Category: არქივი

  • ჩინეთში ტალღებიან აუზის გაუმართაობის გამო 44 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

    ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მდებარე აკვაპარკში, ე.წ „ცუნამის აუზის“ გაუმართაობის გამო 44 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წერს, ტალღის შემქმნელი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც დამსვენებლებს ზედმეტად ძლიერმა ტალღამ გადაუარა.

    აუზის მუშაობა დროებით შეჩერებულია, მიმდინარეობს გამოძიება.

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს” – ეკა გიგაური

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ფეისბუკის ოფიციალური გვერდი გატეხეს – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    ეკა გიგაურის თქმით, ამ წუთებში მომხდარის დეტალების გარკვევას ცდილობენ.

    “მეგობრებო საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ფეისბუკის ოფიციალური გვერდი გატეხეს. ვცდილობთ გავაკრვიოთ დეტალები,” – წერს გიგაური Facebook-ის პირად გვერდზე.

  • ტელევიზიას დავით კეზერაშვილთან ერთად გავხსნით – მიშა მშვილდაძე

    “ფორმულა კრეატივი” და დავით კეზერაშვილი, უახლოეს პერიოდში, საკუთარ ტელევიზიას გახსნიან. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაცემა, “თავისუფალი ბაზარი”, მიშა მშვილდაძემ დაადასტურა.

    მისი განცხადებით, ტელევიზია ზეპარტიული იქნება, არ მოემსახურება ერთი რომელიმე პარტიის ინტერესებს და გარკვეული ღირებულებების მატარებელ, ყველა პარტიაზე იმუშავებს.

    გვექნება გადაცემა – მოვა ალეკო ელისაშვილი და უფრო კარგად ილაპარაკებს ვიდრე დათო უსუფაშვილი? ადამიანებს მოეწონებათ ის.. ცოტა იდეალისტურს გავს და როცა დაიწყებს ტელევიზია მაუწყებლობას, ყველა ნახავს რა და როგორ იქნება

    ცნობისთვის, ტელევიზიის დირექტორი, “ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურა გუმბერიძე იქნება.

    ტელევიზიის შექმნისას, კეზერაშვილის მოტივი ალბათ ისაა, რომ ამ ქვეყანაში გავლენა უნდა რომ ჰქონდეს. უკეთესიცაა, რომ თუ ტელევიზიას “ფორმულა კრეატივი” აკეთებს დათო კეზრაშვილთან ერთად, ჯობია რომ მართვაში მეტწილად სწორედ ფორმულა კრეატივი იყოს წარმოდგენილი და არა კეზერაშვილი

  • მოსკოვში დაკავებულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

    მოსკოვის პოლიცია პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შეკრების საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველები ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს პირდაპირ ქუჩებში აკავებენ. ოპოზიციის ერთერთი ლიდერი – ლუბოვ სობოლი ძალოვანებმა მისივე შტაბთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ერთ-ერთია ოპოზიციის კანდიდატებიდან, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა.

    დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგიც სწორედ არჩევნებს უკავშირდება – “დავიბრუნოთ არჩევანების უფლება” – ამ შინაარსის შეძახილებით ხალხი საპროტესტო მსვლელობის გამართვას ცდილობს, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

    უკვე ცნობილია, რომ დაკავებულია 350-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე აქციას და დაკავებებს აშუქებდნენ.

  • გრენლანდიაში ერთ დღეში 11 მილიარდი ტონა ყინული დადნა

    გრენლანდიაზე  ერთ დღეში 11 მილიარდი ტონა ყინული დადნა, რაც 4,4 მილიონ ოლიმპიურ საცურაო აუზს უდრის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

    როგორც მეცნიერები აცხადებენ, გრენლანდიაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და 31 ივნისსის მონაცემებით რეკორდულ მაჩვენებელს 56,5 პროცენტს მიაღწია. დანიის მეტეოროლოგიური სადგურის კლიმატის მეცნიერის რუთ მოთრამი ვარაუდობს, რომ სანამ ტემპერატურა არ დაიკლებს, ყინულის დნობის მაჩვენებლის ზრდა ისევ გაგრძელდება.

    გრენლანდია მსოფლიო ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის 82% ყინულითაა დაფარული.გაეროს ინფორმაციით, გასულ თვეს გრენლანდიაში 160 მილიონი ტონა ყინული დადნა.

    თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემების კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 1980-დან 1990 წლამდე გრენლანდიის მყინვარებმა 51 მილიარდი ტონა ყინული დაკარგეს, 2010-2018 წლებში კი 286 მილიარდი ტონა.

    შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს გრელანდიაზე 2 მილიარდი ტონა ყინული გადნა. 40% ყინულის მასა კუნძულმა მხოლოდ 1 დღეში დაკარგა.როგორც მეცნიერებმა მაშინ განაცხადეს მსგავსი შემთხვევა გრენლანდიაზე 2012 წელსაც მოხდა. თუმცა წელს კუნძულმა ყინულის დნობის რეკორდი დაამყარა. მეცნიერები ამბობენ რომ ასეთი მოცულობის ყინულის დნობა ივნისის დასაწყისში არ არის კარგი.

  • კურორტ საირმეზე უბედური შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, ერთ პირი შემაღლებულ ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

  • აქციის მონაწილეს, რომელიც მაკო გომურს გამოესარჩლა, გირაოს გადახდა დაეკისრა

    შეკვეთილში გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, დავით მჟავანაძეს, პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო, სამი ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, 20 ივნისის დროს დაშავებულ 18 წლის მაკო გომურს გამოესარჩლა. მან სოციალურ ქსელში ბახვის პოლიციის უფროსს, მამუკა ჯანანაშვილს უპასუხა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა და ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს თვალი დაკარგეს, აგინა.

    პოლიცია დავით მჟავანაძის მიმართ 15 დღიან პატიმრობას ითხოვდა. მჟავანაძის ადვოკატის, კახა ჩავლეშვილის განცხადებით, ეს, გარკვეულწილად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, რადგან მჟავანაძე დაისაჯა მის მიერ სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაკეთებული განცხადებების გამო.

    მისი თქმით, ერთადერთი მტკიცებულება, რაც პოლიციამ სასამართლოს წარუდგინა, დავით მჟავანაძის Facebook ლაივია, სადაც ის პოლიციელ მამუკა ჯანანაშვილს მაკო გომურის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს. მისი განცხადებით, პოლიციელებმა პირდაპირი ჩართვის შეწყვეტა სთხოვეს, მჟავანაძეს დაუმორჩილებლბაში კი სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაეთვალა.

  • უკრაინის პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი ქართველი დააკავა

    უკრაინის პოლიციამ ქართველი დააკავა, რომელიც ინტერპოლის ხაზით 8 წლის განმავლობაში იძებნებოდა. 35 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ოდესაში აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.

    უწყების ვებგვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე თბილისში 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედებოდა, რისთვისაც თბილისის სასამართლომ მას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

    გასამართლებული პირი ინტერპოლის ხაზით 2011 წლიდან იძებნებოდა. უკრაინის პოლიციამ მის კვალს ოდესაშია მიაკვლია, სადაც ის ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. ოდესის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 40 დღით წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

  • ისანში პოლიციამ ბინის გაქურდვისას ორი მამაკაცი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი კ.ბ. და 1971 წელს დაბადებული ა.ქ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ისანში დააკავეს.

    ბრალდებულები მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, ოცხელების ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გაქურდვის მიზნით შედიოდნენ, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელეს, რადგან სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები – ე.წ. “ატმიჩკები”.

    პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ნაქურდალი ძვირფასი სამკაულები, დიდი ოდენობით თანხა და კარის საკეტების გასაღები კუსტარული ხელსაწყოები.  ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • აჭარაში ნარკორეალიზატორები დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დააკავეს.

    გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და  შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გარდა ამისა, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი – ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

    გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.