Category: არქივი

  • შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა-ბახტაძე

    “შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან  განაცხადა.

    „ ერთობლივი ძალებით შეუძლებელი შევძელით და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც არ წარმოედგინა. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს, როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური. ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი გარდამტეხია. მიხარია, რომ მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. უკვე ვიცით, რომ წელს ჩვენი ფერმერები ღირსეულ შემოსავალს მიიღებენ,“ – განაცხადა ბახტაძემ.

  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. შედეგების ნახვა აპლიკანტებს ცენტრის ვებ გვერდზე შეუძლიათ.

    მიღებული ქულების ნახვა ასევე შესაძლებელია  online.naec.ge-ზე. 

    ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge–სა და www.naec.ge-ზე დაიწყება და 23 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

  • ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

    შინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მამუკა ხაზარაძე გუგუთიანთკარში მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ოჯახს ახალი სახლით უზრუნველყოფს

    ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელით გუგუთიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ  მავთულხლართმიღმა დარჩენილი სახლის მფლობელს, გიგი რაზმაძეს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.

    „რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.
    დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
    ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
    ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.
    ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
    ქართული კერა არ მოიშლება,
    ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
    საქართველო გაერთიანდება!“, – წერს ხაზარაძე.

    შეგახსენებთ, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შედეგად 2  სახლი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს და ადგილობრივებს ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს.

  • ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას-მარნეულის ქარხანა

    მარნეულის ქარხანა აცხადებს, რომ იმ პროდუქტის  წარმოებას აჩერებს, რომელშიც  არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

    კომანიის განცხადებით, პროდუქციას შესამოწმებლად ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნიან და  პასუხს დაელოდებიან.

    “სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი. ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას. ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის”- აცხადებენ მარნეულის ქარხანაში.

    შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია  momxmarebeli.ge-მ 42 დასახელების პროდუქცია გერმანიის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გაგზავნა. აქედან 6 პროდუქტში არასაკვები დანიშნულების საღებავი აღმოჩნდა.

  • გალერია თბილისი ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ გალერია თბილისის პრესსამსახური 15 აგვისტოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    “15 აგვისტოს, 22:15 საათზე, გალერია თბილისის ტექნიკურ სივრცეში, სავენტილაციო სისტემის ერთ-ერთ დანადგარს გაუჩნდა ალი, რის გამოც მოხდა სავაჭრო ცენტრის შენობის დაკვამლიანება.

    გალერია თბილისის ტექნიკურმა სამსახურმა ძალიან სწრაფად შეძლო ალის ჩაქრობა. ასევე დაუყოვნებლივ მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და არ დაზიანებულა ქონება.

    ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა“– ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
  • “ნიუსრუმი პარალიზებული იყო” – რას ყვება “იმედის” თანამშრომელი სკანდალური ფილმის ეთერში გაშვებაზე

    ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომელი, პაატა შამუგია, იმ პროტესტზე საუბრობს, რომელიც 11 აგვისტოს ტელეიმედის ეთერში აგვიტოს ომზე გადაღებული ფილმის გაშვებას მოჰყვა.

    პაატა შამუგია სოციალურ ქსელში  წერს, რომ ფილმის ეთერში გაშვებას, ჟურნალისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა და თანამშრომლების ნაწილმა შიდა ჯგუფში კატეგორიულად მოითხოვა ფილმის ავტორის დასახელება და საჯარო ბოდიშის მოხდა. 

    “ორშაბათს Toresa-მ დაპოსტა „იმედის“ შიდა ჯგუფში ის ავად სახსენებელი ფილმი და ძალიან გაბრაზებული კომენტარიც მოაყოლა. მეც ვნახე ვიდეო და მარტივად იყო საქმე: როცა აგვისტოს ომზე იღებ მავნებლურ „ფილმს“ და იქ პუტინის დანაშაულზე, სულ ცოტა, გადაკვრითაც არ ამბობ არაფერს, ეს მძიმე დიაგნოზია. მშვიდობით ომს მოიგებ კი არა, აგერ, გუგუტიანთკარში მოსახლეობას სახლების ზღურბლებზე უვლებენ მავთულხლართებს, და ასეთი დერჟავნიკული აგრესიის გამართლებას (რაგინდარა მიზეზით) ვინც ცდილობს, ყველა იდიოტია ჩემს თვალში. სამწუხაროდ, რუსეთთან არ გამოდის არც ომი (ფიზიკური განსხვავების გამო შეუძლებელია) და არც მშვიდობა (მორალური განსხვავების გამოა შეუძლებელი. იმპერიალისტური ლოგიკა მხოლოდ კოლონიურ მორალს აღიარებს. აგერ, არ ვეუბნებით არაფერს, ხელისუფლება მთლად ხელებს უკოცნის, მაგრამ მაინც მოიწევენ და მოიწევენ, მოვლენ თბილისამდეც, ერთბაშად ჩვენმა მხეცმა გახარიამ არ აღკვეთოს).


    მოკლედ, რამდენიმე ადამიანმა შიდა ჯგუფშივე კატეგორიულად მოვითხოვეთ, ამ მავნებლური ანონიმური „ფილმის“ ავტორის გამოჩენა და პლუს, საჯარო მობოდიშებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხზე ჩვენს დარჩენას აღარ განვიხილავდით. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ნიუსრუმი. პარალელურად, გამოვიდა ნიკა ლალიაშვილი და ვიდეოზე პასუხისმგებლობას მე ვიღებო (ტექსტი იყო „ბოკო-ჰარამის“ ტრადიციებში), მაგრამ არანაირი სინდისის ქენჯნა, თუნდაც, ჟურნალისტების დემორალიზების გამო, იმის გამო, რომ ამ დღეების განმავლობაში მისი უდანაშაულო თანამშრომლები ტალახში ათრია მთელმა ქვეყანამ. პირიქით, იქით მამარდაშვილის აჩრდილს ამოეფარა (ეტყობა, მამარდაშვილის იმ ჩანაწერებამდე ჯერ არ მისულა, სადაც რუსული იმპერიალიზმის შესახებ საუბრობს), აქეთ – ქართველი ხალხის სენტიმენტებს, და ვითომც არაფერი.

    „იმედიდან“ წამოსვლა ყველაზე იოლი და მსუბუქი გამოსავალი იქნებოდა. ამაზე დღესაც ვისაუბრეთ. როდესაც ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასეთი ერთსულოვანი და ძალიან ღირსეული პროტესტი ვნახეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამ ღირსეული ადამიანების მიტოვება და ლალიაშვილისთვის სივრცის მოსუფთავება არ იქნებოდა ყველაზე სწორი საქციელი. ლალიაშვილს ამწუთას ნულოვანი ლეგიტიმაცია აქვს არხზე, „იმედის“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა საჯაროდ დაგმო ის, რაც გავიდა ეთერში, შესაბამისად, ტელევიზიის დამფუძნებლებს, მგონი, ძალიან გასაგები სიგნალი გაეგზავნათ და, იმედია, მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, სიგნალი გაეგზავნა ყველას – ის, რომ ამ ქვეყანაში რუსოფილიური განწყობის შექმნა არის შეუძლებელი მისია, სულ ტყუილად აფინანსებს კრემლი თავის აგენტებს, წყალში იყრება ეგ ფული, ძვირფასებო.

    ასეთი ამბებია.”-წერს პაატა შამუგია. 

    40 წუთიანი ფილმი 2008 წლის სისხლიან მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას მაშინდელ ხელისუფლებას აკისრებს და პუტინ-მედვედევის ბრალეულობას 11 წლის განვითარებულ პროცესებზე მინიმუმამდე დაჰყავს. მას შემდეგ, რაც ფილმს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, იმედის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმი მისი პროდიუსერობით დამზადდა.

    “მედია-ჩექერმა”  ტელეკომპანიის ფილმი დეტალურად შეისწავლა და დაწერა რომ ფილმში მნიშვნელოვანი ფაქტები მიჩქმალულია და მოვლენები ცალმხრივად არის გადმოცემული. სიუჟეტს 6 რესპონდენტი ჰყავს და ფორმალური ბალანსისთვისაც კი არ არის წარმოდგენილი წინა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი.

  • ნატა ფერაძე “ფეისბუქზე” დაბლოკეს

    სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაარეპორტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნატა ფერაძის პირად გვერდზე მისი მეგობრები წერენ. როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი წერს ნატა ე.წ. “ბოტებმა” დაბლოკეს ჯერ 24 საათით შემდეგ კი 3 დღით. მას შეზღუდული აქვს გაზიარების, მოწონების, დაკომენტარებისა და პირად მიმოწერაში პასუხის გაცემის ფუნქცია. 

    “მეგობრებო, როგორც იცით ნატა ფერაძე (Nata Peradze) დაარეპორტეს. ჯერ 24 საათით და ახლა მომწერა 3 დღე დაუმატეს “ფეისბუკ პატიმრობა”. უკვირს, მე რომ ვინმე ნაძირალას ვარეპორტებ ფბ ჯერ კაი ხანი ფიქრობს და მერე ხშირად არაო ამბობს. სავარაუდოდ, საქმე ისაა, რომ ნატა ერთი არეპორტებს ხოლნე და 2000 ტროლს რომ ეტყვის ორი უფროსი და 2000 ერთდროულად დაგარეპირტებს, როგორც ჩანს ალგორითმი აქტიურდება (ჩემი ვარაუდია). რას ფიქრობთ? რა უნდა ვქნათ რომ ყველა არ გაგვაჩუმონ ტროლებმა? ალტერნატიული ექაუნთი კია თითქოს გამოსავალი, მაგრამ ქაოსი არ შექმნას. გააკეთებენ ისინიც ჩვენს ალტერნატიულებს და როგორღა გამოვიცნობთ ახალი ნატა ან მე ან სხვა რეალურია და არა ტროლ-ბოტი? რამე ხომ არ გამოვიმუშაოთ რამე ღიად?”- წერს ნატა ფერაძის ერთ-ერთი მეგობარი ნატას ფეისბუქ გვერდზე.

  • გალერია თბილისში ხანძარი ლიკვიდირებულია

    ამ დროისთვის თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე გალერია თბილისში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი საღამოს დაახლოებით 22:30  საათისთვის მეოთხე სართულზე ტექნიკურ ფართს გაუჩნდა. ხანძარი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა, თუმცა მთელ  შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, რადგან კვამლი სავენტილაციო მილების საშუალებით სწრაფად გავრცელდა. განხორციელდა შენობაში მყოფთა ევაკუაცია. ადგილზე ათეულობით მეხანძრე მუშაობდა. ცეცხლის კერის მოძებნის შემდეგ მისი ლიკვიდაცია მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა და სხვა დეტალები.