Category: არქივი

  • ამერიკელი სენატორები რუსეთის G7-ში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან ერთ-ერთ მიზეზად კი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ასახელებენ

    დემოკრატმა სენატორებმა, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ბობ მენენდესმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის წევრმა ჯეკ რიდმა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ მარკ უორნერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი მისწერეს, სადაც  ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.

    მათ მიაჩნიათ, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება ამერიკის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ასევე თვლიან, რომ პუტინი სამართლიანად გააძევეს დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. წერილში, ნათქვამია, რომ რუსეთს არ აქვს შესაფერისი დემოკრატიული ინსტიტუტები და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ ჯგუფის წევრი იყოს.

    აღსანიშნავია, რომ სენატორები ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მიერ,  აშშ-ის 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობებს და ამერიკულ და ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე უარყოფით გავლენებს, მათ შორის 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშზე ქიმიური იარაღით თავდასხმის ფაქტს, უმცირესობების და პოლიტიკური ოპონენტების დევნას და მსოფლიოს გარშემო ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერას.

    სენატორების, განცხადებით რუსეთი ჯგუფში მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს დაბრუნებას, თუ მათი მხრიდან გამოჩნდება დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემა.

    გასულ კვირას საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჯგუფში რუსეთის დაბრუნების იდეა.

  • კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა კრეატივის” ტელეკომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაცია მიანიჭა

    კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს.

    “კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა”-აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ივანიშვილის და სააკაშვილის პაროდისტებმა “რუსთავი 2” დატოვეს და ახალ არხზე გადადიან

    “რუსთავი 2” მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პაროდისტებმა ქართლოს ნატროშვილმა და ნიკა კაკაბაძემაც დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია solostudio.agency/-სთან საუბრისას ვანო ჯავახიშვილმა დაადასტურა.

    ვანო ჯავახიშვილი და კომედი ჯგუფი მთავარ არხზე გადადიან. პაროდისტებიც ამ გუნდს შეუერთდებიან. 

    ჯავახიშვილის განცხადებით, მთავარ არხზე მაყურებელი  “ვანოს შოუს” გარდა კიდევ ორ ტელე-შოუს იხილავს.

    შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს “კომედი ჯგუფმა” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გუნდის  დიდი ნაწილი “რუსთავი 2”-ში რჩება.

  • “მარგველაშვილმა შემოგვთავაზა შეწყალება,ზურაბიშვილისთვის არც გვიფიქრია მიგვემართა”- ნინო დარასელი

    ჟურნალისტი ნინო დარასელი პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

    “პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავად შემოგვთავაზა რუსოს და მაიას შეწყალება და უარი ვუთხარით. დიდი მადლიერების მიუხედავად,ვთვლიდით, რომ რადგან არსებობენ დაზარალებულები, სანამ საქმე მთლიანად არ მოგვარდება, არ დაიწყება შენება და სანამ ყველა არ დარწმუბდება ბრალდებების არარეალურობაში, არაფერს აზრი არ აქვს. იგივე მიზეზით სალომე ზურაბიშვილისთვის არც გვიფიქრია მიგვემართა. ჰოდა ჩემების შემთხვევაში ლაპარაკია ეკონომიკურ დანაშაულზე, რაც არსად ცივილურ მსოფლიოში მსგავსად არ ისჯება, მითუმეტეს როდესაც ეს „დანაშაული“ სახელმწიფოს სინდისზეა. ჰოდა ნეტა ადამიანების მკვლელების შეწყალების მომთხოვნებს და აღმსრულებლებს ეგ გრძნობა საერთოდ გააჩნიათ?“,- წერს ნინო დარასელი

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

    დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და 2015 წელს მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

  • უსმენდა თუ არა Iplus ქუჩის ვიდეოკამერებით გამვლელებს-საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს.

    2019 წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, iPlus-ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახული იყო 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტი, როგორ უტყამს ბასრ საგანს ქალი მცირეწლოვანს სახეში.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, ჩანაწერი წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.  ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია ვიდეოში ასახულ პირთა  საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება.

    “ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული.
    კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.

    იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.

    ვინაიდან, საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროცესებს წარმართავს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“-, აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

  • “რუსთავი2“-დან წასული ჟურნალისტების სია

    ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -დან წასული ჟურნალისტების რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სოციალურ ქსელში არხიდან წასული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციას  ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აქვეყნებს.

    “გაათავისუფლეს: ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი. ამის გამო პროტესტის ნიშნად ტელევიზიიდან წავიდნენ: წამყვანები: დიკო ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი, პაატა იაკობაშვილი, ქეთი კვაჭანტირაძე, სალომე დადუნაშვილი, ლევან ბუთხუზი, ლევან ღამბაშიძე, დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ბაია დვალიშვილი, ქეთი დევდარიანი, ნენე კვინიკაძე. ასევე ჟურნალისტები: თამარ ჭავჭავაძე, ანნა წერეთელი, თენგო გოგოტიშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ქებაძე, თეო გილიგაშვილი, სოფო ხუციშვილი, თამარ ბაღაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, დავით ერაძე, დავით ქაშიაშვილი, სოფო ვარდიაშვილი, თეა ადეიშვილი, ლაშა კვესელაძე, გვანცა სუთიძე, ნათია ტრაპაიძე, ნინო სამყურაშვილი, ეკო მაღრაძე, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე, ეკა გაგუა, ჯეიხუნ მუჰამედალი, მარიამ გაფრინდაშვილი, ნინო გაზდელიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, თამთა დოლენჯაშვილი, ქეთა ციცქიშვილი, ანუკი ბუავა, ემა გოგოხია, თამარ ჩანტლაძე, ნათია გოგსაძე, თაკო სურგულაძე, მარიკა გოცირიძე, დავით დვალიშვილი, ნინა მაჩაბელი, მარიამ შანშიაშვილი, ჟანა აკოფაშვილი, თამთა ჯიქია, თათია წოწონავა, მაკა ფანქველაშვილი, ნინო ვარძელაშვილი, სოფო ნაცვლიშვილი, ნინო შურღაია, მაკა ანდრონიკაშვილი, ნინო კეკელია, სოფო ხუციშვილი, ნინო დვალიშვილი, ნათია ჟამერაშვილი, ეკა სარია, თამარ მესხი, ნანა სისვაძე, რუსუდან გიორგაძე, გიორგი გვიშიანი, ია გულიაშვილი, ანუკა ელიზბარაშვილი, თეა ვარშალომიძე, ვლადიმერ მენაბდე, ნინო ღვედაშვილი, ქეთი მაისაშვილი, კოტე ურუშაძე, თაკო ნარინდოშვილი“, – წერს ლაშა ბერულავა.

    შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია გაათავისუფლა. ამ ფაქტის შემდეგ  კურიერის“ წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიანა ჟოჯუამ პირდაპირ ეთერში  დატოვეს არხი. მათ ასევე შეუერთდნენ “კურიერის“ გუნდი, სხვა გადაცემის  ჟურნალისტები და არხის სახეებიც. ტელეკომპანია ასევე დატოვა “რუსთავი 2-ის” ვებ-გვერდის ყველა რედაქტორმა, რის გამოც  საიტზე ახალი ამბების გამოქვეყნება 20 აგვისტოს შემდეგ აღარ მიმდინარეობს.

  • “რუსთავი 2-ს” 852 თანამშრომელი ჰყავდა და მხოლოდ 50-მდე ადამიანი წავიდა-პაატა სალია

    „რუსთავი 2“-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით, განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს – არა, – ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „ინტერპრესნიუსთან” გააკეთა.

    “კომედი ჯგუფიდან“ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, სულ რამდენიმე ადამიანი წავიდა. დანარჩენები აგრძელებენ მუშაობას, ფიქრობენ ახალ იდეებზე და ისინიც ძალიან ბევრი საინტერესო სიახლით დაგვიბრუნდებიან.

    ალბათ, რთულად წარმოგიდგენიათ ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, სტრესი, რაც არხის თანამშრომლებმა გადაიტანეს იმის გამო, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს არხი დაანგრიონ, აქედან თანამშრომლები გაიყვანონ და მერე ქუჩაში უმუშევრად დატოვონ. ისინი ამ ადამიანების მიმართ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო, ვინაიდან მათ მიმართ კვლავ განახლდება ის შეტევა, რაც იმ დღეს ხორციელდებოდა, როცა ჟურნალისტებმა ტელევიზია დატოვეს. ამიტომ დავიცავ მათ კონფიდენციალობას.

    არ ვიცი ემუქრებიან თუ არა, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, არხზე დარჩენილი თანამშრომლების მიმართ სხვასხვა ტიპის მოწოდებები, შეურაცხყოფები, ღალატში დადანაშაულება რომ ხდებოდა. ადამიანები ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არ მინდა ეს განმეორდეს. მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ვიღაცებს სამმაგ ხელფასებს ვპირდებით და რომ ვიღაცებს ვურეკავთ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს ადამიანები კვლავ დააშინონ, კვლავ შეუქმნან ისეთი პირობები და მოცემულობა, რომ მათ აქ დაბრუნება არ იფიქრონ.

    კომპანიიდან, ალბათ, 10%-იც არ არის წასული. კომპანიას 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვალასთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს – არა. ვიმეორებ, ძალიან დიდი ემოციური ფონი იყო, იყო ზეწოლის მცდელობა, შემოტევა ადამიანებზე“, – განაცხადა სალიამ.

  • “ელენე სამჯერ მომიკვდა”-გარდაცვლილი გოგონას დედა მოზარდების მშობლებს აფრთხილებს

    ნანა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი,  რომ­ლის 13 წლის გოგონა ორი წლის წინ დაიღუპა, მშობ­ლებს სოციალურ ქსელში  მიმართავს.
    13 წლის ელენე სავარაუდოდ, გახ­მა­უ­რე­ბულ ონ­ლა­ინ­თა­მაშს “ლურჯ ვე­შაპს” ემსხვერ­პლა.
    გოგონას დედა მოუწოდებს მშობლებს კარგად დააკვირდნენ შვილებს და გამოვლენილი გარეგნული და ხასიათის ცვლილების შემთხვევაში ყურადღებით იყვნენ, რომ მათი შვილები “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლნი არ გახდნენ.

    “2 წელი ელენეს გარეშე…
    პოსტი იქნება მძიმე, მაგრამ ყველა მშობლისთვის აუცილებლად წასაკითხი.
    ელენე სამჯერ მომიკვდა, პირველად როცა 29 აგვისტოს დამირეკეს და მთხოვეს სახლში მივსულიყავი, რადგან რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პოლიციაა მოსული და ფანჯარა არის ღიადო, მეცამე სართულის ფანჯარა, ელენს ოთახის ფანჯარა…
    დალეწილი ბავშვის სხეული შუაღამისას მოასვენეს სახლში…. ვერ ვიჯერებდი როცა სკამებს აწყობდნენ, აი ისე პანაშვიდზე რომ იციან… შუაში ცარიელი ადგილი დატოვეს, ყველაზე ცენტრალური, ადგილი ელენესთვის…
    მეორედ ელენე მომიკვდა მაშინ როდესაც 30 აგვისტოს გამთენიისას (როცა ელენე უკვე სახლში იყო მოსვენებული) წამიერად გავითიშე… მზის შუქმა გამაღვიძა და პირველი აზრი, რომელიც მომივიდა იყო ის, რომ ელენეს ოთახში უნდა შევსულიყავი დილა მშვიდობისა მეთქვა და მეკოცნა (ისე როგორ ყოველთვის), წამის მეათასადში მივხვდი რომ ელენე ცოცხალი აღარ იყო… მაშინ მეორედ მომიკვდა…
    მესამედ მაშინ მომიკვდა, როცა ქვაზე დახატეს, დახატეს და საამქროში დაგვიბარეს, მობრძანდით დავასრულეთო… ვუყურებდი ჩემი შვილის სურათს მარმარილოს შავ ქვაზე გამოსახულს და მივხვდი რომ ეს იყო პიკი, უკან დასახევი გზა აღარ არის…. ელენე დახატეს მარმარილოს ქვაზე, მაშინ მესამე მანიფესტი იყო მისი სიკვდილის. ვიდექი და კი არ ვტიროდი, ვხაოდი როცა მას ამ ქვაზე დახატულს ვუყურებდი… იქვე საამქროში ვიღაც ქალი იდგა და კომენტარი გააკეთა: „ვაიმე რა კარგად დახატესო, როგორც ჰგავს სურათსო“….
    კიდევ ბევრი რამ იყოს ამ 2 წლის განმავლობაში, პირველი წელი ყველგან აღაჟღაჟებული შუქი მქონდა ჩართული, იმიტომ რომ ველოდი რომ მოვიდოდა, და არ მინდოდა გამომპარვოდა მისი ლანდის დანახვა…. მაგრამ არ მოვიდა, უფრო სწორეფ კი, ისე არ მოვიდა როგორც მე ველოდი, მერე შუქიც ჩავაქვრე….
    რატომ გიზიარებთ ამას – ლურჯი ვერშაპი მკვლელია, და მათ ვისაც გყავს თინეიჯერები გმართებს დიდი ყურადღება, ეს არ არის გამოგონილი მითი, ეს სასტიკი მკვლელი თამაში მართლა არსებობს. თუკი თქვენი შვილი უცაბედად ხდება ინტროვერტი, უცებ გადადის დახურული ტანსაცმლის ტარებაზე, ხელიდან არ უშვებს ტელეფონს, გაუქრა ინტერესი ყველაფრის მიმართ ნუ მიაწერთ ამას მხოლოდ გარდატეხის ასაკს, შეამოწმეთ მისი ტელეფონი, მისი მიმოწერა და უთხარით რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს… აუხსენით რომ თამაშის დასრულება ნებისმიერ წუთს შეიძლება, ისე რომ არც მას და არც მის საყვარელ ადამიანებს არააფერი არ დაემუქრებათ”- წერს ნანა ბერძენიშვილი.

  • ზელიმხან ხანგოშვილს დღეს,პანკისის ხეობაში დაკრძალავენ

    გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი  საქართველოში გვიან ღამით  ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოკლულის ოჯახის წევრები და პანკისის ხეობის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

    ზელიმხან ხანგოშვილს დღეს 14:00 საათზე პანკისის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

    შეგახსენებთ,  რომ ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანული მედიის ცნობით, ველოსიპედით გამვლელმა ის ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილოდ იმ დროს დაჭრა, როცა ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა. მედიის ინფორმაციით, გერმანელმა სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტზე  49 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

    მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია BBC-მგაავრცელა, თუმცა ოფიალური კრემლი ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

    „შპიგელის“ ინფორმაციით, საქართველოში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე თავდასხმის შემდეგ, 2015 წელს ხანგოშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავშესაფარს ითხოვდა.

  • “ამ ადამიანების გულშემატკივრად დავრჩები ყოველთვის”-ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგების პროტესტს პასუხობს

    “მახსოვს ჩემი პირადი სოლიდარობა იბერიის მიმართ. მივდიოდი ყველა გადაცემაში სადაც მეძახდნენ, როცა არ უნდა დაერეკათ და ამ ადამიანების გულშემატკივრად დავრჩები ყოველთვის” ნანუკა ჟორჟოლიანი იბერიას ჟურნალისტების უკმაყოფილების საპასუხოდ წერს. “მთავარი არხის” “იბერიას” შენობაში განთავსებას, “იბერიას” ყოფილი თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში უპასუხა.

    “ბევრი ვიფიქრე მეპასუხა თუ არა ჩემი კოლეგებისთვის და დისკომფორტმა ისე შემაწუხა, მივხვდი რომ პასუხი აუცილებელია.

    როცა გავიგეთ რომ იბერიის შენობა შეიძლება ცოტა ხნით, მაგრამ მაინც საჭირო გამხდარიყო პირველი რაც დღის წერსიგში დადგა ამ არხის ყოფილი თანამშრომლებისთვის გადაუხდელი ხელფასები იყო. ჩვენ ვიცოდით რომ სახელფასო დავალიანება იყო. ნიკასგან მივიღეთ გარანტია რომ ყველაფერს გააკეთებდა და ყველა მიიღებდა კუთვნილ ხელფასს. მოლაპარაკებების დროს გაირკვა რომ ხელფასი ბოლომდე გადახდილია და სასამართლო დავა მიდის კომპესაციებზე. კომპანიის მფლობელმა თქვა, რომ კომპესაციის გადაუხდელობის მიზეზი გაფიცვა გახდა, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა სასამართლოში შეტანილი სარჩელით უპასუხეს.

    ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე რომ პაატა სალიამ სამსახურიდან ისე გამოგვიშვა რომ კომპესაცია კი არა, ივნისის, ივლისის და ახლა უკვე აგვისტოს ხელფასიც არ მოუცია ჩვენთვის. ბუნებრივია ჩვენი პასუხიც სამართლებრივი იქნება.

    მახსოვს ჩემი პირადი სოლიდარობა იბერიის მიმართ. მივდიოდი ყველა გადაცემაში სადაც მეძახდნენ, როცა არ უნდა დაერეკათ და ამ ადამიანების გულშემატკივრად დავრჩები ყოველთვის.

    ერთადერთი და უდიდესი სხვაობაა რომ ჩვენი არხი მფლობელს კი არ დაუხურავს , ახალმა მფლობელმა წმინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოგვყარა და ესეც ეთერით გავიგეთ, თორემ მისივე ტელევიზია იმდენი დახურა ბიძინა ივანიშვილმა და იმდენჯერ დატოვა ხალხი უმუშევარი რომ ოქუაშვილი მასთან რა მოსატანია.

    იმედი მაქვს ჩემი კოლეგები გაარკვევენ მათ პრობლემას სასამართლოში და თუ კიდევ რამეში დავჭირდები მათ, იქ ვიდგები სადაც დამიძახებენ. სადაც არ უნდა ვმუშაობდე”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.