Category: არქივი

  • “გახარია წადი!“–საპროტესტო აქცია ბეშუმში პრემიერის სტუმრობისას და დაპირისპირება პოლიციასთან(ვიდეო)

    ბეშუმში, იქ სადაც შუამთობის დღესასწაული გაიმართა და სადაც მთავრობის წევრები და პრემიერ მინისტრი ჩავიდნენ, მოქალაქეებმა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ გამოფინეს პლაკატი წარწერით “გახარია წადი“. აქციის მონაწილეთა ნაწილს ამავე წარწერიანი მაისური ეცვა.

    აქციის ვიდეოს ფეისბუქ მომხმარებელი მიშა ბოლქვაძე ავრცელებს.

    აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრს შეძახილებით დახვდნენ , რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

    ტვ 25-ის ინფორმაციით, მოქალაქეები მამუკა ბახტაძესთან მისვლას ცდილობდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით არიან დაშავებულებიც .

  • რკინიგზის 4800 თანამშრომელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება

    რკინიგზელები მასშტაბური  გაფიცვისთვის ემზადებიან. მასშტაბური აქციების დაგეგმვა 10 აგვისტოს დაიწყება, რაც შიდა და გარე მიმოსვლების შეჩერებას გამოიწვევს. რკინიგზის თანამშრომლები ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ, მათი თქმით, 2012 წლიდან რკინიგზელებს ხელფასები არ მომატებიათ. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი აცხადებს, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა – საპროტესტო აქცია.

    „დავიწყეთ პროფკავშირმა კოლექტიური დავა რკინიგზის ადმინისტრაციასთან ერთადერთი მოთხოვნით, რომ გაიზიაროს რკინიგზელების მოთხოვნები. პროფკავშირს გვაქვს შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. რკინიგზის ადმინისტრაციისთვის ვიყავით მზად, რომ შეგვეთავაზებინა ეს გეგმა. დავიწყეთ მედიაციის პროცესი. დაინიშნა მინისტრის წარმომადგენელი პროცესში თუმცა რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე 4800 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში ხელი აქვს მოწერილი კონკრეტულად საგაფიცო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე. პროფკავშირებს ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ ეს პროცედურები ჩავსვათ კანონის ფარგლებში, რომ გაფიცვა იყოს კანონიერი. სამწუხაროდ, რკინიგზის ადმინისტრაცია ჩვენთან კომუნიკაციას არ აწარმოებს. მეტიც, სახელმწიფო უწყებაა, დანიშნულია მენეჯმენტი მთავრობის მხრიდან და სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელსაც კი არ შეხვდნენ. ეს ინსტიტუციურ უპატივცემულობად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე საბოტაჟში ნიშნებია იმიტომ, რომ ზუსტად იცის რკინიგზის ადმინისტრაციამ თუ მოლაპარაკებები არ შედგება გაფიცვა იქნება,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრმა ილია ლეჟავამ.

    პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია და სამომხმარებლო კალათი, რაც პირველად მოხმარების პროდუქტებს გულისხმობს, გაძვირებულია. პროფკავშირებში ამბობენ, რომ რკინიგზაში დასაქმებულებს საკუთარი ხელფასები ელემენტარული საკვების შესაძენადაც გაჭირვებით ყოფნით.

  • დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა–შენახვა–გადაზიდვისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული გ.ჰ. რუსთავში დააკავეს.

    საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 30 ივლისს, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, გ.ჰ. გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. გადამოწმების პროცესში გ.ჰ.-მ საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდამცველებმა იგი დააკავეს.

    პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 709 აბი „მდმა“, 86 აბი „სუბოქსინი“, 93 აბი „სუბუტექსი“, 3 აბი „B8“, 119 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 239 გრამი ე.წ. „ბიო“, ასევე, 28,890 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთთან მუდმივად კონფლიქტი აქვთ

    ყოველ ზოდიაქოს ნიშანს ის ხასიათის თვისებები და სპეციფიური თავისებურებები აქვს, რომლებიც ყოველთვის წინააღმდეგობაში მოდის კონფლიტქურ ნიშანთან – ანტაგონისტთან. ვნახოთ რას ამბობენ ასტროლოგები იმის შესახებ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ ერთმანეთთან ყველაზე ხშირად კონფლიქტი.

    ვერძი

    ვერძის ცეცხლოვანი ნატურა ყველაზე უკომპრომისოდ ითვლება ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის. ამ ნიშანზე პასუხისმგებელი ხომ მარსია – ემოციური და ძალაუფლების მოყვარე პლანეტა, რომელიც საკუთარ წარმომადგენლებს ნებისყოფას და გამარჯვებების საოცარ წყურვილს აძლევს. სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მტრული დამოკიდებულება ვერძებს კუროსთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან აქვთ. პირველ და მეორე შემთხვევაში მარსი ოპოზიციურ ურთიერთობებში შედის კუროს მმართველ ვენერასთან და ტყუპების მმართველ მერკურთან, რომლებიც მარსს ერთდროულად აღიზიანებენ და ფარულად აღაფრთოვანებენ კიდევაც მიზნების მსუბუქად და ძალდაუტანებლად მიღწევის უნარით.

    კურო

    კუროების ესთეტი და ჰედონისტური ნატურა ცხოვრების ყველა სფეროში კომფორტისკენ ისწრაფვის. მათთვის ხომ მთავარი ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და დისკომფორტის მინიმუმამდე შემცირებაა. კუროები ხშირად შედიან კონფლიქტში მორიელებთან, რომლებიც კუროს თავქარიანობის და ფატალიზმისკენ მიდრეკილების გამო აღიზიანებს.

    ტყუპები

    ინტელექტუალი და ურთიერთობების მოყვარული ტყუპები ყოველთვის იქცევენ ყურადღებას. მათზე პასუხისმგებელი პლანეტა ხომ მერკურია – კომუნიკაციის და ახალი ცოდნის მიღების პლანეტა. ამ ადამიანებთან სალაპარაკოს რა გამოლევს. ისინი ნამდვილი ცოდნის საბადოები არიან. მაგრამ ხანდახან ტყუპები შეიძლება ქედმაღლები აღმოჩნდნენ, რადგან ხშირად ეყრდნობიან საკუთარი გონების ძალას და ნიჭს, რომლებიც სინამდვილეში არ გააჩნიათ. სწორედ ეს აღიზიანებთ მგრძნობიარე მორიელებს ყველაზე ხშირად, რაც ამ ორ ნიშანს შორის მუდმივ კონფლიქტებს და წყენას იწვევს.

    კირჩხიბი

    წყლის სტიქიის ამ ნიშანს მთვარე მართავს, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენლებს მგრძნობიარობით, ოჯახისადმი მიჯაჭვულობით და ძლიერი ინტუიციით აჯილდოებს. მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბები მგრძნობიარე ფსიქოლოგებად ითვლებიან, ხშირად მათი განაწყენება ადვილია, რაც ხანგრძლივ კონფლიქტებს იწვევს. ხშირად სწორედ ქალწულები, მათი კრიტიკულობითა და ჩაკირკიტებით აღიზიანებენ კირჩხიბებს ისე, რომ შესაძლოა მსგავსი განზრახვა არც ქონდეთ.

    ლომი

    ამ ნიშნის წარმომადგენლები მეფური დიდსულოვნებით, მბრძანებლური ხასიათით და შექმნის ნიჭით გამოირჩევიან. ხშირად მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა, ლომების მგრძნობიარე ნატურას ემოციები უტევს – ეგოცენტრულობასა და ამპარტავნვებასთან ერთად ისინი ხშირად შინაგანი თვითკრიტიკულობით იტანჯებიან.
    ასტროლოგიურად ზოდიაქოს ეს ნიშანი ხშირად დისონანში შედის ვერძთან. ორივე ხომ ცეცხლის სტიქიას წარმოადგენს, უყვართ როცა მართავენ და არ უყვართ, როცა მათ მართავენ.

    ქალწული

    ამ ნიშნის წარმომადგენლები წესრიგის, გრძნობებზე გონების გამარჯვების და თვითდისციპლინის განსახიერებები არიან. ქალწულებს ხშირად ეჩვენებათ, რომ უფრო მეტს ხედავენ ვიდრე სხვები, დეტალების მიმართ დაკვირვების და თანდაყოლილი ყურადღების გამო. ქალწულებს, ისევე როგორც ტყუპებს მერკური მართავს, ამიტომაც მიუხედავად კრიტიკისადმი მიდრეკილებისა, ამ ადამიანებს ურთიერთობები უყვართ და ინტელექტიც აქვთ. ქალწულების ურთიერთობა არ გამოსდით ლომებთან, რადგან ცეცხლოვანი მარსიანელები აღიზიანებენ გარეგნულად მშვიდ მერკურიანელებს უფროსობის სიყვარულისა და იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ უაპელაციოდ აიღონ ინიციატივა საკუთარ ხელში.

    სასწორი


    ყველაზე დიპლომატიურ და გულკეთილ სასწორებს ვენერა მართავს, რომელიც მათ მშვენიერებისადმი ლტოლვით აჯილდოებს. გარდა ამისა, ამ ადამიანებს ხელოვნებასა და შემოქმედებით საქმიანობაში ეხმარება. უნდა ითქვას, რომ საკუთარი პატიოსნებისა და შინაგანი უკონფლიქტობის წყალობით სასწორები საერთო ენას ნახულობენ პრაქტიკულად ყველა ზოდიაქოს ნიშანთან. თუმცა, სტატისტიკურად უსიამოვნებები ყველაზე მეტად ვერძთან ურთიერთობისას აქვთ – ეს არის სასწორის ოპოზიციური ნიშანი, რომელიც ზუსტად საპირისპირო მხარეს მდებარეობს. საქმე ვენერისა და მარსის დაპირისპირებაშია, რომლებიც ზეციურ სივრცეს ორ ბანაკად ყოფენ.

    მორიელი

    ბუნებრივი მაგნეტიზმი, მაღალი სექსუალობა და გამძლეობა მორიელებს ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ ნიშნად აქცევს. უნდა ითქვას, რომ მორიელები ყველაზე პატივმოყვარე ნიშნებიც არიან. მათ ყოველთვის ბოლომდე მიყავთ დაწყებული საქმე პლუტონის წყალობით – ყველაზე მისტიური და ძლიერი პლანეტის, რომელიც მარსის ასტროლოგიურ ძმად ითვლება. ყველაზე რთული ურთიერთობები მორიელებს მათივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებთან აქვთ , რადგან მათ შორის წინააღმდეგობის ენერგია წარმოიქმნება, რომელსაც სინამდვილეში მაგნიტივით მიზიდულობის ძალაც აქვთ.

    მშვილდოსანი


    ქარიზმატული ლიდერები და სამყაროს შეცვლის იდეით გატაცებული მშვილდოსნები მრავალმხრივი ინტერესებით გამოირჩევიან და თითქმის ყოველთვის აღწევენ მიზნებს. ამ ნიშანზე პასუხისმგებელი იუპიტერია, რომელიც მათ წარმატებით, არასტანდარტულობით, ფართო აზროვნებით აჯილდოებს, რაც მშვილდოსნებს იდეების წარმატებით განხორციელების შანსს აძლევს. ყველაზე ხშირად მშვილდოსნებს კონფლიქტები აქვთ ოპოზიციური ნიშანთან – ტყუპებთან, რომელიც ზუსტად მშვილდოსნის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. მიზეზი ის არის, რომ მშვილდოსნებას აღიზიანებს მერკურიანელების ურყევი თავდაჯერება და ასევე მათი შინაგანი თავისუფლება. მშვილდოსნებს, როგორც ცეცხლის სტიქიის ნიშნებს უყვართ ადამიანების დაქვემდებარება და მართვა, რასაც ლიბერალი ტყუპები ვერ იტანენ.


    თხის რქა


    თხის რქის ზოდიაქოში დაბადებულებს ცხოვრებისეული გამძლეობა და მოთმინება ახასიათებთ, რომლითაც დაჟინებით მიიწევენ კარგი შედეგის მიწევისკენ ყველაფერში. მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა და მიზნის მიღწევის სურვილი თხის რქებს წარმატებული ადამიანების რიგებში აყენებს, თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოჯახზე მნიშვნელოვანი მათთვის არაფერია. სხვათა შორის, თხის რქები სწორედ იმიტომ ითვლებიან უკონფლიქტო ადამიანებად, რომ მათ არ უყვართ დროის დაკარგვა კამათზე. ამის მიუხედავად, მათ ხშირად აქვთ უსიამოვნებები უპასუხისმგებლო ადამიანებთან , რომელთა შორის შესაძლოა ხშირად აღმოჩნდნენ ჰაერის ნიშნები – მერწყულები, ტყუპები და სასწორები, ან მეტისმეტად ემოციური და ცეცხლოვანი ვერძები.


    მერწყული


    ორიგინალურები და რევოლუციონერი მერწყულები პლანეტა ურანის მფარველობით ნამდვილ არაფორმალებად ითვლებიან, რომლებიც მსოფლიოს ახალ ჰორიზონტებს უხსნიან. მერწყულები ყოველთვის საკუთარი თავის ერთგულებად რჩებიან, მათ შინაგანი თავისუფლების გრძნობა აქვთ და მას აქტიურად ქადაგებენ. სხვათა შორის, ეს ადამიანები კრიტიკულობის დაბალი დონით გამოირჩევიან, რაც მათ ბევრ მხარდამჭერს სძენს. მერწყულების მთავარი ანტაგონისტები კრიტიკის მოყვარული და მეწვრილმანე ქალწულები არიან.

    თევზები


    ყველაზე დიპლომატიური და რომანტიული თევზები ნეპტუნის მმართველობის ქვეშ არიან, რომელიც მათ არსში წვდომის უნარით, ინტუიციით და მეოცნებეობით აჯილდოებს. ეს ადამიანები საგულდაგულოდ არჩევენ გარემოცვას, ყოველთვის წონიან ყველა სიტყვას და არასოდეს ერთვებიან დაპირისპირებების მორევში. თევზებისთვის ურთიერთობებში ყველაზე ფასეული სხვა ადამიანთან საკუთარი ფაქიზი შინაგანი სამყაროს გაზიარებაა. ყველაზე ხშირად თევზებს კონფლიქტი აქვთ ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც ქედმაღლობით გამოირჩევიან.

  • რამდენი აქვს ხელფასი ვოლოდიმირ ზელენსკის

    უკრაინის სახელმწიფო საქმეთა სამმართველომ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელფასი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    როგორც მედია წერს, ზელენსკის ხელფასი 28 000 უკრაინული გრივნაა ანუ 1100 დოლარი, საიდანაც 5460 გრივნა (215 დოლარი) გადასახადების სახით ბიუჯეტში მიდის. ასეთი ხელფასი ჰქონდა ზელენსკის წინამორბედ პეტრო პოროშენკოსაც.

    „ხელფასის სხვა შემადგენელი ნაწილები – დანამატები, პრემიები და ა.შ. უკრაინის პრეზიდენტისთვის გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადეს უწყებაში.

    2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ზელენსკის შემოსავალმა 370 ათასი დოლარი შეადგინა, უძრავი ქონების ბაზარზე კი უკრაინის პრეზიდენტი სახლს, ბინას და სასტუმროს ნომრებს ფლობდა. დეკლარაციაში ზელენსკის კიევში 353 კვ.მ. ფართობის სახლი, 131 კვ.მ. ფართობის ბინა, 1200 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და ორი საპარკინგე ადგილი აქვს მითითებული. გარდა ამისა, ზელენსკი ფლობს რამდენიმე ბინას იტალიაში, ერთ ბინას დიდ ბრიტანეთში და სასტუმროს 5 ნომერი საქართველოში.

  • „რუსთავი 2“ უფრო მიუკერძოებელი უნდა გახდეს – გია ყრუაშვილი

    „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გია ყრუაშვილი აცხადებს, რომ სრულებით არ არის სასურვლი, მესაკუთრეების ცვლილების შემდეგ „რუსთავი 2“ მთავრობის მიმართ ლოიალური გახდეს და ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტოს. მისი თქმით, ტელეკომპანიამ უნდა შეინარჩუნოს კრიტიკული ხედვა, მაგრამ ის უნდა გახდეს უფრო მიუკერძოებელი და აღარ უნდა შეასრულოს ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-ცენტრის ფუნქცია.

    „რუსთავი 2“-მა უნდა გააშუქოს, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ საზოგადოებისთვის აქტუალური მოვლენები. თითოეულ თემაზე მაყურებელს უნდა მიეწოდოს განსხვავებული პოლიტიკური ძალების და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების კომენტარები. გარდა ამისა, აუცილებელია შეწყდეს ამ ტელეკომპანიის მხრიდან ეკლესიის და ტრადიციული ფასეულობების მიმართ ცინიკური და პროვოკაციული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, ხოლო ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება უცვლელი დარჩება, „რუსთავი 2“ სარედაქციო დამოუკიდებულობასაც შეინარჩუნებს და ამასთან, მოახერხებს წლების წინ დაკარგული საზოგადოების პატივისცემის დაბრუნებასაც“, – აცხადებს გია ყრუაშვილი.

    მის კომენტარს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

  • ხორცი 2 ლარით გაძვირდა

    ხორცი გაძვირდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თბილისის ცენტრალურ ბაზარში საქონლისა და ცხვრის ხორცზე ფასი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ადასტურებენ, რომ ბაზარში ხორცს ახლა უფრო იშვიათად ყიდულობენ.

    საქონლის ხორცზე ფასების მატებას მოვაჭრეები ქართული ხორცის ექსპორტზე გატანას უკავშირებენ. კანონმდებლობის მიხედვით, ხორცი, რომელიც ფერმიდან უცხოეთში გადის, 140 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. შესაბამისად, ბაზარზე აღარ არსებობს ხბოს ხორცი, რაც ფასებზე ავტომატურად აისახება. „კურიერის“ ინფორმაციით, ხშირ შემთხვევებში ფერმებში, საიდანაც საქონლის ხორცს ყიდულობენ, არც სასწორები აქვთ და არც მონიტორინგი ხორციელდება, რომელიც კანონის დარღვევის საშუალებას ფერმერს არ მისცემს.

    ფერმერები საქონლის ფასების კიდევ უფრო მატებას არ გამორიცხავენ. მთავარ მიზეზად კი ხორცზე ქვეყანაში არსებულ დეფიციტს ასახელებენ.

    თუ აქამდე აგრარულ ბაზრებში ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი 18 ლარი ღირდა, ახლა ის 20 ლარამდე გაიზარდა, მაღაზიებში კი საშუალოდ – 21 ლარია.

    ფერმერები მიიჩნევენ, რომ წარმოება სახელმწიფომ უნდა დაიცვას და წაახალისოს. საქართველოდან საქონლის ძალიან დაბალი წონები გადის ექსპორტზე. დანარჩენ მსოფლიოში კი ექსპორტიორებს – 300 კილოგრამზე ნაკლები ხორცის ქვეყნიდან გატანის უფლება არ აქვთ.

  • დავით გარეჯი სადავო ტერიტორიად 100 წლის წინ საბჭოთა საქართველოს გადაწყვეტილებით იქცა

    დავით გარეჯი სადავო ტერიტორიად 100 წლის წინ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იქცა. საბჭოთა საქართველომ მაშინ საბჭოთა აზერბაიჯანს მიწა და მასთან ერთად ხალხი და ტაძრები გადასცა. მას შემდეგ აზერბაიჯანი პოზიციას არ ცვლის და საზღვრების გადახედვაზე უარს ამბობს.

    ყველაფერი სწორედ 100 წლის წინ დაიწყო. გასაბჭოებამდელ რუკაზე საქართველოს 16 კილომეტრით მეტი უჭირავს, აზერბაიჯანს – ამდენივეთი ნაკლები. ქართულმა მხარემ 1921-24 წლებში მეზობელ აზერბაიჯანს ზაქათალის ოლქი და ყარაიას საძოვრები გადასცა. მაშინ არავის უფიქრია, რომ მიწებში გარეჯის 24 მონასტრიდან სამი – ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები მოხვდა.

    1980-იან წლებში საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება შეცდომის გამოსწორებას შეეცადა. აზერბაიჯანის რესპუბლიკას გარეჯის სანაცვლოდ სხვა მიწები შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიქმნა ორმხრივი კომისია, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ზუსტი საზღვარი უნდა დაედგინა. კომისიას, რომელიც დღემდე არსებობს, შედეგი არ დაუდია.

    საქართველოს ვერც ერთმა მთავრობამ ვერასდროს ვერ შეძლო ბერთუბნის, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის საკითხის არათუ ჩვენს სასარგებლოდ, საერთოდ რაიმე ფორმით გადაწყვეტაც კი.

    სასულიერო პირები და მეცნიერები ეძებენ რუკებს, სამეცნიერო კვლევებს და იურიდიულ ფორმებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას გარეჯის საუკუნოვანი დავის გადაწყვეტაში დაეხმარონ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირველად 2005 წელს გააქტიურდნენ, როდესაც გარეჯის ბერებმა ჩიჩხიტურში სამონასტრო ცხოვრების აღდგენა გადაწყვიტეს და მონასტრის კოშკის რესტავრაცია დაიწყეს. იქით აზერბაიჯანელი და აქეთ ქართველი მოსაზღვრეები ჩადგნენ, მაგრამ არც ერთმა არ იცოდა, ზუსტად სად იყო საქართველო და საიდან იწყებოდა აზერბაიჯანი. 2012 წელს კი კრიზისი განახლდა.

    გარეჯის მცოდნეები და მკვლევარები კი ამბობენ, რომ სამეცნიერო დიპლომატიის რესურსი ამოწურულია. ლადო მირიანაშვილი განსაკუთრებული ოპტიმიზმით არც მამა კირიონის აღმოჩენილ რუკას უყურებს, მაგრამ სჯერა, რომ გამოსავალი არსებობს.

    ასეთი ხელშეკრულების თანახმად, შესაძლოა, ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მიწაზე ფლობდეს და საკუთარი იურისდიქციით განკარგავდეს ძეგლებს ისე, როგორც ამას აკეთებს იტალია ვატიკანის ტერიტორიაზე. მაგრამ, ვიდრე მსოფლიო პრეცედენტებს საქართველოს ხელისუფლება ჯერ შეისწავლის და შემდეგ განახორციელებს, გარეჯის მთა ორ ქვეყანას შუა რჩება.

  • შეკვეთილში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

    უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში, დენის დარტყმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე მომუშავე მამაკაცი დაიღუპა.

    თვითმხილველების განცხადებით, ცემენტმზიდი ავტომანქანის ე.წ. პომპა სიმაღლეში გაშლისას ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • „ფრეგოს“ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. კომპანია განცხადებას ავრცელებს

    კომპანია „ფრეგოს“ სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადებას “ფრეგო” ავრცელებს.

    “ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია.
    კომპანია „ფრეგო“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, „ფრეგო“ მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა.
    ნებისმიერ ცვლილებასა და დამატებით ინფორმაციას კომპანია „ფრეგო“ უწყვეტ რეჟიმში მოგაწვდით ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით.
    დიდი მადლობა ნდობისა და თანადგომისთვის”-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

    „ფრეგოს“ დამფუძნებლებს, გიორგი თოფჩიშვილს და ვლადიმერ ყველაშვილს, წინასწარი პატიმრობა ორშაბათს შეუფარდეს.