Category: არქივი

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9700 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9700 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9636 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2738 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2683 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.

  • „მადამ პრეზიდენტისგან არ გამკვირვებია, ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსუსური განცხადებების გახმოვანებას”-გრიგოლია

    ინგა გრიგოლია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერს ხატია მოისწრაფიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, ხატიას თანამდებობა სამსახურიდან გაშვებული მეგობრის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას შეეწირა. როგორც ცნობილია, ხატია მოისწრაფიშვილმა ნოდარ მელაძეს გამოუხატა მხარდაჭერა, თუმცა თავად ხატია აღნიშნავს, რომ სამსახურიდან ამ მიზეზით არ წამოსულა.

    „პრესსპიკერს რომ გაუშვებ სამსახურიდან გაშვებული მეგობარი ჟურნალისტის სოლიდარობის გამო. რომ ვთქვა, მადამ პრეზიდენტისგან გამიკვირდაო, ტყუილი იქნება, ის უფრო მიკვირდა, ხატია როგორ უძლებდა მისი უსახური განცხადებების გახმოვანებას, კედელზე კი დაგიწერე და ახლა ჩემი გვერდიდანაც გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს ,ხატია“- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. 

    პრეზიდენტის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გახდა

    “თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მივიღე” – ხატია მოისწრაფიშვილი

  • “თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მივიღე” – ხატია მოისწრაფიშვილი

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ მას საქართველოს პრეზიდენტის სპიკერის თანამდებობა დაატოვებინეს.

    „ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს ყოველთვის ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათვის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა.

    სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული.

    მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არა სწორი და მცდარი ინფორმაცია.

    გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

    თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ ამას ვაცნობებ პირველყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს. დამატებით საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატია მოისწრაფიშვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოდარ მელაძის რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობიდან გათავისუფლების შემდეგ მას ფეისბუქზე სტატუსი მიუძღვნა, რომელშიც ამბობდა, რომ ნოდარ მელაძე მისი მეგობარია, მის მიმართ უამრავი თბილი სიტყვა თქვა და წარმატებები უსურვა. დღეს ეს სტატუსი ხატია მოისწრაფიშვილის ფეისბუქ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა როგორც ამბობენ, ამ სტატუსმა ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია და მას ამის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხი მოთხოვეს, მათ შორის პირადად პრეზიდენტმაც.

    პრეზიდენტის პრესმდივანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზი კოლეგის მიმართ სოლიდარობა გახდა

  • “ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა”-ხაზარაძე მუქარის წერილზე

    წერილის ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა, – ეს განცხადება  “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს იმ წერილთან დაკავშირებით გააკეთა,  რომელიც მისი მტკიცებით, მას  გიორგი გახარიამ მისწერა.

    “თქვენ იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა წერილის ექსპერტიზის პასუხი ჩამოიტანა. პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დამთავრდა, რასაც ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება. მათ საფუძველი ჰქონდათ, რომ ეს საქმე თებერვალში აღეძრათ, რაც არ გააკეთეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. ვფიქრობ, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება.

    იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში შეიძლება, რომ ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული, მითუმეტეს, რომ ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • სესხი სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის – თიბისი ბანკის შეთავაზება სტარტაპერებს

    თიბისი ბანკი სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს – სესხს სტარტაპ აგრო ტურიზმისთვის ქმნის.

    დღეიდან, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ფერმერული მეურნეობა განავითარონ და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ან რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი.

    სტარტპ სესხი აგრო ტურიზმისთვის განკუთვნილია იმ სტარტაპერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარ ფერმერულ მეურნეობაში ტურისტული საქმიანობის წამოწყება, სადეგუსტაციო კუთხის, მარნის, მცირე საოჯახო სასტუმროს ან კოტეჯების მოწყობა, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების გამასპინძლება მათ მიერ წარმოებული პროდუქტით.

    სტარტაპ აგრო ტურიზმით სარგებლობა შეუძლია დამწყები ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვისაც დასაფინანსებელ ან სოფლის მეურნეობის მონათესავე დარგში მინიმუმ 24 თვიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

    სტარტაპ აგრო ტურიზმის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სტარტაპერის ვებ-გვერდზე: https://startuperi.ge/ka/agro-loan

    „სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა.

    სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.startuperi.ge

  • “კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს”- ინაშვილი

    „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ემზარ კვიციანი თავს არავის დახმია, არამედ ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს, მან კი საკუთარი ღირსება დაიცვა.

    “ყველა საინფორმაციო საშუალების საყურადღებოდ ვწერ: ემზარ კვიციანი არავისთან არ მისულა! ემზარ კვიციანი გამოვიდა საქართველოს პარლამენტის შენობიდან და მიემართებოდა არა აქტივისტებისკენ, არამედ გამოძახებული ტაქსის მიმართულებით! მეორე – ემზარ კვიციანი არავის არ დასხმია თავს, ემზარ კვიციანს დაესხნენ თავს და მან დაიცვა საკუთარი ღირსება.

    გასაგებია, რომ კამათი მიდის თავდაცვის ფორმაზე, მაგრამ გეუბნებით მკაფიოდ: გადახედეთ სისხლის სამართლის კანონმდებლობას. კანონი ცალსახად გვეუბნება, რომ ვინც ადამიანს (მიზანმიმართული პროვოკაციის გზით) მიიყვანს ემოციურ აფეთქებამდე, ის ისჯება! ისჯება! თუ არ ვცდები 3 წელია სასჯელი“, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

    დეპუტატის თქმით, პარლამენტის შენობის შესასვლელთან მობილიზებულია არა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი, არამედ ბოკერია-სააკაშვილის რამდენიმეკაციანი პარტაქტივი. ირმა ინაშვილი შს სამინისტროს მოუწოდებს, დროულად იმოქმედონ და „პროვოკატორთა ჯგუფის“ ქმედება აღკვეთონ, რომლებიც, მისი თქმით, დეპუტატებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებენ.

    „ეს არაა უბრალოდ ახალგაზრდების ჯგუფი. რომელია ნეიტრალური, თან, ახალგაზრდა აქტივისტი: სააკაშვილის მედიაზონდერი გიორგი კაპანაძე? კლონირებული ბოკერია- ვინმე რუხაძე? თუ ერთ დროს რუსეთით აღტაცებული ვინმე მაქარაშვილი? ესაა პროვოკატორთა ჯგუფი და მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, – დროულად იმოქმედონ და აღკვეთონ ამ პროვოკატორების ქმედება, რომლებიც რეალურად დეპუტატებზე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ტერორს, მორალურ ტერორს და იწვევენ დანაშაულის ჩადენისკენ.

    თუ ამ ჯგუფის ქმედება დროულად არ მოექცევა კანონის ფარგლებში, საპროტესტო აქციების მოწყობა როგორი უნდა, ამას ხელისუფლებასაც ვაჩვენებ და ბოკერია-სააკაშვილის ცხვრებსაც! მართლა ნუ გადა…. ვით თავზე! ჯერ ადამიანები ვართ, ღირსება გვაქვს და მერე ვართ დეპუტატები! ჟურნალისტებს კი, მოვუწოდებ: ობიექტურად გააშუქონ მოვლენები. ჯერ დაიწერა, რომ ემზარ კვიციანი დაესხა აქტივისტებს თავს, მერე ეს “ნიუსი” წაიშალა, ახლა ისევ იწერება, რომ ემზარ კვიციანი მიემართებოდა აქტივისტებისკენ. სირცხვილი ესაა, კოლეგებო“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

  • “ყველა სიტყვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან პარლამენტში მოვისმინეთ, იყო უბრალოდ წყალი”- ხიდაშელი

    ყველა სიტყვა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან პარლამენტში მოვისმინეთ, იყო უბრალოდ წყალი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვის ახალ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

    “გაცილებით ადვილი იქნებოდა ეს საუბარი, მთავრობის წევრებისგან რომ მოგვესმინა 1 წლის, ანუ სინამდვილეში რა ვადითაც დაინიშნენ ისინი, ამ პერიოდის გეგმა. ყველა მათგანმა კი ისაუბრა იმ ტიპის გეგმებზე, რომლითაც მთავრობა საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მოდის ხოლმე, შემდეგი 4 წელი წინ რომ აქვს. მაგალითად, ის, რომ ტყვიის წარმოების ქარხანა უნდა გავხსნათ, რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს ეს იდეა, როდესაც სულ 5-6 თვით ხარ მინისტრი, არასერიოზულს ხდის ღარიბაშვილის ამ განცხადებებს. ამიტომ ჩემი დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეა და არა იმ ემოციებით, რომელიც ზოგადად არსებობს. ყველა სიტყვა, რომელიც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, იყო უბრალოდ წყალი იმიტომ, რომ შეუძლებელია, ყველაზე საუკეთესო სურვილების მოთხოვნების პირობებშიც კი მათი შესრულება. იმ მომენტიდან გამომდინარე, რომელშიც ვიმყოფებით, მათ შორის კურიოზულია მისი განცხადება სამხედრო თვითმფრინავების წარმოების შესახებ, არასერიოზულობის გამო. ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ 5-6 თვეზე, როდესაც ეს მთავრობა მუშაობას შეძლებს. ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, ღარიბაშვილი არ არის ამ თანამდებობის შესაფერისი. მე თავის დროზე ლევან იზორიას პირადად კი არ ვერჩოდი. მასთან მიმართებაშიც იგივე პრეტენზია მქონდა, რომ არ არის სწორი და მიღებული პოლიციური, თუნდაც მოკლე, წარსულის მქონე ადამიანების ჯარში მისვლა. ეს არ არის სწორი ფორმატი იმიტომ, რომ არსებობს კარგი გაგებით ჯანსაღი კონკურენცია და პრინციპულად განსხვავებული მიდგომები სახელმწიფოს განვითარებასთან და მოსახლეობასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ამ უწყებებს შორის. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი გადასახედიდან ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, თორემ ივანიშვილის გადასახედიდან, აბსოლუტურად სწორი იყო,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

  • მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

    მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესხებ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    „ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან. ჩვენთვის ამ კლასის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან „რემბო“ ითამაშონ”-ფადი ასლი

    “ვფიქრობ, მომავალი 13 თვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი იქნება სამოქალაქო ომის შემდეგ, რადგან გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან „რემბო“ ითამაშონ,” – ამის შესახებ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ განაცხადა.

    “პირველ რიგში, ვიტყვი, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან გადაწყვეტილების მიმღები პირი კვლავაც ბიძინა ივანიშვილია. ის ადამიანებს ნიშნავს თანამდებობებზე და ათავისუფლებს, როცა უნდა. ახლა გახარია ყველაზე პოპულარული ადამიანია “ქართულ ოცნებაში”, ისევე, როგორც კვირიკაშვილი იყო და სწორედ ამიტომ დაინიშნა პრემიერი. ბიძინა ივანიშვილი გახარიას პოპულარობით ცდილობს საკუთარი თავის გაძლიერებას, მაგრამ ჩემი აზრით, შემდეგი 13 თვე ძალიან რთული იქნება და დიდი გამოწვევები იქნება. ვფიქრობ, მომავალი 13 თვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული პერიოდი იქნება სამოქალაქო ომის შემდეგ, რადგან გახარია, ღარიბაშვილი და გომელაური ეცდებიან „რემბო“ ითამაშონ და ამას ჩემი აზრით, ძალიან ნეგატიური შემობრუნება ექნება. ვფიქრობ, არ იქნება დიდი ცვლილებები. “ქართული ოცნება” ეცდება პოზიციების შენარჩუნებას, 2020-ის არჩევნებისთვის მოემზადებიან. გახარია არ გადადგა 20 ივნისის მერე, ივანიშვილის ხელში ის ერთადერთი ყინული იყო, ასე რომ, ივანიშვილს მისი “დადნობა” არ სურდა. თუმცა ქვეყნისთვის, ეკონომიკითვის და ა.შ. არაფერი შეიცვლება, ივანიშვილი ყველაფერს აკონტროლებს”, – განაცხადა ასლიმ.