Category: არქივი

  • ეს დაახლოებით იგივეა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში-რა უნდა მელიას პარლამენტში-ნიკა მელია

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში ელექტრონული სამაჯურით უკვე  მეორედ მივიდა. როგორც მელია ამბობს, მას დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელება როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მის გარეთაც შეუძლია.

    “ეს დაახლოებით იგივეა რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში-რა უნდა მელიას პარლამენტში, დიახაც აუცილებლად ვივლი, მაშინ როცა საჭიროდ ჩავთვლი, არამხოლოდ პარლამენტში, ვივლი იქ, სადაც უნდა განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება: ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, რეგიონში და შევხვდები ამომრჩეველს. ამის უფლებას ვერავინ ჩამომართმევს,”- განაცხადა მელიამ.

  • სუს-ის ბევრ თანამშრომელს აქციებიდან ვიცნობ, შეხუმრებულებიც კი ვართ-ელენე ხოშტარია

    სუს-ის ბევრ თანამშრომელს აქციებიდან ვიცნობ, შეხუმრებულებიც კი ვართ-ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატის, გიორგი ლილუაშვილი მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური დევნით არის დაკავებული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით. ხოშტარიამ რამდენიმე მაგალითიც გაიხსენა, როცა სუსის თანამშრომლები მას დაყვებოდნენ.

    “რეალურად, თქვენი ახალი ფუნქცია არის პოლიტიკური დევნა, განსხვავებული აზრის დევნა და პოლიტიკური პოლიცია.

    მე მაგალითად ვიცნობ ძალიან ბევრ თანამშრომელს აქციებიდან. შეხუმრებულებიც კი ვართ ხოლმე, იმდენად კომიკურია სუს-ის მოგზავნა, ვითომ, როგორც სტუდენტის ან მანქანა დგას და ხელს უქნევ”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

  • ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს ოქტომბრელის ნიშანი უყიდა

    ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს ოქტომბრელის ნიშანი შეუძინა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. დოლიძის თქმით, კობახიძეს საჩუქარს 2020 წლის ოქტომბერში გადასცემს.

    “საჩუქარი შევუძინე ირაკლი კობახიძეს. მოგეხსენებათ, მათ ოქტომბრელებს ვეძახი და გპირდებით, რომ სწორედ კობახიძეს და იმ ოქტომბრელების გუნდს, რომელსაც წარმოადგენს ქართული ოცნება, პირადად გადავცემ ამ ოქტომბრელების ნიშანს რომ საამაყოდ  ატარონ, როდესაც ისინი სამუდამოდ დატოვებენ ქართულ პოლიტიკას 2020-ის ოქტომბერში”-განაცხადა ანა დოლიძემ.

  • როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

    თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება.

    ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება.

    გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.

    ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან“ ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან – მარჯვნივ.

    16 სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.

  • სირიაში 637 ტერორისტია განადგურებული – თურქეთის მთავრობა

    თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს 637 ტერორისტი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    თურქეთული მხარის ცნობით,  ლიკვიდირებული არიან  სირიელი ქურთეი მებრძოლები.

    თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი.

    ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში. მათი თქმით, სამხედრო მოქმედებები რეგიონში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებას უწყობს ხელს.

    სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს.

  • შსს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს – საია

    შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს, – ნათქვამია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით.

    „აღნიშნული ტიპის საქმეთა განხილვისას შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად იყენებს საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან (info.police.ge) ინფორმაციას ადმინისტრაციული სახდელების დადების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული.

    პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, რომლის ცვლილებას საფუძვლად დაედო საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში, სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

    საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები კანონთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

  • გლდანში არასრულწლოვანი დაჭრეს

    გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა არასრულწლოვანი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. უცნობია, თუ რა გახდა დანაშაულის მიზეზი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

    დაჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • პარლამენტში ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

    საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამაზე დეპუტატები არ საუბრობენ.

    ამ წუთებში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

    10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს. კერძოდ, დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

    15 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და სტუდქალაქის ტერიტორიის მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება დები იშხნელების, იოსებიძის და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 16 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და 26 მაისის მოედნის მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამასი არაგველის, არბოშიკის, ორთაჭალჰესის, შავსოფლის, იალბუზის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგია არ მიეწოდება მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მოკრორაიონის, ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10 საათიდან 17 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 18 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, მთაწმინდის, ვეძინის, რიწის, ყიფიანის, ცხემის, მესხის, ძმები ზუბალაშვილების, არსენას, ზაალ ქიქოძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

  • “ბიძინამ თქვა, პუტინს ბოდიში შევუთვალეო“ – დავით ბერძენიშვილი იხსენებს, რის გამო მოუბოდიშა ივანიშვილმა პუტინს

    რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა ტვ პირველის ეთერში ქართული ოცნების კოალიციაში მისი მოღვაწეობის პერიოდი და ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე იმდროინდელი განცხადება გაიხსენა. მათ შორის ისიც, თუ რატომ მოუბოდიშა ივანიშვილმა რუსეთის პრეზიდენტს:

    “ევროპის საბჭოზე უკრაინის ანექსიის საკითხზე ყირიმის ანექსიის დროს ლევანიც(ბერძენიშვილი) და თინაც(ხიდაშელი) ორ ორჯერ გამოვიდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და რუსეთი მოთხარეს. ბიძინამ თქვა მეო პუტინს ბოდიში შევუთვალეო, რომ ჩემი დეპუტატები გაცხარდნენო. “– თქვა ბერძენიშვილმა.