Category: არქივი

  • “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავრცელებს

    “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” განცხადებას ავცელებს.

    “დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა, ნაცვლად მხარდაჭერისა და პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხების გადაჭრისა. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება და ოპერირების ეტაპი – თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო არ შეცვლის აღებულ კურსს კონსტრუქციული მიმართულებით.

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები – ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით მშვიდობიანი გზით მოაგვაროთ დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, გარდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყებისა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ” – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ტელეკომპანია კავკასიამ ე.წ. Crowd Funding – მაყურებლისგან შემოწირულობების მიღება დაიწყო

    ტელეკომპანია კავკასიამ ოფიციალურად დაიწყო შემოწირულობების მიღება მხარდამჭერებისგან და მაყურებლისგან. ტელეკომპანიამ საკუთარი ანგარიში და განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა:

    “2020 წელი რომ ქართული მედიისთვის რთული იქნება, უკვე ცხადია. ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს უკონტროლო მედიის გასანადგურებლად, მათ შორის ფინანსურ ბერკეტებს, რაც რეალურად დამოუკიდებელი მედიისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. კავკასია 25 წელია არსებობს და ყოველთვის ვცდილობდით დამოუკიდებლად გავმკლავებოდით პრობლემებს, რომლებსაც ყოველთვის მშვიდად ვიღებდით, როგორც თავისუფლების საფასურს. წლებია ვცდილობთ, ტრადიციული ბიზნესმოდელით ტელევიზიის განვითარებას, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში ამის შანსები ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ პრობლემებთან შეგუებას და ვთვლით, რომ დღეს ძლიერი, რეალურად დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალების არსებობა უმნიშვნელოვანესია. თქვენმა მხარდაჭერამ რთულ პერიოდში გადაგვაწყვეტინა მივმართოთ გზას, რომელიც აქამდე არასოდეს გამოგვიყენებია: ჩვენი მაყურებლის, გულშემატკივრების და იმ ადამიანების ფინანსურ მხარდაჭერას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ძლიერი დამოუკიდებელი მედიის არსებობა. ჩვენთვის დიდი სტიმულია ყოველი თეთრი, რომელსაც თქვენ გაიღებთ არხის განვითარებისთვის.“– ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში, რომელსაც თან არხის რეკვიზიტები ახლავს:

    შპს ტელეკომპანია კავკასია
    საიდენტიფიკაციო კოდი 203842823
    ს.ს “თიბისი ბანკი”
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    GE55 TB76 9753 6070 1000 01 – ლარი
    GE02 TB76 9753 6170 1000 01 – დოლარი

    დანიშნულების ველში მიუთითეთ
    შემოწირულობა  – ნათქვამია განცხადებაში

    ტელეკომპანია კავკასიისი დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ არხის ფინანსური მხარდაჭერის იდეა მაყურებლისგან წამოვიდა. მათ შემოწირულობებისთვის სპეციალური ანგარიში გახსნეს და გაასაჯაროვეს. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მათ არხს წლების მანძილზე არაერთი ფინანსური პრობლემის მიუხედავად მაყურებლის ფინანსური მხარდაჭერისთვის არასოდეს მიუმართავს, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თუმცა დღეს სპეციფიური ვითარებაა:

    “ წლების მანძილზე ფაქტიურად საკუთარ წვენში ვიხარშებოდით. რა თქმა უნდა, პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიას აქვს მუდმივად ვლაპარაკობდით. თუმცა საკუთარ პრობლემებს ნაკლებად ვასაჯაროებდით. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობა ქვეყანაში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო გაუარესდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს რეალობაა.ერთი შეხედვით , თითქოს საინფორმაციო მრავალფეროვნება არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ეს იმდენად მყიფე სიტუაციაა, ნებისმიერ დროს შეიძლება დრამატულად შეიცვალოს და ეს რეალობაშიც ვნახეთ რამდენიმე თვის წინ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძლიერი დამოუკიდებელი მედიასაშუალების შექმნა აუცილებელია.

    წლევანდელი წელი ძალიან მძიმე იქნება: სარეკლამო ბაზარი სულ უფრო მონოპოლიზირებული ხდება. სახელისუფლო არხების კოლოსალურ ფინანსებს იღებენ, მათ შორის ბიუჯეტიდან. მათ არავინ თხოვს ბიუჯეტში მილიონების გადახდას, როცა დამოუკიდებელ არხებს მინიმალური თანხების გამო ინკასო ედებათ. მედიაბაზარზე შემოსულია მილიონობით ლარი პოლიტიკური ფული, რაც სრულიად არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და დამოუკიდებელ მოთამაშეებს არათუ განვითარების, არამედ არსებობის შანსებსაც მინიმუმამდე უმცირებს. ქართული ბიზნესი ძალიან ინერტული და მფრთხალია, ხელისუფლებას გამოკვეთილად მტრული დამოკიდებულება აქვს არაკონტროლირებადი მედიის მიმართ და როდის რას შეიძლება ველოდეთ, ძნელად პროგნოზირებადია ასეთ დრამატულ წინასაარჩევნო წელს.

    ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია მუშაობა. არადა გვაქვს არხის განვითარების გეგმა და გვინდა ის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საინფორმაციო საშუალებად იქცეს სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის ონლაინ მიმართულებით. მაყურებლის მხარდაჭერა არა იმდენად ფინანსური, არამედ უფრო მორალური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. ჯერჯერობით კამპანიაც არ დაგვიწყია და უკვე დაიწყო თანხების გადმორიცხვა. არის ერთლარიანი შემოწირულობა და არის ათასლარიანიც. ერთლარიანი არანაკლებ ფასეულია ჩვენთვის, რადგან ამ შემომწირველს შესაძლოა მეტი თანხა არ ქონდა და მხარდაჭერა როგორც შეეძლო ისე გამოხატა. ვერ გეტყვით როგორ და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კამპანია. ეს ყველაფერი სპონტანურია და კამპანიის გაგრძელების კონკრეტული გეგმა ჯერ არ გვაქვს. ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, კომერციული ტელევიზია შემოწირულობით არსებობდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს გამართლებულია. სულ უფრო მეტი ადამიანი გვთხოვს ჩვენს ანგარიშს და ეს ძალიან დიდი სტიმულია.“– ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

    ტელეკომპანიამ ფინანსურ პრობლემებზე საუბარი მას შემდეგ დაიყწო, რაც ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დეკემბრის ბოლოს რამდენიმე არხის, მათ შორის კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაედო. კომპანიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, მიმდინარე გადასახადების გადახდა სპეციალურად, პროტესტის ნიშნად მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსთავი2–ს, მაესტროს და ტვ იმედს ბიუჯეტის დავალიანება 55 მილიონი ლარი აქვს და მათ დაფარვას არავინ თხოვს. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებისგან 1 ოქტომბრის შემდეგ დაგროვილი დავალიანების დაფარვა მოითხოვა, ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ტელეკომპანია კავკასიის და ტვ პირველის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, როცა სამ ტელეკომპანიას 55 მილიონობით ლარის გადახდას არ ავალდებულებს, ბევრად უფრო მცირე დავალიანებაზე კი სხვა ტელეკომპანიებს ინკასოს ადებს. ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის გარეშე იმართება და ხელისუფლება აპირებს მისი გავლენის ქვეშ მყოფ არხებს დავალიანება ათი წლით გადაუვადოს, რაც ფაქტიურად ჩუქებას ნიშნავს.

  • ანაკლიის კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო- გია ვოლსკი

    ,,რა განსაკუთრებული დამსახურება აქვს კონსორციუმს, რომელმაც პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო?”,- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

    მისი თქმით, სახელმწიფომ დიდი თანხები დახარჯა, კონსორციუმმა კი საქმის ნაცვლად პარტია ,,ლელოს” პრეზენტაცია გააკეთა.

    ,,საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა სახელმწიფომ და საქმის ნაცვლად, ამ სანაპიროზე ლელოს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ამოფარება. მომავალში, როცა სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს, ვფიქრობ, კეთილსინდისიერ შემსრულებელს იპოვის თავის ვალდებულებების” – ამბობს ვოლსკი.

    ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” სახელმწიფომ კონტრაქტი შეუწყვიტა. კონსორციუმის დირექტორის თქმით, მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

  • “მეტი რა უნდა ქნან, ბომბებს ვერ გვესვრიან, ეუთოს კომპეტენციაში ეს არ შედის”- ბურჯანაძე ODIHR-ის დასკვნაზე

    “ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ალიყური,”- ეს განცხადება “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ODIHR-ის კრიტიკული ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.

    “ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ალიყური, მეტი რა უნდა ქნან, ბომბებს ვერ გვესვრიან, ეუთოს კომპეტენციაში ეს არ შედის. გეუბნებიან, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი იყო კატასტროფული ქვეყნისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და სამართლის უზენაესობა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    შეგახსენებთ, რომ ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შესახებ ანგარიში დაიდო. 

    “პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნაში და ვერ უზრუნველყო, რომ პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას”-აღნიშნულია ეუთო ოდირის  ანგარიშში.

  • NATO-ში ჩვენი ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს, ავიცილოთ საფრთხე და ვთქვათ უარი?- სერგი კაპანაძე

    ,,NATO-ში ჩვენი ინტეგრაცია არ უნდა რუსეთს და ავიცილოთ თავიდან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და ვთქვათ უარი?”,- განაცხადა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერმა.

    მისი აზრით, რასაც რუსეთი ითხოვს და მოსწონს, იმის გაკეთება საფრთხიდან გამოსავალი არ არის.
    ,,ივანიშვილისთვის საფრთხის აცილების მისაღები გზა არის ის , რომ რასაც მოითხოვს რუსეთი, ის გააკეთო. ეგ ყველაზე ადვილია. მაშინ ყოველთვის სხვას რაც უნდა, ის უნდა აკეთო და არანაირი საფრთხე აღარ გექნება. ეგ არ არის გამოსავალი უბრალოდ, ეგ არ არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა,”- ამბობს კაპანაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ანაკლიის აშენება და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდა რუსეთს არ აწყობს, თუმცა ამის გამო პროექტზე უარი მთავრობამ არ უნდა თქვას. 

    ,,ჩვენ რომ ანაკლიის პორტი გვაინტერესებს, იმიტომ რომ საქართველოზე ტვირთებმა გაიაროს და ამან ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის და ეკონომიკის ზრდა გამოიწვიოს, ეს რომ რუსეთს არ აწყობს, ხო ვიცით? მიუხედავად ამისა, იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ამით ხდება ჩვენი უსაფრთხოების გაზრდა. მაშინ იგივე NATO-ზე გავავრცელოთ, იგივე ლოგიკაა,”- განაცხადა კაპანაძემ მას შემდეგ, რაც ოცნების დეპუტატმა, რომან კაკულიამ თქვა, რომ მთავრობამ კონსორციუმს რუსული საფრთხეების აცილების გამო შეუწყვიტა კონტრაქტი.

  • სუსმა ბაკურიანში საბაგიროზე საბჭოური მონეტების გამოყენება აკრძალა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “თავისუფლების ქარტიის” კომისიამ , ბაკურიანის ერთ-ერთ საბაგიროს საბჭოური მონეტების გამოყენება აუკრძალა.

    ,,ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, “თავისუფლების ქარტიის” კანონით განსაზღვრულმა კომისიამ მიმართა ინდივიდუალურ მეწარმეს, არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდამრღვევების მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები”,- აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაკურიანის ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საფასურის გადახდისას მგზავრებს ჟეტონის ნაცვლად საბჭოურ მონეტებს აძლევდნენ.

  • ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

    “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. მისი განცხადებით, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

    “მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში”- ამბობს ახვლედიანი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
    ,,ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი”,- ამის შესახებ ლევან ახვლედიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის მოთხოვნას, კონსორციუმმა გადაიხადოს პირგასამტეხლო და დააბრუნოს მიწები, კონსორციუმის დირექტორი ამბობს, რომ დასაბრუნებელი მიწები არ აქვთ, ხოლო რას გულისხმობს პირგასამტეხლოში ვიცე-პრემიერი, არ იცის.

    “მიწებთან დაკავშირებით გაფორმებულია აღნაგობა, დასაბრუნებელი არაფერი არ არის იმიტომ, რომ სახელმწიფოს ბალანსზეა ის 340 ჰექტარი. ჩვენ ეს მიწები გადმოგვეცა აღნაგობით. თუ ხელშეკრულება შეწყდება, ავტომატურად აღნაგობის ხელშეკრულებებიც წყდება და ბრუნდება ბალანსზე.
    პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიჭირს საუბარი, რას გულისხმობს ვიცე-პრემიერი. არ მიმიღია კონკრეტული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით იმდენი ჯარიმებია გათვალისწინებული, რომ მთელი ნუსხა არის 3-გვერდიანი, ამიტომ, რომელ ჯარიმებზეა საუბარი ზუსტად ვერ გეტყვით”,- განაცხადა ახვლედიანმა.

    მთავრობამ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულება დღეს შეუწყვიტა. ოცნების დეპუტატის, რომან კაკულიას თქმით, ეს რუსული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მოხდა.

  • გერმანელმა ჟურნალისტმა ლაშა ტალახაძე დოპინგის სინჯების არჩაბარებაში დაადანაშაულა

    გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა  ლაშა ტალახაძე დოპინგის სინჯების არჩაბარებაში დაადანაშაულა.

    ჟურნალისტი დოკუმენტურ ფილმში ამტკიცებს, რომ ტალახაძეს არ ჩაუბარებია   სინჯები 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დაწყებამდე. 

    გერმანელი ჟურნალისტის ბრალდებას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია გამოეხმაურა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ  ლაშა ტალახაძეს აღნიშნულ პერიოდში 12-ზე მეტი სინჯი აქვს ჩაბარებული. 

  • კონსორციუმთან ხელშეკრულება რუსული საფრთხეების აცილების გამო შეწყდა- კაკულია

    ოცნების დეპუტატის, რომან კაკულიას თქმით, ,,ანაკლიის განვითარების კოსნორციუმთან” ხელშეკრულების შეწყვეტის რეალური მიზეზი მთავრობის მხრიდან რუსული საფრთხის თავიდან აცილებაა.

    ,,(მთავრობა) ხაზარაძეს იმიტომ დაეტაკა, რომ მან ვერ გააკეთა საგარეო კურსთან დაკავშირებით სწორი ორიენტირი; ან მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს მისი პრობლემაა. მე გეუბნებით, ამ ნარატივში, რომ ბიძინა ივანიშილი არის თუ არა რუსული პროექტი, თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ მხარეს, ეს არის რუსული პოლიტიკის თავიდან აცილების პოლიტიკა”,- ამბობს კაკულია.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ასეთ ანალიზს ექპერტები უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ამ ინფორმაციას გუნდში დარჩენის რისკის ფასად ამჟღავნებს.

    “ასეთი აღქმა მაქვს, რომ ჩვენ, პოლიტიკური პინგ-პონგის გამო რომელიც აქ არის, ხშირ შემთხვევაში ნორმალურად არ ვაფასებთ ამ საფრთხეებს და ამ საფრთხეებს არ შეფასება და ზერელობა გვგონია პროდასავლურობის დამტკიცების ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული ფორმა. თუ რუსეთზე, ესე იგი, საერთოდ არ გაიხედავ იქეთ, მაშინ ისეთი დასავლელი ხარ, რომ საერთოდ შეიძლება, შუმანი გადაბრუნდეს საფლავში ისეთი ევროპელი ხარ. ასეთი პრიმიტივიზმი მე არ მინდა,”- აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

    შეგახსენებთ, რომ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობამ ხელშეკრულება გაუწყვიტა და მას პირგასამტეხლოს, პორტის პროექტისა და მიწების დაბრუნება მოსთხოვა.

  • რუსულ ენაზე განთავსებული გადაცემების გამო „ობიექტივს“ სანქცია დაეკისრა – კომუნიკაციების კომისია

    კომუნიკაციების კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე გასული გადაცემების გამო, გააფრთხილა და რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

    საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს: „ყველას გასაგონად“ და „Неделя“, რომლებიც „ობიექტივის“ ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემები სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა.

    შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი ასევე ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.

    შესაბამისად, აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ეთერში განთავსებით, „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა“ ვალდებულებები დაარღვია, რის გამოც, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი გააფრთხილა და არასახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობის დარღვევით განთავსებული პროგრამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.