Category: არქივი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

    „ყურადსაღებია ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მეტეოლოგიური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ქსელიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოდან, დაახლოებით 3 სექტემბრის ჩათვლით, იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა.

    ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ რაც შეგვიძლია ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი.

    მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მოვერიდოთ გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს სიარულს და ხშირად გავგრილდეთ, მივიღოთ სითხე და დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია:

    “შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე; შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს; ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა; დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია; ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს;

    მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით;თავი აარიდეთ სიცხეს; შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის; თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება); მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში; მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას; დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას; არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში; გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან; მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა;

    ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა; საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს; დაეხმარეთ სხვებს;

    ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან; ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც; თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად; თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე; თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით;

    თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა; მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი; თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს; ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება; თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე; მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები”, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

  • ოკუპირებული სოფელ ბაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია (ვიდეო)

    ოკუპირებული სოფელ ბაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ქაცარავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ასევე აქვეყნებს საკუთარ გადაღებულ ვიდეოს.

    “ხანძარიაოკუპირებული სოფელ ბაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ქარი და ცეცხლი ჩვენი კონტროლირებადი სოფლების, კნოლევი/ატოცის მიმართულებით მოიწევს. საკმაოდ შესამჩნევი დაკვამლიანებაა ატოცსა და კნოლევში.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • ”კვესიტაძეს ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება”- კვესიტაძე დისკრიმინაციის დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავს

    „რუსთვი 2“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც კვესიტაძის ინტერესებს იცავს.

    კვესიტაძემ საჩივარი ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმში წარადგინა, რომლითაც ტელეკომპანიიდან მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს.

    არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

    მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას.

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აპელაციის შედეგად შეფასება 648 აბიტურიენს შეეცვალა

    ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. წელს აბიტურიენტების მხრიდან სააპელაციო კომისიაში 3000-მდე განაცხადი შევიდა და ნაშრომების ხელახალი გასწორების შედეგად, შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს. ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვისა და გრანტის განაწილებისთვის, რომლის შედეგებიც აგვისტოს ბოლოსთვის გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge შეუძლიათ.

    როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახვა აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შეუძლიათ.

    როგორც გორგოძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

    „თუ სკალირებული ქულების ყველა უჯრა შევსებულია, ყველაფერი რიგზეა და აბიტურიენტი აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. პირველ რიგში აბიტურიენტებმა უნდა შეხედონ გათანაბრებულ და გამსვლელ ქულებს, როგორია მათი მდგომარეობა კონკურსში ამ ეტაპზე”,- განაცხადა გორგოძემ.

  • ზაზა ფაჩულიამ კომპანია “არქის” წილი იყიდა

    ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია არქის წილის მფლობელი გახდა. ზაზა ფაჩულიას არქისთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა.

    “მოხარული ვარ, რომ არქის და ჩემი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოვადგენდე ისეთ ძლიერ კომპანიას, როგორიც არქია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სანდოობით, ხარისხითა და მომხმარებელზე ზრუნვით გამოირჩევა. არქი დეველოპერული სექტორის ლიდერი კომპანიაა, თუმცა მჯერა, რომ კომპანიის, ისევე როგორც ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და უფრო და უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლება. ჩვენი საერთო ხედვები და ღირებულებები, ვფიქრობ სამომავლოდ კიდევ მეტი ადამიანის გახარების საშუალებას მოგვცემს”, — აცხადებს ზაზა ფაჩულია.

    არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე 20 დასრულებულ, 19 მიმდინარე პროექტს და 10 000-ზე მეტ არქელს აერთიანებს.

  • სოფელ საყავრეში ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით სოფელ საყავრეში  ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

    ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

    მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.

  • ”პრეზიდენტის გული რატომ არ იწვის გუგუტიანთკარელების ცოდვით?”- ნათელაშვილი

    ლეიბორისტური პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ამაზონის ტყის ხანძარის გამო გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და კითხულობს, რატომ არ იწვის სალომე ზურაბიშვილის გული გოგოტიანთკარელების ცოდვით.

    “კი, მაგრამ პრეზიდენტის გული რატომ არ იწვის გუგუტიანთკარელების ცოდვით? თუმცა მაპატიეთ მისთვის მარტო ამაზონი კი არა ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოს გარდა”. – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ამაზონის ტყის ხანძარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტყესთან ერთად საქართველოს გული იწვის.

  • საქართველოში ძლიერი სიცხეები 3 სექტემბრამდე გაგრძელდება

    3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. ” გარემოს ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე გაიზრდება.

    „გარემოს ეროვნული სააგენტოს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია სითბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს.

    მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად-სალომე ზურაბიშვილი

    “საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერში“ დაწერა.

    „ჩვენ ვუერთდებით  ძალისხმევას ჩვენი პლანეტის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონისთვის”-წერს სალომე ზურაბიშვილი.

    ამაზონის ტყეში მასშტაბურ ხანძარს უკვე მესამე კვირაა ვერ აქრობენ. ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული.

  • შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე შტორმია და ბანაობა აკრძალულია

    შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. მას შემდეგ რაც ზღვაში შესვლა დასაშვები იქნება, სანაპიროზე გამოიფინება თეთრი ალმები.