Category: არქივი

  • იმედი გვქონდა, რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ ხაზარაძემ ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა-ბარამიძე

    “იმედი გვქონდა, რომ ახალი მოძრაობის დაფუძნებით რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა” – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.

    “მას ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ისიც კი არ უთქვამს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს პუტინის გეგმის შემსრულებელ რეჟიმთან თანამშრომლობას. ამან ბევრი კითხვა გააჩინა. ჩვენი სურვილია, საქართველოში ყველა პროდასავლური ძალა იყო რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი, ყველამ მაქსიმალურად გვერდზე გადავდოთ ადრე არსებული დაპირისპირება და შევეცადოთ სამშობლო ამ ჭირისაგან გავათავისუფლოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძემ.

    შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გამართა და მოძრაობის სახელწოდებად “ლელო” დაასახელა.

  • „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ბრალდებულ კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამენიას აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

    შეგახსენებთ, რომ  კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

  • ხაზარაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ბიბლიურ-მისტიურ წარმოდგენას გავდა – გია ვოლსკი

    ხაზარაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ბიბლიურ-მისტიურ წარმოდგენას გავდა- “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოსლკი ხაზარაძის  “ლელოს” პრეზენტაციას აფასებს.

    „მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიური, მისტიური, ლირიული წარმოდგენა ექნებოდა – ლელო, საქართველო, პოეზია. მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს. მე ძალიან მდარე შთაბეჭდილება დამრჩა.

    ვფიქრობ, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველამ უნდა გადავხედოთ ჩვენს ყოფიერებას, რადგან საზოგადოებამ გარკვეულწილად გაუსწრო პოლიტიკური კულტურით პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც კვლავ ძველ ჩარჩოში აგრძელებენ ერთმანეთთან პოლემიკას. ისე იქნება, როგორც საზოგადოება გადაწყვეტს. ვინ შემოვა პარლამენტში, ვინ არ შემოვა, ვინ დარჩება პოლიტიკურ ველზე და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

    შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში  გამართა და მოძრაობის სახელწოდებად “ლელო” დაასახელა.

  • მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    ხორავას ქუჩის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული  მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

    მიხეილ კალანდიას ადვოკატი  აცხადებს, რომ საქმე პოლიტიზირებულია.

    „ეს საქმე არის პოლიტიზირებული, ამ საქმეში გამოკვეთილია ორი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გაითამაშეს არაჩვეულებრივად ურთიერთშეთანხმებით და ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყვეტილიყო, ეს იყო ამათი დანიშნულება. მეორე მხარე, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, მათ სარგებელი უნდა მიეღოთ წინასწარი შეთანხმებით, ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ მიხეილ კალანდიას ხელისუფლება დაიჭერდა, ასეთ შემთხვევაში სუბელიანზე გამოამჟღავნებდა რაღაც კადრებს რომელიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება.

    დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი დანიშნულება კი, იყო ის, რომ ოთარ კახიძეს მოეპოვებინა მტკიცებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ვანო მერაბიშვილისთვის. ეს არის საქმის ზედმეტად პოლიტიზირება, პარტიების განცხადებები, ვიღაცებს თურმე პრემიერ მინისტრობაც კი უნდოდა, ორი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე. მე ვგულისხმობ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, რომელთა გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე გამოიყენეს მათი მდგომარეობა და უნდოდათ სახელმწიფო გადატრიალება, პრემიერ-მინისტრობა უნდოდა ზვიად კუპრავას, ეს ცალსახად ითქვა, ბატონმა ზაზამ საჯაროდ განაცხადა თავის დროზე. დღეს მე ეს კითხვა შევეკითხე მაგრამ ვერ გაიხსენა. მმართველი გუნდიც არის ამაში გარეული, რომ ოღონდ არ იყოს ბუნტი და მიხეილ კალანდია იჯდეს ციხეშიო. „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ. ბატონი ზაზას პასუხები ჩემს კითხვებზე იყო სრულიად დამაკმაყოფილებელი. შესაძლოა, მიხეილ კალანდია იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მსხვერპლი, არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ ჯერ დაზუსტებულად ვერ გეტყვით“, – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

    დღეს სასამართლოს წინაშე დაიკითხა ზაზა სარალიძეც.

    „ზაზა სარალიძის პასუხები ემთხვეოდა ბრალდების ფორმულირებას, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ასევე გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

  • ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“, რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს-სააკაშვილი

    ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

    „ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი და უნდა გავარღვიოთ. თურმე ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი იგივე ლაზიკის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი, გასული წლის არჩევნების წინ – მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს და რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის, ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს ეს პორტი იქნებოდა დამთავრებული და ეს იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება და არა ოლიგარქის საკუთრება, არა ბარიგის, არა მორიგი მოვახშის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა და ერთად მიითვისეს ეს პორტი და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშავოს და ქართველი ხალხი რა შუაშია აქ საერთოდ? ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და ივანიშვილი და მისი პატრონი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე. მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ ქართველები და ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას, მევახშეებისა და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა ათი მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და, რა თქმა უნდა, საქართველოში იქნება ლაზიკის პორტი. ამას ვამბობ მე, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე. ამათი დრო წავა და მეორე მევახშეების დრო საქართველოში არასდროს დაბრუნდება, საქართველოში უნდა გათენდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

    იტალიაში საქართველოს მოქალაქე სახლების გაქურდვისთვის დააკავეს.იტალიური მედიის ინფორმაციით,   42 წლის კ. კ. ქალაქ მესტრეში დააკავეს.

    გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ბინებს ისე ტეხავდა, რომ კვალს არ ტოვებდა. 

    42 წლის კაცი საცხოვრებელ  სახლებში პლასტიკური ბარათის საშუალებით აღწევდა და ღამეში მინიმუმ 3  ბინის გაქურდვას ახერხებდა.

  • “უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში”-პატრიარქმა გახარიას გაპრემიერება მიულოცა

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა ულოცავს.

    ილია მეორის წერილი საპატრიარქოს ოფიციალურმა გვერდზე გაავრცელა.

    „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ეს არის საპატიო და ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა; ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას; ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მეტად რთულ დროში თქვენი და საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების დასაძლევად. უფალი შეგეწიოთ თქვენს ყველა ღვთისსათნო საქმეში“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში.

  • ვაჟა-ფშაველაზე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

    თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. განცხადებას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

    კომპანიის ცნობით,  ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შევიდა, რომელმაც ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნო.

    “ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა. დაკეტილ ბინასთან გაზის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა გაზის ონკანი გადაკეტეს და ბინაში სამაშველო სამსახურის ეკიპაჟის დახმარებით შევიდნენ. როგორც აღმოჩნდა, საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო“ – ნათქვამია კომპანიისმიერ გავრცელბულ განცხადებაში.

    „თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას სახლიდან გასვლისას გაზის დანადგარების შემოწმებისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

  • ხაზარაძის წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს – დავით ჭიჭინაძე

    დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას  ეხმაურება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევს.

    „12 ლიდერს ვეძებო, მოციქულები მგონია 12-თან დაკავშირებით. ისე, მისი წარსული ალი ბაბა და 40 ყაჩაღს უფრო ჰგავს, ვიდრე 12 მოციქულს. პოლიტიკას ცოტა სხვა ენა ახასიათებს და ვურჩევდი, მეტად ორიენტირებული იყოს ხალხის ბედნიერებაზე და არა ლიდერების ძებნაზე. ლიდერები, ბიზნესის გაგებით, არ ზრუნავენ ხალხისთვის, ისინი ფიქრობენ საკუთარი კომპანიის გამდიდრებაზე. ხაზარაძეს თუ უნდა, რომ საკუთარი პარტიის წევრების გამდიდრებაზე იფიქროს, ვფიქრობ, ძალიან ცუდად დაამთავრებს. არ მგონია, რომ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანებს ძარცვავდა, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    დეპუტატი  ხაზარაძის მოძრაობის სახელწოდებასაც აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ “ლელოს” ხაზარაძე ბიზნესინტერესებისთვის იყენებს.

    „მსოფლიო ჩემპიონატია ახლა რაგბიში. საქართველოს ნაკრებს სპონსორი ჰყავს „თიბისის“ სახით და ეტყობა უნდა, ესეც მიითვისოს. სხვათა შორის, ბევრი სპონსორი იყო რაგბიში, მაგრამ პოლიტიკაში ეს არავის გამოუყენებია. მის მერკანტილურობაზე მეტყველებს ეს“, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

  • ზაზა სარალიძე რა მორალური უფლებით უყენებს ჩემს ძმას მკვლელობის ბრალდებას?-ლუკა კალანდია

    “მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას” – ამის შესახებ ჟურნალისტებს  დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა.

    კალანდია აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც  მისი  ძმის  ბრალეულობას დაამტკიცებს არ არსებობს.  

    „უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილოა”, – აცხადებს ლუკა კალანდია.

    მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეეფარდა.