Category: არქივი

  • საია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს

    „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს.როგორც  საიას განცხადებაშია აღნიშნული  ასოციაცია მხარს უჭერს კონსენსუსზე ორიენტირებულ კონსტიტუციურ სისტემას.

    „საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური პროპორციული წარმომადგენლობა ამგვარი მოდელის ქვაკუთხედია. არსებული საარჩევნო სისტემა ახალისებს პოლარიზაციასა და ხელს უშლის ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას.

    ამიტომ, მივესალმებით 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საერთაშორისო პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეულ შეთანხმებას და მას დემოკრატიულ წინსვლად ვაფასებთ. იმავდროულად, ვწუხვართ, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლის იქით გადაიწევს. მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მაჟორიტარული და პროპორციული მოდელების შერევით წარმოქმნილ სისტემურ ხარვეზებს და იძლევა შესაძლებლობას, არჩევნები ჩართული მხარეების მიერ აღიარებული თამაშის წესებით ჩატარდეს.

    ერთობლივად გამოქვეყნებული განცხადების ტექსტის და საკანონმდებლო მუშაობის ლოგიკის კვალდაკვალ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქვს სკურპულოზური სამუშაო, რომელმაც, ერთი მხრივ, პროპორციული არჩევნების შედეგების სამართლიანი განაწილებას წესი, ხოლო, მეორე მხრივ, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები უნდა დაადგინოს. საია იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი საპარლამენტო ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განწყობით გაგრძელდება, ზემოაღნიშნული შეთანხმება კი, საფუძვლად დაედება წინასაარჩევნო პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვას. ეს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, კენჭისყრის დღეს არჩევანი ესკალაციისა და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს, რაც სტაბილური განვითარების წინაპირობაა“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

  • კასპის მერმა თანამდებობა დატოვა

    თანამდებობა დატოვა კასპის მერმა.გავრცელებული ინფორმაციით,  მანუჩარ მერებაშვილმა ბოლო თათბირი თანამშრომლებთან დღეს დილით გამართა და მათ დაემშვიდობა.

    მანუჩარ მერებაშვილი კასპის მერად 2017 წელს აირჩიეს, გავრცელებული ინფორმაციით, მას დაპირისპირება რეგიონის გუბერნატორთან ჰქონდა.

  • გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია

    გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძარი ლოკალიზებულია გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

    შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

  • ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე „ოცნებას” – ელისაშვილი

    შეთანხმება იქნა მიაღწეული, რომ თამლიანი, რურუა, ოქრუაშვილი და უგულავა ციხიდან უნდა გამოვიდნენ, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაზე საუბრისას განუცხადა.

    მისი თქმით, თუ ხვალ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანს გაათავისუფლებენ, „ე.ი ხელისუფლება თავიასი პირობის შესრულებას დაიწყებს”.

    „პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რამდენად ნამუსიანია ხელისუფლება და ამ შეთანხმებას რამდენად სერიოზულად უდგება, ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე. თუ გამოუშვებენ ბესიკ თამლიანს, ე.ი თავიანთი პირობის შესრულებას დაიწყებენ. ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას”. ისედაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან და ამიტომ მაინცდამაინც ნუ ვათქმევინებთ, რომ პოლიტპატიმრები არიან. გამოუშვან ეს ხალხი ციხიდან და ეს ხომ იმის აღიარება იქნება, რომ არასწორად და უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები? ხვალ არის პირველი ტესტი. რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ შეთანხმებას ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე”,- აღნიშნა ელისაშვილმა.

    მისი თქმით, მთავარია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება კანონში აისახოს.

    „პირველ რიგში, მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა დახმარების გარეშე ეს შეთანხმება არ იქნებოდა და ხელისუფლება არ დათანხმდებოდა ამ პირობებს. მათი მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი.

    ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას ოქტომბერში, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ოქტომბერში მშვიდად გავუშვათ არაფრისმაქნისი „ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან ისე, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს და ძალაუფლება ხელში არ ჩაიგდოს. ყველაზე მნიშვვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას.

    ამ ქვეყნის პრობლემა ის იყო, რომ პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობდა პარლამენტში და მიმდინარეობდა ქუჩაში. ყოველ ჯერზე საჭირო იყო ქუჩაში გამოვარდნილიყო ხალხი და დაგვეწყო ყვირილი „გადადექი”. მსგავსი რამ აღარ მოხდება, პირდაპირ პროპორციული წარმომადგენელი ეყოლება ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და ხალხის სათქმელს იტყვის ის ხალხი, ვინც ხალხის მანდატით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ქუჩის პოლიტიკა დამთავრდება ამ საარჩევნო სისტემით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება აისახოს კანონში, რადგან ბიძინა ივანიშვილის სიტყვას რომ ნიახურის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს ვნახეთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

    ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუშინ შეთანხმდა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, 2020-ის საპარლამენტო არჩევნები შემდეგი პრინციპით ჩატარდება: 120/30-ზე, რაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს ითვალისწინებს; გარდა ამისა, საარჩევნო ბარიერი 1% იქნება, ასევე მემორანდუმის თანახმად წესდება 40%-იანი ჩამკეტი, რომლის თანახმადაც, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მოიპოვებს, უმრავლესობას ვერ მიიღებს და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

    მემორანდუმის თანახმად, 2020-დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.

  • ვინ არიან კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტები

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი.

    ეზუგბაიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელი ქვეყნის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს.

    “ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა ეს არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“, – აღნიშნავს ეზუგბაია.

    მისივე ცნობით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი წევს. ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს, აქედან 2-თან დადასტურდა კორონავირუსი, 1-ის კვლევა ჯერჯერობით კიდევ გრძელდება.

    „ვისთანაც უარყოფითი პასუხია მიღებული, ნელ-ნელა გადადიან საკარანტინო სივრცეში“, – აცხადებს ეზუგბაია.

    მისივე თქმით, 15 პაციენტიდან, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, 14 პირი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

  • ოპოზიცია საპროტესტო აქციებს წყვეტს

    „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს წყვეტს.ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა.

    მისი თქმით, თუ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შესრულდება, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

    „დღეს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ, აქციებზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ. ღმერთმა ნუ ქნას და თუ მოტყუებას აქვს ისევ ადგილი, გვესმის რა მოგვიწევს ხომ?!

    თუ შესრულდება, მაშინ საარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენი თვითმიზანი კი არაა პიკეტირება და ქუჩაში დგომა. ეს არ იყო ცალმხრივი დათმობა. ჩვენ სრულად პროპორციულს ველოდებოდით და ჩვენი მხრიდან ისიც კომპრომისია, რომ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება მხოლოდ“,- განაცხადა ვაშაძემ.

    ცნობისთვის, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერზე, 40%-იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ.

  • ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროს თანამშრომელი კორონავირუსის სიმპტომებით თბილისში გადმოიყვანეს

    ბაკურიანში კორონავირუსის სიმპტომებით გვიან ღამით ახალგაზრდა ქალი, კატასტროფის ბრიგადამ  ბორჯომის სამედიცინო ცენტრში  გადაიყვანეს.  დღეს დილით კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელია. 

    პაციენტს კორონავორუსზე ანალიზები გაუკეთდება. ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ირაკლი დიასამიძის თქმით, პაციენტი მათთან ბაკურიანიდან შეიყვანეს.

    30 წლამდე ასაკის ქალი იტალიიდან საქართველოში 18 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო.

  • ” ცდილობენ იზრუნონ მოქალაქეების განწყობაზე”- ქართველი ექიმები საბაჟოზე (ვიდეო)

    „იმედის“ ჟურნალისტი, ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ნაჩვენებია როგორ ირთობს თავს ქართველი ექიმი:

    “ექიმებ, ამ რთულ პერიოდშიც ცდილობენ იზრუნონ მოქალაქეების განწყობაზე. ეს ვიდეო ერთ-ერთ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადავიღე. მორიგეობენ 24 საათის განმავლობაში და მეტიც იმისთვის, რომ ჩვენ დაგვიცვან!” – წერს ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

  • ქუთაისში ნიდერლანდის მოქალაქეს ეძებენ

    ქუთაისში ნიდერლანდელ სტუდენტს ეძებენ. როგორ ცნობილია, 23 წლის სიმ ვიგერს 7 მარტის შემდეგ ეძებენ.ის  მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მეგობართან ერთად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კვების ობიექტ „ბარაქაში“ იმყოფებოდა.

    ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მეგობრის თქმით, სიმ ვიგერი თვალთახედვიდან კაფედან გამოსვლის შემდეგ დაკარგა.

  • პორტუგალიის პრეზიდენტი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება

    პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარსელუ რებელუ დე სოუზამ ყველა საჯარო ღონისძიება გააუქმა და რამდენიმე დღით შინიდან იმუშავებს.

    აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახლავთ, რომ ცოტა ხნის წინ 71 წლის პრეზიდენტმა იმ სკოლის მოსწავლეთა ჯგუფს უმასპინძლა, სადაც ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნული მოსწავლე არ იმყოფებოდა, თუმცა მარსელუ რებელუ დე სოუზამ თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ნაბიჯით სხვებისთვის მაგალითი ეჩვენებინა.

    პორტუგალიაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსისგან ჯერჯერობით არავინ დაღუპულა.