექტორები კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე (ზოგი კურსის წარმართვა ვიდეოლექციების გარეშეც შესაძლებელია), საჭიროების შემთხვევაში, არგუსის სისტემის გამოყენებით ჩაწერენ და ატვირთავენ სასწავლომასალების სექციაში.

    მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების კუთხით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს (მუდლი, ონლაინილიაუნი და სხვ.), პროექტის მასშტაბიდან (16000< სტუდენტი; 800< კურსი) და შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე ველოდებით, რომ საწყის ეტაპზე სწავლების ახალ მოდელს ექნება მცირე ხარვეზები, თუმცა, ვთვლით, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება და ამ გამოწვევას ერთად გავუმკლავდებით.

    დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოგაწვდით.

    ეპიდსიტუაციის დასტაბილურებამდე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დახურული იქნება უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ხოლო თქვენთვის საჭირო მომსახურებას მიიღებთ დისტანციურად. ამ პერიოდში ვერ შეძლებთ უნივერსიტეტის შენობაში შემოსვლას.

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა ელექტრონული საქმისწარმოების წესზე. შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ ან/და ინფორმაცია გამოითხოვოთ უნივერსიტეტისგან ელექტრონულად, არგუსზე არსებული განცხადების შესაბამისი შაბლონის მეშვეობით და, გამონაკლის შემთხვევებში, მოთხოვნის გამოგზავნით მეილზე: [email protected]

    იხილეთ ვიდეოინსტრუქცია: https://youtu.be/JxeoVVI_y0A

    მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, თუ აუცილებლობას წარმოადგენს პირის მოსვლა უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველვყოფთ შეხვედრას ინდივიდუალურ ფორმატში, წინასწარი შეთანხმებით.

    გაითვალისწინეთ, რომ [email protected]ზე განცხადების გადმოგზავნის შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ ილიაუნის ელექტრონული ფოსტით. თუ დავიწყებული გაქვთ ელექტრონული ფოსტის მონაცემები, გთხოვთ, დაწეროთ განცხადება არგუსის შესაბამისი შაბლონით და ჩვენ გაგიწევთ ტექნიკურ დახმარებას.

    გარდა ელექტრონული საქმისწარმოებისა, გაძლიერდა ფაკულტეტებთან არსებული საინფორმაციო ცენტრების ფუნქციონირების რეჟიმი. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით:

    მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (707)
    ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (707)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (134)
    სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის: 032 2 22 00 09 (303)
    ასევე შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღოთ ფეისბუქის ჯგუფის „>Q&A – ილიაუნი“მეშვეობით.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ბიძინა ივანიშვილმა 6 მარტის შემდეგ 75 მილიონი დოლარი დაკარგა

    ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მარტის შედეგ $75 მილიონით შემცირდა. Bloomberg Billionaires Index-ის ინფორმაციით, ხუთი დღის წინ ივანიშვილის ქონება $5,37 მილიარდი იყო, 10 მარტის მონაცემებით კი ის $5,30 მილიარდია.

    მან 20 თებერვლიდან 3 მარტამდე $200 მილიონი დაკარგა. ბლუმბერგის ინფორმაციით, მილიარდერთა ქონების კლების ერთ-ერთი გამომწევევი მიზეზი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებაა. 

    ყველაზე მდიდარ 500 ადამიანში ბიძინა ივანიშვილი 336-ე ადგილზეა.  

  • ნიდერლანდების პრემიერმა მოსახლეობას იდაყვებით მისალმებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი კოლეგას ხელი ჩამოართვა (ვიდეო)

    ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩამოართვან ერთმანეთს ხელი და იდაყვებით შეეხონ, შემდეგ კი საკუთარი რჩევა დაავიწყდა და კოლეგას ხელი ჩამოართვა.

    „დღეიდან ჩვენ ხელის ჩამორთმევას შევწყვეტთ, ეს არის მარტივი მეთოდი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ზოგად ჰიგიენას – უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები, დაცემინებისას მიიხმარეთ იდაყვი და ისარგებლეთ ქაღალდის ხელსახოცებით“, – განაცხადა პრემიერმა.

    რუტემ ნიდერლანდების ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის დირექტორს, ჯააპ ვან დიზელს ხელი ჩამოართვა, თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორა და მას იდაყვის შეხებით დაემშვიდობა.

    ვიდეოს On Demand News ავრცელებს:

  • პრევენციისთვის საქართველოს აეროპორტებში თერმოკამერები დამონტაჟდა

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდა.თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.

    უწყების ცნობით, თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს. იგი თავისმხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.

    ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული.

  • ფოტო რომელმაც სოციალური ქსელები და უცხოური მედია დაიპყრო – კორონავირუსით დაავადებული პაციენტი უკანასკნელი მზის ჩასვლის სანახავად გაიყვანეს

    უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვუჰანში დოქტორმა ლიუ კაიმ COVID-19-ით დაავადებული პაციენტი, საავადმყოფოს გარეთ გაიყვანა, რათა მისი უკანასკნელი სურვილი აესრულებინა – ენახა ვუჰანის მზის ჩასვლა გარდაცვალებამდე.

    შეგახსენებთ, ახალი რესპირატორული ვირუსი, რომელიც კორონავირუსის სახელით გავრცელდა, პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, ამ დროისთვის სულ 115 ქვეყანაა ინფიცირებული. დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების სულ114,543 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 64,267-ს აღწევს, 4 028 კი, გარდაიცვალა.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა.