Category: არქივი

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს  ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

    „როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.

  • თბილისი CNN-ის 20 ულამაზესი ევროპული ქალაქის სიაში მოხვდა, სადაც “ტურისტები თითქმის არ არიან“

    სიენენის მოგზაურობის რუბრიკა აქვეყნებს სტატიას სათაურით: ევროპის 20 ულამაზესი ქალაქი, სადაც ტურისტები თითქმის არ არიან:

    “მაშინ, როცა ევროპის ყველაზე ცნობილ ტურისტულ მიმართულებებზე ტურისტების ნაკადი არ წყდება, კარგი დროა შესანიშნავი ვარიანტების მოსაძებნად, რომლებიც ნაკლებ სტუმრებს იზიდავენ.

    გნებავთ სადმე ახალ ადგილზე იმოგზაუროთ, ისე რომ ტურისტების უზარმაზარ ნაკადში ბრძოლა არ მოგიწიოთ, რომლებსაც პარიზში, ვენეციაში და ამსტერდამში სელფის გადაღება უყვართ?

    ჩვენ შევარჩიეთ ევროპის ულამაზესი ქალაქების სია, სადაც ტურისტები პრაქტიკულად არ არიან“ – წერს სი–ენ–ენი

    შემდეგ კი მოდის ქალაქების სია, რომელშიც თბილისის გარდა ევროპის  საკმაოდ ცნობილი ქალაქები შედიან:

    ჰააგა(ჰოოლანდია), ტურინი (იტალია), ანტვერპენი (ბელგია), სარაევო (ბოსნია), პრისტინა (კოსოვო), ბერნი (შვეიცარია), ვროცლავი(პოლონეთი), ანკარა (თურქეთი)… სიაში მოხვდნენ ჩვენი მეზობელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი, ასევე კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის დედაქალაქი – ბელორუსი.

    გარდა ამისა, სიაში შედიან საფრანგეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთის, შოტლანდიის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, ინგლისის ნაკლებად ცნობილი პატარა ქალაქები. ყველა ქალაქს მცირე აღწერილობა ეთმობა.

    თბილისის შესახებ სტატიაში ვკითხულობთ:

    “საქართველოს დედაქალაქმა, რომელიც რეალურად აზიასა და ევროპას შოორის მდებარეობს, მისი სახელწოდება თბილი წყაროებისგან მიიღო, რომლებიც ზედაპირზე ბუშტების სახით ამოდიან. მისი გოგირდის აბანოები მაგნიტივით იზიდავს ვიზიტორებს, თუმცა ბევრად ნაკლებს, ვიდრე ცნობილ სპა კურორტებზე დადიან.

    თბილისი ამაყობს მისი მულტი ეთნიკური ისტორიით – 13 საუკუნეში აშენებული ცნობილი მეტეხის ტაძარი ნარიყალას ციხესთან მდებარეობს, რომელიც სპარსელების ოკუპაციისას მეოთხე საუკუნეში აშენდა. “

  • ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

    რაულ ხაჯიმბა გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბარციევი აცხადებს, რომ ხაჯიმბამ გადადგომის დოკუმენტს ხელი მოაწერა, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა და არ დაიღვაროს სისხლი. ინფორმაცია დაადასტურა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩიამაც.

    “ვფიქრობ, რომ საკითხი, ვინ შეასრულებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. ჯერჯერობით, ალბათ პრემიერ მინისტრი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკების საკითხია”, – განუცხადა TASS-ს ქვარჩიამ.

  • “კლუბში მომუშავე ადამიანებმა და სტუმრებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში“–კლუბ ბასიანის დამფუძნებელი

    კლუბ ბასიანთან დღეს გამთენიისას მომხდარი სროლის შესახებ ბასიანის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ფეისბუქზე წერს:

    “კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა.

    დაცვის წევრების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დროულად ჩაკეტეს კლუბის შემოსასვლელი რკინის კარი, თავდამსხმელისგან იხსნა სტუმრები. მაგრამ ჩვენი ოჯახის სამი წევრი მაინც დაშავდა. ორი მათგანი ფეხის, ერთი კი ზურგის არეში დაიჭრა, რომლებსაც დღეს დილით გაუკეთდათ ოპერაცია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ისევ რჩებიან საავადმყოფოში.

    ვერაფერს დავწერ იმ სტრესულ და ტრავმატულ მდგომარეობაზე, რომელშიც კლუბის კარში მომუშავე ადამიანები და სტუმრები იმყოფებიან, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში.

    ოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. უნდა აღინიშნოს, რომ 39 წლის მოძალადე წარსულშიც ნასამართლევია. მან 2010 წელს ნასვამ მდგომარეობაში არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქი, რომელშიც ფსიქოტროპული მედიკამენტების ყიდვაზე უთხრეს უარი. 9 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ ადამიანის სამიზნე ჩვენ აღმოვჩნდით.

    სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, როგორი მამაცი და უშიშარი გუნდი იცავს ბასიანს, რომლებიც წარმოუდგენელ სიყვარულსა და ერთგულებას ამტკიცებენ უკვე მერამდენე წელია და რამხელა რისკის ფასად უჯდება კლუბის ოჯახის თითოეულ წევრს ჩვენი უსაფრთხოება. ეს არის დიდი სიყვარულის საზღაური, რომელიც გვაძლევს ძალას, რომ ერთად ვიდგეთ, ვიყოთ სოლიდარულები და ვიბრძოლოთ ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ – თანასწორობისვთის.

    ჩვენი კარი მუდამ ღია იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რადგან გვჯერა ცვლილებების. არაერთხელ გვინახავს ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანები – ეს იყო დაუღალავი შრომის შედეგი, გაგვეზიარებინა ის ხედვები, ცოდნა და ღირებულება, რისთვისაც ვიბრძვით და რის გამოც შეიქმნა ეს სივრცე. სწორედ ეს არის ბასიანი, ეს სივრცე ყველასია და ვერანაირი მსგავსი შემზარავი შემთხვევა ვერ შეგვაცვლევინებს იმ აზრს, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები არ გავრიყოთ. ჩვენ მუდამ ვიყავით, ვართ და დავრჩებით ღია და მიმღებლურ სივრცედ.

    და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, დღეს ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ისტორია არავისთვის იქნება შიშისმომგვრელი, არამედ გახდება კიდევ ერთი დასტური, რომ მსგავსი სივრცეები ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ადგილებია მთელს ქვეყანაში, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.“– წერს ნაჯა ორაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას სროლა მოხდა თბილისში, კლუბ ბასიანთან, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავეს.

    გამოძიებით ინფორმაციით “ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“

  • თბილისში ახალგაზრდა კაცი მე-15 სართულიდან გადმოვარდა

    თბილისში, სააკაძის მოედანთან ახალგაზრდა კაცი მე-15 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს–ს ინფორმაციით 

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლევან ტაბიძე წერს:

    „კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე თვითმკლელობით როდემდე უნდა ვუყუროთ ამას!

    რამდენი ალბათ ზღვარზეა და როდის გაუბედურდება არ ვიცით გააუქმეთ ეს სიკვდილის საწარმოები (კაზინოები) ისეთი საშინელი სურათია ადგილზე ამას ვერ დავდებ აქ!“

  • ირანში თვითმფრინავის კატასტროფისას დაიღუპა ქალი, რომელსაც მსოფლიო მეცნიერების საგანძურს უწოდებდნენ

    იმუნოლოგი, რომელიც თეირანში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა კანადის სამეცნიერო საზოგადოებისთვის საშინელი დანაკარგია. 36 წლის ფოროუ ჰადემმა პარაზიტული დაავადება ლეიშმანიოზის მკურნალობის მეთოდი აღმოაჩინა. ამ დაავადებას ყოველწლიურად 26000–დან 65 000–მდე ადამიანი ეწირება. ის არაკომერციულ კვლევით ორგანიზაცია Mitacs–ში მუშაობდა.

    ჯუდ უზონა, რომელიც ჰადემთან ერთად მუშაობდა, როცა მან მანიტობის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, ამბობს: “ვერ ვიჯერებ რომ ის წავიდა. მისი გარდაცვალებით კაცობრიობამ უძვირფასესი საგანძური დაკარგა“.

    მეცნიერი ირანში ოჯახის სანახავად ჩავიდა. თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე მან უზონას მიწერა, რომ ცოტა ღელავდა აშშ–სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის გამო.

    შეგახსენებთ, რომ თეირანთან უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა. მანამდე ირანმა ერაყში ამერიკის ბაზებზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელა. როგორც გაირკვა, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზიც ირანული რაკეტა გახდა. ირანი რამდენიმე დღე მალავდა კატასტროფაში საკუთარ ბრალს, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობამ და მედიამ მკაფიოდ არ განაცხადა, რომ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი არა ტექნიკური გაუმართაობა, არამედ რაკეტა გახდა. მას შემდეგ ირანმა საკუთარი ბრალი აღიარა და თქვა, რომ შეცდომა მოხდა.

  • გორში 2 პოლიციელს 2 მოქალაქე დაკავების დროს გაექცა

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ორი მოქალაქე, პოლიციელებთან შეკათამების შემდეგ, ადგილზე ვერ დააკავეს. სამართალდარღვევად ცნობილი პირები მხოლოდ დღეს დილით მოათავსეს იზოლატორში. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ფაქტი კი, დღეს გორის სასამართლოში განიხილეს.

    „ორნი ვიყავით, ვიმყოფებოდით სოფელ შინდისში და ვასრულებდით ჩვენს მოვალეობას. ამ დროს ჩვენს მანქანასთან ორი მოქალაქე მოვიდა, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. ერთ-ერთმა გვითხრა, მომეცი უფლება, რომ მანქანაზე დავჯდე და სახლამდე მივიდეო. ჩვენ რა თქმა უნდა არ მივეცით ამის უფლება. საჭესთან ნასვამი მძღოლის დაჯდომის უფლებას არ მივცემდით. ამის გამო, მეორე მათგანმა შეგვაგინა, რის შემდეგაც ვცადეთ დაკავება“ – აღნიშნულია პოლიციელის ახსნა-განმარტებაში, რომელსაც დღეს სასამართლოში გაეცნენ.

    მეორე პოლიციელი აცხადებდა, რომ ჯგუფმა მათი დაკავება საბოლოოდ ვერ შეძლო. „ვერ დავაკავეთ, რადგან გაგვიწიეს წინააღმდეგობა და გაიქცნენ“ – აუხსნეს სასამართლოს პოლიციელებმა.

    საბოლოოდ, ორივე, 40 წლამდე ასაკის მამაკაცები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლების საფუძველზე, დაჯარიმდნენ (1000 ლარი – პოლიციელებისთვის წინააღმდგეობის გაწევა)

  • ” შემდეგი 24 საათი იქნება კრიტიკული”- როგორია ანიტას მდგომარეობა ამ წუთებში

    როგორც ექიმები ვარაუდობენ შემდეგი 24 საათი იქნება კრიტიკული – ამის შესახებ 2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს. მათი თქმით ამ ეტაპოზე 2 წლის ანიტა ფაცაცია ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია.

    „შევეცდებით, სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ: როგორც იცით გასულ ღამეს დადგა ეკმოს აპარატის ჩანერგვის სასწრაფო საჭიროება. რადგანაც პირველი აპარატი ანიტას ორგანიზმმა არ შეითვისა, გამთენიისას გადაწყდა სხვა სახის აპარატის ჩადგმა.

    ოპერაცია 4-5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შედეგად ბავშვს ამოეტუმბა ფილტვებში ჩამდგარი სითხე, სისხლი, მოისპო ინფექციის კერა და ჩაინერგა აპარატი, რომელიც გულს ორი თვის განმავლობაში ხელოვნურად ამუშავებს.

    ამ ეტაპზე ანიტა ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია. სულ ახლახანს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მას სისხლში ამოეთესა ერთი-ერთი სოკოს და ინფექციის სახეობა. ამ წუთებში გვაცნობეს, რომ დგება დიალიზის ჩატარების საჭიროება.

    როგორც ექიმები ვარაუდობენ შემდეგი 24 საათი იქნება კრიტიკული, თუმცა ამის შემდეგ გულის აპარატი დაიწყებს მუშაობას, რაც სხვა ორგანოებსაც დაეხმარება“ – წერს მარიკა ხუციშვილი.

  • Boeing–ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან კომპენსაციის გარეშე, თუმცა 62 მილიონი დოლარით მიდის

    ამერიკული კორპორაცია Boeing–ის ხელმძღვანელი, დენის მიულენბურგი თანამდებობიდან ისე გაათავისუფლეს, რომ კომპენსაციას არ გადაუხდიან, თუმცა კომპანია მას კონტრაქტის ფარგლებში 62 მილიონ დოლარს მაინც მისცემს.

    “მადლობელი ვართ დენისის კომპანიაში თითქმის 35 წლიანი მუშაობის გამო. გათავისუფლების შემდეგ დენისი იმ მოგებას მიიღებს, რომელიც მას კონტრაქტით ეკუთვნის, თუმცა ის ვერ მიიღებს კომპენსაციას ან პრემიას გასული წლის შედეგების მიხედვით. “–ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.

    ამგვარად, მიულენბურგმა დაკარგა 14.6 მილიონი დოლარი გასული წლის შედეგების მიხედვით, თუმცა მთლიანობაში კომპანიისგან 62 მილიონს მიიღებს.

    Boeing–ის ახალი შეფი, დევიდ კელჰუნი კომპანიისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს, თუ 737 Max მოდელის ლაინერების ფრენების აღდგენას მიაღწევს. მათი ფრენა გასული წლის მარტიდან აკრძალულია ორი ავიაკატასტროფის გამო, რომლებსაც 346 ადამიანი შეეწირა.

    კელჰუნი მოვალეობების შესრულებას 13 იანვარს უნდა შეუდგეს. მანამდე მას კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

    მიულენბურგის გათავისუფლების შესახებ 23 დეკემბერს გახდა ცნობილი. ის კომპანიაში 1985 წელს მივიდა და 2015 წელს მის მეთაურად დაინიშნა. მანამდე კი კოსმოსის, თავდაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

    პრობლემური ლაინერი

    16 დეკემბერს Boeing–მა განაცხადა, რომ 2020 წლის იანვრიდან შეაჩერებდა 737 Max–ის მოდელების წარმოებას. ოქტომბერში კი კომპანია აცხადებდა, რომ წლის ბოლომდე ამ მოდელების ფრენა განახლდებოდა, თუმცა სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ დეკემბერში დაადასტურა, რომ არ დაუშვებს 2020 წლის დასაწყისამდე ლაინერების ფრენის განახლებას.
    ავიაკატასტროფების ამ მოდელის ლაინერების ფრენის შეჩერების მიუხედავად კომპანია მათ წარმოებას მაინც განაგრძობდა.

    ამერიკის კონგრესმა მოსმენა ჩაატარა, რომელზეც ითქვა, რომ ამერიკის საავიაციო ხელმძღვანელობა 2018 წელს ინდონეზიაში ამ მოდელის კატასტროფის შემდეგ გაფრთხილებული იყო ინციდენტის გამეორების რისკზე. ავიაციის ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზით, თვითმფრინავის შემდგომი ექსპლუატაციის შედეგად შესაძლოა კიდევ მინიმუმ 10 კატასტროფა მომხდარიყო, თუ 737 Max–ის კონსტრუქციაში ცვლილებებს არ შეიტანდნენ.

    კიდევ ერთი დარტყმა Boeing-ის პრესტიჟისთვის კოსმოსურ ხომალდ სთარლაინერთან დაკავშირებული წარუმატებლობა გახდა, რომელმაც ტექნიკური შეცდომის გამო ვერ შეძლო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე გასვლა.