Category: არქივი

  • “ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ.გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ !“–ვატო წერეთლის განცხადება

    ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი ხელისუფლებას მიმართავს პროკურატურის განცხადების შემდეგ, რომელმაც მისი მამის, ბიზნესმენ ავთო წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ავთო წერეთელს ბრალს წაუყენებენ ე.წ. ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეში “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე“.

    ვატო წერეთელი თვლის, რომ მამის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ტვ პირველის ხელში ჩაგდების სურვილს უკავშირდება:

    “მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

    P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

    ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა.“–წერს ვატო წერეთელი ფეისბუქ გვერდზე.

  • ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ორი დღით კეტავს

    ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს 2 დღით კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხერეთ ოსეთის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.

    დე ფაქტო უწყების ინფორმაციით შეზღუდვა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს“ უკავშრდება.

    „25 აგვისტოს 20:00 საათიდან იგეგმება მოქალაქეების გადასვლის დროებითი შეჩერება საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში, გამშვები პუნქტების ფუნქციონირება 27 აგვისტოს 06:00 საათზე განახლდება,“- წერია უწყების განცხადებაში.

  • ბათუმის საკრებულომ „ბათუმი რივიერას“ გეგმა დაამტკიცა

    ბათუმის საკრებულომ „ბათუმის რივიერას“ გეგმა 17 ხმით დაამტკიცა.ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა პირველ ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ გეგმავს. საკრებულოს გადაწყვეტილებას აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ისინი საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული.

    საკრებულოს გადაწყვეტილებას აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ისინი საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული.

  • “თავისუფლება არ იყიდება” -შაბათის შუადღის ოთხივე წამყვანმა “რუსთავი 2” დატოვა

    “თავისუფლება არ იყიდება”-ეს განცხადება რუსთავი 2-ის გადაცემა შაბათის შუადღის წამყვანებმა გაავრცელეს.  ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა “რუსთავი 2” დატოვეს.

    მათი განცხადებით, შეუძლებელია  დარჩნენ ტელევიზიაში, სადაც,  აღარ იარსებებს კრიტიკული სიტყვა.

    “სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.

    ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, — აღნიშნულია გადაცემის წამყვანების განცხადებაში.

    შეგახსენებთ,  არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” დაასახელა.

    ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა და არხის თითქმის სრულმა შემადგენლობამ.

  • “თქვე ჩლუნგებო..ამ ბრძოლას მოვიგებთ”- ინგა გრიგოლია ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე

    “თქვე ჩლუნგებო”-ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, “ტვ პირველის“ მფლობელის ვატო წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრას  ეხმაურება

    “რუსთავი2“-ის თემის პირწმინდად წაგების შემდეგ, მეორე დილასვე რომ „ტვ პირველის“, დამფუნებლის მამას ბრალის წარსადგენად იბარებ (აქამდე არავის მოსვლია თავში ბრალის წარდგენა), საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია და რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული, სხვა არაფერია, თუ არა გადაწყვეტილება. ე ბიჭო, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბარემ „ტვ ,პირველსაც“, მოვუგრიხოთ კისერიო, ხოდა, ვაი, თქვენს პატრონს, თქვე ჩლუნგებო თქვენა, სათითაოდ ჩამოგითვალოთ სულ ახლახანს მომხდარი ამბები, რომელიც გამოძიებული არ გაქვთ? ამ ბრძოლას კი მოვიგებთ, თანაც ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ თქვენ რომ ჩლუნგები ხართ, საბოლოოდ დავრწმუნდი, ჩრდილოეთ კორეა კი გინდათ, მაგრამ ვერ მოესწრებით“, – წერს გრიგოლია.

    შეგახსენებთ,ცოტა ხნის წინ  პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ის ბრალის გაცნობის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული.

  • პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

    გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ უწყებაში ბრიფინგზე განაცხადეს.

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით”, – განაცხადეს პროკურატურაში.

  • კურიერის წამყვანად დაჯდომა შეუძლებელია, ქოციც ვერ დაჯდება-ნიკა მელია

    რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „დღეიდან, კურიერის წამყვანად დაჯდომა შეუძლებელია, ქოციც ვერ დაჯდება.

    უბრალოდ ვერ წაიყვანს, სკამზე ძალიან დიდი და მძლავრი მორალური ნაღმი დევს. სკამი დანაღმულია და ეს ყველამ იცის..“- წერს ნიკა მელია

  • პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა

    გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი 11.00 საათზეა დანიშნული. პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ.

  • თბილისის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში 900 ლარის ყალბი კუპიურები გაასაღეს

    ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.

    გამოძიების ინფორმაციით,   ბრალდებულებმა, თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში, 900 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურა გაასაღეს.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლება XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, ცოტნე დადიანის, იოსებ ჟორდანიას, სამღერეთის, ყუბანეიშვილის, მერი შერვაშიძის, ჯუმბერ ბეთაშვილის, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, კეხვის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, ხუდადოვის, დავით იოსელიანის, ელო ანდრონიკაშვილის, ტარას კვარაცხელიას, მაჩხაანის, თამარ და აკაკი პაპავების, ზედამზის, სანავარდოს და გარეჯის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, დავით სარაჯიშვილის, გელა ჭედიას და შუშის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში,10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების III მიკრორაიონის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის, ნიშნიანიძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტარიელ სვანიძის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, გუდაურის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლომოურის, აბდუშელიშვილის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, კარდანახის და შემოსავლის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, გვეტაძის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, ჩალისპირის დასახლების, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.