Category: არქივი

  • მუნიციპალური ქონების მოიჯარეები გადასახადისგან მთელი საქართველოს მაშტაბით გათავისუფლდებიან

    თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, იგივე რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების იჯარით, სავაჭრო ობიექტებზე, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი.

    ჯერჯერობით იჯარისგან გათავისუფლება მაისის ბოლომდე მოხდება, შემდეგ კი გადაწყვეტილება არსებული ვითარების შესაბამისად გადაიხედება. 

  • საგანგებო მდგომარეობის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს – მამუკა მდინარაძე

    ” საგანგებო მდგომარეობის საკითხზე მსჯელობა ვერსიების დონეზე მიმდინარეობს,”  – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეკრების შემდეგ განაცხადა.

    „განსაკუთრებით ჩვენს ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნომერ პირველი პრიოროტეტია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება, შესაძლებელია, ეს ასეც მოხდეს და დაზღვეული არავინ არის, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • ამირან გამყრელიძის ინფორმაციით პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებები პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს.

    „ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი“. ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწაინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

    ესპანეთში კორონავირუსის გამო საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

    ჩიქოვანის თქმით, გარდაცვლილი ქალი 74 წლის იყო და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

    “პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. დიპლომატიური სამსახური ეხმარება ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში”, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • ‘გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე” – გოგიჩაიშვილი

    ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აუცილებლად მიიჩნევს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღება სახელმწიფოს პროცესების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობას მისცემს.

    „ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პანიკა, რომელიც არანაკლებ პრობლემებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსი. ვფიქრობ, იმ ზიანს, რაც ამ მოცემულობას ეკონომიკისთვის მოაქვს, ქვეყანა ისედაც იღებს. იმისთვის, რომ პროცესების მართვა უფრო მეტად შევძლოთ, არ არის აუცილებელი რაღაც გადაწყვეტილება გადავდოთ. მე გთავაზობთ, ვიფიქროთ გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. იმ ზარალს, რასაც ეკონომიკა მიიღებს, ეს პანიკა მაინც გამოიწვევს. გარკვეული ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პირველ რიგში, ჩავაცხრობთ პანიკას. მეორე რიგში, გამოვავლენთ პრობლემებს და სახელმწიფოს ექნება ლეგალური შესაძლებლობა, რომ მართოს პროცესი როგორც ვირუსის აღმოფხვრის, ისე პანიკის თვალსაზრისით,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

  • კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გადააქვთ – კადრები იტალიიდან

    იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბერგამოში საკრემაციოდ ადგილები აღარ დარჩა. ამის შესახებ SKY NEWS-ი წერს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამხედრო მანქანების კოლონის ამსახველ ვიდეო,  სატვირთო-სამხედრო ტრანსპორტს ვირუსით გარდაცვლილთა სხეულები გააქვთ ქალაქიდან.

    შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა- 1 დღე-ღამეში 475 ადამიანი დაიღუპა და 4207 დაინფიცირდა.

  • ვირუსებს არ აინტერესებს რამდენი ფული გაქვს ბანკში – ჯანმო ტრამპს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ არ მოიხსენიოს COVID-19 ჩინურ ვირუსად.

    „ვირუსები საზღვრებს არ ცნობენ და მათ ეთნიკური წარმომავლობა არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ არც კანის ფერი და არც ის რამდენი ფული გაქვს ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილათ ვიყოთ იმ ენასთან, რომელსაც ვიყენებთ“,- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.

    ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსი ჩინურ ვირუსად რამდენჯერმე მოიხსნენია. გუშინ მან თავისი პოზიცია დაიცვა და აღნიშნა, რომ „ჩინური ვირუსი“ სულაც არ არის რასისტული გამონათქვამი. „ეს სულაც არ არის რასისტული. ის ჩინეთიდან მოდის, ამიტომაც ვამბობ“,-აღნიშნა ტრამპმა.

  • “ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც”- ლევან დავითაშვილი

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

    როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებზე და ფასების სტაბილიზაციაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს. მისივე თქმით, ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც და გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება.

    „სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს უფასოდ დაარიგებს

    ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

    მათივე განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

    “გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც”, – აცხადებენ უწყებაში.

    რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, უწყების განმარტებით, ეს ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.

    ცნობისთვის, საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება და ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვევა პროცესის ადგილზე გასაცნობად.

    კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დამზადებულ 500 000 პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს.