Category: არქივი

  • “სახის დაკარგვაა 7 წელი ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების“–ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს

    რუსთავი2–ის ყოფილი წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქ გვერდზე ყოფილ მეგობარს, ნინო შუბლაძეს პასუხობს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება. ინფორმაცია, რომ შუბლაძის კანდიდატურა განიხილება გუშინ რუსთავი2–ის დირექტორმა, პაატა სალიამაც დაადასტურა იმ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საინფორმაცის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე და არხის სამი წამყვანი – კვესიტაძე, გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. რუსთავი ორიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გუშინ რამდენჯერმე ახსენეს ნინო შუბლაძე, რომლის მისვლა მათი თქმით არხზე მიუღებელია. ნიკა გვარამიამ კი ნინო შუბლაძეს მედიაზონდერი უწოდა, რომელიც წარსულში ძველი ხელისუფლების ინტერესებს ატარებდა მედიაში, ამჟამად კი ახალი ხელისუფლების. ნინო შუბლაძემ კოლეგებს დღეს უპასუხა და მათ სახედაკარგულები უწოდა.

    მოგვიანებით კი შუბლაძეს ნანუკა ჟორჟოლიანმა გასცა პასუხი:

    “მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა.

    წლები რომ თანაცხოვრობ ადამიანებთან, მეგობრობ, ახლობლობ, დღესასწაულებს ერთად ატარებთ. გარდა იმისა რომ მათ პიარს აკეთებ, და უცებ, 2012 წელს ფერს ისე იცვლი რომ იგივე ჟანრში ცხოვრობას იწყებ ახალ ხელისუფლებასთან. ივიწყებ ყველას ვისთანაც გიმეგობრია, უფრო მეტიც, ტელეფონზე არ პასუხობ შენს მეგობარს რომელსაც სუსი პარავს თანამშრომლებს და არ პასუხობ იმიტომ რომ ვერ უტეხავ ახალ ხელისუფლებას, რომელსაც ამის გამჟღავნება არ სურს. სახის დაკარგვაა მეგობრის ასეთ განსაცდელში დატოვება და სახის დაკარგვაა მეგობრისთვის კურიერის აბუნტება. (დეტალებს არ დავწერ)

    სახის დაკარგვაა მეგობარს რომ გიჭერენ და პროცესზე არ მიდიხარ, ხელისუფლებას რომ არ ეწყინოს.

    სახის დაკარგვაა 7 წელი ჯერ ნაცების პიარს რომ აკეთებ და შემდეგ ქოცების.

    სახის დაკარგვაა, როცა ყველა ხელისუფლებისთვის ხიდი ხარ ნიუსში.

    სახის დაკარგვაა, როცა ამის შემდეგ მიდიხარ იმ სამსახურში, რომელიც შენი ყოფილი თანამშრომლების გაშავებითაა დაკავებული.

    და გულის დაკარგვაა, როცა შენი მეგობრების სამარცხვინოდ გაყრის შემდეგ სალია მიდის ნიუსრუმში და ამბობს რომ მზად ხარ მიხვიდე თუ გუნდი მიგიღებს.

    ბუმერანგია, რომ გუნდი მიღებაზე უარს ამბობს.

    p.s. მე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დავდე სტატუსი, რომ არ დავინდობდი არავის, ვინც ამ გადამწყვეტ ბრძოლაში კრემლის მხარეს დადგებოდა. ვინც ბოლომდე გაარუსებდა არხს, რომელიც პროდასავლურ ღირებულებებზე, ძალიან ღირსეულმა ადამიანებმა შექმნეს.

    მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვინც არ უნდა მივიდეს არხზე მოუწევს ნანგრევებში მისვლა.

    ყველამ და ღირსეულებმა, ბიძინას ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვეს.

    ჩვენი ფილმი დასრულებულია.
    გიტოვებთ მოსფილმს.“ – წერს ჟორჟოლიანი.

  • “ჩვენ წავედით“– რუსთავი2–ის ჟურნალისტების ბოლო სტატუსი და ფოტო ფეისბუქზე

    “ჩვენ წავედით“– რუსთავი2–ის ნიუსრუმის ფოტო ამ სათაურით საღამოს რუსთავი2-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახური დღეს ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. ეთერში დღის განმავლობაში არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება. არ განახლებულა ახალი ამბები არხის ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე. არხის ჟურნალისტებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი და თოქშოუების წამყვანები სამსახურიდან გაუშვა. გუშინვე 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში დატოვეს სამსახური წამყვანებმა – დიკო ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა.
  • “სამწუხაროა გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა“–უგულავასა და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის ღია დაპირისპირებაა

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქით პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსს, რომელშიც გიგი უგულავა ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის ტაბულამ ერთი კვირის წინ მისი ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი სათაურით დაამახინჯა. უგულავა თვლის, რომ ჩერგოლეიშვილმა უმსგავს ხერხს მიმართა პარტიაში პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის.  თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგი უგულავას საპასუხო სტატუსით მიმართა.

    “სამწუხაროა გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა.

    მედიაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები თავის გაფუჭებულს მედიას აბრალებენ.

    არაფერი, საერთოდ არაფერი, იმ ტექსტში ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის – თავადვე ადასტურებს ამას როცა ხელმეორედ მოყავს მოლდოვის მაგალითი.

    ხელმეორედ იმეორებს იმ სისულელეს, რომ შეიძლება დადგეს ვითარება, როცა ივანიშვილს 48 პროცენტი აქვს და კრემლი პროდასავლური ოპოზიციის მხარეს დგება.

    ამ საკითხს გიგამ გასცა უკვე ძალიან კვალიფიციური პასუხი ინტერვიუში რომელიც ქვემოთ დევს.

    თუ ამოცანა რუსული გავლენის შემცირებაა, კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამოუხსნელი და გაუგებარია.

    სამწუხაროდ ადამიანები ერთ შეცდომას რომ დაუშვებენ, აღიარების ძალა თუ არ ეყოთ, შეცდომების სპირალში შედიან.

    ჩემი შეცდომაა, რომ იმ დღესვე არ დაიდო ის ნიუსი. ვიცოდი რომ ევროპულ საქართველოს გიგის განცხადება აზიანებდა და ვიფიქრე, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ეს სწორი არ არის და ამისთვის ბოდიშს ვიხდი.

    საკუთარ პროფესიასთან კომპრომისი პარტიული სიმპატიის გამო, დაუშვებელია.

    სამწუხაროდ თავად გიგიმ გააღვიძა თემა, როდესაც კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობა ვისთვისაც მიუღებელია, მათ შეუგნებლები გვიწოდა და რაღაც მორიგი დიაკუსია გააჩაღა ერთიანობაზე ისე, რომ არავინ იცოდა ვისთან ერთიანობაზეა საუბარი.

    ინფორმაციის ნაკლებობა ადამიანებს არასწორი დასკვნებისკენ უბიძგებს – ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალე ამ ხალხისთვის ამეხსნა რეალურად ვისთან ერთიანობაზე საუბრობს გიგი უგულავა.

    მე სიტყვებს ყოველთვის სწორად ვარჩევ, განსხვავებით გიგი უგულავასგან – რუსოფილობა მისთვის არავის დაუბრალებია.

    ტაბულამ დაწერა ზუსტად ის, რაც გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან თქვა. სიტყვა სიტყვით.

    ბუნებრივია, მე ბევრი სხვა საქმე მაქვს და ტექსტი მე არ გამიშიფრავს – მაგრამ როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე – თუ რომელიმე ერთი სიტყვა ჟურნალისტმა შემთხვევით არასწორად გაიგო, ბოდიშს მოვიხდი (ღარიბაშვილისთვის მომიხდია და გიგი რაღა პრობლემაა).

    მაგრამ მაგ ერთი სიტყვით არაფერი იცვლება.

    გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოაცხადა.

    ნამდვილად მერჩია ამ სამარცხვინო ისტერიკის ატეხვას, ერთი ბოდიში მოეხადა, რომ შეეშალა – თავადაც უფრო ძლიერად გამოჩნდებოდა და პარტიაც.

    მაგრამ, არჩევანი მისია!

    შეუძლია აყვეს შავრაზმელებს და ნაცებს კუდიანზე ნადირობაში.

    ჩემს რწმენას, რომ კრემლისტურ ძალებთან ყოველგვარი თანამშრომლობა მიუღებელია – ეს არ შეარყევს.

    რაც შეეხება პარტიაზე და ჩემს პირად გავლენაზე ბოდვას – ამას უკომენტაროდ დავტოვებ.

    არაერთხელ გამიცია პასუხი რომ მე არ ვარ პარტიის წევრი და ვერ მექნება ვერანაირი გავლენა, იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობ – არ მაქვს ხმა.“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • “თამარ ჩერგოლეიშვილმა განზრახ დაამახინჯა ჩემი ინტერვიუ” – გიგი უგულავა

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ტაბულას“ დამფუძნებელს თამარ ჩერგოლეიშვილს  უპირისპირდება. უგულავა თამარ ჩერგოლეიშვილს სტატიის დამახინჯებაში ადანაშაულებს.  ამის შესახებ უგულავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. 

    „ტაბულას დამფუძნებელმა ქალბატონმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამწუხაროდ, განზრახ შეცდომაში შემყვანი (misleading) სათაურით დაამახინჯა ჩემი ერთი კვირის წინანდელი ინტერვიუს ფრაგმენტი დიანა ტრაპაიძესთან (იმ გათვლით, რომ მკითხვრლი მასიურად ძირითადად სათაურებს ეცნობა). ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ცდილობდა საკუთარი პოსტებით (პირადი სივრცეა და მისი საქმეა) გაევრცელებინა სიყალბე და როცა თემა ვერ აწია ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტის იგნორირებით ინტერვიუს განზრახ შეცდომაში შემყვანი სათაური დაურთო. ეს ძალიან იაფფასიანი პროვოკაციაა. ჩემთვის როგორც ტაბულას გულშემატკივარისა და აქტიური მკითხვრლისთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ტაბულას კოლექტივი გამოირჩევა ქართულ მედიაში თავის მაღალი სტანდარტებით. ამ ფონზე ათმაგად დასანანია როცა გამოცემის მფლობელი პარტიაზე პირადი ძალაუფლების მოპოვებისთვის ასეთ უმსგავსო ხერხს მიმართავს. ცხადია მისი მცდელობა უშედეგოა. სამწუხაროდ, ტაბულას დამფუძნებელი ქალბატონი თამარი ხშირად საუბრობს პარტია ევროპული საქართველოს სახელით, ცდილობს დაარწმუნოს (საკმაოდ წარმატებით) მკითხვრლი რომ ის რამეს წყვეტს პარტიაში. მინდა გითხრათ, რომ მის გამონათქვამებს, პოსტებს და საჯარო გამოსვლებს არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ საქართველოსთან, მეტიც უმეტეს შემთხვევაში პარტიისთვის ზიანის მომტანია.

    პ.ს. ქვემოთ მოტანილია ციტატა, რომელიც უფრო გასაგებად წარმოაჩენს ჩემს სიტყვებს. თემის სრულად აღსაქმელად შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ინტერვიუ დიანა ტრაპაიძესთან. ფრაზა მე მიღირს საერთოდ ქალბატონი თამარის ფანტაზიის ნაყოფია. ზოგადად, ჩემი წარმოჩენა რუსოფილად ძალიან ბრიყვული და განწირული მცდელობაა. დიანასთან საუბარი იყო იმ ჰიპოტეტულ სიტუაციაზე, როცა ვერც ოცნება ქმნის მთავრობას და პროდასავლურ ოპოზიციასაც ხმები აკლია. ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ? დარჩეს ივანიშვილი ხელისუფლებაში, თუ მოლდოვეთის მსგავსად ვიმოქმედოთ?! ოცნების და მისი სატელიტების ნამსხვრევები არ ჩავრთოთ საქმეში და ქვეყანა სამთავრობო კრიზისისთვის გავწირით? სადაც ისევ ივანიშვილი და რუსები იხეირებენ? ეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხებია და ამაზე კიდევ ბევრს ვიმსჯელებთ. ისე, სხვათაშორის, ბებია მყავდა რუსი და სხვა დროს სიყალბის მოგონებაში შეიძლება ვინმეს გამოადგეს.

    პ.პ.ს. მადლობა ტაბულას ჟურნალისტებს, რომ ჩემი გამხდარი ფოტოს დადება მაინც მოხერხდა. ალბათ შემდეგში შესაძლოა ქაჩალი, მსუქანი და ლუზერიც ვიყო. არაუშავს, რა გაეწყობა. ასეთია ცხოვრება.

    სასურველი არ არის და მინდა, რომ გამოვრიცხო პრორუსული პარტიები ამ საქმეში, მაგრამ მოლდავეთში სამი თვის წინ პროევროპული მთავრობა მივიღეთ მათ შორის პრორუსული პარტიის მხარდაჭერით, იმისთვის, რომ პლახოტნიუკის ოლიგარქიული მთავრობა დამსხვრეულიყო, – წერს უგულავა.

  • რუსთავი2 კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა

    ცოტა ხნის წინ რუსთავი2 დატოვეს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობამ. ჯერჯერობით მათი ზუსტი სია უცნობია, თუმცა შენობიდან ერთად გამოვიდნენ არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები – თამარ ბაღაშვილი, ნათია გოქსაძე, ნათია ტრაპაიძე, ნინო გაზრდელიანი, მაია ლომიძე, დავით ქაშიაშვილი, ეკო მაღრაძე და სხვები და განაცხადეს, რომ თითქმის მთელმა გუნდმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ტელევიზიის დატოვების შესახებ.

    “ხვდებით ალბათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ ტელევიზიაში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. ჩვენ აქ გვქონდა თავისუფალი სივრცე, თუ ეს სივრცე არ გვექნება ვეღარ შევძლებთ მუშაობას.“ – ამბობენ ჟურნალისტები. 

    ჟურნალისტების თქმით, მათ დღეს შეხვდა არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია და დარჩენა შესთავაზა. თუმცა  ჟურნალისტები თვლიან,  რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი არ იქნება მათ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

    ისინი ჯერ სამომავლო გეგმებზე არ საუბრობენ, თუმცა სავარაუდოდ ისინიც ნიკა გვარამიას “მთავარ არხს“ შეუერთდებიან.

    დღეს მთელი დღის მანძილზე ეთერში არ გასულა კურიერის გამოშვებები. კურიერის წამყვანებმა ტელეკომპანია გუშინ საღამოს დატოვეს. მანამდე კი არხის ახალმა დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და წამყვანები: ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.

  • “ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება”- “რუსთავი2” თამარ ბაღაშვილმაც დატოვა

    “რუსთავი2“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ გვერდზე წერს.

    “ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით) მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით”- წერს თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ნინო შუბლაძის პირველი კომენტარი “რუსთავი2”-ში მიმდინარე პროცესებზე

    “რუსთავი2”-ზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ნინო შუბლაძემ პირველი კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა. მისი განცხადებით, რუსთავი2-ში დაბრუნებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    ”სალამი ყველას სახედაკარგულებსაც!პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
    მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ …ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის რომ არასოდეს არ გადამიბიჯებია მორალურ ზღვარს ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს….ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ….’- წერს ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში.

  • ”კრიტიკული არხის დახურვა კომუნიზმში დაბრუნების ტოლფასია”- თეა დარჩია

    მოცეკვავე თეა დარჩია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე რეაორგანიზაციის თემას ეხმიანება. თეა დარჩიას კომენტარს ”რუსთავი2”-ში განვითარებულ მოვლენებზე ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

    „რუსთავი 2”-ის „რეორგანიზაცია“, ცოტა არ იყოს, ღამურას მაგონებს – არც ჩიტი და არც ვირთხა! ალტერნატიული აზრის და მით უმეტეს კრიტიკული არხის დაკეტვა, ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, კომუნიზმში დაბრუნების ტოლფასია. აღარ მინდა უკან! წინსვლა გვჭირდება და თანაც დიდი, მსუბუქი, ლაღი ნაბიჯებით, თორემ არაფერი აღარ გვეშველება!!! ამდენი პროფესიონალი ადამიანის უმუშევრად დატოვება, უბრალოდ, დანაშაულია!!! უპრინციპო არხად დატოვებას „რუსთავიორელები“ ვერ გაუძლებენ”- ამბობს თეა დარჩია

    ”ეს მცოცავი ოკუპაცია ხომ საერთოდ ამაზრზენია ძალიან რბილად რომ ვთქვათ. ჯერ ოკუპაცია 21-ე საუკუნეში და ახლა ამ ბოძებითა და მავთულხლართებით წინ და წინ ცოცვა, თითქოს „დროშობანას“ თამაშობდნენ! თან თბილისიდან სულ რაღაც 60 კილომეტრში!!! ჩვენი „სვეცკი“ პასიურობითა და უმოქმედობით მტერი სულ უფრო და უფრო ახლოს მოიწევს და გზად სახლებს, საფლავებს, ყანებს და ადამიანებს გვართმევს!!! თუ შესაბამისად არ მოვიქცევით და არ ავიმაღლებთ ხმას, ჩვენს საკუთარ სახლებშიც შემოვლენ და მავთულხლართებს გაგვიბამენ და მერე ძალიან გვიანი იქნება, თუ უკვე არ დავაგვიანეთ! ეს თითოეული ქართველის სატკივარი თუ არ გახდება, ისევ კოლონად ვიქცევით.”- განაცხადა თეა დარჩიამ

  • “ნოდარის ადგილზე ვინც არ უნდა დადონ იქნება რუსთავი 2 ის დამანგრეველი”- რუსთავი2-ი ეკა გაგუამაც დატოვა

    “რუსთავი2“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ეკა გაგუამ დატოვა. ამის შესახებ “კურიერის“ კორესპონდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი“ – წერს ეკა გაგუა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში სამსახურიდან წავიდნენ წამყვანები – დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვლი.მანამდე დირექტორმა სალიამ სამსახურიდან გაათვისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, წამყვანები – ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

    ამ დოისთვის ახალი ამბების განახლება შეწყვეტილია რუსთავი2–ის ვებგვერდზეც. ერთადერთი ინფორმაცია, რაც გუშინ საღამოს შემდეგ გვერდზე დაიდო, 12 საათიანი კურიერის ეთერში არგასვლის შესახებ ინფორმაცია იყო. რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ჩვენი ინფორმაციით გადაღებებზეც არ გასულან.

  • ლაურა ღაჭავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

    ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საგამოძიებო ორგანოდან გამოსვლის შემდეგ, ღაჭავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.

    მისივე თქმით, საქმე არ უკავშირდება ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებას.

    ღაჭავას განცხადებით, საქმე უკავშირდება სხვადასხვა კომპანიების შემოწმებას, რომელთა შორის თავადაც მოხვდა.

    ღაჭავა ასევე ამბობს, რომ საქმის ნაწილი 2013 წლის ეპიზოდს უკავშირდება. ლაურა ღაჭავას აღკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ განიხილავს.

    შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

    უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს ლარს 2 160 955. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.