Category: არქივი

  • “ვრცელდება ტყუილი, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე”-კალაძე

    “მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება, თითქოს 27 ათასი ტაქსის მძღოლი დავტოვეთ სამსახურის გარეშე. ეს არის არასწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროთ მის გამავრცელებლებს,” – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის გვერდზე პირდაპირ ჩეთერში განაცხადა. კალაძემ ტრანსპორტის განვითარების შესახებ ისაუბრა და ერთ-ერთი ტაქსის მაგალითზე მანათობლების გამოყენების პრეზენტაცია გააკეთა.

    დღეს თბილისის მერიამ მანათობლების დარიგება დაიწყო. ამ ეტაპზე, დაახლოებით 100-ზე მეტი მანათობელია გაცემული. ნიშნების გაცემას უზრუნველყოფს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობის მიხედვით, დაგეგმილია გაიცეს დაახლოებით 6500-ზე მეტი ნიშანი. მანათობლები გაიცემა მხოლოდ A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსებზე. მანათობლის მიღებისათვის, ტაქსის ნებართვის მფლობელმა უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, ხოლო სტატუსის შემოწმება ხდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ზე. ტაქსის ნიშნების გაცემა მოთხოვნის შესაბამისად გაგრძელდება.

  • ბიძინა ივანიშვილი კახეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს. 

    პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილი კახეთის  საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

    “შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის დეპუტატები: დავით მათიკაშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, გელა სამხარაული, გურამ მაჭარაშვილი, რომან მუჩიაშვილი, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.

    პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში

    გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო.
    Global Finance-მა ბანკები შეარჩია უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s-ის, Standard & Poor’s– ისა და Fitch–ისგან, ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან.

    „ბიზნესსაქმიანობა ახლა უფრო გლობალურად არის გადაჯაჭვული, ვიდრე ოდესმე, ეს დიდ და მცირე კორპორაციებს ახალ ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგებს. ჩვენ ვთავაზობთ ამ სიას, რათა კორპორატიულმა ფინანსურმა აღმასრულებლებმა საუკეთესო პარტნიორები იპოვონ თითოეულ ქვეყანაში, სადაც ისინი საქმიანობენ.” – განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

    „ჩვენ გვეამაყება, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაგვასახელეს, ეს არის ჩვენი ძლიერი კაპიტალის და მდგრადი ბიზნეს მოდელის აღიარება. თიბისი ბანკი 25 წელზე მეტია რაც არსებობს და დაარსების დღიდან, ჩვენ სანდო პარტნიორი და საიმედო ფინანსური სერვისების მიმწოდებლები ვართ ჩვენი საცალო მომხმარებლებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისთვის.” – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

    საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალიტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

    Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

  • “კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები” – დავით ჭიჭინაძე

    “კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები”-ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

    „ზარდიაშვილის გაშვებით „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ამომრჩეველთან ურთიერთობის ცოტა უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს, მაგრამ როდესაც ადამიანის გაშვებას იწერ აქტივად, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ „ოცნება“ ნეგატიური ადამიანებითაა გავსებული. ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ ზარდიაშვილი.

    ხოლო რადგან ბევრნი არიან და მეშინია ვინმე არ გამომრჩეს და ამით ვინმეს არ „ვაწყენინო“, ამიტომ დავარქვი მათ „კოლექტიური ზარდიაშვილები“. ისე, კიდევ ბევრი „ზარდიაშვილია“ „ოცნებიდან“ გასაშვები.

    მოკლედ, ეს უკვე ამ პარლამენტში უსაქმურობის და ბნელი საქმეების კეთების ფენომენია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

    შეგახსენებთ, დღეს ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი დღეს დატოვა.

  • უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის გატაცებასა და დეპორტაციაზე საქმე აღძრა

    უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილს სააკაშვილის გატაცებისა და უკრაინიდან დეპორტაციაზე საქმე აღძრა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა  ავრცელებს.

    უწყების მიერ გავრცელებული  ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის თებერვალში სააკაშვილმა უწყებაში განცხადება შეიტანა  მის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებისა და პოლონეთში უკანონო დეპორტაირებასთან დაკავშირებით.

    28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს გამოცემული ბრძანებულება სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც სააკაშვილი გააძევეს პოლონეთში.

  • ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება – ოხანაშვილი

    ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადწყვეტილება და მე მას პატივს ვცემ,- ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი ვანო ზარდიაშვილის წასვლას.

    „ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადწყვეტილება და მე მას პატივს ვცემ. ეს არის მისი პირადი არჩევანი. მან დაამტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა გიკავია. მთავარი არის ემსახურო საკუთარ ოჯახს და სახელმწიფოს. მან ეს გააკეთა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე. ერთი მტკიცებულება წარმოადგინოს ვინმემ, რაში შეიძლება ფიგურირებდეს მისი გვარი რაიმე სახის უკანონობასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

  • მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა არ გადავდგებოდი-ზარდიაშვილი გადადგომის მიზეზებზე

    “არცერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება მაგ ქალბატონს, პირიქით მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი”-ეს  კომენტარი დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა მედიასთან გააკეთა.

    ზარდიაშვილის თქმით, დეპუტატის მანდატის დათმობა ეკა ბესელიასთან მომხდარ ცნობილ ინციდენტს არ უკავშირდება,გადაწყვეტილება მან სხვა მიზეზით მიიღო. ზარდიაშვილი აცხადებს რომ მისი ოჯახი წნეხს განიცდიდა, რის გამოც თანამდებობა დატოვა.

    “ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით მე პარტიის ხელმძღვანელობას ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას მივმართე და ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება, მათ ქონდათ პოზიცია რომ არ უნდა დამეტოვებინა მანდატი, მაგრამ ეს არის ჩემი პოზიცია.  დგება ის მომენტი როცა უნდა თქვა თანამდებობაზე უარი, როდესაც ოჯახის წევრები არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან, შესაბამისად მე ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ხაზი გავუსვი რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს მოქალაქეებს და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის პირადი კეთილდღეობის საკითხი, შესამისად მე საზოგადოების ინტერესებიდან ამოვედი და მივიღე ეს გადაწყვეტილება”-განაცხადა ზარდიაშვილმა.

  • Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს – Jazz and Wine

    19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი – „Jazz and Wine“ გაიმართება.

    ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი “MF ROBOTS” და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen”.

    „Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება – ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.

    თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:

    ნაკრები 2 პერსონაზე – ფესტივალის ბილეთები და განთავსება “რადისონ ქოლექშენში” 19-20 ოქტომბერს – 900 ლარი.

    ნაკრები 2 პერსონაზე – ფესტივალის ბილეთები და განთავსება “Park Hotel”-ში 19-20 ოქტომბერს – 500 ლარი.

    თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.

    წელს “Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის – ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.

    ბილეთები შეიძინეთ ონლაინ – TKT.GE-ზე.

    ფესტივალის პროგრამა:

    19 ოქტომბერი, შაბათი

    · 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი – ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი;

    · 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – Sugerpie & Candymen-ის კონცერტი,:

    ქართული ღვინის დეგუსტაცია;

    მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)

    · 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;

    · 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი – MF ROBOTS” -ის შოუ

  • ავტობანზე ახალგაზრდა კაცს ორი მანქანა დაეჯახა და დაიღუპა

    40 წლამდე ასაკის კაცი ავტობანზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

    როგორც თვითმხილველები ყვებიან, ის გორიდან თბილისის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ჯერ ერთი, რამდენიმე წამში კი – მეორე მანქანა დაეჯახა. კაცი ადგილზევე დაიღუპა.

    რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირი იყო და სოფელ სვენეთში ცხოვრობდა.

    შსს გამოძიებას 276 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით აწარმოებს, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

  • “ეს სხვისი დაწერილი ტექსტია, თავისით არსად არ წასულა”-ბესელიას პირველი კომენტარი ზარდიაშვილზე

    “ეს სხვისი დაწერილი ტექსტია, თავისით არსად არ წასულა”-ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებაზე პირველი კომენტარი გააკეთა, მისი შეფასებიტ ზარდიაშვილმა “ქართულ ოცნებას” გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, სწორედ ამიტომ მას დეპუტატის მანდატი დაატოვებინეს.  

    “ქართული ოცნება აგვიანებს ხოლმე რეაგირებებს, უფრო ადრე როცა ვეუბნებოდი ბიძინა ივანიშვილს რომ ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები ააფეთქებდნენ პარტიასაც და პარლამენტსაც და ამას ვეუბნებოდი ვიდრე კობახიძე მართლა გადაწვავდა პარლამენტს, მაშინ რომ დაეგდო ყური და დაეჯერებინა ნაკლებ ზიანს მიიღებდა. ისე როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სანამ ფაქტი არ დადგა არ დაიჯერეს, ისე მოხდა ახლაც  დააგვიანეს. ზარდიაშვილი თავისით არსად არ წასულა დამიჯერეთ, ეს არ არის ის ადამიანი რომელსაც აქვს რაიმე ღირსება, მას დაატოვებინეს, მათ ისეთი ზიანი მიიღეს ზარდიაშვილის გამო, ამ ზიანის რეაბილიტირება იქნება შეუძლებელი, რას დაწერს განცხადებაში არ მაინტერესებს ეს სხვისი დაწერილი ტექსტია, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ბევრად მასზე ძლიერი ადამიანები მიპირისპირდებოდნენ და არ მახსოვს რომელიმე ყოფილიყო გამარჯვებული ამ ბრძოლაში”-განაცხადა ბესელიამ.