Category: არქივი

  • პოლიციამ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი – 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.

    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

  • ბიუჯეტს ეროვნული ბანკის ახალი შენობა 50 მილიონი დაუჯდება

    ეროვნული ბანკი ახალ სათაო ოფისს იშენებს. მშენებლობა 50 მილიონი ჯდება. “A” კლასის შენობის ჯამური ფართობი 17 ათასი კვ,მ იქნება.

    ამჟამად ეროვნული ბანკი იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული, ახალი ოფისი კი ცირკსა და ყოფილ რესტორან არაგვს შორის არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. სათავო ოფისის პროექტირებასა და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევა ბანკმა უკვე გამოაცხადა.

    ოპოზიციის წარმომადგენლები საყოველთაო გაჭირვების ფონზე მთავარი საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან ასეთ ნაბიჯს არამიზანშეწონილად თვლიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის აზრით იმ დროს, როდესაც ხალხს უჭირს, მსგავსი ფუფუნების მოწყობა ყველაფერთან ერთად მორალურადაც გაუმართლებელია.

    „მაშინ როდესაც ხელისუფლების, მთავრობის, ეროვნული ბანკის ავტორიტეტი ნულამდეა დასული, როდესაც ხალხს უჭირს, ხალხს შია, მსგავსი ბიუროკრატული და ფუფუნების ოფისების მოწყობა არა მარტო ეკონომიკურად არ არის მიზანშეწონილი, არამედ მორალურადაც. სახელმწიფო ფულის ათვისების მოსწრებაზე არიან. ოღონდ რაღაცეები გააკეთონ და როგორც ჩანს, რაღაც ინტერესებიც ჩანს ზოგადად, როდესაც აი, ასეთი აზარტული ჟინით ხდება მშენებლობები,“- განაცხადა გოცირიძემ.

    „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ მთავრობა რეალობას არის მოწყვეტილი.

    „ იმ პოლიტიკურ კონტექსტში, იმ ეკონომიკურ ვითარებაში, რაშიც ვართ, გაჭირვებიდან დაწყებული, ლარის კურსით და ზოგადად, სიმწვავე რაც ხდება ქვეყანაში, რა დროს ამდენი ფულის ხარჯვაა. რეალობისგან მოწყვეტაა არის, სრულიად განსხვავებულად შეიძლება თუ ოფისის პრობლემაა ეს მოაგვარონ. როგორც არ უნდა იყოს, ეგეთ სიტუაციაში სახელმწიფო როდესაც ექცევა ეს არის უკვე რაღაცნაირად მომპალი ძირის მთავრობა, რომელიც ვერ გრძნობს ზოგადად კონტექსტს და საზოგადოებრივ განწყობებს,“- განაცხადა ხოშტარიამ.

    ეროვნული ბანკის მხრიდან ახალი ოფისის მშენებლობის აუცილებლობას  ვერც მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე ხედავს. კობერიძე ამბობს, რომ ამ შეკითხვით ის ეროვნულ ბანკს აუცილებლად მიმართავს.

    „ ვიცი, რომ ახალი ოფისი აქვთ და რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ თუ არ ვცდები და ახლა რა საჭიროება უდგათ, სიმართლე გითხრათ, ეს ნამდვილად არ ვიცი. ახლა რაც შეეხება თვითონ ხარჯვით ნაწილს, 50 მილიონი ნამდვილად არის ასეთ სიტუაციაში ის შთამბეჭდავი ციფრი, რომელსაც ძალიან მკაფიო განმარტება უნდა მოაყოლონ, თუ რა ხდება, რატომ არის საჭირო ეს ახალი ოფისი. “–აცხადებს კობერიძე.

  • ნიკა გვარამიას ახალი არხი უკვე დარეგისტრირდა. ვინ არიან დამფუძნებლები და დირექტორები

    ნიკა გვარამიას მიერ რუსთავი2–ის დირექტორობიდან მისი გაშვების შემდეგ დაანონსებული ახალი არხი უკვე რეგისტრირებულია. ნიკა გვარამიამ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და რეესტრიდან შპს მთავარი არხის ამონაწერიც დადო, რომელშიც წილის 51%–ის მფლობელად თავად გვარამიაა მითითებული, 49%–ის მფლობელი კი კახაბერ ანჯაფარიძეა. ტელეკომპანიის დირექტორები არიან რუსთავი ორის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და  თამთა მურადაშვილი. გენერალური დირექტორი თავად ნიკა გვარამიაა. ფინანსური დირექტორი კი ირაკლი ნიჟარაძე.

    “მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

    წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

    მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ.“ – წერს ნიკა გვარამია.

  • თურქეთში სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

    თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, თამარ მეფის შვილიშვილის სარკოფაგს არქეოლოგიური გათხრებისას ქალაქ ერზერუმში, პასინ-ლერის რაიონში მიაკვლიეს.

    დღემდე არავინ იცოდა, სად იყო დასაფლავებული გურჯი ხათუნად წოდებული – თამარ დედოფალი.

    გავრცელებული ინფორმაციით, ის შვილის, სულთან ალაედინ ქეი-ყუბად II-ის სარკოფაგთან ერთად აღმოაჩინეს.

  • ხანძარი ზუგდიდში – ცეცხლი 4 საცხოვრებელ ბინას მოედო

    ამ წუთებში ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს აქრობენ. ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.

    ცეცხლის გაჩენის მიზეზი, რომელიც საბოლოოდ 4 საცხოვრებელ ბინას მოედო, ელექტროპლიტაა. მისმა აალებამ მცირე მოცულობის გაზის ბალონის აფეთქება გამოიწვია, რასაც ხანძრის გავრცელება მოჰყვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

    მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია სად გადაიყვანენ საცხოვრებლად დაზარალებულებს და გაუწევენ თუ არა მათ დახმარებას შესაბამისი სამსახურები.

  • მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა

    თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს 17:45 საათზე მოხდა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი ესკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა.

    თბილისის მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.

  • ოკუპაციის პირობებში, გარანტიები არ არსებობს – ქეთევან ციხელაშვილი

    ოკუპაციის პირობებში, გარანტიები არ არსებობს, არსებობს მუდმივი ძალისხმევა – ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

    მისი თქმით, ამ ეტაპზე ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია, თუმცა ოკუპაციის პირობებში, იმის პროგნოზირება, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან რუსმა ოკუპანტებმა მომავალში, შეუძლებელია.

    მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც რუსი ოკუპანტების ქმედების შედეგად დაზარალდნენ.

    „ამ ეტაპზე, შეჩერებულია უკანონო მოქმედებები სოფელ გუგუტიანთკარში. დღეს იცით, რომ იქ ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად. იმ პერიოდისათვის, არ მიმდინარეობდა სამუშაოები. მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გააკეთა და გააგრძელებს მომავალშიც ყველა იმ ბერკეტის გამოყენებას, რომელიც მიმართული ამ პროცესის შეკავებისაკენ და საბოლოო ჯამში უკუქცევისკენ და მეორე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესით დაზარალებულ ადამიანებს ჩვენ გვერდშიო დავუდგეთ. გარანტია ოკუპაციის პირობებში, დიდი ბოდიში, არ არსებობს. მაშინ იქნება ამოწურული ეს საკითხი, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას და თითოეული სანტიმეტრი ამ მავთულხლართების დაიშლება, ასევე მშვიდობიანად. ამიტომ, ოკუპაციის პირობებში, გარანტიები არ არსებობს, არსებობს მუდმივი ძალისხმევა,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

  • გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, ოთხი დღე არ ვიმყოფებოდი ქალაქში-ზალკალიანი

    გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა ის აქამდე გუგუტიანთკარში.

    „საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში, ჩვენ რაც გვევალება – საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია. ჩემთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მე გამაჩნია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მომხდარიყო ინფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის. მე ოთხი დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, თუმცა მთელი აპარატი იყო მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი ჩართული სატელეფონო რეჟიმში, როგორც საელჩოებთან, ისე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე იქ ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

    გუგუტიანთკარში ვითარება დაზაბულია გუშინ დილიდან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი განაახლეს. მცოცავი ოკუპაციის შედეგად ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი. ოკუპანტებმა ოჯახებს ტერიტორიის დატოვების 3-დღიანი  ვადა მისცეს. 

  • „რა დროს დასვენებაა“ – აქცია გორის მერიასთან

    „რა დროს დასვენებაა“, “დასვენებას როგორ ახერხებთ, ხალხი მშობლიურ მიწებს კარგავს” -ამ შინაარსის პლაკატებით გორის მერიის წინ „სირცხვილიას“ ორგანიზებით სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა.

    ახალგაზრდების პროტესტი გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის დღევანდელ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც გუგუტიანთკარში ჩაუსვლელობის მიზეზად შვებულება დაასახელა.

    თავზარაშვილი დასასვენებლად გონიოში იმყოფება და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია თუმცა, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გორში დაბრუნების შემდეგ გაეცნობა.

  • “მალე თბილისთან გაგვიტარებენ მავთულხლართებს” – ცოტნე გამსახურდია

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში უკანონო ბორდერიზაციას გამოეხმაურა რომელიც გუშინ დილით გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა განაახლეს. 

    “მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარიდან რუსების გამოსახლებულ ოჯახს ახალ სახლს უყიდის.

    ქოცი ბიდლო ეგრევე აფუთფუთდა, პოლიტიკისთვის სჭირდება, პოლიტიკისთვისო! მაგრამ ხიხო რომ ხარჯავდა, იმას პოლიტიკისთვის არ სჭირდებოდაო.

    ნეტავ ყველა ქართველი ბიზნესმენი ასე მოიქცეოდეს, გაერთიანდებოდნენ და მხარში დაუდგებოდნენ შიდა ქართლის მოსახლეობას. არადა, სანამ ქოცები ხრავენ ქვეყანას, თბილისთან გაგვიტარებენ მალე მავთულხლართებს!”- წერს ცოტნე გამსახურიდია სოციალურ ქსელში.