კახეთის გზატკეცილზე ბუშის ქუჩის შესახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.
კახეთის გზატკეცილზე ბუშის ქუჩის შესახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ასევე, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პაატა ბურჭულაძის შვილები, შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები გამოიკითხნენ.
ალექსანდრე ბურჭულაძის თქმით, სუს-ს ინფორმაცია მიაწოდეს მათი თანამშრომლის მიერ მთავრობის სახელით ცრუ სმს შეტყობინებების გაგზავნის შესახებ, რომელიც ქვეყანაში კარანტინის გამოცხადებას ეხებოდა.
„გამოძიება დაინტერესებული იყო ჩვენი კომპანიის სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ. უდიდესი ნაწლი დავუთმეთ გაგზავნილ 6 სმს-ს, თუ რა ინფორმაციას ვფლობდით. რასაკვირველია, ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. მასიურ გაგზავნაზე, რასაც გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს მიმართ, ერთი კითხვაც არ დასმულა“ – თქვა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
გუშინ ბურჭულაძეების კუთვნილი კომპანია ,,მს”-ი სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა 5 ახლობელს მთავრობის სახელით პანიკის შემცველი სმს-ები გაუგზავნა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, იდენტიფიცირებულია ყველა ადამიანი, ვინც ინფიცირებულთან ერთად წლისთავზე იყო.
,,როგორც ცნობილია, რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე და ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება”, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს კორონავირუსით საქართველოში კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული ქალია. მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული.
საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ, – ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა.
გახარიას თქმით, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სრული მზაობა, გამოყონ კლინიკები, როგორც თბილისში, ისე მათ შორის რეგიონულ ცენტრებში, იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება სახელმწიფოს წინაშე დადგება. ამასთანავე, შეხვედრაზე განიხილეს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები და პირველადი დაცვის საშუალებების დეფიციტის პრევენცია. ამ კუთხით პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების საქართველოში წარმოება დაიწყო.
შეხვედრისას კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის მზადყოფნის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.ამ კუთხით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება. განიხილეს კლინიკებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა და მზადყოფნის ხარისხი შესაბამისი აღჭურვილობის მიმართულებით.
შედგა შეთანხმება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი გაგრძელდება და ამ პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.
შეხვედრაში 20-მდე კერძო კლინიკის ხელმძღვანელი პირები და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობდნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ” 2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა”,-აღნიშნულია სებ-ია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, რადგან „საქართველოს 2000-მდე მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, საკარანტინო ზონებსა და თვითიზოლაციაშია.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხლე და მობილიზება საჭიროა.
„მინდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავამშვიდო – არ გვაქვს პანიკის საფუძველი. თუმცა არ გვქონდეს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებულები და არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. ჩვენთვის აუცილებელია მივდიოთ ყველა რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა ჩვენც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმებს. პროგნოზი ეფუძნება პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ამ ეტაპზე რისკი მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ, არის საქართველში, იმყოფება საკარანტინო და საიზოლაციო ზონებში, თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეებში, რა თქმა უნდა, ველოდებით რიცხვის ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის, რისთვისაც გვინდა ვიყოთ სრულიად მობილიზებულები“, – თქვა ტიკარაძემ.
ბრაზილიაში, რიო დე ჯანეიროში ქრისტეს ქანდაკება, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, სოლიდარობის ნიშნად კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშების გამოსახულებით გაანათეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში საქართველოს დროშაც ჩანს.
ოფიციალური მონამცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 500-მდე შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უმრავლესობა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში – სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში ფიქსირდება.
საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, – – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, დამსაქმებლებმა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს, სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.
„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც გადაადგილება მოუწევთ იმისათვის, რომ გამოცხადდნენ სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათაც მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კორონავირუსის გავრცელების გამო შეცვლის თუ არა საპატრიარქო ზიარების წესს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ამ საკითხზე რომ საპატრიარქოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაშიც დასტურდება:
“კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
თავდაპირველად საპატრიარქოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეივცლებოდა. თუმცა, მოგვიანებით სასულიერო პირების ნაწილმა განაცხადა, რომ არ ღირდა ადამიანების სიცოცხლით გარისკვა. რამდენიმე დღის წინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება და რეკომენდაციები მოქალაქეებისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაშვებულია ზიარებისას ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, თუმცა საუბარია იმაზე, რომ “ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.“
საბოლოო გადაწყვეტილებას ერთჯერად კოვზთან დაკავშირებით საპატრიარქო სინდოის სხდომაზე მიიღებს.
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 79 წლის ქალი მოსკოვში, №2 ინფექციურ საავადმყოფოში პნევმონიით დაიღუპა.
პაციენტის ჰოსპიტალიზება 13 მარტს მოხდა. ექიმების თქმით ტესტზე დადებითი შედეგის შემდეგ ის კომპლექსურ ინტერნსიურ თერაპიას გადიოდა სუნთქვითი უკმარისობის გამო და იზოლირებულ ბოქსში იმყოფებოდა. როგორ გადაედო ქალს კორონავირუსი არ კონკრეტდება.
ექიმების ინფორმაციით ქალს პნევმონია სერიოზული თანმდევი პათოლოგიების ფონზე განუვითარდა– მას 2–ე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა, ასევე გულის იშემიური დაავადება, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ფილტვების ქრონიკული ჰიპერტენზია და ცერებროვასკულარული დაავადება.
გარდაცვლილის კონტაქტები იდენტიფიცირებულია და ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის 147 შემთხვევაა დაფიქსირებული.