Category: არქივი

  • ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ასევე ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე.

    შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

    ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

    ადვოკატის თქმით, ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 000 ლარი გირაო შეიტანოს. ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

  • უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა

    სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

    2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე მინისტის მოვალეობის შემსრულებლის ირინა აბულაძის ბრძანებით პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500 ლარი;
    სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750 ლარი;
    სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000 ლარი;
    სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000 ლარი;
    სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1,017,000 ლარი;
    სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500 ლარი;
    სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250 ლარი;
    სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250 ლარი;
    სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 135,000 ლარი;
    სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 247,500 ლარი.
    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისი პროგრამების ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ადგილების რაოდენობებს, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.

    თუ სტუდენტს ამ პროგრამაზე ჩარიცხვისას მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

  • “ყველაფერს გავაკეთებ “რუსთავი 2”-ის გადასარჩენად“–ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

    რუსთავი2–ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში არხიდან თანამშრომლების ნაწილის გაშვების და კურიერის თანამშრომელთა უმრავლესობის წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. განცხადება რუსთავი2–ის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა:

    “საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენები, კიდევ ერთი მტკიცებულებაა ჩემი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ფაქტია, ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო.

    საზოგადოებამ იცის, რომ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც “რუსთავი 2”-ში მუშაობდნენ, ჩვენ შევთავაზეთ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა, დასავლური, ცივილიზებული სტანდარტით მუშაობა, რაც ნიშნავს კრიტიკულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მაუწყებლობას. მიუხედავად იმისა, რომ არხიდან რამდენიმე ადამიანის კონკრეტული მიზეზებით გათავისუფლება მოხდა, ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან ეს აღქმული იქნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად, თუმცა ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მათ საქმიანობაში ჩემი მხრიდან რაიმე ჩარევა მოხდა.

    ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან, სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, “რუსთავი 2”-სთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია.

    წლების განმავლობაში ამ პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტები – სიცრუე და საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა იყო. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ტელევიზიის სანდოობას პირველი კრიტიკული დარტყმა მიაყენა. ასევე უმძიმესი დარტყმა იყო ის ფინანსური მაქინაციები, რომლებმაც ტელეკომპანია ამ ვითარებამდე მიიყვანა. მათ შორის იყო ის ერთ-ერთი ეპოზოდი, რის გამოც მოხდა რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება. გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, ასევე ყოფილ თანამშრომელ უდუმაშვილს, იმ დროს, როდესაც კომპანიის თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ახლა ცდილობენ ეს თანხები ბონუსად წარმოაჩინონ, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ბონუსები კომპანიას არ გაუცია და სწორედ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი, მაგრამ სხვა კომპანიაში დალექილი თანხები მიიღეს, ჩუმად, სხვა თანამშრომლებისაგან მალულად, გადასახადების გადაუხდელად.

    ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ “რუსთავი 2”-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ “კურიერის” დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს.

    სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!”-ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

  • კრემლის ვებგვერდმა მაკრონის განცხადებების თარგმანიდან სიტყვა “არჩევნები” ამოიღო

    საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის სტენოგრამა კრემლის საიტზე შეცდომებით გამოქვეყნდა.შეცდომა BBC-ს რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.

    როგორც BBC-ი წერს, საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ფრაზა, რომელშიც გამოყენებული იყო სიტყვა „არჩევნები“, კრემლის საიტზე ამ სიტყვის გარეშე, ნაწილობრივ შეცვლილი კონტექსტით გამოქვეყნდა. მაგალითად: როდესაც მაკრონი ამბობს “ბევრი შეწუხდა დაკავებების გამო, ადამიანების თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის გამო, აგრეთვე დაწესებული შეზღუდვების გამო” ასე ითარგმნა: “ხალხი მოსკოვში მომხდარი მოვლენების გამო შეწუხდა: დაკავებებით და ა.შ., ყველა იმ შეზღუდვით, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან დაწესდა”.

    როდესაც საერთაშორისო მედიამ შეცდომა აღმოაჩინა მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გასწორდა სტენოგრამა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა გაუგებრობა თარჯიმნის შეცდომას მოჰყვა: “ეს მხოლოდ და მხოლოდ სინქრონული თარგმნის ტექსტია. ასეთი რამ ხდება ხოლმე”

    პუტინი და მაკრონი ერთმანეთს საფრანგეთში 19 აგვისტოს შეხვდნენ. მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტი პირველად მიიწვია და მოლაპარაკებების დაწყებამდე ლიდერებმა საერთო პრესკონფერენცია გამართეს.

    ფრანგულმა გამოცემამ „ლიბერასიონმა“ აღნიშნა, რომ პუტინის სიტყვები ზუსტად გადათარგმნა მხოლოდ ტელეარხმა „RT France“-მა, რომელსაც პროტოკოლის მიხედვით თავისი თარჯიმანი ჰყავდა. სხვა არხებმა კი მისი სიტყვების შემოკლებული ვერსია გადასცეს“, – წერს “BBC”-ი

  • ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

    ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე დააკავეს. დეპუტატი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს.

    ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა.ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატს, სავარაუდოდ, ქრთამის აღებას ედავებიან.

    ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დოკუმენტაცია წაიღეს. ამბობს, რომ დეპუტატი დღეს დააკავეს, თუმცა კონკრეტულად სად არ იცის. დაკავება სავარაუდოდ მიწის უკანონო პრივატიზაციის საქმეს უკავშირდება.

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გაზიფიცირება უფასოდ მოხდება

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, მოსახლეობას სახლის ერთ წერტილში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯებს მთავრობა დაუფინანსებს.

    ზუგდიდის მერიის ცნობით, ხელისუფლებას აღნიშნული ინიციატივით ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმართა.“ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს ბუნებრივი აირით, ასეთი ოჯახების გაზიფიცირება სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხდება. ხოლო იმ ოჯახებს, რომლებმაც გაზიფიცირებისთვის 400 ლარი დახარჯეს, თანხა დაუბრუნდებათ,“,- აცხადებენ მერიაში.

    აქციით სარგებლობა იმ პირებს შეეძლებათ, ვინც 1 ნოემბრამდე გამოთქვამს სახლში გაზის შეყვანის სურვილს.

  • ხაშური-ბორჯომის გზაზე საზამთროს გამყიდველი დააკავეს

    ხაშური-ბორჯომის გზაზე, ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა საზამთროს გამყიდველი დააკავეს, რომელსაც ნარკოტიკის დამზადება, შეძენა, შენახვას ედავებიან.

    შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით ექმუქრება.

  • “დავუტოვეთ ივანიშვილს მხოლოდ ლოგო და სახელი”- “პოსტსკრიპტუმი” განცხადებას აკეთებს

    „რუსთავი 2“ “პოსტსკრიპტუმმაც“ დატოვა. ერთობლივი განცხადება ამის შესახებ P.S.-ის ოფიციალურ facebook გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა

    „რუსთავი 2“-ის 25-წლიან ისტორიასთან ერთად დასრულდა საქართველოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ანალიტიკური გადაცემა „პოსტსკრიპტუმიც“. სატელევიზიო ფორმატი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში არ დაუკარგავს უმაღლესი რეიტინგი და მაყურებელი. პირველიდან უკანასკნელ დღემდე ჩვენ ვირჩევდით საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო თემებსა და მოვლენებს, გიყვებოდით არა მხოლოდ იმას, რა მოხდა, არამედ იმას, რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რა გაგრძელება ექნებოდა. საქართველოს უახლესი ისტორია იწერებოდა გადაცემით, რომელსაც მაყურებელი ყოველ კვირას, 9 საათზე ელოდა და რომელსაც ამ ქვეყნის ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ ჟურნალისტთა და ოპერატორთა პატარა გუნდი ამზადებდა.

    რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს – მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ.

    სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ერთიანობა და გუნდურობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ამიტომ ერთობლივად მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხელით ნაშენები დაცარიელებული ტელევიზია და გუნდისგან დაცლილი „პოსტსკრიპტუმი“ – მხოლოდ ლოგო და მხოლოდ სახელი – იმისთვის, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ იმავე საქმის კეთება.ჩვენს მაყურებელს არ ეღალატება.არ გემშვიდობებით!გვინდა გითხრათ – ნახვამდის. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე!სულ მალე!“ – ნათქვამია განცხადებაში.

  • სათამაშო ბიზნესი საქართველოში: როგორ დაიწყოთ საკუთარი საქმე და როგორია სახელმწიფო რეგულაციების თავისებურებები? Georgia iGaming Affiliate-ის პროგრამა

    სათამაშო ბიზნესი საქართველოში: როგორ დაიწყოთ საკუთარი საქმე და როგორია სახელმწიფო რეგულაციების თავისებურებები? Georgia iGaming Affiliate-ის პროგრამა

    18 ოქტომბერს შედგება საქართველოში პირველი პრაქტიკული ივენთი, რომელიც მიეძღვნება ონლაინ და ოფლაინ-გემბლინგის აქტუალურ საკითხებს, მის მარკეტინგულ თავისებურებებსა და პერსპექტივებს. Geogia iGaming Affiliate Conference გააერთიანებს სათამაშო სფეროს ოპერატორებს, სახელმფიწო სტრუქტურების წარმომადგენლებს, აფილიატებსა და ვებმასტერებს. ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო კომპანია Smile-Expo.

    პროგრამის შესახებ

    კონფერენციის სპიკერები მოგვითხრობენ ახალი სათამაშო კანონმდებლობის შესახებ, საქართველოს, როგორც სათამაშო რეგიონის პრიორიტეტებსა და კაზინოს გახსნის სპეციფიკაზე. პროგრამის ნაწილი ასევე მიეძღვნება ტრაფიკის მიღებასა და პარტნიორული ქსელების გავლით კლიენტების მოზიდვას. წარმოგიდგენთ ექპერტებს, რომლებიც გახსნიან და დეტალურად ახსნიან ამ თემებს.

    თეონა შიუკაშვილი – საქართველოს შემოსავლების სამსახურის სათამაშო ბიზნესის რეგულირების განყოფილების უფროსი 2018 წლიდან. უკვე 13 წელი მოღვაწეობს საჯარო სექტორში. ექპერტს აქვს აზარტულ თამაშებზე ბიზნეს-საშვების გაცემის 10 წლიანი პრაქტიკა.

    კონფერენციის ფარგლებში თეონა გამოვა თემით „ სიახლეები სათამაშო ბიზნესის რეგულირების კანონში საქართველოში“.

    ცეზარ ზენიუკი – IBCCS Georgia-ს მმართველი დირექტორი. მისი სპეციალიზაციაა საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარება კორპორატიულ მართვასა და ბიზნეს-ქონსალთინგში. ცეზარი ეხმარება ინვესტორებს დაზოგონ ფული ადმინისტრაციულ ხარჯებსა და გადასახადებში. ადრე იგი მუშაობდა კვიპროსულ კომპანიაში, Seamark Consultants Ltd და იყო PwC-ს ამბასადორი.

    გამოსვლის თემაა: „სათამაშო ბიზნესის დაწყება საქართველოში. ყველა საჭირო ინფორმაცია ადვილი სტარტისთვის“.

    სოფია კარაპეტიანი – მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი Eclipse Casino Batumi-ში. სათამაშო ბიზნესშია 2009 წლიდან, ადრე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Storm International, Shangri La Casino Tbilisi, Casinos Austria International, Ambassadori Casino Tbilisi.

    სოფია ისაუბრებს თემაზე: „ანალიტიკა და მარკეტინგი გემბლინგში მეწარმეებისთვის. რომელი საზომების გაზრდა საგრძნობლად მოგვიმატებს შემოსავალს“.

    რომა მაინულოვი – მარკეტინგისა და PR-ის დირექტორი Alfaleads-ში. 9 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში და 7 წელი არბიტრაჟში. დაკავებული იყო რეკლამით, ანალიტიკით, СРI, СРА და ASO-თი. მუშაობდა ისეთ კოპმანიებში როგორებიცაა Snaappy LLC და Adnow.com. მედიაში გამოქვეყნებული 190-ზე მეტი მასალის ავტორია.

    კონფერენციაზე რომანი მოგვიყვება თუ „ როგორ მივიღოთ მაქსიმალურად ხარისხიანი ტრაფიკი და არ დავკარგოთ ფული პროდუქტის განვითარებით პარტნიორული ქსელების მეშვეობით“.

    პანელური დისკუსია

    Georgia iGaming Affiliate Conference-ის ძირითადი მოვლენა იქნება პანელური დისკუსია თემაზე: „ ოფლაინ და ონლაინ-კაზინო. მომხმარებელთა ყურადღებისთვის ბრძოლისთვის საჭირო ინსტრუმენტების გარჩევა“. უკვე ცნობილია ამ დისკუსიის პირველი მონაწილეები: აჭარის კაზინოს ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ამირანაშვილი და პროდუქტის მარკეტინგის განყოდილების ხელმძღვანელი Adjarabet-ში გიორგი გვენეტაძე. ცალკე გიორგი ასევე წარმოგვიდგენს საინტერესო თემას კონფერენციაზე.

    რომელი ჯობია: ონლაინ თუ ოფლაინ? არის თუ არა მათ შორის არჩევანის გაკეთების საჭიროება? ამისა და ყველა სხვა საინტერესო თემის შესახებ თქვენ გაიგებთ პანელური დისკუსიის ფარგლებში.

    Afterparty

    ნეთვოქრინგის გაგრძელებას კომფორტულ გარემოში და Georgia iGaming Affiliate Conference-ზე სპიკერებთან და ექსპონენტებთან შეხვედრაში VIP ბილეთების მფლობელები შეძლებენ Afterparty-ზე.

    სპეციალური შემოთავაზება
    სანამ კონფერენციის პროგრამა იზრდება, ორგანიზატორები გთავაზობენ ყველეზე დაბალ ფასს ბიზნესის კატეგორიაში მათთვის, ვინც უკვე მზადაა ივენთში მიიღოს მონაწილეობა და განავითაროს თავისი საქმე. დროებით ბილეთების ფასები დაწეულია 80 ევრომდე. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდით Georgia iGaming Affiliate Conference-ზე ახლავე!

  • გია კორკოტაშვილი „რუსთავი2“-ის კურთხევას ითხოვს

    „ქართული დასის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს და „რუსთავი 2“-ის ტერიტორიის კურთხევას ითხოვს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში დაწერა.

    „საპატრიარქოს მინდა თხოვნით მივმართო!გამოყავით მამები (ერთი რაც არ უნდა ძლიერი მლოცველი იყოს არ ეყოფა) რათა მოხდეს კურთხევა და განწმენდა რუსთავი 2 ტერიტორიის!ნაკურთხი წყალი ალბათ დიდი რაოდენობით დაგჭირდებათ ცისტერნებზე მოსახლეობაც დაგეხმარებით!ყოველი შემთხვევისთვის გოგირდიც შეუკმიეთ ჩარჩენილებიც გამოსრიალდებიან!“ – წერს გია კორკოტაშვილი.