Category: არქივი

  • “ნაცების“ საქმე არ არის, ვის დაიჭერენ – დავით ჭიჭინაძე

    უმრავლესობის ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, “ქართული ოცნება“ თუ ქვეყანას დაცლის, მაშინ 2020 წლის არჩევნებზე ხმების 100%-საც აიღებს.

    „ქართულ ოცნებას“ მიზანი თუ ის აქვს, რომ 2020 წლისთვის ქვეყანას დაცლიან, ან საეროდ ყველას გაგვიშვებენ და მარტო დარჩებიან, მაშინ 45 კი არა, 100 პროცენტზეც შეიძლება ავიდნენ. სხვა შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი ტემპით თუ გააგრძელა მოღვაწეობა და ასეთი საუბრები, ერთი წლის შემდეგ მათ არა თუ კოალიციის შემქმნელად, კოალიციის დანამატადაც კი აღარავინ განიხილავს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

    მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, ვის დაიჭერენ და ვის არა.

    “რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფებს, არა მგონია რომ მათი გადასაწყვეტი იყოს ამ ქვეყანაში მომავალი, ან ის ვის დაიჭერენ და ვის არა. „ლელოც“ გამოდის რაღაც მსგავსი ინიციატივით, „რევანში არ გვინდაო.“ ეს ქვეყანა რომ გაიძარცვა, ამდენი წლის განმავლობაში ხალხი რომ მოტყუებულია, მაშინ ამ ყველაფერზე ვინ აგებს პასუხს?!“, – განაცხადა ჭიჭნაძემ.

  • ხაშურის მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

    ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ. 40 წლის ქალი, რომელსაც ოთხი შვილი დარჩა, კლინიკაში გუშინ, საღამოს ათ საათზე შეიყვანეს.

    ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს საქმიანობის უფლება უკვე შეუჩერდა.

    „ტრაგიკული ფაქტი მოხდა. შიდა მოკვლევის გარდა, საქმეში სამინისტროს რეგულირების სამსახურიც არის ჩართული. გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ შეცდომა დაშვებული იყო. კლინიკამ ექიმს საქმიანობა შეუჩერა. რა იყო მიზეზი და რა მოხდა, მოკვლევა დაადგენს“, – განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას კლინიკის ხელმძღვანელმა, კახა ხელაძემ.

  • შმაქსისტების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა

    თბილისის ქუჩებში უკვე 200-ზე მეტი “შმაქსისტი” მოძრაობს.

    “გირჩის” ოფისში “შმAXI”-ში გასაწევრიანებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა.

    “გირჩის” ოფისში ამ დრომდე უამრავი ადამიანი რეკავს და სოციალური ქსელის გვერდზე წერენ, სად მივიდნენ და როგორ შეიძლება დარეგისტრირდნენ “შმაქსი”-ს მასწავლებლად.

    შეგახსენებთ, რომ “გირჩის” მიერ დაარსებული “შმAXI”, საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე “შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ. ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაცია, რომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო.

  • “ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო” – ხაზარაძე

    ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო, – აცხადებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ინტერვიუში, რომელიც ციფრულმა მედიაპლატფორმა The Movement TV-მ გაავრცელა.

    მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად არ წასულა.

    „ჩვენ არ დავპირდებით ადამიანებს არარეალურ ამბავს. ჩვენ ვეტყვით, სად ვართ, ჩვენ ვეტყვით სიმართლეს, უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, სად ვართ დღეს. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი – უნდა უთხრა, რომ შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, ის კარტოფილში არ უნდა გაცვალო. შენი შვილები რომ ცხოვრობდნენ თავისუფალ, წესიერ და ნორმალურ ქვეყანაში, პირველ რიგში, უნდა დაიწყო სიმართლით, შენს თავთან სიმართლით. არანაირი შიში არა მაქვს, გულწრფელად გეუბნებით, მე ხომ ამას გათვლილად არ ვაკეთებ, ამას იმიტომ არ ვდგამ, რომ ბიზნესი გადავარჩინო – ამის გამო არ კეთდება, ასეთ ნაბიჯებს ვერც გათვლი. მე მჯერა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი და ჩემს თავთან, ჩემს შვილებთან ვარ მართალი, რადგან ხვალ არ ვიცით, რა გამოწვევა ექნება ჩვენს ქვეყანას და ხვალ შეიძლება, უფრო გვიან ყოფილიყო ჩემი გამოსვლა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • ოკუპანტები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ “ბორდერიზაციას” აგრძელებენ

    “რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესში გამოიხატება”,- განაცხადეს სუს-ში სოფელ ყობის ტერიტორიაზე შესაძლო “ბორდერიზაციაზე” დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. 

    “უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო “ბორდერიზაციის” პროცესი არ მიმდინარეობს. რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – განაცხადეს სუს-ში.

  • იმის ნაცვლად, რომ მთავრობას მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა-ანაკლიის კონსორციუმის დირექტორი

    მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    „ჩვენი აზრით, მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა და ყველანაირი მხარდაჭერა უნდა გამოეცხადებინა პროექტისთვის, რომ ის წარმატებით განხორციელებულიყო. სამწუხაროდ, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. მთავრობამ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა, საბოტაჟირება მოახდინა ბოლო რამდენიმე თვის და კვირის მანძილზე. მინდა მოგიყვეთ ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ბოლო 6 კვირის მანძილზე. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში, რაშიც მუშაობა გვიწევდა, ჩვენ შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად, რომ მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ – ჰონგ კონგური ჯგუფი და ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკული ინვესტორი. ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა ახვლედიანმა.

    როგორც ახვლედიანი აცხადებს, წერილი იურისტებმა შეადგინეს, თუმცა, მის შინაარსზე კონფიდენციალობის ვალდებულებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

  • უწოდა თუ არა დეკანოზმა ანდრიამ “არაკაცი” მეუფე პეტრეს-ჯაღმაიძის განმარტება

    ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის- ეს განცხადება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა, მან უარყო ის ინფორმაცია, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირს “არაკაცი” უწოდა. საკითხზე ჯაღმაიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ ისაუბრა.

    „არ მინდა სასულიერო პირებს შორის ურთიერთობა ასე საჯაროდ გამოვიტანო. ალბათ, შიგნით ვილაპარაკებთ. ერთს ვიტყვი, რომ ჩემს ლექსიკაში ასეთი სიტყვები არ არის, მე ეს არ მითქვამს, არის უბრალოდ ინტერპრეტაცია გამძაფრების მიზნით. უსიამოვნება, რა თქმა უნდა იყო, ამას ვაღიარებ, თუმცა რა საკითხზე, არ მინდა ამაზე საუბარი,“ – განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    შეგახსენებთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.

  • თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი დააკავეს

    თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ართვინის პროვინციის პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ხოფაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროსტიტუციას არალეგალურად ეწეოდნენ.

    პოლიციამ სპეცოპერაცია რამდენიმე  კლუბსა და სასტუმროში და სულ 33 სექს-მუშაკი დააკავა.

    დაკავებულებს შორის ასევე არიან რუსეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები.

  • შსს-ს პიარში, რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს, ვერ გათეთრდება გახარია-ქებურია

    “შსს-ს პიარში, რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს, ვერ გათეთრდება გახარია-ქებურია”-ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

    ლელა ქებურიამ, სესიაზე განაცხადა, რომ გახარიას პიარისთვის ფულის დახარჯვას, სჯობს ხელფასები მოუმატონ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ამ მოთხოვნით აქციას მართავენ.

    “რაც არ უნდა მილიონობით ლარი დაიხარჯოს შსს-ს პიარში, ვერ გათეთრდება გახარია. ამიტომ შეეშვით უსაგნო ფულის ხარჯვას და მიხედეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ფინანსები”, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

  • შიმშილობის მსოფლიო ინდექსში,საქართველო 39-ე ადგილზეა

    შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის მონაცემები ცნობილია,მონაცემების მიხედვით, საქართველო 39-ე ადგილს იკავებს. საქართველოზე უკეთესი პოზიციები აქვთ  უკრაინას, ბელორუსს, ყირგიზეთს, ირანს, სომხეთს, აზერბაიჯანს, სერბეთსა და  რუსეთს.

    ინდექსში ინფორმაცია მოცემულია 117 ქვეყნის შესახებ.კვლევის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები დადებითი ტენდენციებისკენ მიუთითებს.

    კვლევის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე სერიოზული ან საგანგაშოა. აფრიკის კონტინენტის ერთ ქვეყანაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  კი  ვითარება უკიდურესად საგანგაშო მაჩვენებლით შეფასდა.