Category: არქივი

  • დღეს რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინს შეხვდება

    ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით,  შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებს საკითხებს განიხილავენ.

    მოლაპარაკებები სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერსა და რუსეთს პრეზიდენტს შორის სოჭში, სამუშაო ვიზიტის ფორმატში შედგება.

  • ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

    ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი  დაშავდა. 

    დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

  • რატომ გაათავისუფლეს რუსთავი2–ის იურისტი სამსახურიდან. პაატა სალია თამთა მურადაშვილს ურჩევს სასამართლოს მიმართოს

    „რუსთავი 2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის მთავარი იურისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. თამთა მურადაშვილის თქმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით შვებულებაში ყოფნის დროს მიიღო.

    როგორც თამთა მურადაშვილი აცხადებს, მას მეილზე დღეს შუადღისას შეტყობინება მიუვიდა, სადაც ეწერა, რომ მას სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. იურისტი ამბობს, რომ შეტყობინებაში მითითებულია, რომ მას ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე ათავისუფლებენ, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს დარღვევა, ამის შესახებ შეტყობინებაში არაფერი წერია.

    თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ ეს დასაწყისია იმისა, რომ მომავალში ზეწოლა უკვე ჟურნალისტებზე განხორციელდება, მათ კი იურისტი არ ეყოლებათ, რათა დახმარებისთვის მიმართონ.

    „პარასკევს, 2 აგვისტოს, ჩემსა და პაატა სალიას შორის შედგა საუბარი, საუბარი იყო არასასიამოვნო იმ კუთხით, რომ ის, პრაქტიკულად, მაიძულებდა, რომ წავსულიყავი სამსახურიდან. მე ვითხოვდი შვებულებას. შევთანხმდით ამაზე, რომ შვებულებაში გავიდოდი დღეიდან, ანუ 5 აგვისტოდან, თუმცა დღეს, შუადღით ვიღებ HR ხელმძღვანელისგან e-mail შეტყობინებას, რომლითაც მეცნობა, რომ პაატა სალიამ არ დააკმაყოფილა ჩემი შვებულების მოთხოვნა და პლუს, გამათავისუფლა სამსახურიდან. ჩავიბარე შეტყობინება დღეს ხელზე თუ რა საფუძვლებით მიშვებენ სამსახურიდან. მითითებულია, რომ დავარღვიე ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები და ხელშეკრულების დარღვევის გამო მიშვებენ სამსახურიდან, თუმცა არ არის მითითებული, რა დავარღვიე, კონკრეტულად, რაში გამოიხატა ჩემი მხრიდან დარღვევა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ეს არის რომ, ჟურნალისტები, ალბათ, იქნებიან უფრო საფრთხის ქვეშ იმიტომ, რომ მათ არ ეყოლებათ იურისტი, რომელსაც მიმართავენ და საკუთარი უფლებების დაცვას შეძლებენ. მე ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი იმ ზეწოლისა, რაც შეიძლება განხორციელდეს ჟურნალისტებზე,“ – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

    სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორმა სამსახურიდან იურისტის, თამთა მურადაშვილის გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა. პაატა სალია ამბობს, რომ მურადაშვილმა ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტები დაარღვია.

    „თამთას შვებულებაზე დასტური მე არ მიმიცია. თამთამ წარმომიდგინა დოკუმენტი, რომლითაც, თითქოს, დიტო საძაგლიშვილი უშვებდა მას შვებულებაში, რაზეც მას განვუცხადე, რომ არ არის ეს ის წესი, რაც არის კომპანიაში დადგენილი და, შესაბამისად, ჩემთან უნდა შეთანხმებულიყო და მე ამაზე პასუხს გავცემდი. არ არის სიმართლე, რომ, თითქოს, ის ჩემთან იყო შეთანხმებული. მეორე რაც შეეხება, არსებობდა გათავისუფლების საფუძველი, მე მითითებული მაქვს შეტყობინებაში, რომელიც მას გაეგზავნა, ის ნორმები, რომელიც დაარღვია, შესაბამისად, მას აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, იურისტია და თვითონ იცის, რა ზომებს უნდა მიმართოს. თუ მას აქვს პრეტენზია ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოში გავცემთ პასუხს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

  • ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ მიმართ ბრალდებების გაქარწყლებამდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ

    მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ.

    “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მისი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია,რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.

    ”მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში”, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, – ”თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში, განსაკუთრებით ამ რეგიონში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელოვანი უნარებითა და გამოცდილებით გააძლიერებენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რაც უზრუნველყოფს ამერიკული და ევროპული ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენას ანაკლიის პორტის პროექტში”, – განაცხადა ახვლედიანმა.

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ამჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით: „ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები.”

  • 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე 6 მლნ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე დაიხარჯა

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საბიუჯეტო ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. 18 სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული და ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე ჯამში 6.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რომლის 97% (6.5 მლნ ლარი) უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით იქნა ათვისებული. შესყიდვების დროს მხოლოდ რუსთავისა და თბილისის მერიებმა ისარგებლეს ტენდერებით, დანარჩენმა 16 უწყებამ კი მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძინეს საქონელი და მომსახურება.

    სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება.

    მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დღესასწაულების თარიღები ყოველთვის დიდი ხნით ადრე არის ცნობილი რადგან ყოველ წელს იგივე თარიღში იმართება, ცენტრალური ხელისუფლების უწყებები და მუნიციპალიტეტები მაინც ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება და დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული. ორგანიზაციის აზრით, ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის პროცესის სერიოზულ ჩავარდნაზე,, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე წერდა ახალი წლის ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების პირდაპირი შესყიდვების ანალოგიურ პრობლემაზე.

    კვლევა მოიცავს ცენტრალური ხელისუფლების უწყებების და ხუთი თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას.

    საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის N1030 განკარგულებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. გეგმის მიხედვით, 20-მდე სახელმწიფო უწყებას, თბილისის მერიას და რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება დაევალათ.

    15-17 მაისის პერიოდში მთავრობამ დამატებით რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთა მიზანი კონკრეტული უწყებებისთვის შესყიდვების გამარტივებული (პირდაპირი) საშუალებით განხორციელების უფლების დართვა იყო. პირდაპირი შესყიდვის განხორციელების საფუძვლად საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება დასახელდა. N1127 განკარგულებით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 200 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების ნება დაერთო. N1128 განკარგულებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს 150 ათასი ლარის გამარტივებული შესყიდვის უფლება მიეცა. თავდაცვის სამინისტროს 754 ათასი ლარის პირდაპირ შესყიდვების ნება დართეს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი – 393 ათასი ლარის. ყველაზე მეტი – 2.7 მლნ ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-ს, შემოქმედებით საქართველოს გამოეყო.

    საკითხის შესასწავლად საერთაშორისო გამჭივრვალობა საქართველომ 26 მაისის შესყიდვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების 17 უწყებიდან და 5 თვითმმართველი ქალაქის მერიიდან 7 ივნისს გამოვითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან თვენახევარზე მეტი გავიდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა, რითაც ამ უწყებებმა დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე ინფორმაცია ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მოიპოოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე კი ინფორმაცია არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი.

    უწყებებიდან მიღებული და მოძიებული ინფორმაციიდან გაირკვა, რომ 26 მაისის ღონისძიებებზე, სულ, 6.8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 6.5 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხარჯის 97%, პირდაპირი შესყიდვების გზით დაიხარჯა.

    შესყიდვების 95% ტენდერით განახორციელა რუსთავის მერიამ, კერძოდ, ა(ა)იპ ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა. თბილისის მერიამ ტენდერის გამოყენებით დახარჯა თანხის 36%. ფოთის მერიას დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებებზე თანხა არ დაუხარჯავს. ყველა სხვა უწყების შემთხვევაში თანხის 100% პირდაპირი შესყიდვების გზით დაიხარჯა.

    პირდაპირი შესყიდვებიდან 277 268 ლარი დაიხარჯა მუსიკალური ნომრების შემსრულებლების ანაზღაურებაზე. აქედან, 231 200 ლარი შემოქმედებითმა საქართველომ დახარჯა, 36 500 ლარი – ბათუმის მერიამ და 9 568 ლარი – ქუთაისის მერიამ

    დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის ერთი ან რამდენიმე პირდაპირი შესყიდვით 100 ათას ლარზე მეტი თანხა 17-მა კომპანიამ მიიღო. ჯამში ამ 17-მა კომპანიამ 4.8 მლნ ლარი მიიღო, რაც პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 74%-ია.

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ხელისუფლებას რეკომენდაციითაც მიმართავს:

    ცენტრალური ხელისუფლების უწყებებმა და მუნიციპალიტეტებმა უკეთ უნდა ჩამოაყალიბონ შესყიდვების წლიური გეგმები, სადაც მინიმუმ რამდენიმე თვით ადრე იქნება ცნობილი, თუ რის შესყიდვას გეგმავენ 26 მაისის და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის. ეს აამაღლებს კონკურენციის დონეს და შემსყიდველს თანხის დაზოგვის და უფრო ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების მიღების საშუალებას მისცემს;

    საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მკაცრად უნდა მიუდგენენ სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პირდაპირ შესყიდვებზე თანხმობის გაცემას.

  • შეთანხმება ვერ შედგა — ქვიშხეთში, რკინიგზის მუშების გაფიცვა გრძელდება

    ქვიშხეთში, სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება არ შედგა.

    პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული სამოცივე მუშა გაფიცულია და ისინი სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

    პროფკავშირების წარმომადგენელი, ილია ლეჟავა ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, როდესაც დამსაქმებლად ჩინეთის 23-ე ბიურო შემოჰყავს.

    “სამწუხაროდ, მოლაპარაკება ვერ შედგა, ადმინისტრაცია არ დათანხმდა, რომ დააკმაყოფილოს ამ ადამიანების მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოთხოვნა არის სამართლიანი, მათ უნდა მიიღონ ეს ანაზღაურება. პროტესტი გრძელდება და როგორც თავად დასაქმებულები ამბობენ კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს”, — აღნიშნა რუსთავი 2-თან საუბრისას ილია ლეჟავამ.

    ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დღეს გაიფიცნენ. ისინი დღიური ხელფასის 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

  • მედიაკოალიცია პროკურატურას მოუწოდებს რ2-ის საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

    კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პროკურატურას მოუწოდებს,“რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს.

    როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვინაიდან საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა.

    „2019 წლის 1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე – მიიღონ კომპანიის 40%, უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ. ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადების საფუძველზე, მათი ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 08 დეკემბერს დაიწყო და ისევ გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე არაერთი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება გამოითქვა თავად ,,რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებში ჩართული პირების მხრიდან. კოალიციას მედიის ადვოკატირებისთვის მიაჩნია, რომ ვინაიდან საკითხი ეხება ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებას, რომელიც წლებია მის გარშემო მიმდინარე პროცესებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სახეზეა მაღალი საჯარო ინტერესი და საქმის მასალების გასაჯაროების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურას მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე თავისი ინიციატივით არაერთხელ გაუსაჯაროებია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

    კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

    ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მედიაკლუბი“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, „ლიბერალური აკადემია თბილისი“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“, „სატელევიზიო ქსელი“, „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

  • ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შესული მამაკაცი დაიხრჩო

    ქობულეთში ზღვაში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები იყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გამოსაყვანად შევიდა, თუმცა ძლიერი ტალღების გამო, უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიხრჩო.

    მაშველებმა სანაპიროზე მამაკაცის ტანსაცმელი იპოვეს და მისი ძებნა დაიწყეს. მამაკაცი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    დღეს შავ ზღვაში ძლიერი შტორმია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ისინი დამსვენებლებს ზღვაში ბანაობას უკრძალავენ და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.

  • თურქმენეთის პრეზიდენტი დაბრუნდა.ახალ ვიდეოში ის “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” მანქანით გარს უვლის (ვიდეო)

    თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ჭორების შემდეგ ახალ ვიდეორგოლში გამოჩნდა.კლიპში პრეზიდენტი “ჯოჯოხეთის კარიბჭესთან” მანქანით მოგზაურობს და გარს უვლის. ვიდეოს სახლწოდებაა “როგორ გავატარე ზაფხული”
    როგორც აღმოჩნდა თურქმენეთის პრეზიდენტის დასვენება სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა – ვარჯიში, ცხენზე ჯირითი, სტუდიაში მუსიკის დაწერა.

    ცეცხლმოკიდებული დიდი ორმო,რის გარშემოც პრეზიდენტი ბერდიმუჰამედოვი მანქანით წრეებს უვლის, ქარაკუმის უდაბნოში ბუნებრივი აირის კრატერია. ადგილობრივებმა მას ჯოჯოხეთის კარიბჭე დაარქვეს.

    შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაიცვალა.

    ოფიციალურმა უწყებებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.ბერდიმუჰამედოვი კამერებთან 25 ივლისს გამოჩნდა. პრეზიდენტზე ჭორების გავრცელებისთვის კი 3 ადამიანი დააკავეს.

  • ესტონეთი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დარიგებულ პასპორტებს არ აღიარებს

    ესტონეთი რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დარიგებულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგანცხადებით, ეს არის პასუხი აპრილში ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემულ განკარგულებაზე, დონბასის მოსახლეობისთვის პასპორტების დარგების შესახებ.

    „ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრა და ის სავსებით ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმების იდეას“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

    შეგახსენებთ რომ 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.