Category: არქივი

  • ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

    ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ვანო ზარდიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „2016 წლიდან მქონდა პატივი ვყოფილიყავი მე-9 მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი, სადაც ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი. საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, რომ სხვადასხვა მხრიდან თითოეული მათგანის მიმართ მუდმივად მიდის ტალახის სროლა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სხვადასხვა გარემოების გამო, ამ გუნდში მეც აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ 2003-2012 წლებში ჩემი ყველაზე დიდი თანამდებობა განყოფილების უფროსობა იყო, მე ამომარჩიეს იმ დროსთან დაკავშირებული შავი პიარის სამიზნედ.

    ამისდა მიუხედავად ამ სამწლიანი ბინძური, ნეგატიური კამპანიის ფონზე ვერ მოიძიეს ვერც ერთი ფაქტი, ვერც ერთი მტკიცებულება, რომ რაიმე კანონის საწინააღმდეგო ან რამე ცუდი ჩამედინოს. სამწუხაროდ, პოლიტიკაში მრავლად აღმოჩნდნენ ასეთი კამპანიის ავტორი ადამიანები – ხალხი, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სხვის პირად მორალს არც არასდროს შევხებივარ და არც დღეს ვაპირებ ამის გაკეთებას. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სამ წელზე მეტი ვიმუშავე საქართველოს მთავარი აუდიტორის პირველ მოადგილედ და ყველამ იცის, რომ სერიოზული პოზიტიური შედეგებიც მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ შავი პიარის სამიზნე არ ვიყავი. განტევების ვაცის გამოყვანა ჩემგან მხოლოდ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ განიზრახეს. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩემს მხარესაა, ნამდვილად არ მინდა ვიყო პროვოკაციების წყარო იმ ადამიანების თუ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც პოლიტიკური დღისწესრიგის შექმნას და პოზიტიური პროცესების დაზიანებას ჩემზე შეტევით თუ ტალახის სროლით ცდილობენ. დგება მომენტი, როდესაც ვალდებული ხარ გაუფრთხილდე საკუთარ ოჯახს და შენს გუნდს. აქამდე მე ვიცხოვრე ისე, რომ არასდროს შემრცხვება სხვისთვის თვალებში ჩახედვის და ასე ვიცხოვრებ მომავალშიც, სხვებს კი მოვუწოდებ ნაკლები სიძულვილი და მეტი საქმე აკეთონ პოლიტიკაში და გააკეთონ ეს ღირსეულად.

    მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვუსურვო მათ წარმატება და მხარდაჭერა გამოვუცხადო ქვეყნის განვითარების საქმეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსთავში 35 წლის მამაკაცის სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელები დააკავეს – შსს-ს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

    „გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა – 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი – დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

    მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ძველ ბათუმში ქვაფენილი ჩააბეტონეს

    ბათუმის მერიის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “გზებმა” – მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაში, დაზიანებული ქვაფენილი ჩააბეტონა. ინფორმაციას და ფოტომასალას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

    კონტრაქტორმა კომპანიამ ქვაფენისლის დაზიანებული ნაიწლი ასფალტით ამოავსო, თუმცა ის ამ ქმედების გამო არ დაჯარიმებულა.

    მერიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტორ კომპანიას გაფრთხილება მისცეს და ხარვეზი უახლოეს დღეებში გამოსწორდება.

  • თბილისში, აფთიაქში შესულ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს

    თბილისში, აფთიაქში შესულ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. შემთხვევა გორგასლის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა მანქანის მეპატრონე აფთიაქში ცოტა ხნით  იყო შესული.

    „სამი წუთით შევიდა კაცი აფთიაქში და გამოსულს მანქანა მოპარული დახვდა“, -აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

  • “ბოლტი” ამტკიცებს, რომ ტაქსებზე ფასები არ გაზრდილა

    “მგზავრობის საშუალო ფასმა 1-2 ოქტომბერს, წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 5%-ით მოიმატა, თუმცა მომატებული ფასის პირობებში უფრო მეტი მძღოლი ჩაერთო აპლიკაციაში და საშუალო ფასი 3-4 ოქტომბერს ისევ წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა”- ეს განცხადება კომპანია “ბოლტმა” გაავრცელა. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ფასები ტაქსებზე არ გაზრდილა.

    გთავაზობთ “ბოლტის” განცხადებას:

    „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებაში გაიზარდა ინტერესი ტაქსების ინდუსტრიასთან დაკავშირებით რაც განპირობებული იყო რეგულაციების მეორე ფაზის ამოქმედებით. ინტერესი კონკრეტულად მომსახურების ფასის ზრდასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ჩვენი დაკვირვება.

    რა თქმა უნდა, 1 ოქტომბრიდან ჯერ ცოტა დროა გასული იმისთვის რომ ურყევი დასკვნები გამოვიტანოთ. თუმცა, პირველი რამდენიმე დღის დაკვირვებით შემდეგი ტრენდები შევამჩნიეთ:

    1) მგზავრობის საშუალო ფასმა 1-2 ოქტომბერს, წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 5%-ით მოიმატა, თუმცა მომატებული ფასის პირობებში უფრო მეტი მძღოლი ჩაერთო აპლიკაციაში და საშუალო ფასი 3-4 ოქტომბერს ისევ წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა.

    2) ქალაქში ავტომობილით გადაადგილების სისწრაფემ მოიმატა. წინა კვირის იგივე დღესთან შედარებით მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი მძღოლების მიერ 1 წუთში დაფარული მანძილი 3-5%-მდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს რომ გზებზე გამტარიანობა გაიზარდა.

    3) საგრძნობლად შემცირდა პარტნიორი მძღოლების უმგზავროდ გადაადგილება. მას შემდეგ, რაც B კატეგორიის ტაქსებს ქუჩაში მგზავრის აყვანა აეკრძალათ, ჩვენი მძღოლების უმეტესობა მგზავრობის დასრულებისთანავე ახდენს პარკირებას შემდგომ გამოძახებამდე.

    Bolt ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ჩვენი გამოცდილებით, ასეთი მცირე მასშტაბის ფასის გადახრები ხშირია სხვა ქალაქებშიც და შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული (მათ შორის ამინდზე, გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება/დამთავრებაზე, და ა. შ.). ამიტომ, ვვარაუდობთ რომ რეგულაციის მეორე ფაზაში გადასვლას მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენს (B კატეგორიის ტაქსების) ბაზარზე არ გამოუწვევია.

    ისიც გვესმის, რომ პიკის საათებში, როდესაც მოთხოვნა უკიდურესად გაზრდილია, ერთეულ მგზავრებს შეიძლება მგზავრობის ფასი საგრძნობლად გაეზარდოთ. თუმცა, ეს ახალი მოვლენა არ არის და დინამიური საფასო სისტემა ბოლოს ამოქმედებულ რეგულაციამდეც მოქმედებდა და არ უკავშირდება ამ უკანასკნელს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე რომ მეტი მძღოლი დავამატოთ ჩვენს სისტემაში და საკმარისად წავახალისოთ ისინი რათა პიკის საათში ყველას მოთხოვნა დისკომფორტის გარეშე დავაკმაყოფილოთ.“

  • ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში-სალომე ზურაბიშვილი

    ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში- ახალი ტრადიციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის დეცენტრალიზაციის   მიზეზით ახსნა.

    „ამის სიმბოლო არის ის, რომ ბატონი პრეზიდენტი ესტუმრება კახეთს და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში და ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რათა ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული, არის დამოკიდებული რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • “მე მინდა მივმართო თადუმაძეს, მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება”-ბაია პატარაია

    ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურა პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.

    “ერთი კვირა გავიდა და ბრალი არავის არ წაუყენეს, დაკავებული არავინ არ არის, მაშინ როცა ძალიან ძლიერი მტკიცებულებები არსებობს საქმეში. გვაქვს უცნაური შემთხვევა როცა სისტემა არ მუშაობს, მადლობა მინდა გადავუხადო თამთას, რომელიც იჩენს სიმამაცეს არის გულწრფელი და ღიად პასუხობს ყველა შეკითხვას, ვინაიდან პროცესი არ მიმდინარეობს მართლმსაჯულების სიტემაში, პროცესმა გადმოინაცვლა გარეთ, მედიაში. რეალურად გამოდის რომ ბრალად ვუყენებ მე, ილიას ეშმაკის ადვოკატის როლს თამაშობს ნიკა გვარამია, მსაჯულების როლს თამაშობს საზოგადოება.

    ეს არ არის ნორმალური პროცესი ასე არ უნდა ხდებოდეს ამ საქმეების გამოძიება და მიმდინარეობა. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ რომ პროკურატურა არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, შსს ატარებს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მაგრამ პროკურატურა არის სრულიად უმოქმედოდ და გაჩერებული, არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ ადამიანს, მაგრამ ამას პროკურატურა არ აკეთებს და მე მინდა მივმართო თადუმაძეს, მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება. დარმწუნებული ვარ რომ ეს საქმე წყდება მთავარი პროკურორის დონეზე და საქმე ხელოვნურად არის გაჩერებული.ჩვენ არავის არ მივცემთ იმის საშუალებას რომ ეს საქმე რაცანაირად ჩაიფარცხოს”-აცხადებს პატარაია.

    ბაია პატარაიამ ასევე მთავარ პროკურატურასთან აქცია დააანონსა და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

    შეგახსენებთ,  რომ თამთა თოდაძე “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

  • ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყო

    პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

    ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

    მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

    შეგახსენებთ, თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გუშინ ეწვია.

  • 12 წლის ბიჭი დამალობანას თამაშის დროს გარდაიცვალა

    12 წლის ბიჭი გაგრაში  დამალობანას თამაშის დროს  დაიღუპა. მოზარდმა დამალვა ელექტრო ქვესადგურში გადაწყვიტა და დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

    როგორც აღმოჩნდა, ელექტრო ქვესადგური  უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი დაკეტილი არ აიყო და მოზარდმა იქ შესვლა თავისუფლად შეძლო. 

    ოკუპირებულ აფხაზეთში, დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გასულ წელსაც დაიღუპა.მაშინაც ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ზომები  დაცული არ იყო.

  • რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მანქანა დაიწვა

    რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მანქანა დაიწვა. „მერსედესი“-ის მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

    „ინფო რუსთავის” ცნობით, მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.