Category: არქივი

  • ნარკომოვაჭრემ, რომელმაც თავი 19 წლის გოგოდ გაასაღა და ციხიდან გაქცევა სცადა, თავი მოიკლა

    ბრაზილიელმა ნარკომოვაჭრემ, რომელმაც თავისი შვილის ტანსაცმელი ჩაიცვა, თავი 19 წლის გოგოდ გაასაღა და ციხიდან გაქცევა სცადა, თავი მოიკლა.

    42 წლის ნარკობანდის ლიდერი, კლოდინო და სილვა საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან თავი ზეწრის მეშვეობით ჩამოიხრჩო. პატიმარს 73 წელი და 10 თვე ჰქონდა მისჯილი.

  • ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამსახური დატოვეს

    ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა სამსახური დატოვეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

    ორდღიანმა მოლაპარაკებებმა დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შედეგი ვერ გამოიღო. მუშაობაზე უარი 60-მა ქართველმა მუშამ თქვა. ისინი რკინიგზის დეპარტამენტის კონტრაქტორი ჩინური კომპანიიდან დღიური 20 ლარის 30-მდე გაზრდას და უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ.

    თუმცა მათი მოთხოვნები კომპანიამ არ დააკმაყოფილა, რის გამოც იძულებულები გახდნენ, სამსახურზე უარი ეთქვათ. ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცულები იყვნენ.

  • “გირჩი” 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის

    “გირჩი” 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

    „თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებას ვაძალებთ ჯარში, მსახურებას, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელს აქვს და 18 წლამდე ახალგაზრდებს არ აქვთ. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ. დანარჩენი აქ ხალხია მოსული იმისთვის, როგორ უნდა იყოს განაწილებული ბიუჯეტის ფული, ვის რამდენი შეხვდება არჩევნების შედეგად, ასევე რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ადმინისტრაციულ ორგანოებში.

    იქნებ, ვინმეს გულში პატრიოტული სულისკვეთებაც აქვს და ქვეყნის გადარჩენას ასე უყურებს. მე ვამბობ იმას, რისთვის ვარ მოსული – ახალგაზრდებს არჩევნებში მოსვლის საშუალება მიეცით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

  • იმედი მაქვს, “რუსთავი 2-ის” შემდეგ არ დადგება “ტვ პირველის” ჯერი – ნატა ძველიშვილი

    “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ “ტვ პირველის” მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს.

    „იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც “ტვ პირველს” და გავლენას არ იქონიებს “ტვ პირველის” მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. იმედს გამოვთქვამ, რომ “რუსთავი 2-ის” შემდეგ არ იქნება “ტვ პირველის” ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. “რუსთავი 2-ის” საქმემ პრაქტიკულად გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც ტვ პირველის შემთხვევაშიც დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას,“ – განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. მისი გამოკითხვა სავარაუდოდ, 8 აგვისტოს მოხდება.

  • “მეგობრებო ეს ქვეყანა იხურება” – ნიკა გვარამია ტვ პირველის დამფუძნებლის დაკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა

    „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის დამფუძნებლის – ვატო წერეთლის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    “მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება.

    ამის დაშვება არ შეიძლება! ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია! ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. უნდა გვწამდეს დასავლეთის მხარდაჭერის და გვეიმედებოდეს ჩვენი მეგობრები, მაგრამ ეს საკითხი სრულად და საბოლოოდ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ.

    ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

  • „ტვ პირველის“ დამფუძნებელი სასამართლოში, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს დაიკითხება

    „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს სასამართლოში დაიკითხება. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. წყების ინფორმაციით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა წერეთელმა თავად მოითხოვა.

    შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი გახდა  რომ პროკურატურაში “ტვ პირველის” მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს.

    საკითხი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება.

  • “არ გამოვა ეგ ამბავი, ვასრულებ შვებულებას” – ინგა გრიგოლია ტვ პირველის დამფუძნებელის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება

    ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ტვ პირველის დამფუძნებლის – ვატო წერეთლის სტატუსს ეხმაურება. გრიგოლია წერს, რომ აგვისტოში სურთ ყველაფრის გაწმენდა, რათა კრიტიკული სიტყვა აღარ ისმოდეს

    ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ, შანსი ნული გაქვთ, ყველას ვერ დაიჭერთ – ტვ პირველის დამფუძნებელი
    “მოიცალეს ბიჭებმა. რაო,საყვარლებო, აგვისტოში გინდათ ყველაფერი გაწმინდოთ,რომ კრიტიკული სიტყვა არსაიდან აღარ ისმოდეს? არ გამოვა ეგ ამბავი “, – წერს გრიგოლია.

    ტელეწამყვანი ვატო წერეთლის სტატუსზე კომენტარსაც წერს: “მოიცალეს ბიჭებმა? რა გაეწყობა, ვასრულებ შვებულებას”.

    “ტვ პირველის” დამფუძნებელი და მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

  • მოსკოვის პროკურატურა მოითხოვს, აქციაში მონაწილე წყვილს შვილი ჩამოერთვათ

    წყვილს, რომლებიც 27 ივლისსა და 3 აგვისტოს რუსეთში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, შეიძლება მშობლობის უფლება ჩამოერთვას.

    როგორც გამოცემა Meduza წერს, წყვილისთვის შვილის ჩამორთმევას რუსეთის პროკურატურა ითხოვს.

    მოსკოვის პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიტინგის დროს წყვილმა ბავშვი მესამე პირს გადასცა , რამაც ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა, ასევე გახდა მისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის მიზეზი.

    რუსეთში, ოპოზიციურ აქციებზე, სადაც სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ გასულ კვირას 1 373 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, OVD-Info–მ გაავრცელა.

    მოსკოვში 8 სექტემბერს დუმის არჩევნები გაიმართება. არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრეს რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს. სწორედ ამას მოყვა მასშტაბური პროტესტი მოსკოვში. ოპოზიციის მხარდამჭერები კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდნენ აქციაზე.

  • “ტვ პირველის” მფლობელი პროკურატურაში დაიბარეს

    “ტვ პირველის”  დამფუძნებელი და მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ წერეთელი  სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. 

    “პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ!” – წერს სოციალურ ქსელში ვატო წერეთელი.

  • კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლების დასარწმუნებლად ფირი თავის მანქანასაც გადააკრა

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მან  ფირი საკუთარ ავტომობილს გადააკრა, რათა ტაქსის მძღოლები დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.  კალაძე ეტაქსების რეფორმის პროექტის  მიმდინარეობას დადებითად აფასებს. ამ თემაზე მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

    “ჩვენი მხრიდან იყო ყველანაირი ხელშეწყობა, ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდათ ამ ადამიანებს. დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, — აღნიშნა კახა კალაძემ.