რამდენიმე წუთის წინ განახლდა ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე https://stopcov.ge/ და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 43–მდე გაიზარდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სამი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო. ისინი სავარაუდოდ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებიან.
Category: არქივი
-
შსს–ს განცხადება: მომსახურების სააგენტოს ზოგიერთი სერვისი უქმდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.
– მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;
– იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
დღეიდან, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში, ხოლო სხვა ცნობების მისაღებად განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.
დღეიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ, მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.
ასევე, მოქალაქეებს დროებით ვერ მოემსახურება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრები.
ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.
აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 24, 26 და 28 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.
-
კორონავირუსით შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს- გაერო
გაეროს გენერალურმა მდივანის ანტონიო გუტიერეშის თქმით, კორონავირუსით შესაძლოა მილიონობით ადამიანი დაიღუპოს.
გუტიერეში ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერებმა ერთად უნდა იმუშავონ, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ.
,,თუ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ვირუსს გავრცელდეს როგორც ტყის ხანძარი, განსაკუთრებით მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად რეგიონებში, ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. გლობალური სოლიდარობა არ არის მხოლოდ მორალური იმპერატივი, ეს ყველას ინტერესებში შედის”, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაეხმარონ ფინანსურად დაუცველებს, განსაკუთრებით დაბალი ხელფასის მქონე დასაქმებულებს და მცირე და საშუალო ბიზნესებს.
უახლესი ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით COVID 19-ით 240 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 9952-ია.
-
საქართველოში კორონავირუსით ერთ-ერთი ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა
საქართველოში კორონავირუსითდაინფიცირებული ორმოცი ადამიანიდან ერთ-ერთი 80 წლის ქალბატონი, რომელსაც დღეს დაუდგინდა კორონავირუსიმართვით სუთქვაზეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
80 წლის ქალი ორმოცს ესწრებოდა და თვითიზოლაციაში იყო. ამავე სუფრაზე მყოფ სამ წევრსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.
ამ დროისთვის საქართველში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 40-ს აღწევს.
-
უზრუნველვყოფთ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე პოლიტიკური შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შევასრულოთ- თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზრუნველყოფენ რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ის ვალდებულებები შესრულდეს, რაც პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ აიღეს.
,,უზრუნველყოფთ, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ, იმ ვალდებულებების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამისთვის ვადები არის განსაზღვრული და ჩვენ მაქსიმაურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, 8 მარტს ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმებისას ორ მემორანდუმს მოეწერა ხელი. ერთი მართლსაჯულებას შეეხებოდა, რომლის მიხედვით, ოპოზიცია ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მეორე მემორანდუმი საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოიცავს – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
-
“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს“– გახარია
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება – შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა თქვა, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე მოქალაქეების რეაქცია არ უნდა იყოს შიში და პანიკა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს მზად არის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.
„რაც მთავარია, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ძალზედ თამამი და ძალზედ ეფექტური. მე მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც, ვირუსის წინააღმდეგ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა დღეს მზად არის იმისათვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
-

მსოფლიო მოდის ინდუსტრია კორონავირუსთან ბრძოლაში
ჯანდაცვის პრობლემამ, რომელიც მთელ მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის სახით დაატყდა თავს, ბიზნესის პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა. პროცესში აღმოჩნდა ჩართული მოდის ინდუსტრიაც: ლუქს კატეგორიის პროდუქტის ერთ–ერთი მთავარი მომხმარებელი ჩინეთი მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, მსოფლიო მოდის გავლენიანი ეპიცენტრი – იტალია კი ამჟამად კორონავირუსით დაავადადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.
ყველაზე სწრაფი რეაქცია განვითარებულ მოვლენებზე ჯორჯო არმანის ჰქონდა – ჯერ კიდევ საყოველთაო პანიკამდე ბრენდმა გადაწყვიტა პროფილაქტიკის მიზნით ჩვენება დახურულ კარს მიღმა ჩაეტარებინა.
Giorgio Armani–ს ბრენდმა ყველა მიმართულებით გადადგა ნაბიჯები – მან ყველა მისი რესტორნის, სასტუმროს და ბუტიკის დახურვის შესახებ განაცხადა. “ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის აფეთქებისა და პროფილაქტიკური ზომების გამო, რომლებიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის დასაცავად მივიღეთ, არმანის ჯგუფი აცხადებს მთელ მილანში ბუტიკების, რესტორნების და სასტუმროების დახურვის შეახებ“– ნათქვამი იყო ბრენდის განცხადებაში ჯერ კიდევ ნაციონალური კარანტინის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, კვირის დასაწყისში არმანიმ 1.2 მილიონი ევრო შეწირა მილანის სამ საავამდყოფოს და რომის საავადმყოფოს, ასევე იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს.
გარდა ამისა, ბრენდმა პირველმა გადადო ნოემბრისთვის დაგეგმილი საკრუიზო ჩვენება, რომელიც დუბაიში 19–20 აპრილს უნდა გამართულიყო. იტალიელ კოლეგას მალე სხვა ბრენდებიც მიჰყვნენ. დროებით გააუქმეს ან გადაავადეს ჩვენებები Prada–მ, Hermes–მა, Max Mara–მ, Gucci–მ და სხვებმა.
Versace–ს ბრენდსაც ადეკვატური რეაქცია ჰქონდა კორონავირუსის გავრცელებაზე. დონატელა ვერსაჩემ საკრუიზო კოლექციის ჩვენება გააუქმა, რომელიც აშშ–ში 16 მაისისთვის იყო დაგეგმილი, შემდეგ კი 143 000 დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს, გასულ კვირას კი 200 000 ევრო იტალიის სამედიცინო დაწესებულებებს.
“ჩემი გული კორონავირუსით დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთან არის. გიგზავნით ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას და მოგიწოდებთ ყველას დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ახლა ძალიან ჭირდება“ – წერდა დონატელა ვერსაჩე თავის განცხადებაში.
კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო არაერთი იტალიური მოდის სახლი. Bvlgari–ს ბრენდმა რომის Lazzaro Spallanzani–ს საავადმყოფოს კვლევით ცენტრს შესწირა თანხა. ამ ინიციატივამ მეცნიერებს საშუალება მისცა მიკროსკოპული ვიზუალიზაციის უახლესის სიტემა შეეძინათ, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს COVID19–ის ვაქცინის შემუშავებაში.
16 მარტს ცნობილი გახდა, რომ Prada-მ ორ მილანურ საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის განყოფილებები შესწირა.
Dolce & Gabbana–მ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც განაცხადა, რომ მხარს უჭერს Humanitas–ს უნივერსიტეტს კვლევების ჩასატარებლად კორონავირუსზე ორგანიზმის რეაქციის კვლევისთვის, რათა შემუშავდეს საფუძვლები დიაგნოსტიკისა და სამედიცინო ჩარევისთვის. თანხა სერიოზულია, თუმცა არ სახელდება.
ვირუსის აფეთქების მომენტისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ფონდი (COVID-19 Solidarity Response). მისი მიზანი ახალი ინფექციისთვის ყველა ქვეყნის მომზადება იყო. H&M Foundation–მა 500 000 დოლარი გამოყო ფოდისთვის.
კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ მოდური კონგლომერატებიც. ოპერატიულად იმოქმედა LVMH ჯგუფმა . კომპანიამ, რომელიც Louis Vuitton, Dior, Givenchy, Kenzo, Loewe, Marc Jacobs–ის ბრენდებს ფლობს 2.2 მილიონი დოლარი შესწირა ჩინეთის წითელ ჯვარს. და ეს კიდევ მანამ, სანამ ვირუსი მთელ პლანეტაზე გავრცელდებოდა და ყველა კონტინენტს მოიცავდა.
16 მარტიდან კი ამ ჯგუფის პარფიუმერულ–კოსმეტიკური საწარმოო სიმძლავრეების ნაწილი ანტისეპტიკური გელის და სითხეების დამზადებაზე გადაერთო, რასაც შემდეგ საფრანგეთის ჯანდაცვის სტრუქტურებს გადასცემენ.
შვეიცარულმა კონგლომერატმა – Richemont Group, რომელიც Cartier, Van Cleef & Arpels და Chloe– ს ბრენდებს ფლობს, 1,4 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19თან ბრძოლას .
კომპანია Kering–მა (Gucci, Bottega Veneta, Saint Laurent, Balenciaga, Alexander McQueen და სხვები), რომელიც მსახიობ სელმა ჰაიეკის ქმარის, ფრანსუა ანრი პინოს ეკუთვნის, 7, 5 მილიონი იუანი, ანუ 1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ჰუბეის პროვინციის წითელ ჯვარს,რომელიც უხანთან ერთად კორონავირუსის ეპიცენტრად იქცა.
ჟურნალისმა ლეონა ლიუმ გამოცემა South China Morning Post –იდან დაწერა, რომ ბრენდი Hermès აპირებს 5 მილიონი იუანი (711 278 დოლარი) შესწიროს ფონდს China Soong China Ling Foundation, რომელიც ქვეყანაში ვირუსთან საბრძოლველად სამდიცინო მუშაკებს გამოყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრია თავადაც მძიმე პერიოდს განიცდის, ის ცდილობს წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში, ტესტების შემუშავებაში, ჯანდაცვის სფეროს დახმარებასა და ვაქცინის ძიებაში.
-
იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთის მაჩვენებელს გადააჭარბა
რამდენიმე წუთის წინ განახლებული ინფორმაციის მიხედვით იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ამ ვირუსით ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის მონაცემებით იტალიაში 427 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 3405 შეადგინა. ჩინეთში კი ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 3245–ს შეადგენს. განახლდა ინფორმაცია დაინფიცირებულთა შესახებაც. იტალიაში ბოლო 24 საათში დაინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 6000–ით გაიზარდა და ამ დროისთვის 41 035–ს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ იტალიის მოსახლეობა 60 მილიონია, ჩინეთის კი 1 მილიარდ 300 ათაზე მეტი.
ჩინეთში სულ კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში 80 928 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 3245 გარდაიცვალა.
იტალიას მთელ მსოფლიოში დაინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ერთ მილიონ მოქალაქეზე იტალიაში 679 დაინფიცირებული მოდის. მაშინ, როცა ეს რიცხვი ჩინეთში 56–ს შეადგენს, საქართველოსთვის კი 10–ს.
იტალიის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შვეიცარიაში – 1 მილიონ მოქალაქეზე 455 დაინფიცირებული. შემდეგ მოდის ესპანეთი. აქ ერთ მილიონ ადამიანზე 372 დაინფიცირებული მოდის.
ჯამში ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 236,915 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაიცვალა 9,829. გამოჯანმრთელდა 86,675 ადამიანი.
-
‘ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა” – გახარია
ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა,სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა უნდა იყოს დახურული. შესაბამისი განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრმა გააკეთა.
პრემიერის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მისივე განცხადებით, ახლა უკვე კორონავირუსის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ და დამატებითი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება დგას.
მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელძღვანელობდა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
-
მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა იმართება, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრება
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მართავს.
სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც ესწრებიან.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რას განიხილავენ სხდომაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართება.