Category: არქივი

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9321 ლარი გახდა. ცვლილებამ 0.0375 შეადგინა.

    ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულებამ 3.2840 ლარი შეადგინა. ცვლილებამ 0.0528 შეადგინა.

  • თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა

    თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა. 24 წლის ლაშა მალანიას ზღვაში 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ.ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.მალანია სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა.

    ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილი სოფელ არდაშენის მკვიდრია.

    გარდაცვლილის ოჯახს გადმოსვენების პროცედურებისთვის საჭირო თანხები არ აქვს. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

  • ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

    ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

    “ეროვნული ბანკი, თავისი ფუნქციების აღსრულებისას, დამოუკიდებელია პოლიტიკური თუ სხვა გავლენებისგან და მოქმედებს კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ცენტრალური ბანკების მიზანია კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის ამოცანის – ფასებისა და ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის აუცილებელი პირობაა. ლარის კურსის მოკლევადიან დინამიკაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და რეაგირებაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ვიმოქმედებთ კურსის გრძელვადიანი სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე და დამატებითი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსაც, რათა არ დავუშვათ მაღალი ინფლაცია”-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი” – თამთა მურადაშვილი

    ჩემი გაშვება არის სიმბოლური სიგნალი, ისინი თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ჟურნალისტებზე ზეწოლას – ამბობს “რუსთავი2”-ის უკვე ყოფილი იურისტი თამთა მურადაშვილი. მურადაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. იურისტი ამბობს, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა მისი უფლებები დაარღვია და სამსახურიდან უკანონოდ გაუშვა.

    თამთა მურადაშვილი დღეს პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომელიც მას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. მურადაშვილი ამბობს, რომ ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც თავადაც იურისტია ქვეცნობიერად შურსაც კი გრძნობს.

    „მოდი გულწრფელები ვიყოთ, ეს არის ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მაინც ერთგვარი შურის დემონსტრირება, პაატა სალიამ რაც თქვა ჩემს მიმართ, თუ ის თვლის, რომ მე სტრასბურგში წარმატება არ მქონია მაშინ ვკითხავ მას, პირველივე დღეს, როცა შეგვხვდა 19 ივლისს, მან მომთხოვა მე, რომ ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ დროებითი ღონისძიების შესახებ სტრასბურგში და დაკმაყოფილდა მეჩვენებინა ეს დოკუმენტი რა ეწერა იქ. თუ წარუმატებელი იყო ჩვენი საქმიანობა და თუ არ ვართ კვალიფიციური იურისტები, მაშინ რატომ დაინტერესდა ამ დოკუმენტით? ვეტყვი მას, გამოართვას ქალბატონ წულუკიანს და წაიკითხოს, რა გვეწერა და როგორ მივაღწიეთ ამ წარმატებას.

    „ჩვენი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის, რადგან დიდი პალატა „რუსთავი2“-ის ყოფილ დამფუძნებლებს წინ აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი2“ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა ოდესმე მაინც, ამათ ხელში ცხადია არა, რომ გააგრძელოს თავისუფალი სიტყვის რეალიზება, როგორც აქამდე აკეთებდა,“-ამბობს მურადაშვილი.

    მისივე თქმით, პაატა სალიას მისი გათავისუფლება წინასწარ ჰქონდა განზრახული, ბრძანებაც თავად დაწერა და შესაბამისად სასამართლოში დავაც მასთან მოუწევს.

    „პაატა სალიამ რომელიც თვითონ თვლის, რომ მე არ ვარ წარმატებული და თვითონ არის წარმატებული, როგორც იურისტს კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ დასაბუთებული უნდა იყოს ადამიანის სამსახურიდან გაშვება მას არანაირი დასაბუთება არ დაუწერია ჩემს შეტყობინებაში, როგორც ვიცი, მან პირადად შეადგინა ეს დოკუმენტი და არა HR-მა. შესაბამისად, მას მოუწევს სასამართლოში პირადად აგოს პასუხი. რა ანგარიში არ წარვუდგინე გაუგებარია, მარტო ჩემგან რატომ ითხოვდა, ან რა ფორმით სურდა ანგარიში,ან დედლაინი როდის ჰქონდა, მას არაფერი მსგავსი არ უთქვამს ჩემთვის, ითხოვდა ზოგად ინფორმაციას, რაც მივაწოდე, თუ მას რაიმე პრეტენზია ჰქონდა საყვედური უნდა გამოეცხადებინა. მას ჰქონდა განზრახული ჩემი გათავისუფლება, წინმსწრებად გამოთხოვილი ჰქონდა ჩემი ხელშეკრულება და ეძებდა საფუძველს, რომ გავეშვი.

    რა თქმა უნდა, ეს კვალიფიციურობასაც აღარ სცდება აქ უბრალოდ არის განზრახვა,რომ მას ჰქონდა ჩემზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა, რომელიც არ გამოუვიდა, ვუთხარი რომ არ წავიდოდი ჯერ, ვიდრე შვებულებას არ გამოვიყენებდი, თუმცა შემდეგ, როგორც ჩანს, მიიღო დავალება სწრაფად ემოქმედა და მან როგორც პირნათელმა შემსრულებელმა გამათავისუფლა შვებულებიდან,“-ამბობს მურადაშვილი.

    მისი თქმით, მისი გათავისუფლება სიმბოლური სიგნალი იყო სხვა თანამშრომლებისთვის, რომ უფრო თავისუფალ სივრცეში გააგრძელებენ ისინი ჟურნალისტებზე ზეწოლას.

  • შვილიშვილმა 86 წლის ბაბუას, რომელსაც ზღვა ნანახი არ ჰქონდა, ოცნება აუსრულა

    დავით ზურაბაშვილმა საკუთარ 86 წლის ბაბუას ოცნება აუსრულა და ზღვა აჩვენა. ემოციურ ფოტოებს ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    “საოცარი დღე .

    გურგენა პაპა 86 წლის .

    არასოდეს არ ყოფილა ზღვაზე .

    ( რატო , უი , როგორ ? – პაპამ მითხრა მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და არ მეცალაო ) #პაპაზღვაზე

    მაგარი შვილიშვილი ყავს David Zurabashvili

    დღეს მას აუსრულა ოცნება და ანახა ზღვა .

    მადლობა რომ ეს ემოცია გამიზიარე დავით და დამანახე პაპას საოცარი თვალები

    აბა დავფიქრდეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ბაბუ – ბებიებისთვის რომ მათ გავულამაზოთ დღეები.

    მიყვარხარ დავით ამ საქციელისთვის,” – წერს ფოტოგრაფი.

    ამ პოსტს და ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება და დადებითი კომენტარი მოჰყვა. 

  • ბიძინა ივანიშვილმა შავი ზღვა სახლამდე მიიყვანა

    ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში სანაპირო ზოლი მოთხარა და ზღვა მის რეზიდენციამდე მიიყვანა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით ბიძინამ უკვე იყიდა მის სახლთან მიმავალი გზა, იუსტიციის სამინისტრომ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად 27 წუთში დაარეგისტრირა და სარეალიზაციოდ მოამზადა. 

    „შიდა ოკუპანტი ივანიშვილი უკვე საქართველოში ფლობს 40 მილიონ კვმ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს და დამატებით ახლა გადაწყვიტა სახელმწიფოსგან მიიტაცოს გზის ის მონაკვეთი, რომლის საშუალებითაც შეკვეთილში აქციის მონაწილეები ხვდებიან მის რეზიდენციასთან. ანუ გზა რომელიც აქამდე არსებობდა, პირველ აგვისტოს სახელმწიფომ დაირეგისტრირა საკუთარ ქონებაში როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ხაზს ვუსვამ, გზა სადად კონკრეტული ადამიანები გადაადგილდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წულუკიანმა 27 წუთში დაარეგისტრირა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად და გაამზადა ბიძინა ივანიშვილისთვის მისაყიდად,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

    20 ივნისის ღამის შემდეგ გურიაში ივანიშვილების რეზიდენციასთან აქცია “გააღვიძე ოლიგარქი” იმართება. იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ გაქრა და ყოველ ღამე ივანიშვილს მეგაფონების საშუალებით ისევ ესმის ხალხის ხმა, “ქართული ოცნების” ლიდერმა მძიმე ტექნიკის დახმარებით სანაპირო ზოლი მოშალა.მძიმე ტექნიკამ სანაპირო ზოლი  მოთხრა, ზღვა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე მიიყვანა და ადგილი, სადაც აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, ახლა წყლით დაიფარა.

  • 2008 წლის ომი არის გაკვეთილი რომ ომი გამოსავალი არ არის – გიორგი გახარია

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა. მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა. გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, მემორიალი ყვავილებით შეამკო და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

    „ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მცირეა ეს მემორიალი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ხალხისთვის და ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ პირველ რიგში მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია, 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ და ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. დრო არ დავხარჯოთ იმის მტკიცებაში და იმის ახსნაში, სამშობლო ვის უფრო უყვარს, ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი და სად არის გამყოფი, საოკუპაციო ხაზი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, სად არის ეს ხაზი, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს მიწაზე ომს ვერ დაიწყებ და ყველამ კარგად ვიცით, რომ ხაზი, რომელიც აქ არის, არის საოკუპაციო ხაზი. ეს მემორიალი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იდეა და თქვენი დამსახურება. მინდა ქედი მოვიხადო თითოეული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის გაკვეთილი არის ის გაკვეთილი, რომ ომი არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის შრომა. გამოსავალი არის უკეთესი, განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და გამოსავალი არის ჩვენს შვილებზე, მათ მომავალზე და პირველ რიგში, დაღუპული ვაჟკაცების შვილებზე ზრუნვა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • “ჯამბაზის სისულელებზე, მე გამოვიდე და თავი ვიმართლო, მგონი არასერიოზულია” კალაძე

    ვიღაც კონკრეტული ჯამბაზი რაღაც სისულელეს იტყვის, მე გამოვიდე და თავი ვიმართლო, მგონი არასერიოზულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტენდერების საშუალებით კომპანიების გაკოტრებას და ბიზნესმენ და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ირაკლი გიორგობიანისთვის ყურის მოჭრასთან კალაძის კავშირს ეხებოდა.

    როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ბრალდებები არასერიოზულია. რაც შეეხება გიორგობიანის კომპანიის გაკოტრებასთან მერიის კავშირს, კალაძისთვის ეს ბრალდებაც გაუგებარია. ამასთან, კალაძე აღნიშნავს, რომ თუკი კომპანია ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მერია მასთან ურთიერთობას წყვეტს.

    „შეგიძლიათ თავად კომპანიას ჰკითხოთ ეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვებს პრობლემა არ ჰქონდეთ საკვების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია ის ვალდებულება, რაც აქვს ნაკისრი კომპანიას ხელშეკრულებით შეასრულოს. ეს მხოლოდ კვებას არ ეხება. იგივეა სამშენებლო მიმართულებითაც თუნდაც. როდესაც შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, იყოს სხვა კომპანია, რომელიც ვერ ასრულებდა თავის ვალდებულებას და მოგვიწია იმის გაშვება. გამოვაცხადეთ ტენდერი, იყო კონკრეტული კომპანია გამარჯვებული, ემსახურებოდა ბაღებში კვების უზრუნველყოფას, შემდეგ შეექმნათ პრობლემები, ვერ უზრუნველყოფდნენ საკვების მოტანას და მოგვიწია მათი გაშვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას!-მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს ლარის კურსის შესახებ

    მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას, – პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ ფრაზით ჟურნალისტებს არაერთხელ მიმართა,მაშინ როცა შეკითხვები ლარის კურსს შეეხებოდა.

    „მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, მოახდინოს მათი პროგნოზირება და მათი პრევენცია. ძალიან გთხოვთ, მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! რაც შეეხება კურსს – ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იყო გადაჭარბებული. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ყველანაირი მექანიზმი აქვს ამისთვის,“ – განაცხადა ბახტაძემ.

  • შშმ მოზარდის დედა პოლიციელებს შვილის ცემაში ადანაშაულებს

    შშმ მოზარდის დედა სამტრედიის პოლიციის თანამშრომლებს შვილის ცემაში ადანაშაულებს. როგორც არასრულწლოვნის დედა ამბობს, შემთხვევა პირველ ივნისს  სამტრედიაში მოხდა.

    ოჯახმა პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი, მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა. დაზარალებულები პოლიციელებთან ერთად სოციალური სამსახურის თანამშრომლების დასჯასაც ითხოვენ. 

    როგორც არასრულწლოვნის დედამ “რუსთავი 2-ს” უამბო, მოზარდმა ორჯერ დარეკა 112 -ში, პირველად თქვა, რომ მამამ მასზე იძალადა, თუმცა შემდეგ ისევ დარეკა და შეტყობინების გაუქმება ითხოვდა. მოზარდის დედის თქმით, ოჯახში ძალადობა არ მომხდარა.

    მამას შვილი ფულს მაღაზიაში დაგროვებული ვალის გადასახდელად სთხოვდა, მამა მზად იყო ფული მიეცა, თუმცა შვილს უთხრა, რომ ის თავად წაჰყვებოდა მაღაზიაში და გადაიხდიდა ვალს.

    ოჯახი ეჭვობდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შოთიკო ჩიჩუას მეზობელი ბიჭები სთხოვდნენ მათთვის სასურველი პროდუქტი შეეძინა.

    როგორც ბიჭის დედა ამბობს, ზარის გაუქმებიდან მალევე მათთან სახლში მივიდნენ პოლიციელები და შოთიკო ჩიჩუას კითხულობდნენ. მისივე თქმით, მთელი რაიონისთვის ცნობილია, რომ მოზარდი აღრიცხვაზეა, რადგან მას სერიოზული, მათ შორის ფსიქიკური პრობლემები აქვს. როგორც დონარა ცვარაძე ამბობს, საბოლოოდ ბიჭი პოლიციელებმა სკოლის ეზოში იპოვეს და „მოიპარეს.

    „მოუპარიათ სკოლის ეზოდან, ბავშვი ჩუმად აიყვანეს, გაიყვანეს, არავისთვის უთქვამთ. ბავშვს უთხრეს მამა არის პოლიციაში, რადგან შენ 112-ში დარეკე, დავწერთ ორ სიტყვას, მერე მამასთან ერთად დაგაბრუნებთ ოჯახშიო. დაამძიმეს ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა პოლიციაში. მოიწვიეს სოცმუშაკი ხათუნა სტურუა, რომელმაც წერილებზე რეაგირება არ მოახდინა, შემდეგ ბავშვი მოათავსეს სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალში“. ბავშვი შეყვანილია ჰოსპიტალში, არ არის ნაცემი, ამოვიღე დოკუმენტები, აქედან ბავშვი გადასულია თემქაზე, მე-5 კლინიკურში, სადაც უკვე შეინიშნება დაზიანებები. ბავშვი ამბობს, რომ პირველად დახმარებას სადაც უწევენ ბავშვებს,რომ ვერ მაწყნარებდნენ გადაკეტეს კარი და იქ მცემა ილია თევზაძემო და იქ სხვა პოლიციელებიც იყვნენო,“-ამბობს დონარა ცვარაძე.

    დედა ითხოვს ყველა იმ პოლიციელის დასჯას ვინც მის შვილზე იძალადა და ვინც ბავშვის მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების გარეშე აღძრა.

    „შოთიკო გაუყვანია ჯონი ჩუბინიძეს, სერგო შენგელიას მოტყუებით, მეუღლე გაუყვანია ჯონი ჩუბინიძეს და გივი მიგინეიშვილს, რომელმაც აღძრა ვახტანგ ჩიჩუაზე სისხლის სამართლის საქმე. ყველა პოლიციელი შოთიკოსთვის ცნობილი იყო და ყველამ იცოდა შოთიკო ვინ იყო. პოლიციის უფროსზე, პოლიციის უფროსის მოადგილეზე კახა შოთაძეზე, ლევან მიგინეიშვილზე, მაქვს დიდი პრეტენზია. პასუხს მოვთხოვ, რომ მათი დავალებით გააკეთეს ეს პოლიციელებმა – არასრულწლოვნის პოლიციაში მიყვანა და ძალადობა. მათი დავალებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ჩიჩუაზე,“-ამბობს დონარა ცვარაძე.

    მოზარდის დედის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში უკვე დაწყებულია გამოძიება. რაც შეეხება შს სამინისტროს, უწყებაში აცხადებენ, რომ ბავშვის პოლიციაში მიყვანისთანავე მათ მიიყვანეს სოციალური მუშაკი, რომელიც ესწრებოდა გამოკითხვას, ასევე მათი ინფორმაციით, მოზარდმა უარი განაცხადა ექსპერტიზაზე, გახდა აგრესიული, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.