Category: არქივი

  • სავარაუდოდ, მანიპულაციური Facebook გვერდები კიდევ წაიშლება- DFRLab-ის დირექტორი

    ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) დირექტორისა და მთავარი რედაქტორის, გრაამ ბრუკის თქმით, საქართველოში ,,ფეისბუკის” მანიპულაციური გვერდები კიდევ დაიბლოკება.

    ,,ეს არ იქნება გვერდების დახურვის ბოლო შემთხვევა”,- წერს ბრუკი საკუთარ ,,ტვიტერის” გვერდზე.

    მისი თქმით, მანიპულაციური გვერდების აღმოჩენა განგრძობადი პროცესია და საქართველოსთვის საარჩევნო წელს მონიტორინგი გაგრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ ,,ფეისბუქმა” 20 დეკემბერს ასობით ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ და პროსახელისუფლებო მესიჯებს აჟღერებდნენ.

    წაშლილი გვერდების დიდ ნაწილს DFRLab-ც ამოწმებდა.

  • 1 იანვრიდან 112-ის მომსახურების საფასური 40 თეთრი გახდა

    112-ის მომსახურების საფასური 2020 წლიდან გაორმაგდა. ის 2019 წლის 31 დეკემბრამდე ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.

    მთავრობის ახალი დადგენილებით, გადასახადი როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის თანაბარი, 40 თეთრი იქნება.

    საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან ის სოციალურად დაუცველი აბონენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია.

    მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი გადასახადის არსებობა არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს განმარტებით, აბონენტებისთვის გასამრჯელოს დაკისრება ემსახურება 112-ის ხარჯების და მომსახურების ანაზღაურებას, არა უშუალოდ 112-ში საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების გაკეთებას, არამედ ამ შესაძლებლობის არსებობას.

    სასამართლომ ჩათვალა, რომ მთავრობას მოსაკრებლის დაწესების უფლება არ ჰქონდა და ის საქართველოს პარლამენტს უნდა დაედგინა. კანონის მოსაწესრიგებლად საკონსტიტუციომ პარლამენტსა და მთავრობას 2019 წლის 31 დეკემბრამდე მისცა დრო.

  • ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა – ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

    ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბარში ყვითელი ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. 

    მომხდარის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • 3 რეგულაცია, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა

    პირველი იანვრიდან 3 ახალი რეგულაცია ამოქმედდა. დღეიდან სტადიონებზე და სპორტულ კომპლექსებში მოწევა აიკრძალა.

    ეს რეგულაცია ეხება იმ სტადიონებს, რომლებსაც ადმინისტრაცია ჰყავს. მათ შესაბამისი ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟების ვალდებულება აქვთ. დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი – 2000-ით.

    აღნიშნული რეგულაცია 2018 წლის 1 მაისს ამოქმედებული კანონის “თამბაქოს კონტროლის შესახებ”, ნაწილია. ამავე კანონით აიკრძალა დახურულ შენობებში მოწევა.

    2 ახალი რეგულაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკავშირდება. დღეიდან მძღოლებს ევალებათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის გამართულობის ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც აკრედიტებულმა შემფასებელმა უნდა გასცეს. მისი არქონის შემთხვევაში, ავტომობილი ინსპექტირებას ვერ გაივლის.

    თხევადი აირის სისტემა პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 3 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება, ხოლო გათხევადებული აირის აირბალონი – 5 წელიწადში ერთხელ.

    ამასთან ერთად, დღეიდან სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ამ კატეგორიის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი ფიქსირებულად 100 ლარი იქნება.

  • პიროტექნიკით 8 არასრულწლოვანი დაშავდა, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა

    ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 8 ბავშვი დაშავდა. ყველა მათგანს კიდურები აქვს დაზიანებული.

    იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

    7 არასრულწლოვანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი კლინიკიდან უკვე გაეწერა.

  • ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანეს

    პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

    ცოტნე გამსახურდია მკურნალობას სტამბოლის ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს.

    ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს: ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

    გალის ქუჩაზე პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრის საქმესთან დაკავშირებით, ყოველდღე ახალი დეტალები ირკვევა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც დაზარალებულის, ასევე, ბრალდებულის მხარეს.

    როგორც ცნობილია, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა სახის გამოკვლევა უტარდება.

  • დღეიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის ახალი რეგულაცია შემოდის

    2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლითაც გაზზე მომუშავე ავტომობილებზე თხევადი აირის ბალონებისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო ხდება. 

    ცვლილების მიხედვით დღეიდან მძღოლები ვალდებული არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ.  ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა – 3 წელიწადში.

  • რა არ უყვარს ვირთხას. ინტერიერის ელემენტები, რომლებიც 2020–ში წარმატებაში ხელს შეგიშლით

    საახალწლოდ ალბათ ბევრი სურვილი ჩაიფიქრეთ. იმედია ყველა გისრულდებათ. მოდით ვნახოთ, ფენ შუის მიხედვით როგორ უნდა მოაწყოთ თქვენი გარემო და რას უნდა ერიდოთ ვირთხის წელს, რომ თქვენს წარმატებას ხელი არ შეეშალოს.

    ნაგვის ურნები

    მიღებულია, რომ ნაგვის ურნა სამუშაო მაგიდის ქვეშ უნდა იყოს. ამით თითქოს დროს ზოგავთ – წვრილმანი ნარჩენების და ქაღალდის გადასაყრელად ადგილიდან დაძვრა არ გიწევთ და საქმეს არ ცდებით. თუმცა, ფენ შუის მიხედვით ნაგვის ურნა ნეგატიურ ენერგიას აგროვებს და საქმეებზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. გარდა ამისა, წლის სიმბოლოს, თეთრ ვირთხას სისუფთავე და წესრიგი უყვარს. ამიტომაც, ორი გამოსავალია: ან ურნა საერთოდ მოაშორეთ, ან დღეში რამდენჯერმე გაასუფთავეთ.

    ხის დეკორი

    2020 წელი კეთილშობილი ლითონის – ვერცხლის წელია. ვირთხას არ უყვარს, როცა ინტერიერში რბილი მასალების დეტალები ჭარბობს, მათ შორის ხის. შეცვალეთ რამდენადაც შესაძლებელია ხის მასალები მეტალით, მაგალითად სურათის ჩარჩოები, კარ–ფანჯრები. ეს პატარა ცვლილებები წლის სიმბოლოს თქვენს მიმართ კეთილად განაწყობს.

    ღია თაროები

    როგორც მოგეხსენებათ, ვირთხას დაფარული კუთხე–კუნჭულები უყვარს. მათ შორის, დახურული კარადის კუთხეები. წლის სიმბოლოს მოეწონება, თუ თქვენს გარშემო ბევრი ასეთი კუთხე იქნება. შეცვალეთ ღია თაროები დახურული კარადებით ან სტელაჟებით. შეიძლება თქვენც უკეთ მოიხმაროთ და ვირთზაც კმაყოფილი იქნება.

    ნახატები კედლებზე

    მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირთხა ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი, შემომედებითი და ჭკვიანი ცხოველია, შესანიშნავი მეხსიერებით. წლის სიმბოლოს ნამდვილად მეწონება კედლებზე ხელით დახატული ნამუშევრები. ზღვის ან მთის პეიზაჟები ნაკლებად, მათში განსაკუთრებული არაფერია. ამას ჯობს ბავშვების ნახატები ან თქვენი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინოთ კედლებზე.

  • დავით ქაცარავას ატოცის და აბანოს მოსახლეობა დაუპირისპირდა (ვიდეო)

    მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერ დავით ქაცარავას სოფლების ატოცის და აბანოს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. სოფლის მცხოვრებლებმა ქაცარავას ქმედებები გააპროტესტეს და მას პროვოკაციული უწოდეს. ადგილობრივებმა ქაცარავას ტერიტორიის დაუყოვნებლივი დატოვება მოსთხოვეს.

    {{VIDEO}}

  • “მოითხოვეთ მეუფე იაკობის შერაცხადობის საკითხის დაყენება”- თეოლოგი ლადო ნარსია

    თეოლოგი ლადო ნარსია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას და საპატრიარქოს მიმართავს.

    „1. დღემდე ციანიდის საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია – „ვენდობით ხელისუფლებას, ვენდობით გამოძიებას”!!!

    მეუფე იაკობი – „ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ვანო ჩხარტიშვილი (გომელაურიც ესწრებოდაო) მოითხოვდნენ პატრიარქოს გადაყენებას. ხელისუფლება მონაწილეობდა პატრირქის მოკვდინების სცენარში”.

    ციანიდის საქმეზე მეუფე პეტრე პირველივე დღიდან აცხადებს – „არ ვენდობით ხელისუფლებას, ხელისუფლების ინტერესი იკვეთება ციანიდის საქმეში”!

    შეკითხვა – საპატრიარქო რატომ უცხადება გამოძებას ნდობას თუკი საპატრიარქოს წარმომადგენელმა იაკობმა და მით უფრო პატრიარქმა იცოდა, რომ ხელისუფლება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებდა?

    2. იაკობი – „მეუფე პეტრე იმ შეხვედრებს არ ესწრებოდა სადაც იგეგმებოდა პატრიარქის წინააღდეგ სახელისუფლო საუბრები… მაგას ცალკე შეხვდა გახარია და ვახო გომელაური.

    ვინ უთხრა ეპისკოპოს იაკობს თუ რაზე ისაუბრეს გახარიამ და გომელაურმა მეუფე პეტრესთან? სხვა რა დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს? წარმოადგინოს!!!

    3. პატრიარქის მკვლელობაში დადანაშაულებულია ეკლესიის მმართველი იერარქია, მათ შორის პატრიარქის ძმიშვილი დიმიტრი შიოლაშვილი („ზღვაზე რომ ისვენებს”); ყოფილი და მოქმედი პრემიერმინისტრები, უმაღლესი სახელისუფლო პირები და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი.

    რა რეაგირება ექნება ეპისკოპოს იაკობის განცხადებაზე საქართველოს პროკურატურას? თავმოყვარეობა არავის შეგრჩათ ხელისუფლებაში???

    4. საქართველოს საპატრიარქოვ – თუ მთლად სანაგვედ არ იქეცით, მოითხოვეთ იაკობ იაკობაშვილის შერაცხადობის საკითხის დაყენება და მიიღეთ საეპისკოპო ხარისხიდან მისი ჩამოცილების გადაწყვეტილება!” – წერს ნარსია სოციალურ ქსელში.