Category: არქივი

  • 10 წლის სამყოფი ტუალეტის ქაღალდი გვაქვს- ნიდერლანდების პრემიერი მოსახლეობას ამშვიდებს

    ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუთი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსახლოებას ამშვიდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში 10 წლის სამყოფი ტუალეტის ქაღალდია.

    რუთი სუპერმარკეტს ესტუმრა და იქ მომუშავე პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. შეხვედრისას აღნიშნა, რომ ,,მათ ისინი [ტუალეტის ქაღალდი] ისევ თაროებზე აქვთ”.

    ,,მთელი ქვეყნისთვის ათი წლით საკმარისი ტუალეტის ქაღალდია გვაქვს,” – განაცხადა რუთიმ და საზოგადოება დაამშვიდა, რომ საპირფარეშოთი სარგებლობას კიდევ ათი წლის განმავლობაში შეძლებენ.

    ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში COVID 19-ით 18 ადამიანი გარდაიცვალა, 409 კი დაინფიცირდა.

  • საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

    თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.

    ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება.

    “ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით. აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

    როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს.

  • მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა

    მონაკოს პრინც ალბერ მეორეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას სამეფო სახლი ავრცელებს.

    სამეფო კარის ცნობით, 62 წლის ალბერ მეორე მუშაობას საკუთარი რეზიდენციიდან აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში არ არის.

    მონაკოში, სადაც 38 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს,  COVID 19-ით დაინფიცირების მხოლოდ 9 შემთხვევაა ფიქსირდება.

  • ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე დებატების დროს შეუძლოდ გახდა(ვიდეო)

    ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი  56 წლის ბრუნო ბრუინსი კორონავირუსის საკითხზე პარლამენტში გამართული დებატების დროს შეუძლოდ გახდა. მას დახმარება ადგილზე კოლეგებმა აღმოუჩინეს. 

    როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მოგვიანებით მინისტრმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობით გამოწვეული გადაღლილობით ახსნა.

    „ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. სახლში მივდივარ დასასვენებლად“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.

  • ზოგი კარით გადის, ზოგი ღობეზე ძვრება- მოსკოვის საავადმყოფოს უფროსი კორონავირუსით ინფიცირებულებს მოუწოდებს, ნუ გარბიან

    მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს უფროსი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი ჰოსპიტალიდან გაიქცა.

    დენის პროტსენკო აცხადებს, რომ ინფიცირებული 86 პაციენტის მდგომარეობა არ არის სერიოზული, თუმცა მათგან რამდენიმე ,,ტრიალდება და მიდის”.

    ,,ზოგი კარიდან გადის, ზოგი ღობეზე ძვრება. როცა ჰოსპიტალში ბრუნდებიან, ამბობენ რომ თავს კარგად გრძნობენ და ამიტომ გარბიან. ჩვენ ვეუბნებით, რომ მაშინაც კი, როდესაც ისინი თავს კარგად გრძნობენ, არიან ბიოლოგიური იარაღივით მოხუცი თაობისთვის”,- ამბობს BBC-სთან პროტსენკო.

    ამჟამად რუსეთში COVID 19-ით 199 პაციენტია ინფიცირებული, 1 კი გარდაიცვალა.

  • დავით ბაგრატიონის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

    საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლის, ხორხე ბაგრატიონის მეუღლე და დავით ბაგრატიონის დედა, კორონავირუსით გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას Presa.ge, ესპანეთში მცხოვრებ ქართველი მოქალაქის მიერ მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, რომელიც სამეფო ოჯახთან დაახლოვებულ პირია.  

    საქართველოს სამეფო სახლის ოფიციალური ფეისბუქგვერდი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: 

    „საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ, 2020 წლის 17 მარტს, გარდაიცვალა მისი უმაღლესობა პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი.

    საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მისი უმაღლესობა უფლისწული დავით ბაგრატიონ – მუხრანბატონის დედა.

    პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ – მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი“, – ვკითხულობთ საქართველოს სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ვირუსის კი არა, მარადიული სიკვდილის უნდა გვეშინოდეს, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს- დეპუტატი ერქვანია

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ალექსანდრე ერქვანია იმ ადამიანებს ეხმიანება, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას ითხოვენ და ამბობს, რომ ეს ქართველი ერის სიკვდილის გზა იქნება.

    მისი თქმით, ვირუსის კი არა, მარადიული სიკვდილის უნდა გვეშინოდეს, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს.

    ,,მინდა, გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც დროებით ტაძრების დაკეტვას და წირვა-ლოცვების შეჩერებას მოითხოვენ. ამის გაკეთება დაუშვებელია. ეს იქნება ჩვენი ერის სიკვდილის გზა, რადგან ჩვენი ხსნა და გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაშია, რომელიც ქრისტეს მისტიური სხეულია.

    ჩვენ ვირუსის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვეშინოდეს მარადიული სიკვდილის, რომელსაც ურწმუნოება და უღმერთობა იწვევს. დღეს თითოეული ჩვენგანის გამოცდის ჟამია, რამდენად გვწამს და გვჯერა უფლის. დღეს ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ეს კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, თორემ ძალიან დავმარცხდებით,“ – განაცხადა ერქვანიამ.

  • “პანიკისა და უბედურების ჟამსაც კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია“–თინა ხიდაშელი თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭიროა და ის მდგომარეობა, რაც დღეს არის სამართლებრივად კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას და პრობლემებს წარმოშობს, ვიდრე საგანგებო მდგომარეობის ოფიციალურად გამოცხადება წარმოშობდა:

    “ამ სივრცეში რამდენიმეჯერ უკვე დავწერე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე. დღესაც იგივე მოსაზრება მაქვს, რომ უნდა გამოვაცხადოთ.

    წავიკითხე განსხვავებული მოსაზრებები ადამიანებისგან რომელთა აზრსაც პატივს ვცემ და მუდამ მაინტერესებს.

    ვიზიარებ მათ წუხილს რომ ამ ხელისუფლების პირობებში საგანგებოს გამოცხადება სახიფათოაო, უფრო მძიმედაც შეიძლება ითქვას.

    ამასობაში ორიოდე ძალიან მარტივი საკითხი მინდა დისკუსიისთვის შემოგთავაზოთ:

    1. გვაწუხებს ამბავი იმის შესახებ რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა.
    დიახ, მართალია. სწორედ ამისათვის არსებობს ასეთი სამართლებრივი ფორმა.

    2. და რატომ არ გვაწუხებს ის რომ პრაქტიკულად ყველა ეს უფლება დღეს ისედაც შეზღუდული გვაქვს მაგრამ უმეტეს შემთხვევებში პრაქტიკულად უკანონოდ?

    3. აბსტრაქციად რომ არ მოგეჩვეოთ. მაგალითსაც შემოგთავაზებთ.

    ადამიანი მისი თვითიზოლაციაში. შემდეგ მიდის მარკეტში პურის საყიდლად, სადაც დაინატასვ მეზობელი, დარეკავს პატრულში, მოდის პატრული და აკავებს. სად, რომელ კანონში გვიწერია რომ ასეთი რამ შესაძლებელია? სად რომელ კანონში გვიწერია რომ პოლიციის ასეთი ქმედება ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებთან თავსებადია?
    თვითიზოლაცია არ არსებული სამართლებრივი მდგომარეობაა რომელსაც არავითარი სამართლებრივი შეზრუდვები, აკრძალვები და სხვა არ მოყვება ჩვენი კანონმდებლობით.

    4. სხვა მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანო.

    სანამ არ არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ჩვენი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება აბსოლუტურია და დაცულია. ხოდა ხვალ რომ მიტინგი გამოვაცხადოთ და ხელისუფლებამ არ დაუშვას მისი ჩატარება, რაც სრულიად გამართლებული საქციელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის, იურისტები რომელი კანონით გააართლებთ ხელისუფლების ამ საქციელს, არ იქნება ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა?და კანონები და კონსტიტუცია იმიტომ გვაქვს რომ მუდამ კარგი ან ცუდი ადამიანების კეთილგონიერების იმედად ვიყოთ?

    5. ანუ მზად ვართ იმისთვის რომ ამ ხელისუფელებას, რომელსაც არ ვენდობით, ვანდოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უკანონოდ შეზღუდვა, ამის არ გვეშინია, იმიტომ რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია ეხლა, მაგრამ ეს ყველაფერი კანონით რომ აკეთოს ამისთვის არ ვართ მზად? სწორად გავიგე?

    6. და რა ხდება იმისგან განსხვავებული მაგალითად ბელგიაში, ან აშშ-ში ან სხვა ქვეყნებში სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რაც ჩვენთან ხდება? და მაინც რატომ გადაწყვიტეს იქ საგანგებოს გამოცხადება? ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ პანიკისა და უბედურების ჟამსაც კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია, უფრო მეტიც სწორედ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    PS.
    სხვათაშორის სააკაშვილი შალიკიანს ტელეკამერებით რომ იჭერდა და მისი მცირეწლოვანი შვილების დაწიოკებას გვაყურებინებდა მაშინაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო, მიზაშეწონილი ეგონა. ჩვენ ვჩხუბობდით, მიშა ამბობდა ეს პროცედურის მონებიო, მერე მისი მიზანშეწონილობის ფარგლები გაიზარდა, და იმდენს აღარ მოწონდა, როგორც შალიკიანის შემთხვევაში, მაგრამ მიშა მაინც პროცედურის მონებს გვეძახდა, ხოდა მერე რაც მოხდა, მადა ჭამაში როგორ გაიზარდა კი გვახსოვს.“– წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქ გვერდზე.

  • ირანში ყოველ 10 წუთში კორონავირუსით 1 ადამიანი იღუპება- ირანის ჯანდაცვის სამინისტრო

    ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, კიანუშ ჯაანპურის თქმით, ირანში კორონავირუსით ყოველ 10 წუთში ერთი ადამიანი იღუპება, ხოლო ყოველ 50 წუთში 50 ირანელი ინფიცირდება.

    ბოლო დღე-ღამეში ირანში COVID 19-ით 148 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1284 დაინფიცირდა.

    მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 407-ია, გარდაცვლილი კი 1284 .

  • $40 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.4 თეთრით, ევროსთან 9 თეთრით გამყარდა

    დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად, 19 მარტის ვაჭრობით, ლარის დოლართან გამყარებამ 2.36 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან – 8.88 თეთრი.

    ახალი კურსით ერთი ევრო 3.4109 ლარი ღირს, ერთი აშშ დოლარი- 3.1568 ლარი.

    ეროვნული ბანკის მიერ დოლარის გაყიდვა 2020 წელს რიგით მეორე ინტერვენცი იყო. პირველი 13 მარტს შედგა, რომელზეც $20 მილიონი დოლარი გაიყიდა.