Category: არქივი

  • ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული-ბახტაძე

    “ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული”- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

    ”მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020-ის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

  • “უკანონო ბორდერიზაცია შეჩერებულია რაც სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა ” – დავით ზალკალიანი

    მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მთავრობის პოზიცია გააჟღერა.

    მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ, სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

    „გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის დაწყებისთანავე, სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან კოორდინაციის რეჟიმში, აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და გააკეთა ყველაფერი ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებიც მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე ვითარების მიმდინარეობას. კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა. 7 აგვისტოსვე გაკეთდა პირველი ოფიციალური განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათ დეტალურად ეცნობათ ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში. იმავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა შესაბამისი განცხადებები უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით. ასევე, 7,8 9 აგვისტოს ჩვენ გავააქტიურეთ ორმხრივი არხები იმისთვის, რომ ყველა დედაქალაქის მხრიდან მოგვესმინა აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით შეფასებები. ცხადია, ეს ყველაფერი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად,“ – განაცხადა ზალკალიანმა.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9232 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9232 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2395 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2555 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა.

  • თავისუფლების ინსტიტუტი აღდგა-ჩერგოლეიშვილი

    ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი“ მუშაობას გაანახლებს, ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს. 

    “ამბავი მაქვს მეთქი, ადრე ვთქვი!

    უკვე რეესტრში წავიდა დოკუმენტები და გამოვაცხადებ!

    თავისუფლების ინსტიტუტი აღდგა!

    სამი მიმართულებით იმუშავებს:

    1) ეკონომიკური პოლიტიკა
    2) მართლმსაჯულება
    3) საგარეო პოლიტიკა

    დირექტორი იქნება Salome Khvadagiani

    დანარჩენ ამბებს ცალკეული პროგრამების დაანონსებისას მოვყვებით!

    მოკლედ, მასონთა ლოჟა ადგილზეა და ფორმაში დგება!”-წერს ჩერგოლეიშვილი.

  • ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა სოფელ მერეთში, პოლიციის საგუშაგოსთან, საქართველოს დროშა გაშალეს

    ამ წუთებში ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები გორის მერიისკენ მიემართებიან, სადაც ისინი გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის შვებულებაში გასვლას გააპროტესტებენ. მანამდე კი ახალგაზრდებმა სოფელ მერეთში, პოლიციის საგუშაგოსთან საქართველოს დროშა გაშალეს. ამ ფორმით მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მცოცავი ოკუპაცია და ბოლო დღეებში, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები, რომლის შედეგადაც ადგილობრივების ნაწილი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა.

  • ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

    უბედური შემთხვევა მოხდა ბაკურიანში.   მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. “ტვ 25-ის” ცნობით, გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. იგი  ბაკურიანში სამუშაოდ იმყოფებოდა და ერთ- ერთ მშენებარე კორპუსში მუშად მუშაობდა.

    არსებული ინფორმაციით, კაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.

  • თიბისი კაპიტალმა საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის კვლევა განაახლა

    თიბისი კაპიტალის კვლევა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებთ განახლდა და ბაზარზე მოთხოვნის და მიწოდების ძირითად ტენდენციებს ასახავს.

    კვლევიდან ირკვევა, რომ 2019 წლის I ნახევარში გაყიდვები 2018 წლის I ნახევრის ტენდენციას იმეორებს. გაყიდულია 16,296 ბინა 1,119,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით. შარშან ამავე პერიოდში 16,271 ბინა გაიყიდა, 1,092,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.

    ახალი ბინების გაყიდვები 5.4%-ით არის გაზრდილი, ხოლო ძველი ბინების გაყიდვები 7,1%-ით არის შემცირებული, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული.

    გაყიდვების მხრივ ყველაზე აქტიური უბნები კვლავ საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანია, სადაც წლის პირველი ნახევრის მანძილზე შესაბამისად 3,661, 2,440, და 2,046 ბინა გაიყიდა. ახალი ბინების გაყიდვებით ლიდერი საბურთალოა.

    თბილისის უძრავი ქონების ფასების საერთო დონე წლის დასაწყისიდან 2,6%-ით არის გაზრდილი ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დოლარში -1,4%-ით არის შემცირებული. ეს სხვაობა გაცვლითი კურსის ცვალებადობით აიხსნება.

    ახალ ბინებში ერთი კვ.მ.-ის საშუალო ფასი დოლარში 736$-ს შეადგენს, ხოლო ძველ ბინებში 656$-ს, რაც ახალ ბინებთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

    ყველაზე ძვირიანი უბნების სტატუსს ინარჩუნებენ ვაკე, მთაწმინდა და საბურთალო, სადაც ახალ ბინებში ერთი კვ.მ საშუალოდ 1,036$, 1,017$ და 937$ ღირს, ხოლო ძველი ბინები 950$,938$ და 773$ ღირს საშუალოდ.

    იპოთეკური სესხების პორტფელი ზრდას განაგრძობს. 2019 წლის I ნახევრის მანძილზე კურსით შესწორებული ზრდა წლის დასაწყისიდან 3,9%-ია, ხოლო სეზონურობით შესწორებული ზრდა 6.1%-ია. 2019 წლის პირველ ნახევარში კლებადი საპროცენტო განაკვეთები ლარში მაისისა და ივნისის პერიოდში 8.9%-ის ფარგლებში დასტაბილურდა.

    შეინიშნება საცხოვრებელ კორპუსებზე გაცემული ახალი მშენებლობის ნებართვების ზრდა. წლის პირველი ნახევრის მანძილზე გაცემულია 91 ახალი მშენებლობის ნებართვა ჯამურად 417,000 კვ.მ. საცხოვრბელი ფართით. აქიდან ყველაზ მეტი 24 ნებართვა დიდ დიღომში, 16 საბურთალოზე ხოლო 12 სამგორში გაიცა. შარშან იმავე პერიოდში ჯამურად 70 ნებართვა იყო გაცემული, სულ 267,000 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით.

    თბილისის უძრავი ქონების უცხოელი მყიდველების პროპორცია 2018 წლის მანძილზე მთელი ბაზრის 13%-ს შეადგენდა. 2019 წლის I ნახევრის მანძილზე პროპორციამ 8% შეადგინა.

  • “ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში” – ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში

    ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, დედაქალაქი ეპიდემიის რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მტკიცებით, ზღვაში ფეკალიების დიდი მასა ჩაედინება, რითიც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ხაბეიშვილის ამ განცხადებას  საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

    ხაბეიშვილმა კომისიის სხდომაზე ვიდეო მტკიცებულებაც წარადგინა, სადაც ჩანს, რომ მილით ზღვაში ფეკალიები ჩაედინება.

    „ამდენი ადამიანია, წავიდეთ და ვნახოთ, რომ ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში, პირდაპირ მილი ჩადის…. თქვენ თუ არ გააკეთებთ ამას, მივიყვან მანქანას და იმ მილს, საიდანაც მოდის ეს, დავაყრი მიწას“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

    თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილი „სისულელეების“ ლაპარაკსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

  • Thirty Second To Mars-ის წევრმა ბერასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

    შეკვეთილს როკბენდი Thirty Second To Mars სტუმრობდა. ბენდი ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯარედ ლეტომ, ძმასთან, შენონთან ერთად ჩამოაყალიბა და მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელიც გაიჩინა.

    13 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართულ კონცერტზე თითქმის ყველა მსმენელმა მათი რეპერტუარიდან კომპოზიციები ზეპირად შეასრულა.ჯგუფის წევრები საქართველოში მეორე დღესაც დარჩნენ. მათ „პარაგრაფში“ დაისვენეს და საქართველოდან 15 აგვისტოს გაფრინდნენ.

    ჯარედ ლეტოს ძმამ, შენონმა ახლახან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ბერა ივანიშვილთან ერთად აქვს გადაღებული. პოსტზე მონიშნულია ბერას ოფიციალური გვერდი. ფოტოს უამრავი მოწონება აქვს.

    View this post on Instagram

    Good talk with Bera last night!

    A post shared by SHANNON LETO (@shannonleto) on Aug 15, 2019 at 1:59pm PDT

  • “რუსთავი 2-ში” პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი აიღო – გვარამია

    “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანიაში  აპირებენ გაასაჯაროვონ თანამშრომლების მიერ აღებული ხელფასები.

    “სრულიად სერიოზულად, „რუსთავი 2“ – ში პრეზენტაციას აპირებენ წლების განმავლობაში, ვინ რამდენი ხელფასი და ბონუსი აიღო. ჯერ შიგნით მერე საჯაროდ.

    პირად ინფორმაციას და კანონს და კონსტიტუციას რომ დაარღვევენ ჯერ შიგნით, მერე საჯაროდ, ერთი საკითხი.

    პრეზენტატორ სალიაზე გულისამრევი ისაა, ვინც მაგას უყურებს და დაესწრება და უყურებს. ბარემ საძინებლებში დაესწარით თანამშრომლების სექსს.

    და მესამე, ვისზეც ეგაა გათვლილი, მაგის პრეზენტაცია არ სჭირდება – ისედაც ავადაა და დადის და ითვლის სხვების ფულს. ეგ ავადმყოფობა ვისაც აქვს, ისედაც არ მჭირდება ახალ ტვ – ში, თქვენთვის დაიტოვეთ.

    ps: ეს სალია ბოლოს „რუსთავი 2“ – ის შენობაზე მიანათებს და ჩვენებას მოაწყობს, რომ მაშანტაჟებდნენ, იმ კადრებით და არ გამოვრიცხავ, ზოგი დაესწროს და უყუროს”, – წერს გვარამია.