Category: არქივი

  • გვაქვს გეგმა რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მოსწავლეებსა და სტუდენტებს გააცნობენ – მიხეილ ჩხენკელი

    სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

    „ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება”, – განაცხადა ჩხენკელმა.

    კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

  • ტყიბულში შახტის გვირაბის დაკვამლიანების შედეგად 5 მეშახტე მოიწამლა

    ტყიბულის შახტის გვირაბში დაკვამლიანების შედეგად ხუთი მეშახტე მოიწამლა, – შემთხვევა 9 მარტს მოხდა,  მეშახტეები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გვიან ღამით გაწერეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    რამდენიმე კვირის წინ კომპანიის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაეხურათ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც ნახშირის მოპოვების სამუშაოების საწარმოებლად ძიძიგურის შახტში მეშახტეებს შესვლა მინდელის სახელობის შახტიდან სავენტილაციო გვირაბით მიუწევდათ, რასაც მეშახტეების პროტესტი და აქცია მოჰყვა.

  • მზად ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია აუცილებლად გავითვალისწინოთ – საპატრიარქო

    კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარები შემოაქვს, ეკლესიებში დეზინდექციის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს.

    „არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.

    ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიიდან დღეს დაუკავშირდებიან. აქედან გამომდინარე, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელოდება კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას. როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“, – აცხადებენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

  • ტაბულას რედაქცია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

    ტაბულას რედაქცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადადის. ამის შესახებ “ტაბულა” განცხადებას ავრცელებს: 

    “საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, ტაბულას რედაქცია დისტანციურ მუშაობაზე გადადის.ჩვენი გადაწყვეტილების მიზანია დავიცვათ თანამშრომლები არასაჭირო კონტაქტებისგან – როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე საოფისე სივრცეში.გადაწყვეტილების მიღება გაგვიიოლა ონლაინ მედიის თავისებურებამ, რომელიც დისტანციურად მუშაობის საშუალებას იძლევა.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არცერთ თანამშრომელს არ აქვს ახალი კორონავირუსი, არც კონტაქტი ჰქონია დაინფიცირებულთან და არც ეჭვი არსებობს, რომ რომელიმეს ტესტის ჩატარება სჭირდება.”- ნათქვამია “ტაბულას” განცხადებაში. 

    შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის  ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია. 

  • სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

    სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს.

    აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს და ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესოპერატორებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს. სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა -დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით.

    რეკომენდაციები :
    • გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);
    • სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია; ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;
    • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ; ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;
    • ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;
    • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია.
  • ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტი, მათ შორის 2 წლის ბავშვია მოთავსებული

    ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში, 7 პაციენტი მოათავსეს, მათ შორის 2 წლის ბავშვი დედასთან ერთად. ყველა პაციენტს ვირუსისთვის დამახასათებელი სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

    ბავშვი და დედა იტალიაში იმყოფებოდნენ და სამშობლოში 5 დღის წინ დაბრუნდნენ. როგორც ცნობილია, მათი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან. დანარჩენი პაციენტთა ნაწილი ევროპის ქვეყნებიდან ჩოვიდა, ნაწილს კი, საზღვარგარეთ მყოფებთან ჰქონდათ შემხებლობა.

    ინფექციური საავადმყოფო ანალიზების პასუხს ელოდება, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადააგზავნეს.

    შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების სულ 23 შემთხვევა გამოვლინდა.

  • კორონავირუსის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

    „მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

  • სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად უწყება ავრცელებს.

    „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19. გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონავირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    11-12 მარტს ზოგან გაწვიმდება, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 11 მარტს +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 9-10 მარტს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11-12 მარტს +23, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 12 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ნიუ-იორკში კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია, კორონავირუსის გამო გაუქმდა

    კორონავირუსთან დაკავშირებული კონფერენცია, სახელწოდებით „ბიზნესის კეთება კორონავირუსის ფონზე“, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო გაუქმდა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

    კონფერენცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა საბჭო მართავდა, პარასკევს იყო ჩანიშნული.

    ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გადაიდო ან გაუქმდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოს 11 მარტიდან 3 აპრილის განმავლობაში უნდა ჩაეტარებინა.

    შეგახსენებთ, ამ დროის worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის 1010 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 30-ს გადააჭარბა.