Category: არქივი
-
რუსთავში დედამ შვილი ჩამომხრჩვალი იპოვა
რუსთავში დედამ შვილი ჩამომხრჩვალი იპოვა. 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი ბაღის ეზოში ჩამოიხრჩო.
“ინფო რუსთავის” ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვა.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
ხობში პოლიციის მაღალჩინოსნის სიმამრის სახლი გაქურდეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვაჟა სირაძის სიმამრის სახლი გაქურდესს.
ვაჟა სირაძის სიმამრი ლევან ქავთარაძე, რომელიც ხობის საკრებულოს წევრია , ქურდობის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ სახლიდან წაღებულია ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები.
სამართალდამცველებს ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ბოროტმოქმედი. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
“ვიღაც შემოვიდა სახლში, ალბათ სავარაუდოდ ღამის 3-4 საათისთვის, ყველას გვეძინა. სახლის პირველ სართულზე ასე ვთქვათ შემოიარა. რაც ზედაპირულად ნახა ის წაიღო. მცირედი თანხა და ერთი სამაჯური ვერცხლის. ხმაურმა გამაღვიძა. პოლიცია იყო მოსული. ჩანთა ეგდო იატაკზე. დედაჩემის დანაზოგი, ჰქონდა თავის ჩანთაში და ეს ჩანთა ეგდო იატაკზე, ამით მიხვდა,“-აცხადებს ქავთარაძე.
-
ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე -სოსო ფხაკაძე
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები. ამის შესახებ სოსო ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს.
ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია, მაშინ როდესაც მისი თქმით, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას.
“ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის პარალელურად, მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აკრძალვა გადაიზრდებოდა სავაჭრო ემბარგოში, საბედნიეროდ არ გამართლდა. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს: როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ტურისტული ნაკადების მატება. ამ ყველაფრის ფონზე, ცალსახაა, რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია” რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ,”-ნათქვამია ფხაკაძის განცხადებაში.
-
ქვიშხეთში გაფიცულებს „საქართველოს რკინიგზასთან“ სამართლებრივი კავშირი არ აქვთ-“საქართველოს რკინიგზა”
„საქართველოს რკინიგზა“ ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაფიცულ მუშებთან მათ არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი არ აქვთ.
„სს „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან გაფორმებული აქვს ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო ხელშეკრულება 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას ასევე საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია, ავსტიულ-გერმანული ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.
ნებისმიერი მცდელობა, მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს სს „საქართველოს რკინიგზას“, ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა“ მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე სატვირთო გადაზიდვები. მედიასაშუალებებს ვთხოვთ, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
-
გერმანიაში ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს
ქართველი პატიმარი, რომელიც გერმანიაში მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა ბავარიაში დააკავეს. ბავარიის პოლიციაში ამბობენ, რომ ქართველი რომელიც თავდაპირველად თურქ პატიმართან ერთად გაიქცა, მარტო მგზავრობისას დააკავეს. გაქცეულ თურქ პატიმარს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
მემინგენის ციხიდან პატიმრები ეზოში სეირნობისთვის გამოყოფილ დროს გაიქცნენ და ახლოს მდებარე რკინიგზის ხაზის საშუალებით მიიმალნენ. ქართველი პატიმარი ბინის ქურდობის მუხლით იყო ბრალდებული და წინასაგამოძიებო პატიმრობაში იმყოფებოდა.
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენრტი ყვარელი იყო. ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 10:55 საათზე დაფიქსირდა.
-
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 7 პირი დააკავეს
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამართალდამცავებმა შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება – ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიწის ნაკვეთების ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.
დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
“ანაკლიის კონსორციუმს” ახალი თავმჯდომარე ჰყავს
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს. ამის შესახებ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადებაშია აღნიშნული.
“სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.
კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი”-აღნიშნულია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადებაში.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. ხაზარაძის თქმით, ისინი მზად არიან მათ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებების გაქარწყლებამდე საკუთარი აქციებიც კი გადასცენ საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს.
-
დააკავებენ თუ არა ყოფილ მინისტრს. ზურაბ ალავიძე საქართველოში დაბრუნდა
ერთ წლიანი პაუზის შემდეგ პროკურატურის მიერ განახლებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე თბილისში დაბრუნდა. ალავიძე აცხადებს, რომ დაკავებას არ ელოდება.
გამოძიება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მონაკვეთის მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხის დაკარგვის თაობაზე მიმდინარეობს.
საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების, სავარაუდო, ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს.
არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში გიორგი კვირიკაშვილიც დაიბარონ.