Category: არქივი

  • გალერია თბილისში ხანძარია. მიმდინარეობს ევაკუაცია

    გალერია თბილისში ხანძარია. შენობა მთლიანად დაკვამლიანებულია და იქ მყოფნი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, სად მდებარეობს ხანძრის კერა. ამ დროისთვის შენობაში ათეულობით მეხანძრე მუშაობს თუმცა ისინი ჯერჯერობით ცეცხლის კერას ეძებენ. მიმდინარეობს შენობაში მყოფთა ევაკუაცია.

    ამავე თემაზე: გალერია თბილისში ხანძარი ლიკვიდირებულია

  • ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს

    გუგუტიანთკარელებს, რომელთა სახლებიც განახლებული  ბორდერიზაციის შედეგად საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა, ოკუპანტებმა ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა გაავრცელა, რომელიც გუგუტიანთკარში ჩავიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ლომჯარიას თქმით, რუსი ოკუპანტების მიერ დადგმული კონსტრუქციებისა და მავთლხლართების მიღმა, ორი ოჯახი ექცევა.

    ოჯახები საკუთარი სახლის დემონტაჟს  ახდენენ. ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოჯახებს, რომლებსაც იძულების წესით უწევთ სოფლიდან წასვლა, დახმარება აღმოუჩინოს.

    „ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს დემონტაჟს, უთხრეს, რომ 3 დღეში უნდა დაცალოს, რადგან შესვლა მერე შეუძლებელი იქნება… ჩემი მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ზარალდებიან აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება“, – ამბობს ლომჯარია.

    რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

  • გაფიცვა ფოთში – ”ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

    ფოთში, შპს ”ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ.

    გაფიცულები ხელფასების მომატებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. დღეს მათ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და პრობლემები მოისმინა. ის ,,ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

    შპს ,,ბარვილ ჯორჯიას” კომენტარი არ გაუკეთებია.

  • თბილისის მაღაზიებში ნაყიდ რამდენიმე პროდუქტში კიბოს გამომწვევი საღებავი აღმოჩნდა-იხილეთ ჩამონათვალი

    კვლევის შედეგად, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილ სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-მ კვლევისთვის 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები  გერმანიის ლაბორატორიაში გადააგზავნა. 

    შედეგად, შეძენილ სასურსათო პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა, რაც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

    არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

    ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს გსქ კულა;
    ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;
    ტომატის საწებელი Supremo, შპს ფუდსერვისი;
    ეს აჯიკა, შპს ეს;
    ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo
    მშრალი აჯიკა, თეთნულდი.

    “საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

  • აშშ-ის საელჩო გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე განცხადებას აკეთებს

    გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ ბორდერიზაციის განახლებას ამერიკის საელჩო ეხმაურება. დიპლომატიური უწყება შეწუხებულია რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრისთვის ბოძების დამაგრებასთან დაკავშირებით დაწყებული სამუშაოების გამო.

    ამერიკის საელჩო მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

    “ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად. ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ვინაიდან აზიანებს სასიცოცხლო საშუალებებს და აფერხებს ხალხისა და საქონლის გადაადგილებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიმოსვლა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების ვალდებულებისამებრ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

    რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ  2.9182 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
    დღეს მოქმედებდა, 2.9121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.61 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2555 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2572 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5209 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5351 ლარი ეღირება.

  • “გაუგებარი ტექსტებით გამართული რუსულად გოიმური ფლეშმობით დასადგურებული კმაყოფილება”-გვარამია “იმედის” ჟურნალისტების პროტესტზე

    ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია “იმედის” თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება. გვარამიას შეფასებით, ჟურნალისტების პროტესტი დაგვიანებულია, ხოლო მათ მიერ დღეს გავრცელებული იდენტური ტექსტი სამარცხვინოა.

    “ტელეკომპანია იმედში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი (არც ჟურნალისტი, მათ შორის) ვინც ღიად, შესაბამისი ტექსტით და მათ ხელში არსებული მთავარი იარაღით – ეთერის მეშვეობით – დაგმობდა ღია ღალატს. იმაზე აღარც ვამბობ, რომ აქამდე არავინ არ შეიმჩნია, რაც მხოლოდ დეკონცენტრირებულად, მაგრამ ზუსტად იმ “ერთ-ერთი მთავარი ხაზით” ხდება ბოლო 7 წელია ამ არხზე.

    ასეა ეს და, ბოდიში, მაგრამ მინიმუმ ზედმეტია კომპლიმენტები ამ, სიტუაციასთან შედარებით, სრულიად სამარცხვინოდ წყალწყალა, ვიღაცის დაწერილი და ისიც საზოგადოებრივი აღშფოთებისთვის დიდი დაგვიანებით ხარკად გადახდილი ტექსტისთვის.

    მძიმედ სანახავია, გაბუნიას მიერ უხამსი, არაეთიკური, გულისამრევი მაგრამ მაინც პუტინის დედის გინების გამო საბოდიშოდ გამომდგარი პატრიოტული არხის ჩაქოლვა საზოგადოების მიერ და, მეორეს მხრივ, ღიად ქვეყნის ინტერესების მოღალატე არხის ჟურნალისტების გაუგებარი ტექსტებით გამართული რუსულად გოიმური ფლეშმობით დასადგურებული კმაყოფილება.

    ესაა ეს ქვეყანა: პატრიოტს ფეხის დაცდენას არ პატიობენ, ღალატის თანამონაწილეებზე (ირიბს თუ ღიას, მაგრამ გააზრებულს, ნებისმიერ შემთხვევაში) პატიების უდაბლესი სტანდარტია.

    ps რაც შეეხება, “რო წავიდეს, შვილებს რა აჭამოს” არგუმენტს: შვილებისთვის საჭმლის ჭმევის ქვისგამხეთქავი არგუმენტით ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს ისტორიაში კოლაბორაციონისტების 99%. აბა სამშობლოს დაზიანების და მტრისთვის გადაცემის ინტერესი მარტო ავადმყოფ 1%ს აქვს”-წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ დღეს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედის” 10-ზე მეტმა თანამსრომელმა მსგავსი ტექსტის სტატუსები გაავრცელა, სადაც ისინი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს ემიჯნებიან.

    იმედზე” გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ლალიაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის.

  • “ეს არაფრისმთქმელი “გამიჯვნა” უკიდურესად დაბალი ფასი არაა?”- სალომე ბარკერი

    ბლოგერი სალომე ბარკერი ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტების გამიჯვნას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება.

    როგორც სალომე აღნიშნავს “საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის” მიერ დაწერილი უსაყვარლეს-ნეიტრალურ-ერთნაირი ფეისბუქ სტატუსებით გამიჯვნა ვერ უშველის ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული.

    ” “არ ვიზიარებთ ერთ-ერთ მთავარ ხაზს” 
    საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის” მიერ დაწერილი უსაყვარლეს-ნეიტრალურ-ერთნაირი ფეისბუქ სტატუსებით გამიჯვნა ვერ უშველის იმედის ეთერში გასულ მ…..ის გროვას, რომელსაც 8% ჰქონდა რეიტინგი (შედარებისთვის, ტოპ გადაცემებს აქვთ ხოლმე 12-13%) და რომელიც კვირას, ანუ 4 დღის წინ გავიდა ეთერში.მესმის, საზოგადოების მხრიდან უკიდურესი აღშფოთებების და გუგუტიანთკარში მიმდინარე გაშმაგებული ბორდერიზაციის პირობებში, საჭირო გახდა “ერთ-ერთ ხაზს” გავმიჯნოდით და ამით სახეები შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ამ ნახევრად გადმოგდებული ვითომ პრინციპულობისთვის მადლობელი ვერ ვიქნები.თქვენი ყოველდღიური შრომით მორდორის მოძლიერების პარალელურად ეს არაფრისმთქმელი “გამიჯვნა” უკიდურესად დაბალი ფასი არაა? მომბეზრდა თავის მოდებილება.აქვე ვიკითხავ, მთავრობის რომელმა წევრმა მი…ა თუნდაც ტვიტერით “კერძო ტელევიზიის ეთერში” გასულ ფილმს და მის ნარატივს? anyone? “ – წერს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”,ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა და საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასული ფილმი ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა გააპროტესტეს.

    ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

  • “ხიხოს გაჩუქებული ტერიტორიებია”- ცოტნე გამსახურდია უკანონო ბორდერიზაციაზე

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში უკანონო ბორდერიზაციას გამოეხმაურა რომელიც დღეს დილით გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა განაახლეს. 

    “სოფელ გუგუტიანთკარს პირდაპირ გვტაცებს ღრუსეთი! ელვის სისწრაფით მოიწევენ წინო… ქართველი პოლიციელები ჩაფისულები დგანან შორიახლოს და უყურებენ. სადაა, ქოცებო, თქვენი ძაან მაგარი მინიშტრი გახარია, თქვენი დედები მოვტყან?! რუსთაველზე უიარაღო ბავშვების წინააღმდეგ არის მაგარი, არა?!შსს გასუსულია, საგარეო – გასუსულია, თბილისი დარჩეს თუგინდ ბიძინეს, ფეხებზეც ჰკიდიათ საქართველო…ხიხოს გაჩუქებული ტერიტორიებია, ფაქტობრივად!”- წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.

  • არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს – ზოიძე გუგუტიანთკარში მთავრობის წევრების ჩასვლის მოთხოვნას პასუხობს

    ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდინარე მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, აკაკი ზოიძე ეხმაურება.

    ზოიძის თქმით, გუგუტიანთკარში განახლებული ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის მორიგი პროვოკაციაა, ხოლო მთავრობის მხრიდან რეაგირება ყოველთვის დაუყოვნებლივ ხდება.ზოიძე ამბობს, რომ გუგუტიანთკარში ყველა საჭირო პირი იყო ჩასული.

    „ძალიან ცუდი მაგალითია მსოფლიოსთვის, რაც ხდება გუგუტიანთკარში და გამოხატულება არის ძალიან ნათელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობს, სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავს, მას შეუძლია დაპირისპირება გააღვივოს, სწორედ იმ მომენტში აკეთებს ამ ბორდერიზაციის და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განსახორციელებლად ქმედებებს და სპეციალურ პროვოცირებაზე მიდის ჩვენი საზოგადოების, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსია და გადაბრალება, ვისი ბრალია,

    ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ… ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირები ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ, ყველა დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან, ვისგანაც შესაძლებელია და არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, – განაცხადა ზოიძემ.

    შეგახსენებთ, გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა. მოსახლეობა  დახმარებას ითხოვს.