Category: არქივი

  • ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში-ხაზარაძე

    “ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში”-ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, ახალი მოძრაობის, “ლელოს” დაფუძნების პრეზენტაციაზე  განაცხადა. ხაზარაძემ მოძრაობის სტრუქტურაზეც ისაუბრა.

    “ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის, ან რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით შედეგზე ორიენტირებული.

    მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ თარიღებს დავასახელებთ, ჩვენ კონკრეტულ მიზნებს დავასახელებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან, ან ჩვენ ვიქნებით აი ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია.

    ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასაარჩენია.

    ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს, მას ამის გაკეთება შეუძლია. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დღესაც 12 რიცხვია, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო.

    მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველგან, მიმოვიხედოთ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარეშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის”, – თქვა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.

  • ვინ გაერთიანდა ხაზარაძის “ლელოში” ცნობილი სახეებიდან

    ცოტა ხნის წინ, ანაკლიაში მამუკა ხაზარაძისა და  ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” პრეზენტაცია გაიმართა.

    მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ გეგმებზე ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობა უნდა დასრულდეს.

    ხაზარაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად  ცნობილი პოლიტიკოსების დახმარების გარეშე აპირებენ ბრძოლას. პრეზენტაციაზე  ხაზარაძემ თქვა, რომ ის და მისი მოძრაობა  სხვადასხვა სფეროს 12 ლიდერს შეკრებს.

    „ჩვენ, დამოუკიდებლად, ახალი ძალებით, ყოველგვარი ცნობილი სახეების გარეშე, არავისთან ვითანამშრომლებთ, ამ ეტაპზე, როცა მოვხვდებით პარლამენტში, გამარჯვებულნი, იქ გადავწყვეტთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენი მოძრაობა მიმართულია ხვალინდელ პერსპექტივაზე, და ვერანაირი წინააღმდეგობა შეუშლის ხელს”,- განაცხადა ხაზარაძემ.

    ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი პოლიტიკური პარტია ოქტომბერში დაფუძნდება და მასში ახალი სახეებიც იქნებიან. დამფუძნებლები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, ვინ გაერთიანდება ცნობილი სახეებიდან  პოლიტიკურ პარტიაში.

    მოძრაობის პრეზენტაციაზე საზოგადოებას ბევრი  ცნობილი სახე არ უნახავს. პრეზენტაციას ესწრებოდა საიას ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელიც  მოძრაობის სპიკერი იქნება.

    მოძრაობას ასევე შეუერთდა იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც ასევე  საიას ყოფილი თავმჯდომარეა და  გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად  პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მუშაობდა.

    ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხაზარაძის მოძრაობას თემურ ჭყონიაც უერთდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დადასტურდა. ჭყონია ანაკლიაში “ლელოს” პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდა.

  • ხაზარაძე-ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა (ვიდეო)

    „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ანაკლიაში გახდა, სადაც “თიბის ბანკის“ დამფუძნებლები საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას მართავენ.

    “ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობა, ექნება მიზნების მიწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოზე გამარჯვებულის ორიერტირებული მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა “ლელო” – განაცხადა ხაზარაძემ.

    „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ივნისში განაცხადა.
    აგვისტოში მან დააზუსტა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა სექტემბერში დაფუძნდებოდა.
    ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი უერთდება. ის მოძრაობის სპიკერი იქნება. ინფორმაცია ამის თაობაზე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თავად მამუკა ხაზარაძემ გამოაქვეყნა.

    მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.

  • “ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის”-მამუკა ხაზარაძე

    “ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და სწორედ აქედან უნდა ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ”- ამ სიტყვებით დაიწყო მამუკა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში. 

    “ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან,  პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით ვუძღვებოდით საქმეს, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ ჩვენ შეგვკრიბა აქ სხვა რეალობამ, საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც შექმენს ცალცალკე სხვადასხვა სფეროში შექმნეს წარმატების ისტორია,სად აღმოვჩნდით ბოლო 30 წლის განმავლობაში,  რატომ ვართ სულ მოჯადოებულ წრეში, საქართველომ ბევრი რამე დაკარგა, დაკარგა ტერიტორიები,ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში,  კარგავს ინვესტიციებს, რაც მთავარია კარგავს თავის ხალხს,ხალხი რომელიც გადის ქვეყნიდან.  მე მესმის იმ ადამიანების, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკონომიკურად და მათ  დატოვეს ქვეყანა”-განაცხადა ხაზარაძემ.

  • “მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ…დღეიდან ვიწყებ შიმშილობას” – თამარ მეარაყიშვილი

    ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც მესამე წელია რაც შინაპატიმრობაშია და საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

    „დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით- მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლებიბს მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.

    ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც.“- წერს მეარაყიშვილი

    2017 წელს, ე.წ. ლენინგორის პროკურატურამ  მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და ცილისწამება ადგილობრივი მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ მიმართ.

    2019 წლის 10 ივლისს ახალგორის სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ზემოთაღნიშნული ბრალდება  მოუხსნა, თუმცა, გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა ე.წ. საარბიტრაჟო სასამართლოში.

  • “ფორსაჟის” გადაღების გამო, 13 სექტემბერს ვარაზის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

    ჰოლივუდური ფილმის “ფორსაჟი 9” ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე, 13 სექტემბერს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს, ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე, ასევე, დათუაშვილის ქუჩას და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

    თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება.

    გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.

    “13 სექტემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონიდან, ასევე, სოფელ თხინვალადან და სოფელ ლისიდან, როგორც კერძო ტრანსპორტი, ასევე, ავტობუსები N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან, ანუ კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური “დელისი” განისაზღვრება”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ზესტაფონის მერიის სამსართულიან შენობაში ლიფტის მონტაჟისთვის ბიუჯეტიდან 64 000 ლარი გამოიყო

    ზესტაფონის მერიის სამსართულიან შენობაში ლიფტის დამონტაჟება  ბიუჯეტს  64 000 ლარი უჯდება.

    მერიამ  ლიფტის დასამონტაჟებლად ტენდერი 1- სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ბოლო ვადად კი 25 სექტემბერი დააწესა.

    ტენდერის  დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი ადაპტირებული ლიფტის შესყიდვასა და  მონტაჟს აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან  64 000 ლარია გამოყოფილი.

  • სამშენებლო მასალის კანონდარღვევით შემოტანის და რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება – გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ – ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით, შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლების გადახდის გარეშე, ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება – გამოყენების გზით, საქართველოში მისი რეალიზაცია განახორციელეს.

    გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე ვადით   თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.