Category: არქივი

  • “პარლამენტი ცხინვალთან ახლოს უნდა გაიხსნას, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპანტები” – შალვა ნათელაშვილი

    “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან ბრიფინგი გამართა.

    “პარლამენტი უნდა გაიხსნას ცხინვალთან ახლოს, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ ოკუპანტები და ის საქართველო, რომელიც იქეთ დარჩა. ჩვენ თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის, ახლა კი ხალხს სამუშაო ადგილები უნდა და უნდა შეიქმნას ინოვაციის ცენტრი,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • კონტი ჯგუფმა გადაწყვეტილება შეცვალა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება

    ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება,- აღნიშნულ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

    „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”-აცხადებენ კონსორციუმში.

    გუშინ, 24 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, რომ მოხარული იქნებიან, თუ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება.

    2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს.

  • ვიცი რომ მინისტრი ვარ, შეხსენება არ მჭირდება – ეკატერინე ტიკარაძე

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ის, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება შეუწყდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა თემის დეტალებზე დასვეს, რის გამოც ტიკარაძემ ისინი თავის მოადგილესთან გადაამისამართა, რაც ჟურნალისტებმა გააპროტესტეს და ტიკარაძეს „შეახსენეს”, რომ მინისტრია.

    „ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ განაცდური თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე. მათ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განვუმარტეთ. ეს არის 4-წლიანი ციკლი, რომელიც მეორდება და ისინი ყოველთვის არიან საქმის კურსში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. თქვენ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. თქვენ ახლა ცდილობთ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. გადამოწმება დაიწყო აგვისტოში, შესაბამისად, მათ 6 თვის წინ ვერ შეუჩერდებოდათ დახმარება. ახლა ჩვენ ვკამათობთ ისეთ აბსურდულ თემაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ არის თანხების დაზოგვის მიზნით. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება. დეტალურ პასუხს ჩემი მოადგილე გაგცემთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • უფალი გვეუბნება, რომ ცილისწამება არ შეიძლება, ჩვენ კი ჯარიმაც არ გვაქვს – ემზარ კვიციანი (ვიდეო)

    „თვით უფალი გვეუბნება, რომ ცილისწამება არ შეიძლება, ჩვენ კი ჯარიმაც არ გვაქვს“, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ემზარ კვიციანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლალი ლაფიაშვილს უსმენენ.

    ემზარ კვიციანის აზრით,  ცილისწამება დასჯადი უნდა იყოს.

    „როგორ შეიძლება ცილისწამება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იყოს. როგორ შეიძლება ადამიანს ტყუილი დააბრალო, და ეს დასჯადი არ იყოს, და ამას აკეთებდეს ხელისუფლება?! შეიძლება ადამიანს თოფი ესროლო და ასცდეს, გადარჩეს, მაგრამ ცილისწამება არა მარტო ერთ ადამიანს ხვდება, ხვდება მის ოჯახს მთლიანობაში, ხვდება ბავშვებს, რამდენად არის აქ ბავშვების უფლებები დაცული, როდესაც მის მშობლებს ცილს წამებენ?! ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. თვით უფალი გვეუბნება, რომ ცილისწამება არ შეიძლება, და ჩვენ არ გვაქვს კანონში… ჯარიმაც არ არსებობს ცილისწამებაზე“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

  • უნდა დავაბრუნოთ დედები და დები, შევუქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, რათა ბევრი შვილი ჰყავდეთ – ხაზარაძე

    მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ვითარება უნდა შეიცვალოს და ემიგრაციიდან დედები დააბრუნონ. 

    “სანამ ჩვენ დედობას არ დავუდგებით გვერდში და სანამ ჩვენ ამ პარადიგმას არ შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვიყოთ კლებადი ერი, ჩვენ უნდა ვიყოთ ზრდადი ერი. ჩვენ საქართველოში 3,7 მილიონი ვართ, დანარჩენი გასულია ქვეყნის გარეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, ჩვენი დები უცხოეთიდან, შევუქმნათ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისთვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ”, -თქვა ხაზარაძემ.

    ხაზარაძემ დღეს, 25 ოქტომბერს მოძრაობის 12 წევრი წარადგინა. მისივე ინფორმაციით, პარტიას 12 დეკემბერს დააფუძნებს.

  • ადვოკატი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა

    ადვოკატი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.

    „ეხლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში. ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში.

  • მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური პარტიის დაარსების თარიღი დაასახელა

    მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური პარტია 12 დეკემბერს ოფიციალურად  დაფუძნდება. ამის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, “ლელოს” მიზანი ქვეყნის განთავისუფლება და ჭაობიდან ამოყვანა იქნება.

    დღესვე ხაზარაძემ “ლელოს” მორიგი 12 წევრი დაასახელა.

  • ბათუმში ნატოს სამხედრო გემები შემოვიდნენ

    ნატოს გემები უკვე ბათუმშია- ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 3 სამხედრო ხომალდი ბათუმის  პორტში ცოტა ხნის წინ შემოვიდა.

    საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან იტალიური და თურქული ხომალდები, რომლებიც ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავ აპარატებთან ერთად.

    გემებს დახვდნენ ადგილობრივი სამხედრო წარმომადგენლები,თუმცა ოფიციალური უწყებიდან თავდაცვის მინისტრი და მაღალჩინოსანი სამხედრო პირები  ადგილზე არ გამოჩენილან.

  • ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს-ელისო კილაძე გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე

    ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმაურება.

    “სააკაშვილი არის ფაქტორი,ის არის მოვლენა,-თქვენის აზრით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
    გუბაზ სანიკიძეს !
    p.s.ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს !
    დილა მშვიდობისა”-წერს ელისო კილაძე.

    შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ გუშინ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილთან შესახვედრად აპირებს გამგზავრებას.

    “უახლოეს დღეებში, ალბათ ახალ წლებამდე ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს.ვაპირებ ვისაუბროთ ქვეყნის სვე ბედზე”-განაცხადა სანიკიძემ.

  • სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს

    სახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “2019 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

    სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას.

    წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება მოქალაქეთა დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

    სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ სწორედ ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რაც სავარაუდოდ მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო.

    ცხინვალის ციხესა თუ იზოლატორში პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. ასევე შეძლებისდაგვარად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს რათა მაქსმალურად მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.

    შექმნილი მძიმე ვითარება და გავრცელებული კადრები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება დააკვირდნენ და შეისწავლონ ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები კონფლიქტურ რეგიონებში. ამასთან საგულისხმოა, რომ წამების შემთხვევებზე ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილია გამოიძიოს, ბრალი წაუყენოს, დასაჯოს ან ექსტრადირება განახორციელოს წამებაში ეჭვმიტანილი პირის, თუ ასეთი პირი მისი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდა დანაშაული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დამნაშავე ან მსხვერპლი.

    საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით ვალდებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვა.

    სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, არ დაიშუროს ძალისხმევა აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე, უფრო მეტად გააქტიურდეს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტეროტორიებზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით”-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.