Category: არქივი

  • “რუსეთის პროვიკაციას ქართული მხარე ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა დაუპირისპირდეს”- ეკა ბესელია

    პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლებს, სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლისკენ მოუწოდებს.

    „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთის პროვიკაციას ქართული მხარე ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა, აუცილებელია, რომ ე.წ. საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ.

    ბესელიას თქმით, მოსახლეობას დაუცველობის განცდა აქვს, რის გამოც, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ადგილზე უნდა ჩავიდნენ.

    „ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, გასაგებია, რომ პროვოკაციებს, რომლებსაც მუდმივად მიმართავს ოკუპანტი მხარე, შეუძლებელია, რომ ძალისმიერი მეთოდები დაუპირისპირო, მაგრამ მეორე მხრივ, რომ იქ ადგილობრივ მოსახლეობას განცდა აქვს დაუცველობის და უპატრონოდ დარჩენის, აკლია ყურადღება და უნდა მეტი კომუნიკაცია მთავრობის მხრიდან, ეს არის პრობლემა. შეიძლება ეს მავთულხლართები, რომლებიც ამ პირობით საზღვარს ავლებს და აირს ყველაზე მტკივნეული რამ ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, მაგრამ ის ხომ მაინც შესაძლებელია, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს სამთავრობო დონეზე ამ ადამიანებთან, რომ ასე დაუცველობის განცდით არ იყვნენ შეძრწუნებულები,“ – განაცხადა ბესელიამ.

    რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

    მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

  • “ყველას აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს ფილმს”-ნიკა ლალიაშვილი “იმედის” ჟურნალისტების პროტესტზე

    “ყველას აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს ფილმს” –  ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “იმედის”ეთერში გასული ფილმის პროდიუსერი და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების კრიტიკას.  ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    „ტელეკომპანიას აქვს ძალიან ლიბერალური სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაეთანხმოს, ან არ დაეთანხმოს იმ ფილმებს რომელიც გადის ტელეკომპანიის ეთერში. ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია“, -განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. 

    ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

    ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

  • ელენე ხოშტარია გუგუტიანთკარში , საოკუპაციო ხაზთან შევიდა

    ევროპული საქართველოს ერთ ერთი ლიდერი , ელენე ხოშტარია გუგუტიანთკარში , საოკუპაციო ხაზთან შევიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება.  რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

    მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს. გუგუტიანთკარში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე, გია რაზმაძე კი დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. ოკუპანტების სამუშაოების დასრულების შემდეგ, მისი სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა. მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, სადაც განაცხადეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მხრიდან გადადგმულ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს და უწყება აღნიშნულ პრობლემაზე ყველა სესაბამის ფორმატში ისაუბრებს.

  • დავით კეზერაშვილის და ფორმულა კრეატივის ტელევიზიას მარეგულირებელმა კომისიამ ავტორიზაციის განაცხადი დაუხარვეზა

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი ტელეკომპანიის – “ფორმულას“ ავტორიზაციის განაცხადში ხარვეზი დაადგინა და კომპანიას მის აღმოსაფხვრელად 5 დღიანი ვადა მისცა. ახალ ტელევიზიას “ფორმულა კრეატივი“ ქმნის. მისი დამფინანსებელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი იქნება. რუსთავი2–ის მფლობელის შეცვლის შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ ფორმულა კრეატივი, რომელიც მანამდე სატელევიზიო პროდუქციას რუსთავი2-ისთვის ქმნიდა ცალკე არხს აკეთებს.

    კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ახალი წარდგენილი განაცხადის დახარვეზების შესახებ განცხადება გაავრცელა.

    “2019 წლის 13 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა შპს „ფორმულას“ განაცხადი მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის მიერ სრულად არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შპს „ფორმულას“ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი 5 სამუშაო დღე განესაზღვრა.

    კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირდა შემდეგი სახის ხარვეზები: განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.

    ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება;

    კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „ფორმულას“ აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი 5 სამუშაო დღე აქვს.

    დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში მიანიჭებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 5 სამუშაო დღეში აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის მისაღებად უხარვეზო განაცხადით განმეორებით მომართოს კომისიას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

  • ახალციხის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა იწვის (ვიდეო)

    ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ხანძარია. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის სახურავს უკიდია.

    პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.  ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. 

    {{VIDEO}}

  • “რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთთქო და კი ბატონოო” – საკრებულოს წევრი

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი ჩავიდა. როგორც ის ამბობს, ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა. 
    “წყლის რეზერვუარები ჰყვება იქით-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო.

    მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხს სჭირდება იმას ვაკეთებ, — ამბობს მერაბ მახარაშვილი.

    სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები.

  • აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“-თეონა გეგელია

    ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი თეონა გეგელია, თანამშრომლების პროტესტს უერთდება და აცხადებს, რომ  რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებს.

    “აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროსტეტს. არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას. „მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!”-წერს გეგელია.

    შეგახსენებთ, საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული ფილმი ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გააპროტესტეს

  • “ამას ვამბობ იმედის ეთერში და ვიტყვი ყოველთვის”-ქეთევან ქარდავასთვის “იმედზე” გასული ფილმი მიუღებელია

    ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს ემიჯნება, ამის შესახებ საერთაშორისო ამბების კორესპოდენტი სოციალურ ქსელში კოლეგების პროტესტს უერთდება და აგვისტოს ომის შესახებ ცალსახა პოზიციას აფიქსირებს. 

    “ვერავინ და ვერანაირი გარემოება შემაცვლევინებს აზრს. რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალაა. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში . რუსეთი პასუხიმგებელია ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპების დარღვევაზე….. რუსეთი არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას, რუსეთი არ უშვებს ევროკავშირის მონიტორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო რეჟიმს ემსხვერპლა ტატუნაშვილი, ოთხოზორია, ბაშარული, კვარაცხელია. რუსეთი უშლის ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას. რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. რუსეთი კლავს. რუსეთს არ სურს მშვიდობა საქართველოში. ამას ვამბობდი წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან, ამას ვამბობ იმედის ეთერში და ვიტყვი ყოველთვის. სხვა ვერსია და სხვა სიმართლე არ არსებობს. #იმედი ჩემი კოლეგების რეპორტაჟები ომზე და არა მარტო ომზე, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის იძულებით შემოჭრის ვერსია და საერთოდ, ეს ხაზი მიუღებელია. ომიდან 11 წლის შემდეგ, თუ ამის თქმა და ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირება დამჭირდებოდა , ნამდვილად არ მეგონა”-წერს ქარდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების  პროტესტი  იმ ფილმმა გამოიწვია, რომელიც საზოგადოებასა და ოპოზიციაში რუსული პროპაგანდის ნაწილად შეფასდა. ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.

  • არ ვიზიარებთ!- იმედის თანამშრომლები ეთერში გასულ ფილმს ემიჯნებიან

    ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები აგვისტოს ომის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს ემიჯნებიან.

    ამის შესახებ რამდენიმე ჟურნალისტის იდენტური შინაარსის  სტატუსები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    ეთერში გასულ ფილმს, რომელიც საზოგადოების მხრიდან რუსული პროპაგანდის ნაწილად შეფასდა დაახლოებით ტელეკომპანიის 10-ზე მეტი ჟურნალისტი ემიჯნება.  ესენი არიან ნანა ლეჟავა, თეა სიჭინავა, ვასილ დაბრუნდაშვილი, ლევან კვატაშიძე, სოფო ბერიძემ, ნატა მახვილაძე, ნანუკა ქაჯაია, პაპუნა შუშანია, დავით ცაგარელი, ხათუნა მაისურაძე, ნუცა ტრაპაიძე.

    “არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!”
    -წერია იმედის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ფეისბუქ სტატუსებში.

    შეგახსენებთ, იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.