Category: არქივი

  • გედევან ფოფხაძემ ბესელიას პარტია დატოვა

    გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია დატოვა,თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

    შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ – ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე აირჩიეს.

  • აღმაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა – დაშავებულია 7 ადამიანი

    თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. 

    სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა დაზიანებებით 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, დაშავებულებს ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

    ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • რუსთავში ყალბი ოქროს ნაკეთობის გაყიდვისთვის მამაკაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე, მოქალაქეს ყალბი ოქროს ყელსაბამი 400 ლარად მიჰყიდა.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, თაღლითური გზით მიღებული თანხა და სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი ოქროს ნაკეთობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დ.ხ.-ს მიერ გაყიდული სამკაული.

    გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

    პარლამენტარი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გეგიძის ინფორმაციით, გამოკითხვაზე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაიბარეს. ის უწყებაში უახლოეს დღეებში მივა.

    ამ დროისთვის უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით არის დაბარებული ის გამოკითხვაზე. ბიძინა გეგიძის განცხადებები ბოლო პერიოდში რამდენჯერმე არ დაემთხვა უმრავლესობის პოზიციას, მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომასთან დაკავშირებით. დეპუტატმა განაცხადა, რომ გახარიას ადგილზე ის გადადგებოდა.

  • “სანამ ოპოზიციური ლიდერების მოტივაცია მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა,მანამდე ბიძინა მოიგებს“– თამარ ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანება არ არის მთავარი ამოცანა და ამაზე აქცენტის გაკეთება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებს:

    “სანამ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი საპროტესტო ელექტორატის პატივისცემას არ დაიწყებს, მანამდე სულ ბიძინა მოიგებს.

    სანამ ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობიერებს, რომ საპროტესტო ელექტორატის გამაერთიანებელი ლიდერი და პარტია არ არსებობს – მანამდე სულ ბიძინა მოიგებს.

    სანამ თითოეული ოპოზიციური პარტია არ გააცნობიერებს, რომ თითეულმა მათგანმა უნდა ქნას ყველაფერი, რომ საკუთარი იდენტობა ამომრჩევლამდე მიიტანოს და შესაბამისი გემოვნების, მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი მიიბას და გამოიყვანოს არჩევნებზე – ბიძინა მოიგებს.

    სანამ ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობიერებს, რომ ძალა მხოლოდ იდეის გარშემო ერთობაშია და არა რომელიმე, თუნდაც დიდი პარტიის კუდში უთავმოყვარეოდ დევნაში – ბიძინა მოიგებს.

    სანამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოტივაცია მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ან სხვისი ძალაუფლებიდან ლუკმის მიღებაა, მანამდე ბიძინა მოიგებს.

    “ერთიანობას ებრძვის” – არაფრით განსხვავდება ყბადაღებული “ტრადიციებს გვართმევს”, “ეკლესიებს ანგრევს”, “რელიგიას ებრძვის” ბრიყვული რიტორიკისგან.

    და კი, კრემლს არ შევეკვრები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

    არც კრემლზე პირდაპირ მიბმულ თარხან მოურავს და ირმა ინაშვილს შევეკვრები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ (სიმწრით მეცინება, ამის თქმა რომ მიწევს).

    და ვინც ამას განიხილავს, ამ ქვეყნის ინტერესების მტრად ვთვლი- უფრო სწორად ბრიყვად, რომელიც ხანდახან მტერზე უარესია.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-თბილისის მაგისიტრალზე.2 ადამიანი მანქანაში დაიწვა

    ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    2 ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთ-ერთს ცეცხლი მოედო და მანქანაში მყოფი ორივე პიროვნება, ადგილზე დაიღუპა. დაშავებულია 3 დამიანი.

    ადგილობრივების თქმით, გზა, რომელზეც ავარია მოხდა, დაახლოებით 4 თვეა გადათხრილია და  მოძრაობას აფერხებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, სწორედ ეს გამხდარიყო.

    ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც გარდაცვლილების იდენტიფიკაციაზე მუშაობენ.

    „ჩემი აზრით, ეს საშინელი ტრაგედია გამოიწვია მოუწესრიგებელმა საგზაო შეკეთებამ. მეოთხე დღეა, გზის საფარი არის აჭრილი, ჩვეულებრივ შემთხვევაში. გზის საფარის აყრა როცა ხდება, უკან მოყვება ხოლმე ასფალტის დამგები მანქანა, რომელიც ასფალს აგებს აჭრილ ადგილას. მეოთხე დღეა, დატოვებულია და ავარიამდე, დაახლოებით, 5-6 ავტომანქანა დაიმტვრა, მცირე ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა ამ დღეების განმავლობაში“, – ამბობს ადგილობრივი.
  • “ემანდ შემთხვევით რამე ანტირუსული რომ დაცდეთ და ბატონის რისხვა მოიწიონ, მერე სად წავიდნენ?“–დავით ზურაბიშვილი ხელისუფლების პოზიციაზე

    რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დაპირისპიებას ერიდება და ამის მთვავარი მიზეზი ბიძინა ივანიშვილია:

    “ბიძინა ივანიშვილს ცოცხალი თავით არ სურს რუსეთის კრიტიკა და პუტინთან დაპირისპირება. ამ დროს რუსები ისე იქცევიან, რომ ერთადერთი ღირსეული და სწორი რეაქცია მათ მიმართ სწორედ კრიტიკა, ხმაურის ატეხვა და დაპირისპირებაა, რაც, როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილს ცოცხალი თავით არ სურს.

    შესაბამისად საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობაც გასუსულია, რამდენადაც იქ ყველა ანგარიშვალდებულად მიიჩნევს თავს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე და ემანდ შემთხვევით რამე ანტირუსული რომ დაცდეთ და ბატონის რისხვა მოიწიონ, მერე სად წავიდნენ?

    ერთადერთი რასაც ხელისუფლება ასეთ დროს ჩალიჩობს, არის ის, რომ რეკავენ ნაცნობ რუსებთან და ამუნათებენ, “ივანიჩ (პეტროვიჩ, სტეპანიჩ, კუზმიჩ) რატომ გვიშვებით ამას, ჩვენ თქვენსკენ და თქვენ ნაცებისკენო?” მაგრამ ამაოდ, “მასკვა სლეზამ ნე ვერიტ.”

    ესაა დღეს ქართული პოლიტიკის მთელი ალია-ბალია და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ძალაუფლება იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელში.“–ამბობს დავით ზურაბიშვილი.

  • რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მამაკაცი გაიტაცეს

    გორის რაიონ, სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.  გატაცებული მამაკაცი 30 წლის  იოსებ დვალიშვილია რომელიც დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

    შეგახსენებთ რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა ახალიუბნიდან 7 მამაკაცი გაიტაცეს.ისინი სოფელთან მდებარე წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდნენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.

  • “მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე“–საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

    გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესების გამო სიტუაცია დაძაბულია.

    საგარეო უწყება მოქალაქეების გატაცებას დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობად აფასებს.

    „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.

    იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.

    ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

    მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.

    მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • “მათი ადგილსამყოფელი ამ მომენტისთვის უცნობია“–სუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ 7 ქართველზე

    ახალუბანში სუს-ის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე გვიან ღამით ჩავიდნენ. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

    თუმცა ოკუპანტები ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულან. შესაბამისად, ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა სადამკვირვებლო მისია.

    „უკანონო დაკავებას ადგილი ჰქონდა დაახლოებით, 19:00 საათზე და ამ დროიდან ცხელი ხაზი იქნა გააქტიურებული რამდენჯერმე, არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე. ჩვენ ვითხოვდით აღნიშნული პირების სტატუსის დადასტურებას, დაკავებულები არიან რეალურად ისინი თუ არა. ამ მომენტამდე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს პასუხი ცხელი ხაზით ჯერ არ დაუბრუნებიათ და არ დაუდასტურებიათ აღნიშნული ფაქტი. მათი პასუხი იყო, რომ დეტალები დგინდება, რეალურად, პასუხი ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს. ფაქტობრივად, მათი ადგილსამყოფელი ამ მომენტისთვის უცნობია,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

    გორის რაიონის სოფელ ახალუბანიდან ოკუპანტებმა 7 მოქალაქე გაიტაცეს. მათ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

    ამას გარდა, სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.