Category: არქივი

  • არ მშორდება აზრი, რომ არჩევნების ჩატარება არ უნდათ, მაინც პოლიტპატიმრებზე საუბრობენ- ვოლსკი ოპოზიციაზე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ არ შორდება აზრი, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ უნდა, რადგან მაინც პოლიტპატიმრებზე საუბრობენ, ,,რომელთაც არანაირი ნიშანი პოლიტიკური პატიმრობისა არ გააჩნიათ”.

    ,,მე პირადად არ მშორდება ის აზრი, რომ ამათ არ უნდათ არჩევნების ჩატარება, არ უნდათ შეთანხმების შესრულება, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას. იმიტომ მრჩება ეს შთაბეჭდილება, რომ ყოველ წუთას, მაინც პოლიტიკურ პატიმრებზე აქვთ საუბარი, რომლებსაც არანაირი ნიშანი პოლიტიკური პატიმრობისა არ გააჩნიათ”, – აცხადებს ვოლსკი.

    8 მარტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ორ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ერთ-ერთი მართლსაჯულების სისტემას ეხება, რომელიც, ოპოზიციის განცხადებით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს.

    შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციონერების თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანს სავარაუდოდ აღკვეთის ღონისძიება შეეცვლებათ, გიგი უგულავას კი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. მათ
    ამის შესახებ მათ მემორანდუმშიც ჩაწერეს. ,,თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, მივიღებ შეწყალების აქტს”- ამბობს ზურაბიშვილი უგულავაზე.

  • როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 15 ადამიანია. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 პაციენტის მდგომარეობა კვლავ შედარებით მძიმეა, ხოლო 3-ს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ,,რაც შეეხება ინფიცირებულთა მთლიან რაოდენობას არ დამატებია, სულ არის 14 ინფიცირებული პაციენტი ჩვენთან და კიდევ ერთი არის საჩხერეში. საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა კარგია, არავითარი ჩივილი არ აქვს, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაცია. ერთი პაციენტი, რომელიც შედარებით მძიმედაა, ის რჩება ამ მდგომარეობაში და მას უტარდება სერიოზული მკურნალობა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები დარღვეული არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ 3 პაციენტს აღენიშნება, ორმხრივი ფილტვების ანთება, მათგან ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორი პიროვნება ვისაც ფილტვების ანთების მოვლენები აღენიშნებათ, მათ აქვთ საშუალო ტიპის მდგომარეობა, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე საფრთხესთან და სრულიად კონტროლირებადია“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

    მისივე თქმით, კორონავირუსზე 8-9 ადამიანის კვლევის შედეგებს ელოდებიან, ხოლო 21-ის შედეგი უარყოფია.

    „ჩვენთან ამ მომენტში იმყოფება 42 პაციენტი, 21 პაციენტის გამოსაკვლევი მასალა იყო გაგზავნილი ლუგარში. მოვიდა ყველაზე უარყოფითი პასუხი და ჩვენთან არც ერთი ინფიცირებული არ დამატებულა. დაახლოებით 8-9 პაციენტის ანალიზები აღებულია და იქნება გვიან ღამით ან ხვალ დილით”,- ამბობს ცერცვაძე.

    ამჟამად საქართველოში კარანტინის რეჟიმში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 56.

  • ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება

    ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

    ,,ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან, მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ არველაძე “ფეისბუქზე” წერს.

    ,,მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონა ვირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სამსახურში არ გამოვცხადებულვარ, მით უფრო, რომ უქმე დღე იყო და არც არავის შევხვედრილვარ ოჯახის წევრების გარდა, რომლებიც ჩემსავით თვითიზოლაციაში არიან. ჩემი სამოქალაქო თვითშეგნებიდან გამომდინარე, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დავრჩები თვითიზოლაციაში, რათა თავად მეც არ გავხდე ვირუსის გადამტანი და გამავრცელებელი. მას შემდეგ, რაც ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება, მას აუცილებლად გამოვაქვეყნებ. ჩემი მაგალითით მოგიწოდებთ ყველას, ვინც იმოგზაურეთ მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებში ან ჩემსავით კონტაქტი გქონდათ კორონა ვირუსის მატარებელ პირებთან, გადადით თვითიზოლაციის რეჟიმში, რათა ნებსით თუ უნებლიედ, ხელი არ შეუწყოთ ვირუსის შემდგომ გავრცელებას.

    ჯანმრთელობას გისურვებთ!”,- წერს არველაძე

  • შეთანხმება არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს- ევროკავშირი

    ევროკავშირი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შეთანხმებას ულოცავს. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ,,შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან”.

    ევროკავშირი განცხადებით, შეთანხმებაზე ხელმომწერებმა უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

    „კვირას, საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პარტიებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ხაზგასმულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ეს იყო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.

    ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რადგან მათ უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

    ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ მის წარმატებით მიღებას უახლოეს კვირებში, მოგვიანებით კი – მის ეფექტიან განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ბოლო არჩევნების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი ნდობა მოიპოვოს“,-ნათქვამია განცხადებაში.

    გუშინ, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. მათ ორი მემორანდუმი გააფორმეს. ერთი მართლსაჯულებაზე, რომელიც ოპიზიციის განმარტებით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, მეორე საარჩევნო სისტემაზე – საპარლამენტო არჩევნები 130/20 მოდელით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

  • ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი- მარგველაშვილი შეთანხმებაზე

    საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ,,ქართულმა ოცნებამ” ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა თავის თავაზე, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი.

    მისი აზრით, ახლა კიდევ ერთი ტრიუკი ოცნების მხრიდან ,,კატასტროფას დააყენებს”.

    ,,ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ” თავის თავზე, რომ სიტყვაზე უბრალოდ ვერ ენდობი. ძალიან სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. ახლა კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი, უკვე მგონი კატასტროფას დააყენებს. როგორ შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს ან იჭერენ, ან მათზე საქმეს აღძრავენ, ან მუდმივად ისინი არიან შანტაჟის ობიექტები. მიღწეულია ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. მათ ორი მემორანდუმი გააფორმეს. ერთი მართლსაჯულებაზე, რომელიც ოპიზიციის განმარტებით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, მეორე საარჩევნო სისტემაზე – საპარლამენტო არჩევნები 130/20 მოდელით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

  • თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, მივიღებ შეწყალების აქტს- ზურაბიშვილი უგულავაზე

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უგულავას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.

    ზურაბიშვილის თქმით, ,,შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით”.

    ,,ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

    გიგი უგულავა 10 თებერვალს დააპატიმრეს, რის შემდეგაც ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. გუშინ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. გაფორმებული მემორანდუმების მიხედვით, საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები და შეწყდება პოლიტიკური დევნა. ასევე, არჩევნები ჩატარდება 130/20 მოდელით, 1%-იანი ბარიერით.

    ოპოზიციას გიგი უგულავას გათავისუფლების გზად პრეზიდენტის მიერ შეწყალება მიაჩნია, რაც მემორანდუმშიც აღინიშნა. ,,ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”- წერია განცხადებაში.

    ამასთან, დღეს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.

  • ნატო-ს შტაბბინაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

    ნატოს  შტაბბინაში კორონავირუსი დაფიქსირდა.  ვირუსი ბრიუსელის ოფისში მომუშავე ერთ ადამიანს გამოუვლინდა.

    ორგანიზაციაში მომუშავე პირი ჩრდილოეთ იტალიაში იყო სამოგზაუროდ. მან თავი ცუდად იგრძნო და ვირუსზე ტესტი ჩაუტარდა. ახალ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებული ამ დროისათვის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

    ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ცნობით, ტესტის პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში ნატოს შტაბში მომუშავე ყველა ადამიანი ინფორმირებული იყო მომხდართან დაკავშირებით, რადგან მაქსიმალურად მომხდარიყო ვირუსის გავრცელების პრევენცია.

  • თბილისში, ელბაქიძის აღმართთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

    მტკვრის ელბაქიძის აღმართთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ჯგუფი იყო მობილიზებული.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    {{VIDEO}}

  • ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ლეიბორისტული პარტიის ” ოფისში მივიდა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

    “მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ გზაში, რომ ბოლოს და ბოლოს, არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, ვუთხრა მადლობა და მივულოცო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • კახეთში 46 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება

    საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მიზეზი შემოწმების დროს მაღალი ტემპერატურა და ახალი პასპორტები გახდა, რის გამოც ყველა მათგანი უკან გააბრუნეს.

    რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში COVID 19-ის სიმპტომით არც ერთი პაცინტი არ მკურნლაობს. თვითიზოლაციაში კი 46 ადამიანი იმყოფება.

    „ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანის 24-მა და უკრაინის 1-მა მოქალაქემ ქვეყანაში შემოსვალზე უარი მიიღეს. ზოგ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა,ზოგ შემთხვევაში კი, ახალი პასპორტი გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველოში არ შემოვუშვით, რადგან მაღალი რისკია, რომ ახალი პასპორტის მოქნე მოქალაქეები იმყოფებოდნენ რისკ ჯგუფის ქვეყნებში და პასპორტის გამოცვლით მალავდნენ სამოგზაურო ტერიტორიას. საერთოდ რეგიონში სტაბილური მდგომარეობაა. ჯერჯერობით არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქს“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის სამსახურის უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.