Category: არქივი

  • “გახარიას სივის ნახვა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ვისია და ვინ არის”-ცოტნე გამსახურდია

    “გახარიას სივის ნახვა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ვისია”- ასე ეხმაურება საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ბიოგრაფიას.

    “გახარიას სივის ნახვა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე ვისია და ვინ არის. მოსკოვის უნივერსიტეტში (МГУ) პოლიტოლოგიური აქვს დამთავრებული და გერმანული საავიაციო გიგანტის, “ლუფტ ჰანზას” გენდირექტორის მოადგილე იყოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და აღმ. ევროპაში განვითარების სფეროში(!), და ამავე დროს – იმავ МГУ-ს მოწვეული ბიოტექნოლოგიის პროფესორი. ასევე დამთავრებული აქვს ერთწლიანი კურსები იმავე უნიში და არის ბიზნესის მართვის მაგისტრი სად პოლიტოლოგია, სად “ლუფტ ჰანზა” და სად ბიოტექნოლოგია, ალბათ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას, ამიხსნით ვინმე? ან რა ისწავლა ასეთი იმ ერთ წელიწადში, თან – მგუ-ში (!), რომ საწყალმა “ლუფტ ჰანზამ” ამაზე დიდი პროფი მთელ მასკვაში ვეღარა ნახა?!

    ვისაც ცოტა მაინც გაგვეგება ამ ცხოვრების, ცხადზე ცხადია, რომ ტიპს რაღაც ძალა (გამოიცანით რა), პირდაპირ უქმნიდა ბიოგრაფიას რუსეთში. ბიზნესომბუდსმენობაში, შსს მნისტრობაში და ეკონომიკის მინისტრობაში “ნიჭიერებას” რომ თავი დავანებოთ, ტიპი ერთი დიდი კითხვის ნიშანია, მაინცდამაინც ხელი უნდა მოაწეროს პირდაპირ ეთერში აგენტის კართოტეკაზე?! თუმც ოთხკლასდამთავრებული ბიდლო მაგაშიც მოუძებნის რაიმე გენიალურ გამართლებას ბატონს “-წერს ცოტნე გამსახურდია.

  • თბილისში 110 ახალი 12 მეტრიანი ავტობუსი შემოვა

    დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტრადიციულად სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის.

    მერის ინფორმაციით, თბილისში 110 ახალი 12 მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიდეს, რომელიც ბუნებრივ აირზე იმუშავებს. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. კალაძე ამბობს, რომ ახალი ავტობუსები თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო სისტემით იქნება აღჭურვილი.

    ,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე, ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნეს ჩანაცვლებული ახალი, განახლებული, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენ შევიძინეთ 90 ერთეული ,,მანის” ტიპის ავტობუსი, აქედან 40 ერთეული უკვე მოწოდებულია, ველოდებით დარჩენილ 50-ს.სიახლეა ის, რომ ჩვენ კიდევ ვაცხადებთ შეყიდვაზე ახალ ტენდერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, 110 ერთეული გაზზე მომუშავე 12 მეტრიანი ავტობუსების შემოსვლაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა , რაც შეიძლება მალე, ბოგდანის ტიპის ავტობუსები ქალაქში აღარ დადიოდეს’’- განაცხადა კახა კალაძემ.

  • ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, შეთანხმებას იმ სახელმწიფოებთან მიაღწიოს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის.

    ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

    „ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევეცდებით დავნერგოთ საქართველოს მასშტაბით თანამედროვე მიდგომები. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან დიდია ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის საჭიროებისთვის. შევეცდებით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი ხარისხის და სტანდარტისა ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • ” გახარიას შსს მინისტრობა სიმულირებული რეალობით დაიწყო”- შოთა დიღმელაშვილი

    აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას ეხმაურება. 

    “გიორგი გახარიას დაწინაურება ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯეროს საკუთარი ბოტებისა და ტროლების მიერ სიმულირებული რეალობა, თითქოს გახარიას მხარდაჭერა აქვს.

    ეს ვიცით, მაგრამ ამ საუბრებით გართულებს მხედველობიდან გამოგვრჩა, რომ უკვე დავიჯერეთ სხვა სიმულაცია – გახარიას ეფექტურობა. და მერე როგორ დავიჯერეთ! კითხვაც აღარ ისმის ამ მიმართულებით! “გახარია ეფექტური მინისტრია” არგუმენტადაც კი მოჰყავთ!

    არა და გიორგი გახარიას შსს მინისტრობაც სიმულირებული რეალობით დაიწყო. ფლანგვის დეტექტორმა გაავრცელა მაშინ ცნობა, რომ დანიშვნის პირველივე სამ თვეში შსს-მ ფეისბუკს მეტი გადაუხადა, ვიდრე 2016 და 2017 წლებში (2 წელიწადში!) ერთად აღებული.

    რას არეკლამებდა ამ დროს ფეისბუკზე გახარიას უწყება? კარგად შესრულებულ საქმეს? შევამოწმოთ! ზუსტად ამ სამ თვეში დარეგისტრირდა 14.3 ათასზე მეტი დანაშაული, გაიხსნა მხოლოდ 3.9 ათასამდე.

    ვინაიდან მისმა წინამორბედმა მინისტრმა მღებრიშვილმა წინა წლის სტატისტიკა დემონსტრაციულად დამალა, შსს-მ კი პასუხი არ გაგვცა, წინა წლის იმავე სამი თვის სტატისტიკას ეს რიცხვები ვერ შედარდა, ამიტომ 2016 წელს შეადარეს.

    აღმოჩნდა, გამალებული რეკლამირების პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 30%-ით, ხოლო გახსნილი საქმეების რაოდენობა შემცირდა 13%-ით.

    ამ დღეებში მედიებმა ბევრი ილაპარაკეს ჩატაევზე, პანკისზე, იზორიაზე, სამეგრელოს არჩევნებზე, ჭუბერსა და ხაიშზე, ხაზარაძის ბრალდებაზე, ხორავას ქუჩის მკვლელობებზე, მაჩალიკაშვილზე – მოკლედ, გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც გახარიამ ვერ ან არ გამოიძია, მაგრამ არსებობს ათასობით საქმე, რომელსაც ნაცნობი სახელი არ აქვს და გახარიას მათ გამოძიებაში მღებრიშვილიც კი სჯობდა – შსს მინისტრი, რომელსაც ისე შერცხვა საკუთარი უნიათობის, რომ საკუთარი სტატისტიკა დამალა.

    მიუხედავად ამისა, მთელი მინისტრობის პერიოდში სახელმწიფო მისგან “ეფექტურ მინისტრს” ხატავდა. დანიშვნიდან სამ თვეში მეტის დახარჯვა ფბ-რეკლამაში, ვიდრე გასული ორი წლის განმავლობაში ყველაფერს ამბობს.

    ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელის” პირველი ეკრანიზაციიდან დამამახსოვრდა მთხრობელის ციტატა: “აწმყო იქცევა წარსულად, წარსული ისტორიად, ისტორია მითად”. იგივენაირად შეგვიძლია ვთქვათ: სიმულაცია იქცევა ამბად, ამბავი არგუმენტად, არგუმენტი – გაპრავებად. ნუ შევჭამთ ამ მითებს.

    არა, გახარია არ არსი ეფექტიანი მინისტრი. არც ყოფილა და არც იქნება. გახარია ყოველთვის ცუდად ასრულებდა საქმეს, რომელშიც ხალხი მას ხელფასს ვუხდიდით, მაგრამ ყოველთვის გადამეტებული ენთუზიაზმით ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის მითითებებს. მისი დაწინაურების მიზეზიც ეს არის და არა რამე სხვა. და ეს საკადრო გადაწყვეტილება მშვენივრად ცხადყოფს ბიძინა ივანიშვილის უკვე დაუმალავ შიშს.”-წერს შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

  • წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს პოლიციელის მკვლელის შეწყალებისთვის აკრიტიკებს

    იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა. 

    “როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს, მე ამას ვისურვებდი”, – განაცხადა წულუკიანმა  ჟურნალისტებთან.

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი შეიწყალა.

  • ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელმაც ტრანსგენდერ ქალზე სექსუალურად იძალადა და დააყაჩაღა.
    ორგანიზაცია, „თანასწორობის მოძრაობას“ ტრანსგენდერმა ქალმა დახმარების თხოვნით 12 აგვისტოს მიმართა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით მიმდინარეობს.„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტების ძალისხმევით საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • “გუშინ ვნახეთ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარდგენას”-კალაძე

    გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერად გიორგი გახარია კანდიდატურის წარდგენის შეფასებისას განუცხადა.

    „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგან ვიცით რამხელა გამოწვევებია, რამდენი პრობლემებია და ამ ყველაფერს სჭირდება მოგვარება. თვითონ გიორგი გახარიას კანდიდატურას რაც შეეხება, გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში. შესაბამისად, თქვენ ნახეთ გუშინ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურა იქნა გაჟღერებული, თუ რამდენად დიდი იყო კმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკვშირებით”,- განაცხადა კალაძემ.

  • ხმაური პარლამენტთან-გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

    პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საყვირებითა და სასტვენებით აპროტესტებენ   გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას. ადგილზე   დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

    შეგახსენებთ,  რომ დღეიდან პარლამენტში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა იწყება. საპარლამენტო კომიტეტებში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

    დღეს დილით  საკანონმდებლო ორგნანოში არ შეუშვეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათზე საშვები იყო დაშვებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში არ შეუშვეს.

  • ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს, ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მანახეთ-ვაშაძე

    ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს, ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მანახეთ-ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ვაშაძემ იმ რეპრესიულ მეთოდებზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით მთავრობა იყენებს.

    „როგორც კი დაინახავენ ოპოზიციის წევრებს, როგორც კი დაინახავენ იმ მოქალაქეებს, ვისაც შეუძლიათ პარლამენტში შესვლა და კვალიფიციური კითხვების დასმა, მაშინვე იწყებენ დემოკრატიის თამაშობანას შეწყვეტას და რეპრესიული მეთოდების გამოყენებას. მათ ეშინიათ კითხვების იმიტომ, რომ არცერთ ნორმალურ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ. ჩვენ ვერ შევედით და ვერ დავუსვით შეკითხვები მთავრობის ახალდანიშნულ წევრებს. რა ეშველება ლარს, რომელიც იატაკზე აგდია და სულს ღაფავს? რა ეშველება ეკონომიკას? რა ეშველება სიღარიბეს, რომელიც ყოველწლიურად მატულობს საქართელოში? რა ეშველება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, რომელიც არ გვაქვს? დავრჩით მარტო გადამდგარი ბახტაძისა და მის მიერ შექმნილი სტრატეგიული ჩარჩოს ამარა. ვიძლევი ერთ გაუფასურებულ ლარს, ბახტაძის გაკეთებული საქმე ვინმემ მანახეთ“, -აღნიშნა  ვაშაძემ.

  • პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები არ შეუშვეს

    პარლამენტში დღეს დილით არ შეუშვეს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას აპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათზე საშვები იყო დაშვებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში არ შეუშვეს.

    პარლამენტის წინ დილიდან მობილიზებულია პოლიცია. დღეიდან პარლამენტში ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა იწყება. საპარლამენტო კომიტეტებში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.