Category: არქივი

  • რაულ ხაჯიმბასა და აფხაზურ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო

    სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტასი“ საზოგადოებრივი პალატის მდივნის დანიელ უბირიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „მოლაპარაკებები დაიწყო და მიმდინარეობს“, – განაცხადა უბირიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივ პალატას მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსი აქვს.

    მას არ დაუკონკრეტებია, ოპოზიციიდან ვინ მონაწილეობს დღევანდელ მოლაპარაკებებში.

  • “საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვისაც უნდა სიღარიბეში ცხოვრება, გადაყვეს ივანიშვილს საფლავში “- სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

    “დღეს საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი შეადგენს იმდენს რამდენსაც ჩემი მმართველობის დასასრულს, მაგრამ ესეც ტყუილი  მგონია და  უფრო ღარიბები ვართ ვიდრე 2012 წელს. ამას ხომ მოხერხება უნდოდა?! დღეს რო უცხოელს ჰკითხავენ “საქართველო რა არის?”   საქართველო არის ქვეყანა,  რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და ზამთრის კურორტზე არ არის წყალი. მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი ვიდრე ჩვენი მეზობელი.  ვისაც უნდა სიღარიბეში და ტალახში ცხოვრება გადაყვეს ივანიშვილს საფლავში. – განაცხადა სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

  • ზუგდიდში მიკროავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

    ზუგდიდი-ოდიშის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი სავალ გზიდან გადავიდა, ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა.

    დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. ერთ-ერთ დაშავებულ შუა ხნის ქალს ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

    გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ საბურავის დაზიანება გახდა.

  • საქართველოს თავდაცვის ძალებს გერმანიამ 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება გადასცა

    გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება გადასცა.

    თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გერმანიისგან საქართველომ ტრანპორტი “შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის” ფარგლებში მიიღო. 

    “გერმანულმა მხარემ, “შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის” ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, გერმანიამ საქართველოს 1.5 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი გამოუყო, რითიც სამინისტრომ 8 წყალმზიდი და 4 კონტეინერმზიდი შეისყიდა.

    სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი, უვე უკერვიცი და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • ახალი რეგულაციები ფუტკრის სკების და 2 ჰექტარი მიწის მფლობელებისთვის

    სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის, ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი დაამტკიცა.

    ვალდებულებები ეხება სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:

    • არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველს და მისგან წარმოებული ხორცს ან/და კვერცხს;
    • არაუმეტეს 10 ფუტკრის სკას და მისგან წარმოებულ თაფლს;
    • არაუმეტეს 30 სულ ბოცვრისნაირს და მისგან წარმოებულ ხორცს;
    • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული მსხვილფეხა საქონლისგან მიღებული რძესა და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ მსხვილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 5 სულს;
    • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული წვრილფეხა საქონლისგან მიღებულ რძეს და რძის ნაწარმს, იმ შემთხვევაში, თუ ამ წვრილფეხა საქონლის სულადობა არ აღემატება 15 სულს;
    • არაუმეტეს 2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე წარმოებული სურსათს ან/და ცხოველის საკვებს.

    თუ ოჯახი ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმებს მაინც აკმაყოფილებს, ის პრემიერის გადაწყვეტილებით, ვალდებულია:

    1. რეგისტრაცია გაიაროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული, სალიკვიდაციო და საიდენტიფიკაციო-სარეგისტრაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;
    2. ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული, სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;
    3. უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა, უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, უზრუნველყოს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის განკარგვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    4. გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. ასევე მავნე ორგანიზმის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
    5. ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

    ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

    დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

  • ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია-მამუკა მდინარაძე

    დასკვნაში არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ, – ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან მოსამართლეების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა. 

    „დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ელემენტებს პროგრესთან, რეფორმასთან დაკავშირებით, კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, რომლის ანალოგი გამჭვირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილიც. იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ორგანიზაციებისგან ჩვენ ამას მიჩვეულები არ ვართ. მაგალითად ასეთი უზუსტობაა, რომ შშმ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და ამ შშმ პირის შესახებ არ ჩანს რომ იციან ინფორმაცია, რომ ის პარლამენტარი რატი იონათამიშვილია. ასევე, მითითებულია, რომ ფრაქციების წევრებს ჰქონდათ საშუალება დაეთმოთ სხვა ფრაქციებისთვის დრო, ოღონდ ეს იყო მხოლოდ შიდა პარტიული დათმობა და სხვა ფრაქციის წევრებისთვის არ შეეძლოთ. ანუ არის საკითხები, რომლებიც არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, არის ფაქტობრივი უზუსტობები და ფაქტობრივ უზუსტობებზე დაყრდნობით კრიტიკა რამდენად რეალურია, თქვენ თვითონაც ხვდებით. იმდენი და იმდენად უხერხული ფაქტობრივი უზუსტობაა, არ ვსაუბრობ შეფასებაზე, რომ მგონია, იურიდიული კომიტეტი მოამზადებს თავის პასუხს ან განმარტებას ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • ვარკეთილში, ,,ანას ბაღთან” აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

    ვარკეთილის ზემო პლატოზე, ,,ანას ბაღთან” აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი ბაღის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

    დღეს დილიდან ბაღის ტერიტორიაზე დაცვის სამსახურსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივები ცდილობენ , სამშენებლო კომპანიას სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცენ.

    პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და მცხოვრებლებს მშენებლობასთან მიახლოებას უკრძალავს, ხოლო ადგილობრივები გზას კეტავენ და ტექნიკის გადაადგილებას ხელს უშლიან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე პროტესტის ნიშნად მანქანის ქვეშ დაწვა.

    ,,ანას ბაღი” ვარკეთილის ზემო პლატოზე, 21-ე და 22-ე კორპუსებთან მდებარეობს.

  • მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა და საქმეს თვითაცილება მისცა

    ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლემ პროცესზე 500 ლარით დააჯარიმა და საქმეს თვითაცილება მისცა.

    ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოში ადვოკატების გარეშე მივიდა და პროცესს ესწრებოდა. მას მოსამართლესთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რის გამოც მოსამართლემ გვარამია შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა და თქვა, რომ ამის გამო მისი დაკავების მოთხოვნაც შეეძლო, უბრალოდ ასე არ მოიქცა. ამის შემდეგ, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. 

    ნიკა გვარამია საკუთარი სასამართლო პროცესიდან 3 იანვარს გააძევეს. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ მისი გაძევების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, მოსამართლე, გიორგი არევაძე იანვარში ბევრ პროცესს ნიშნავს, რაც მისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია. ნიკა გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    შეგახსენებთ,რომ  ბრალდების თანახმად, რუსთავი2-ის დირექტორობის დროს ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება უკანონოდ დაუთმო. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2“-ის ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.

  • სოხუმში რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები ოპოზიციის აქციის კონტრაქციას გეგმავენ

    სოხუმში, ოპოზიციის აქციის პარალელურად, ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ მოსახლეობას მოუწოდა, დაურეკონ ნათესავებსა და ნაცნობებს და აქციას შეურთდნენ. აქცია მოსკოვის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

    “როგორც იცით, პრეზიდენტს გადადგომა შესთავაზეს. ასევე იცით მისი პასუხი. ჩვენ ვალდებული ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს პრეზიდენტს”, ამბობს დაურ არშბა.

    შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა ოპოზიცია სოხუმში აქციებს მართავს. ისინი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას და არჩევნების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვენ.

  • წყალმომარაგების პრობლემის გამო ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს

    ბულგარეთის ქალაქ პერნიკში შექმნილი წყალმომარაგების კრიზისის გამო სამართალდამცვლებმა გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს. ნენო დიმოვისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

    საქმე ეხება ქალაქ პერნიკში წყალმომარაგების 2-თვიან პრობლემას. ქალაქის 75 ათას მცხოვრებს 18 ნოემბრიდან წყალი შეზღუდულად მიეწოდება. თავიდან მათ წყალი დღეში 10 საათით ჰქონდათ, შემდეგ კი 7 საათით, რამაც მათი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

    პროკურორის განცხადებით, მინისტრმა სათანადოდ არ იზრუნა ქონების მართვაზე, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
    “მტკიცებულებები გროვდება თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რამაც გამოიწვია წყალმომარაგების პრობლემები პერნიკში,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    ცნობილია, რომ დიმოვი 9 იანვარს უწყებაში დაკითხვაზე იყო გამოძახებული. საგამოძიებო ორგანოში მისვლის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად.