Category: არქივი
-
სამხედრო მოსამსახურე რომელსაც 9 დღე ეძებდნენ იპოვეს
სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ქარელში ოჯახის წევრები ეძებდნენ, იპოვეს.
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ლაშა ჩოჩიშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ერთი კვირაა, ოჯახი ეძებდა, რის გამოც, გუშინ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.
-
ბათუმში 4000 ბავშვიდან 1600 საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა
ბათუმში, 2019 წელს, 1600 ბავშვი საჯარო ბაღში ვერ მიიღეს, ქალაქში არსებული 33 საჯარო ბაღში საკმარისი ადგილები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საჯარო ბაღში 7979 ბავშვი დადის, 116 ადგილი კი გარეუბნებში თავისუფალია.
ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ცნობით, ახალი ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე დაიწყო და მომავალ წელს გაიხსნება.
-
პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჭოლაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი ჭოლაძე დღეს თანამშრომლებსაც დაემშვიდობა.
„ყველა ვერ ესწრებოდა დღევანდელ (ბოლო) დილის შეკრებას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. წარმატებები“, – დაწერა გიორგი ჭოლაძემ ფეისბუქში.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ჭოლაძე მუშაობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
-
პრეზიდენტის შეცდომა ტვიტერზე- ზურაბიშვილს 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღი შეეშალა
სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა. შეცდომა ტვიტერის გვერდზე მალევე გამოსწორდა, თუმცა კომენტარებში უცხოელმა გამომწერებმა კომენტარების დაწერა მოასწრეს და შეუსწორეს, რომ ტერაქტი არა 19, არამედ 18 წლის წინ მოხდა.
“19 წლის წინ, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა ენითაუწერელმა ტრაგედიამ. ნიუ-იორკში განხორციელებულმა შეტევებმა შეცვალა ისტორია,თუმცა მსოფლიო გააერთიანა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, მთელი საქართველო იხსენებს 2977 მსხვერპლს 11 სექტემბრის ტერაქტიდან” – წერდა პრეზიდენტი.

-
კრიმინალის მკვეთრი მატება-საქართველოში დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა
2019 წელს (იანვარი-ივლისი) დანაშაულის რიცხვი 17,23%-ით გაიზარდა. მონაცემებს ინფორმაციის განვითარების ცენტრი ავრცელებს.
მონაცემები შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეყრდნობა. სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში სულ დარეგისტრირდა 38 748 დანაშაული, რაც 17,23% ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2019 წელს ასევე, უარყოფითი ტენდენციაა დანაშაულის გახსნის თვალსაზრისით, რომლის მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით 4%-ით გაუარესდა. შესაბამისად, თანაბარი მეთოდოლოგიის და აღრიცხვიანობის პირობებშიც დანაშაულის რიცხვი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებლები შემცირებას.



“2019 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო მაჩვენებლის გაურესების მიზეზების სრულფასოვანი ანალიზისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალკეული დანაშაულების მიხედვით არსებული დინამიკის ანალიზი. სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით მხოლოდ სატრანსპორტო და სამოხელეო დანაშაულთა ჯგუფების მაჩვენებლები შემცირდა. სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფის ზრდის მაჩვენებელი 4%-დან – 33%-მდე მერყეობს. მაგალითად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 33%-ით არის გაზრდილი, რაც უმეტესწილად მუქარის მუხლით გამოვლენილი დარღვევების 393 შემთხვევით მატებამ განაპირობა.
წინა წელთან შედარებით, 26%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაულების რიცხვი. მათ შორის, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებულია 257-ით მეტი შემთხვევა, ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარებაზე – 227-ით მეტი შემთხვევა. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება, გარკვეულწილად შესაძლებელია წინა წელთან შედარებით კონტროლის გამკაცრებით აიხსნას.
2019 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 16%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. მათ შორის აღსანიშნავია, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების რაოდენობის 15,5%-ით (168 შემთხვევით) მატება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 54%-ით (25 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა ამავდროულად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 43,7%-ით (7 შემთხვევით მეტი) გაიზარდა.
2019 წელს კვლავ მნიშვნელოვნად (19,6%-ით) გაიზარდა საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი. საიდანაც ყველაზე დიდი ზრდა კვლავ (+2265 შემთხვევა) ქურდობაზე მოდის. ქურდობის მაჩვენებლის მსგავსი ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 8%-ით კლება.
მიმდინარე წელს ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი (+305 შემთხევა, +10,38%) გაუპატიურების მაჩვენებელი (+18 შემთხევა, +36%) და კომპიუტერული დანაშაულის მაჩვენებელი (+610 შემთხვეა, +130%) რომელიც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას და ხელყოფას”-აღნიშნულია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
ჩემი მიზანი რომ კონფერენციის ჩაშლა ყოფილიყო 10 000 ამომრჩეველთან ერთად მივიდოდი-ინაშვილი
“მე მივედი კონფერენციაზე მარტო. არავითარი ჩაშლა ამ კონფერენციის არ გვქონდა განზრახული, კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო ჩემი მიზანი, მოგეხსენებათ ჩვენს პარტიას მრავალი ათასი მხარდამჭერი ჰყავს და მე ამ 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი “ბელინსკის” ქუჩაზე და საერთოდ გადაიკეტებოდა მოძრაობა იმ ტერიტორიაზე”-ეს განცხადება პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ირმა ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და 15 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან მასშტაბური აქცია დააანონსა.
-
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9688 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2634 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2784 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.015 ლარი შეადგინა.
-
“კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”-ინაშვილი უცხოელ დიპლომატზე
“კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”-ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ის დიპლომატს მანამდეც შეხვედრია და ინფორმაცია, რომ ინაშვილი მას არ იცნობდა სიცრუეა. ინაშვილმა შეხვედრის დამადასტურებელი ფოტომასალაც წარმოადგინა, სადაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერი კრამერთან ერთად არის გადაღებული.
“დღეს მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი რომ რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაგრამ არის სრული დუმილი, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს.
მინდა დავიწყო ბატონი კრამერის დიდი ტყუილიდან, თითქოს ის მე არ მიცნობდა, მე და კრამერი ვიცნობთ ერთმანეთს 2010 წლიდან. ჩვენ შეხვდით მას სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და საუბარი იყო იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, იყო ძალიან მძიმე შეხვედრა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ბატონი კრამერი იყო სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი. კრამერი ძალიან კარგად მიცნობდა, კარგად იცის რომ მე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიოტთა ალანსის გენერალური მდივანი და დასკვნა არის მარტივი: კრამერი არის მატყუარა და გარდა ამისა არის თავხედი და უზრდელი ადამიანი,”-განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილის განცხადებით, გუშინ მისი მიზანი საერთაშორისო კონფერენციის ჩაშლა არ ყოფილა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის მტკიცებით, თუ მას ასეთი სურვილი ექნებოდა, კონფერენციაზე მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად მივიდოდა.
-
მახსოვს, როგორ ფარულად მტკივნეულად განიცდიდა დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას – წულუკიანი ნოდარ ხადურზე
ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის გარდაცვალებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმასაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს. და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი შენ, რეებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”-წერს წულუკიანი.
ნოდარ ხადური 10 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა, მას 14 სექტემბერს დაკრძალავენ.