Category: არქივი

  • შეიცვლება თუ არა ზიარების წესი-საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადაწყვეტილება მიიღო

    საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ქვეყანაში კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად,  ზიარების წესს არ შეცვლის. ზიარება კვლავ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.

    წმინდა სინოდის განმარტებით, “ზიარება არ გაავრცელებს ავადმყოფობას”.

    შეგახსენებთ, საბერძნეთში ახალი კორონა ვირუსის 84 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

    საბერძნეთში, ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ზიარების ამ წესით დაავადების გავრცელების შანსები იმატებს. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ზიარება ალკოჰოლს შეიცავს, რომელიც ვირუსებს ანადგურებს.

  • “მოგიწოდებთ, რომ დარჩეთ სახლში!” – საბერძნეთის ეკლესიის სინოდი მოსახლეობას აფრთხილებს

    საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი საკუთარ მრევლს ახალი კორონა ვირუსის გავრცელების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოხუცები უნდა მოერიდონ გარეთ გასვლას და ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე დასწრებას. განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით: რესპირატორული პრობლემებით, დიაბეტით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით და ა.შ.

    ასეთი მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრა სასურველი არ არის. წმინდა სინოდი სთხოვს და მოუწოდებს მათ, რომ ნუ დატოვებენ სახლს, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა.

    ათენში, გალაცის მე-4 უმაღლესი სკოლის (ლიკიო) მოსწავლეს ვირუსის დიაგნოზი ოფიციალურად დასმის შემდეგ განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები და სკოლები დაიხურა, რათა მაქსიმალურად მინიმალიზირებული იყოს კორონავირუსის გავრცელება.

    შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონა ვირუსით დაინფიცირების 84 შემთხვევა დაფიქსირდა.

    კორონავირუსის პირველი შემთხვევა საბერძნეთში, სალონიკში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

  • ტაძრებში ზიარების წესი არ შეიცვლება-საქართველოს საპატრიარქო

    საპატრიარქოს განცხადებით, ზიარება ტაძრებში ჩვეული წესით გაგრძელდება და  ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზების გამოყენება არ იგეგმება.

    ამის შესახებ საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეს.

    „ისტორიულად, ეპიდემიის გავრცელების პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს“-აცხადებენ საპატრიარქოში.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი.

    შეგახსენებთ, რომ ზიარების წესს არ ცვლის საბერძნეთის ეკლესიაც, თუმცა მან  საკუთარ მრევლს მოუწოდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, მათ შორის ეკლესიებში წირვა–ლოცვაზე დასწრებას.

  • “ვინც რუსეთთან მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება”- ვლადიმერ პუტინი

    რუსეთი მზად იქნება პასუხი გასცეს ნებისმიერ აგრესორს, რომელიც ჰიტლერის გერმანიის მსგავსად გაბედავს თავს დაესხას ქვეყანას, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

    მისი თქმით, ის, ვინც რუსეთთან „მახვილით მოვა, მახვილით განიგმირება“.

    „საბჭოთა კავშირმა ძალიან საშინელი, უპატიებელი თავდასხმა მოიგერია ნაცისტური გერმანიის მხრიდან. ჩვენ 27 მილიონი ადამიანი დავკარგეთ. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც ამხელა ზარალი განიცადა“, – აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ თუ კიდევ ვინმე გაბედავს მსგავსი რამ გააკეთოს, რუსეთი „ამას კვლავ გაიმეორებს“.

  • რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი თურქეთში

    თურქეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

    როგორც ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა და ქვეყნამ პრევენციისთვის ყველა ზომას მიმართა. საზღვრები ამჟამად ხუთ სახელმწიფოსთან : ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან და ერაყთან ჩაკეტა. ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში  იმყოფებოდა ვირუსის გავრცელების ქვეყნებში : ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. შეზღუდვა ეხება ყველა მოქალაქეს მათ შორის თურქეთის მოქალაქეებსაც.  

    აეროპორტებში განთავსებულია თერმული მონიტორები, ასევე  ირანთან და ერაყთან საზღვრებზე აშენდა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებიან. 

    როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ აღნიშნა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაცულია, თუმცა ისინი სრულად არიან მობილიზებული და სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრებულია.

    თურქეთს არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ მიმართა(იტალია და აშშ) ტესტ აპარატების თხოვნით, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.

  • იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება

    საქართველოს 200-ვე მოქალაქეს, რომელიც რომი-თბილისის რეისით სამშობლოში დღეს დაბრუნდება, კარანტინში გადაიყვანენ.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადასტურებენ. იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.როგორც  „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის მიზნით ორი რეისი შესრულდება.

    “საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით გუშინ საბოლოოდ შეთანხმდა ეს გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ იტალიაში დაკეტილია აეროპორტები, გაუქმებულია რეისები, პრობლემატური იყო რომის აეროპორტში ორი სლოტის მიღება. უკვე გაფრინდა ორი თვითმფრინავი და უკან 19:30 დაბრუნდებიან. ჩვენს ბორტგამცილებლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, მიეცათ ეკიპირება“, – აღნიშნა ბოკერიამ.

    მისივე ინფორმაციით, საქართველოს 200 მოქალაქის ქვეყანაში ჩამოყვანას ფინანსურად საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და მოქალაქეები არაფერს იხდიან.შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა. პირდაპირი ფრენები ასევე შეწყვეტილია ჩინეთთან და ირანთან.

  • საპატრიარქომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების თხოვნით მიმართა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.

    როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა, რის შესაბამისადაც დავალება უკვე მისცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს, თუმცა აღნიშნულში მათ კერძო კომპანიების დახმარების იმედი აქვთ.

    „ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით. დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარების და ნივთიერებების რეგისტრაცია. მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს დაეხმარონ ამ საკითხში. ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ასევე გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის საშუალებით იმ კომპენიებს, ვინც არეგისტრირებენ ამ ნივთიერებებს, რომ მიეხმარონ დედა ეკლესიას და ქველმოქმედების წესით მიაწოდონ ეს საშუალებები. რამდენად წამოვლენ ისინი ამ ქველმოქმედებაზე, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ

    უკვე 4 დღეა ქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქეს ეძებენ. 23 წლის სიიმ ვიგერი 7 მარტს, გვიან ღამით, ქუთაისიდან გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ქალაქის ცენტრში ერთ -ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი მდინარე რიონთან იკარგება.

    სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო. ქუთაისში ნიდერლანდებიდან  ჩავიდნენ დაკარგული ახალგაზრდის ოჯახის წევრები.

  • 100-მდე გარდაცვლილი ბოლო 24 საათში – იტალია სრულ იზოლაციაშია

    კორონავირუსის გამო შეზღუდვებს იტალია მთელი ქვეყნის მასშტაბით ავრცელებს.

    3 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები.

    იტალიის 60 მილიონიანი მოსახლეობისთვის სხვა ქალაქში გამგზავრება მხოლოდ სამსახურის, სამედიცინო საჭიროებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს არის ნებადართული.

    ტემპერატურის შემოწმება დაიწყება სარკინიგზო სადგურებზე. იტალიის რამდენიმე პორტში აიკრძალა საკრუიზო გემების შესვლაც. გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

    იტალია ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაიღუპა 97 და ვირუსი დაუდასტურდა 1800-მდე ადამიანს.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    “თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ნაკადულის, ქინძმარაულის, მამისაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალას დასახლების, სოფელი ფონიჭალას, რუსთაველის გამზირის, სადგურის, ვაგზლის, ბამბის რიგის, ერეკლე მეორეს, რკინის რიგი, სიონის, ეფრემ მცირეს, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, შარდენის და თუმანიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის მთის, კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, გრიგორ (გრიშა) ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვის, თვალჭრელიძის, გურამ ასათიანის, ინწკირველის, ღუდუშაურის, კახიანის, რევაზ ურიდიას, ნოსტეს, უიარაღოს, ცოტნე დადიანის, წრომის და ქებურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, 26 მაისის მოედნის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის და პავლე ასლანიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის, ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ყუშიტაშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ჭრებალოს, გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, ბარისახოს, ალექსანდრე მანაგაძის და შალვა ტრაპაიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.