Category: არქივი

  • დაკარგული 35 წლის მამაკაცის ცხედარი მტკვარმა გამორიყა

    რუსთავში დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია

    მდინარე მტკვარზე საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

    ძებნის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია რუსთავში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ.

    ადგილზე დაუყონებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

    ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო და მყვინავთა ჯგუფები. ასევე, მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებით. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

  • 48 წლის ყოფილი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ქუჩური გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა – თანასოფლელმა ცივი იარაღით 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ვალერი კვაცაშვილი დაჭრა.

    დაშავებულს ჭრილობები მხარისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. მას დახმარება გურჯაანის საავადმყოფოში გაუწიეს და უკვე სახლშია გაწერილი.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტი სოფლის ცენტრში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, კვაცაშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც უკვე დანით გაუსწორდა.

    მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს დაზარალებული მხარე. შსს-ს ინფორმაციით, საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა. ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა დაკავებული არ არის.

  • საფრანგეთში რესტორნის კლიენტმა სენდვიჩის დაგვიანების გამო ოფიციანტი მოკლა

    საფრანგეთში რესტორნის კლიენტმა ოფიციანტი მოკლა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით კლიენტი იმის გამო გაბრაზდა, რომ მისი სენდვიჩი არასაკმარისად სწრაფად მოამზადეს.

    პოლიციის განცხადებით მიმდინარეობს მკვლელობის გამოძიება, რომელიც პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში, ნუაზი–ლე–გრანში პარასკევს საღამოს მოხდა.

    ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა და აქამდე ვერ იპოვეს.

    სასწრაფო დახმარების ბრიგადები 28 წლის ოფიციანტის გადარჩენას უშედეგოდ ეცადნენ. ის შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ოფიციანტი მხარში იყო დაჭრილი.

    მისმა კოლეგებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ კლიენტმა თვითკონტროლი დაკარგა შეკვეთის ხანგრძლივი ლოდინის შედეგად.
    ინციდენტი სწრაფი კვების რესტორან Mistral–ში მოხდა, სადაც ძირითადად პიცას და სენდვიჩებს ამზადებენ.

    მკვლელობამ შოკში ჩააგდო როგორც რესტორნის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი კომუნა.

    “ეს წყნარი რესტორანია, სრულიად უპრობლემო. რამდენიმე თვის წინ გაიხსნა“ – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები 29 წლის ქალი.

    ზოგიერთიადგილობრივის თქმით ამ რაიონში ბოლო დროს დანაშაულის მატება შეიმჩნევა, ქუჩებში კი სულ უფრო ხშირად ყიდიან ნარკოტიკს და მოიხმარენ ალკოჰოლს.

  • ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნიდან 7 ახალგაზრდა გაიტაცეს

    გატაცების მორიგი შემთხვევა – გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან, რუსმა ოკუპანტებმა 7 ახალგაზრდა გაიტაცეს.

    სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

    გატაცების ფაქტს ადასტურებს მეჯვრისხევის მერიის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან და მათი ასაკი 18-დან 34 წლამდეა. ისინი სოფელთან მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

    შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, რა ვითარებაში მოხდა გატაცება უცნობია.

    ოკუპანტები ოჯახებს ჯერ არ დაჰკავშირებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან საერთაშორისო დამკვირვებლები და ზუსტდება ინფორმაცია.

    „7 ბიჭი წაიყვანეს. მე სულ შემთხვევით გამოვედი, ერთ-ერთის ბებია გარბოდა ზევით და მეთქი, რატომ მირბის-თქო და გავიგეთ, რომ ბიჭები წაუყვანიათ. 7-ნი არიან წაყვანილები, ახალუბნელები არიან ყველა… გასულები იყვნენ პურის საჭმელად და იქიდან წაიყვანს და რატომ და რისთვის არ ვიცით. წმინდა გიორგის სალოცავია, იქ მივიდნენ და იქიდან წაიყვანეს“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

  • მუხრანში სტალინის ბიუსტი შეღებეს

    მუხრანში სტალინის ბიუსტი შეღებეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მუხრანის გამგებელი ამბობს, რომ ძეგლი სავარაუდოდ ადგილობრივებმა შეღებეს და ის ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

    „მანდ ეგ სოფელმა გააკეთა, ხალხმა გააკეთა, მანდ ვინც სხედან და დაელაპარაკეთ მაგათ. მნიშვნელოვანია ან ქვეყნისთვის, ან ერისთვის? აი, რატომ უნდა ვიცოდე, გეკითხებით მე. ეგ ერის ნებაა, სოფლის ნებაა და როგორც უნდათ, ისე გააკეთონ,“- განაცხადა გიორგი გაბარაშვილმა.

  • “ძირს სიყალბე! ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილებისგან!“–მამუკა ხაზარაძე

    თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ყველას მოუწოდებს მხოლოდ მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დადებულ განცხადებებს დაეყრდნონ. ამ მოწოდებას ხაზარაძე საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

    “ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ , რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ.

    უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.

    იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს.

    #ძირსსიყალბე!

    ქვეყანა უნდა გაიწმინდოს ტყუილისაგან“– წერს ხაზარაძე.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმისგან მოითხოვს სასწრაფოდ მოძებნოს ამერიკული კონტი ჯგუფის შემცვლელი კომპანია

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმისგან მოითხოვს უმოკლეს დროში მოძებნოს ამერიკული “კონტი ჯგუფის“ შემცვლელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ანაკლიის კონსორციუმი დატოვა. სამინისტრო ხაზს უსვამს, კონსორციუმა უნდა მოძებნოს ისეთივე გამოცდილი კომპანია, როგორიც “კონტი ჯგუფი“ იყო, რადგან კონსორციუმში შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი ეს კომპანია აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს გამოცდილების თვალსაზრისით და სწორედ მისმა მონაწილეობამ განაპირობა ანაკლიის კონსორციუმის ტენდერში გამარჯვება. სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:

    “მივესალმებით იმ ფაქტს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი.

    იმედს გამოვთქვამთ, რომ კონსორციუმი შეძლებს კიდევ ერთი ვადის დაცვას და წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

    ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს.

    ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას შევახსენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის (ტენდერის) ძირითადი და აუცილებელი პირობები.

    ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის განხორციელებას საქართველოს მთავრობა ანდობდა იმ პრეტენდენტ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებდა ორ ძირითად მოთხოვნას: ექნებოდა ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა.

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ.

    საზოგადოების ყურადღება არა ერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, “კონტი ჯგუფს” არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

    ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს “კონტი ჯგუფის” პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.

    საყურადღებოა ისიც, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადება “კონტი ჯგუფის” პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის “კონტი ჯგუფს”, პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.

    ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.

    ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.

    სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.

    ამდენად, მოვუწოდებთ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.“– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

  • ოკუპანტების მიერ მიცემული ვადა დღეს იწურება – გუგუტიანთკარელებმა სახლების დემონტაჟი თითქმის დაასრულეს

    გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

    სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება. ჯერ უცნობია აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება.

    ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევის პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს. ისინი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

    „ეგ შვილო არის მოწყობილი ან ჩვენი ხალხისგან, ან არ ვიცი. იქ ხლართები გავლებული იყო, მეორედ რატომ ავლებენ? რუსეთმა თუ უნდა აქ გაიაროს, ვინ გასცემს ხმას? აი, ვინ? ვინ დაუდგება წინ? ცხინვალი არის აქეთ, გორი არის აქეთ, ჩვენ ვართ ზევით. ჩვენ რუსეთს დაკავებული ვყავართ მთლიანად. თუ არ მიაქციეს ყურადღება აუცილებლად დარჩება ასი ჰექტარი ჩვენი ზევით,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, სარდიონ გუგუტიშვილმა.

    გუგუტიანთკარში რუსი ჯარისკაცების გამოჩენიდან უკვე 11 დღე გავიდა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა გორის მერი. კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებაში იმყოფება და დასვენების დასრულების შემდეგ გეგმავს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას.

    გუგუტიანთკარის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მერის თანამდებობაზე აირჩიეს, ის სოფელში აღარავის უნახავს.

    „ აბა ეგა ნორმალური? სწორია მაგას რომ იძახის? სად შვებულებაშია, ახლა დასვენების დრო არის? რაც ავირჩიეთ იმის შემდეგ აღარ მინახავს. ომი რომ დაიწყო, მე აქედან ფეხი არ მომიცვლია. ჩამწკრივებული იყო ჯარი აქეთ და ი

  • ქრთამის აღების ბრალდებით თერჯოლის მერიის თანამშრომელი დააკავეს

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები – კახი კ. და გია მ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

    გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • ძველ თბილისში საცხოვრებელი კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

    უბედური შემთხვევა თბილისში – ნიშნიანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. დაშავებულია 5 ადამიანი.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხუთივე მათგანი შემთხვევის დროს აივანზე იმყოფებოდა. მათგან სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

    ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურები. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ