Category: არქივი

  • ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა

    შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის მონაწილეს ხათუნა ბერიძეს ოზურგეთის სასამართლომ 1000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

    ოზურგეთის პოლიცია სამოქალაქო აქტივისტს ორი მუხლით ედავებოდა, მათ შორის 173-ე დაუმორჩილებლობის მუხლით, რაც 1000-დან 4 ათას ლარამდე ჯარიმას გულისხმობს და 166-ე წვრილმანი ხულიგნობის მუხლი, რაც 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

    სასამართლომ 166-ე მუხლით შეწყვიტა წარმოება და ბერიძე გაამართლა. ხოლო 173-ე მუხლთან დაკავშირებით კი 1000 ლარით დააჯარიმა.

    შეკვეთილში გამართული აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ ბერიძის წინააღმდეგ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა. მათი თქმით, ოზურგეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოსუფროსი ბერიძეს აქციაზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

    ინცინდენტი აქციის მიმდინარეობისას მოხდა და ის ხათუნა ბერიძის საპატრულო ეკიპაჟის მიერ 1200 ლარით დაჯარიმებას მოჰყვა.

    “გააღვიძე ოლიგარქი“ – ამ სახელწოდების აქციებს ადგილობრივები შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მართავენ.

  • ცხვირის ძგიდის ოპერაციაზე შეყვანილი პაციენტი გარდაიცვალა.ოჯახი კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს

    ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი 40 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში კრიტიკულად დამძიმდა. ირაკლი კობიაშვილს ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა.

    10 დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, საბოლოოდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

    კობიაშვილის მეუღლე მომხდარში ხუჯაძე-გოგინეიშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ნინო გოგინაშვილი ამბობს, რომ გართულებების თაობაზე არ გააფრთხილეს და ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.

    ხუჯაძე-გოგინეიშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტით სინჯის გაკეთება რეკომენდებული არ არის.

    უნდა გაკეთებულიყო თუ არა მედიკამენტებზე სატესტო სინჯი ოპერაციამდე, ამ საკითხს ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

    ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა გაარკვიოს, რატომ დასჭირდა კლინიკას 4 საათი იმისათვის, რომ მძიმე პაციენტი ერთი სართულით ქვემოთ რეანიმაციულ ბლოკში გადაეყვანათ.

    იყო თუ არა ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექიმთა გულგრილობა, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

  • სასულიერო პირებმა ორგანიზატორებს რეივ ფესტივალის პეტრას ციხის ტერიტორიაზე ჩატარება აუკრძალეს

    Georgian Rave fest-ი რომელიც 10 აგვისტოს  პეტრას ციხის ტერიტორიაზე უნდა ჩატარებულიყო აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას GR fest-ის ორგანიზატორები  ღონისძიების გვერდზე ავრცელებენ. მათი განცხადებით ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებმა ქობულეთის მოსახლეობის ნაწილისა და სასულიერო პირებისგან საპროტესტო წერილი მიიღეს.წერილის 160-მდე ხელმომწერის მთავარი მოთხოვნაა, არ ჩატარდეს ფესტივალი პეტრას ციხის ტერიტორიაზე.

    ორგანზატორები აცხადებენ რომ ფესტივალი მაინც ჩატარდება თუმცა სხვა ლოკაციაზე და ამის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

    მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ორანიზატორებს აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, სასულიერო პირებმა და მოსახლეობამ შეაგროვეს ხელმოწერები რათა აღეკვეთათ “კაზანტიპის” მსგავსი ღონისძიება. 

    “რეივერებო კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მამაოებისა და მათ მიერ ანგაჟირებული მოსახლეობისაგან დევნილობაში.

    წუხელ გვიან ღამით მოულოდნელად ჩამოკრა განგაშის ზარმა ფესტივალის ორგანზატორების სახელზე მოვიდა სასულიერო პირებისა და ქობულეთის მოსახლეობის კოლექტიური საპროტესტო წერილი რომელსაც 160-მდე ხელმომწერი ჰყავს. მათი მთავარი მოთხოვნაა არ ჩატარდეს ‘’კაზანტიპი’’ პეტრას ციხის ტერიტორიაზე.

    {{PHOTOGALLERY}}

    გაიცანით ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მამაოების კურთხევით ეწინააღმდეგებიან პროგრესს ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს საკლუბო და საფესტივალო ტურიზმი, ღირსეულ მედია გამოცემებში მუდმივად იწერება ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე. უამრავი ადამიანი ჩამოდის კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად. მიუხედავად იმისა რომ ფესტივალის ორანიზატორებს აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, ახალი ლოკაცია აუცილებლად იქნება აჭარაში ზღვასთან ახლოს 10 აგვისტოს იგივე არტისტებით!

    იმედს ვიტოვებთ ლოკაციის შეცვლა არ დაგვაბრკოლებს და ქართული რეივი ისევ ერთ მუშტად შეკრული ვიცეკვებთ.GR fest-ი ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის.”- წერენ GR Fest-ის ორგანიზატორები.

    შეგახსენებთ რომ 2 თვის წინ ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. რის გამოც ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ რომ საფესტივალო ადგილი შეეცვალათ და ფესტივალი Mountain Set: Kazbegi კუს ტბაზე ჩაეტარებინათ. 

  • შინაგანი რწმენა მაქვს, რომ გაზის ტარიფი არ გაიზრდება-ნათია თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, გაზის ტარიფი არ გაიზრდება. თურნავას არგუმენტად  მისი შინაგანი რწმენა მოჰყავს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის თქმით, შარშანაც გამართლდა.

    “ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით”-აცხადებს თურნავა.

  • ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა

    საფრანგეთსა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნა.

    შეგახსენებთ, ჟვანია ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, შემდეგ კი საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდში დაბრუნდა სამუშაოდ.

  • სუპერთასის მატჩზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება

    პირველად უეფას ისტორიაში სუპერთასის მატჩზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდი ავრცელებს. „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას ფრანგი სტეფანი ფრაპარი უმსაჯებს. ასეთი რამ პირველად ხდება როდესაც მამაკაცთა შორის ასეთ ტურნირზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება. 

    აღსანიშნავია ასევე რომ წელს სუპერთასის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება: 35 წლის ფრაპარის ასისტენტები – ფრანგი მანუელ ნიკოლოზი და ირლანდიელი მიშელ ო’ნილი. მეოთხე არბიტრი კი ცნობილი თურქი ჯიუნეთ ჩექირია.

    უეფას სუპერთასი 14 აგვისტოს სტამბოლში „ბეშიქთაშ პარკის“ სტადიონზე გაიმართება.

  • პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული – EMC

    “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

    EMC-ის განმრტებით, ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს, ვერ ქმნის.

    არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა იმგვარ მტკიცებულებებს უნდა ფლობდეს, რომლებიც პირის განზრახვას, იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს აშკარად აჩვენებს.

    EMC-ის შეფასებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

    ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებები.

    EMC მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მხედველობაში მიიღოს ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ დაუშვას პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მის მიმართ.

  • თუ გვარამიას დააკავებენ, იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის – მეუფე პეტრე

    იქ, სადაც უდანაშაულო მღვდელი ორი წელია, გვიზის ციხეში, მართლმსაჯულებაზე საუბარი ძნელია – მეუფე პეტრე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ეხმაურება.

    “ვიტყოდი, როგორც აწ განსვენებული ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც “რუსთავი 2-ზე” გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა და უნდა იქნას სამართლიანად გამოძიებული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ “რუსთავი 2-ის” საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ. ისევე როგორც ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გაუგებარ მდგომაროებაში გარდაცვალება და ამ საქმის არგამოძიება. იქ, სადაც უკვე ორ წელზე მეტია, საპყრობილეში უდანაშაულო მღვდელი გვიზის ციხეში და ამდენი პოლიტპატიმარი, ძალიან რთულია, სახელმწიფოში, სადაც იგივე ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა, ძალიან ძნელია, რაიმე მართლმსაჯულების კუთხით საიმედო მდგომარეობას ვპროგნოზირებდეთ.

    ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

  • წლის ბოლომდე 400 სკოლას WI-FI ექნება – მიხეილ ბატიაშვილი

    წლის ბოლომდე 400 სკოლას WI-FI ექნება- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

    ბატიაშვილის თქმით, ინტერნეტიზაცია შეეხება, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონებში არსებულ სკოლებს.

    „პროცესი აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე მოხდება 400 სკოლის აღჭურვა უკაბელო ინტერნეტით, ინტერიზაცია ეხება როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონის სკოლებს“, – აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.