Category: არქივი

  • რუსეთის ერთ-ერთ სახმედრო ნაწილში აფეთქება მოხდა-არიან დაშავებულები (ვიდეო)

    რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში მდებარე სამხედრო ნაწილში დღეს, აფეთქება მოხდა.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

    Associated Press-ის თანახმად, ინციდენტის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. გამოცემის ცნობით, აფეთქება ბაზაზე მდებარე საბრძოლო მასალის საცავში მოხდა. აფეთქების შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა.  20 კილომეტრის რადიუსში მყოფი მოქალაქეების ევაკუირება მოხდა.  რუსული სამხედრო ბაზა ქალაქ აჩინსკიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორც აცხადებენ  მოქალაქეებს მყისიერი საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ მაინც ურჩიეს, სამხედრო ნაწილიდან მოშორებით დარჩენილიყვნენ. 

    რუსულ სააგენტო TASS-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ  იარაღის საწყობში, სადაც  ხანძარი გაჩნდა, 40 000 სატანკო ჭურვი ინახება.

    {{VIDEO}}

  • “ვიღაცას შეეშინდა, დაიწყო ფულის გადახურდავება ვალუტაში და უცხოეთში გატანა“–გია ხუხაშვილი ლარის გაუფასურებაზე

    ლარის უპრეცენდენტო გაუფასურება ექსპერტებს საეჭვოდ ეჩვენებათ. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლიც თანახმადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტურისტულმა ემბარგომ გამოიწვია, ბავშვურს უწოდებს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მთავრობის ზოგიერთი წევრი ფულად მაქინაციებს ახორციელებდა.

    „ერთის მხრივ აბრალებდე ოპოზიციას მოვლენებს, რომელიც როგორც ირკვევა არ მომხდარა, ანუ ტურისტული ნაკადი არ შემცირებულა და ამით რომ პასუხისმგებლობას იხსნიდე, ასეთი რაღაცის გაკეთება ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია, მხოლოდ ბავშვს შეუძლია ასეთი ტყუილის თქმა. დაახლოებით იმას ჰგავს მურაბით რომ გვაქვს პირი მოთხვრილი და დედას რომ უმტკიცებ, რომ მურაბა არ გიჭამია. დაახლოებით იგივე პროცესთან ხომ არ გვქონდა საქმე, რომ ვიღაცას ძალიან შეეშინდა და დაიწყო ფულის გადახურდავება ვალუტაში და უცხოეთში გატანა. ბიძინა ივანიშვილს ამის პრობლემა ნაკლებად აქვს, პატარა ბოსები ქვეყანაში უკვე არიან, რომლებიც შესაძლოა ასე მოქმედებდნენ,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

    ტურისტულმა დეპარტამენტმა დღეს სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ივლისის თვეში ტურისტების რაოდენობა საქართველოში ერთი პროცენტით არის გაზრდილი.ამ ინფორმაციამ თავდაყირა დააყენა ხელისუფლების განცხადება, თითქოს ლარის რეკორდული გაუფასურება ტურისტული ემბარგოთი იყო ამოწვეული.

  • “ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია“–დავით ჭიჭინაძე

    “ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე – თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა.“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა “სახალხო ტრიბუნის“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, მისი თქმით,  ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე დაგვანახა და ის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ენდობიან.
    “არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად გაორმაგდა. ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვთ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

    სახელდება: ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი… მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია.

    არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას, ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსისი ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არამგონია ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით.“ – ამბობს დავით ჭიჭინაძე

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8946 ლარი გახდა. ცვილებამ 0.0076 შეადგინა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2312 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0275 შეადგინა.

  • “თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის”- როგორ გამოეხმაურნენ პატრიარქის ქადაგებას ქალები

    გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და საკვირაო ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ “ სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”- განაცხადა ილია მეორემ

    პატრიარქის საკვირაო ქადაგების ამ ნაწილს გამოეხმაურა ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ მიესალმება პატრიარქის გადაწყვეტილებას რომ თუ ახალ სიცოცხლეს ქმნი მას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო, თუმცა ამას ფული უნდა. 

    “მე ვეთანხმები პატრიარქს, რომ ახალ სიცოცხლეს თუ ქმნი, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო – მთავარი ჩემთვისაც ჩემი შვილების აღზრდაა ისე, რომ მათ, სულ მცირე, იგივე შეძლონ თავიანთი შვილებისთვის.

    მაგრამ ამას ფული უნდა ძვირფასო უნეტარესო – მე კი, თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის.

    უნდა გამოვიმუშაო.

    და გამოვიმუშავებდი კიდეც – ორ კვირაზე მეტი არცერთი შვილის გაჩენის შემდეგ არ დამისვენია.

    საქმე გამიფუჭდებოდა, იმდენი ფული აღარ მექნებოდა და შვილებს ისე კარგად ვეღარ გავზრდიდი პატრიარქო – კარგს ვერ შეჭამდნენ, ვერ ჩაიცმევდნენ, კარგ განათლებას ვერ მიიღებდნენ .

    დიახ – თქვენ წარმოიდგინეთ, შრომა მიწევდა და მიწევს, უწმინდესო და უნეტარესო.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

    პატრიარქის ქადაგებას ფსიქოლოგი მაია ცირამუაც გამოეხმაურა. 

    “ჩემო პატრიარქო!

    ახლა ალბათ ხუთი გადასცდა შვიდს. ჯერ ისევ ბნელა და ფანჯრებს იქით ქარი ზუის. შემოვდგამ ჩაიდანს, ბიჭს რძიან კაკაოში ორი კოვზი შაქარი უყვარს. ჩანთას ჩაალაგებდა თვითონვე გუშინ. სად არის ახლა ის თმის სარჭი, აქ იდო წუხელ, გაიღვიძებს და ინერვიულებს გოგო – დავალებას რომ წერდა გვიან ღამით, რვეულში თუ ჩარჩა. ეს ცომი, ბლინებისთვის რომ მოვამზადე, ტაფამ რომ არ მიიკრას, ზეთი გათავებულა და კარაქს წავუცხებ ძირზე, მაგრამ არ შეჭამს შუათანა. რაც არის არის! ორ ნაჭერ პურს გავუხუხავ შუაში ყველით.
    დავიწყებ ახლა სახლის გამოღვიძებას. ვიქცევი ჩემი შვილების თვალებში მოჭყიტინე მზის სხივად. მერე ნიავად, მერე ქარად ან ქარიშხალად.
    -ადექით, ახლა გაიღვიძეთ დილა გათენდა და უნდა დატოვოთ სახლი, რომელიც ვიცი, რომ გიყვართ. გესმით ზარის ხმა?
    – არა, დედა, ქარია გარეთ, ცოტაც გვაცალე, დავასრულებთ სულ ბოლო სიზმარს.
    ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ამბავია, იყავი ჩუმად. გამოკეტე ოთახის კარი, არ გაიღვიძოს კაცმა, მას დაღლილს სძინავს, ხუთის ხუთ წუთზე მორჩა ბოლო ნაშრომის კითხვას. ხვალ გზაზე მიდის. საგზალი უნდა. არ დაავიწყდეს – ჩემოდანი ჩაალაგა ნეტავ?
    ჩვენ გავდივართ სახლიდან ხმაურით, ღელვით, რამე არ დაგრჩეს! ჩააქრე გაზქურა? უთო? ჩაიდანი ხომ არ დაგვავიწყდა?! ფისოს დაუყარე საჭმელი? მამას გასაღებს მე წავიღებ, მაინც არ ჩამოვა ზეგ საღამომდე. მოიხსენი გთხოვ ეს ყურსასმენი, როცა ქუჩაზე გადადიხარ! ხვალაა კრება?
    ჩვენ ვგავართ მზეს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ისვრის სხივებს.
    მე ტკივლების ექიმი ვარ და ახლა უნდა დავივიწყო ჩემი სახლი, ჩემი შვილები. სხვის ტკივილებში ვიხეტიალო. დღეს რამდენი ტკივილის ექიმი ვარ? 10 – ზე, 11-ზე, 12 ზე, 2 ზე და 4 ზე, მოვლენ ბავშვები, რომლებსაც არ უხარიათ წვიმა რომ მოდის და არ იციან რა მაგარია იქ ბოტებით ჭყაპა-ჭყუპი, ზოგჯერ ხედავენ და ზოგჯერ ვერა იმ ცისარტყელას ყველა რომ ხედავს, არ ჰყავთ დედები დილით თეფშზე კარაქიანი პური რომ დაუდოთ.
    მერე შეხვედრაა – იქ უნდა ვილაპარაკო ტკივილებზე ბავშვებს რომ ყელში ბურთად უგორგლდებათ. და უნდა ჩავყლაპო ჩემი ბურთი. მე უნდა ვიყო მშვიდი და როგორმე ვიპოვო ერთი პეშვი ბედნიერება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდი სიზმრები აქვთ.
    ისევ სამსახურში მობრუნებული, ახლაღა ვხვდები – სადღაც, ჩანთაში, ჩემი ტელეფონი რეკავს:
    – დედა, სახლში მოვედი და არავინაა, გასაღები შენ წაიღე?
    – დედა, ხვალაა ფული ჩასარიცხი ინგლისურზე!
    – დედა, რაღაც თავი ამტკივდა და შეიძლება დღეს არ წავალ ფეხბურთზე?
    – დედა, რომ გირეკავ, ასჯერ რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ?!
    – დედა, გესმის? არ გესმის დედა?!
    კაცი დატოვებდა ალბათ სახლში ვაშლს, მსხალს და გოგრას. უფროსი გამოაცხობდა ღუმელში უთუოდ. ოოჰ, როგორ მიყვარს ახლად გამომცხვარი გოგრის სუნი. რა ხდება ნეტა ახლა სახლში?! ზეთი აღარ გვაქვს. ცოტაა ბრინჯი, გოგოს ფეხსაცმელს ლანჩი სძვრება. და თვის ბოლომდე, ხელფასამდე, ათი დღე რჩება.”- წერს მაია ცირამუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • “შევხდებით მალე ! ახალ არხზე ახალი გამოწვევებით “- სალომე შარვაძე მაყურებელს

    პოპულარული სერიალის მეთხუთმეტე სეზონი დასრულდა. “ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონს ახალ არხზე ვიხილავთ. მოგეხსენებათ, ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განაცხადა, სადაც მათივე წარმოებული ყველა პროექტი გავა.

    სერიალის მორიგი სეზონის ფინალს ეხმაურება მსახიობი სალომე შარვაძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-15 სეზონის ფინალური სერიების ერთ-ერთ მთავარ გმირს, ქეთის განასახიერებს.

    “დასრულდა ჩცდ-ს მორიგი სეზონი.ტრადიციულად , დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს Formula Creative პროფესიონალიზმისთვის , ამხელა შესაძლებლობისთვის , სიყვარულისთვის … მეც მიყვარხართ !

    ბედნიერებაა თქვენთან მუშაობა და მეგობრობაძალიან დიდი მადლობა რ2-ს ყველაფრისთვის !!!რაც ყველაზე მთავარია , მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს რომელიც 8 წლის განმავლობაში გვიყურებდაშევხდებით მალე ! ახალ არხზე , ახალი თავგადასავლებით და ახალი გამოწვევებით !!! ”- წერს სალომე შარვაძე

  • ტურიზმის ზრდის პროგნოზი იყო უფრო მაღალი, ვიდრე შედეგი,რამაც განაპირობა ზეწოლა ვალუტის კურსზე-კობახიძე

    ირაკლი კობაძე აცხადებს, რომ ტურიზმის ზრდა პროგნოზთან შედარებით დაბალია.

    „ტურიზმი ზრდას რაც შეეხება იყო გარკვეული პროგნოზი და იმ პროგნოზთან შედარებით არის კლება.ბუნებრივია, ასეთ დროს ვალუტის კურსთან დაკავშირებით იქმნება პრობლემები. არც ერთი არ არის ტყუილი და არც მეორე. საუბარია იმაზე,რომ პროგნოზი იყო უფრო მაღალი.ზრდა არის მაღალი, შარშანდელთან შედარებით თუმცა, პროგნოზი იყო იმაზე მაღალი, ვიდრე არის შედეგი. ამან განაპირობა ზეწოლა ვალუტის კურსზე. ეს არის აბსოლუტურად მარტივი ეკონომიკური საკითხი – თუ ნულოვანი ზრდა გექნება, ეს მაინც დააწვება ვალუტას“,-განაცხადა კობახიძემ.

  • რუსთავი2–ის იურისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

    რუსთავი2–ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ახალმა დირექტორმა, სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ეტაპზე ოფიციალური მიზეზი მისთვის უცნობია. როგორც მურადაშვილი ამბობს, დღეს ის შვებულებაში უნდა გასულიყო, თუმცა შეიტყო რომ არც შვებულება ეკუთვნის და დღეიდან რუსთავი2–ის თანამშრომელიც აღარ არის. დეტალების გარკვევას თამთა მურადაშვილი მოგვიანებით აპირებს, თუმცა ადასტურებს რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.
  • ირანელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში 60%–ით იკლო.ეკონომიკამ მინიმუმ 221 მილიონი ლარით იზარალა

    იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსი ვიზიტორების კლებაზე და ეკონომიკისთვის ამით გამოწვეულ ზარალზე აკეთებს აქცენტს, ბოლო სტატისტიკით ყველაზე მეტად საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობამ იკლო, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრად უფრო დიდი დარტყმაა, ვიდრე რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება ივლისის თვეში.

    ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ გასული წლის ივლისთან შედარებით 6.4%–ით იკლო რაც 10 794 ტურისტით ნაკლებს ნიშნავს. ბევრად მეტია კლება ირანიდან – 60%, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ივლისში ირანიდან 20853 ტურისტით ნაკლები შემოვიდა 2018 წლის ივლისთან  შედარებით.

    საინტერესოა 2019 წლის პირველი ორი კვარტლისა და ივლისის თვის შეჯერებული მონაცემები. ივლისის თვეში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად პირველი შვიდი თვის ჯამური მაჩვენებლით რუსი ტურისტების რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მაინც გაზრდილია – 22.1 %–ით. ირანელი ტურისტების რაოდენობა კი 2019 წლის პირველი 7 თვის ჯამური მაჩვენებლით 58.3%–ით არის შემცირებული 2018 წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

    თუ გასული წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში ირანიდან 179 449 ვიზიტორი შემოვიდა, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში შემოსული ვიზიტორების რიცხვი 74 784–ს შეადგენს, ანუ წელს ირანელი ვიზიტორების რიცხვი უკვე 104 665 ადამიანით შემცირდა შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არადა ბოლო წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი მუდმივად მზარდი იყო.

    რას ნიშნავს ეს რაოდენობა თანხობრივად?

    სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2018 წელს საშუალო დანახარჯი თითო ვიზიტორზე ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

    არაბთა გაერთიანებული საამიროები: 2656 ლარი (991 $)
    ისრაელი: 2613 ლარი (975 $)
    გერმანია: 2391 ლარი (892 $)
    ირანი: 2116 ლარი (790 $)
    ყაზახეთი: 1965 ლარი (733 $)
    რუსეთი: 1513 ლარი (565 $)
    უკრაინა: 1411 ლარი (526 $)
    თურქეთი: 654 ლარი (244 $)
    სომხეთი: 565 ლარი (210 $)
    აზერბაიჯანი: 430 ლარი (160 $)

    თუ ტურისტული ნაკადების შემცირების შედეგად მიღებულ ზარალს ზემოთმოყვანილი მაჩვენებლების მიხედვით დავითვლით, გამოვა, რომ ირანელი ტურისტების დაკარგვით ქვეყნის ეკონომიკამ 2019 წლის პირველ 7 თვეში 221 471 140 ლარი დაკარგა, თანაც კლების ტენდენცია, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო მზარდია. ირანელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა გასულ წელს, მათ საქართველოს საზღვარზე პრობლემები შეექმნათ. მათ ხშირად საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნებოდნენ და უკან აბრუნებდნენ.

    თეირანმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს საზღვარზე ირანელი ტურისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. 2018 წლის 10 დეკემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაჰრამ ქასემიმ ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.ბაჰრამიმ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე ირანის რამდენიმე მოქალაქეს უპატივცემულოდ მოექცნენ, რის გამოც ის ირანის მოქალაქეებს კავკასიის ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.ეს ქასემის პირველი განცხადება არ ყოფილა საქართველოსთან დაკავშირებით. მანამდე, 3 დეკემბერს, მან თქვა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს ირანის 200-მდე მოქალაქეს, ისე რომ მიზეზი სათანადოდ ვერ განუმარტეს.“არ იმოგზაუროთ საქართველოში, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს”, – ასეთი რეკომენდაცია მიიღეს ირანის მოქალაქეებმა თავიანთი საგარეო უწყებისგან.

    ირანის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა თბილისი. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაშინ განაცხადა, რომ თეირანსა
    და თბილისს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა და „დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები“, რათა უახლოეს ხანებში პრობლემა მოგვარდეს და ყველა გაუგებრობაზე გვქონდეს პასუხი.“ექსპერტები მაშინვე აცხადებდნენ, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდებოდა, ირანელი ვიზიტორების შემცირება საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა, თუმცა მას შემდეგ ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი აღარ გაუკეთებია.

    მათი მუშაობის შედეგი კი სტატისტიკაში აისახა – 2019 წლის პირველ 7 თვეში საქართველომ 104 000 “ყველაზე მხარჯველი ვიზიტორი“ და შესაბამისად, მინიმუმ 221 მილიონი ლარი დაკარგა.