Category: არქივი

  • აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის საშინაო მოვლენებს- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ,,ქვეყნის შიდა საქმედ” განიხილავს.

    “ჩვენ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით”,- წერია სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 9 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოეთხოვა. დოკუმენტში წერია, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებაში შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

  • “ხაჯიმბა იქნება თუ მახინჯა, ყველა ერთ ბედკრული მამის-პუტინის გაკეთებულია”-შალვა ნათელაშვილი

    “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალური ქსელით  ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

    ადიღეიდან ჩამოხეთქებული ქართველთა გენეტიკური მკვლელი, აფხაზად თვითწოდებული აფსუები, მოღალატე გააფსუებული ქართველები,არანაკლებ მოღალატე აფხაზეთში თავის დროზე ჩასახლებული სომხები,საბოლოოდ გადაიქცნენ კასრის ფსკერზე შემორჩენილ კაციჭამია ვირთხებად და მზად არიან ფულისა და ძალაუფლებისათვის ერთმანეთსაც გამოსჭრან ყელი. არანაირი მნიშველობა არა აქვს სოხუმში ვის ერქმევა პრეზიდენტი ხაჯიმბას თუ მახინჯას – ყველა ერთ ბედკრული მამის – პუტინის გაკეთებულია.”- წერს ნათელაშვილი.

  • სოხუმში არსებული ვითარება აფხაზეთის იმიჯზე მოქმედებს- აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი

    აფხაზეთის დე ფაქტი საგარეო საქმეთა მინისტრის , დაურ კოვეს განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის იმიჯზე.

    ,,ეს ვითარება გავლენას მოახდენს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის იმიჯზე, რადგან ყველაფერი რაც ხდება, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას”,- ამბობს დაურ კოვე. 

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და ის რაც ხდება, არასდროს იწვევს კარგ შედეგს.

    აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 9 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოეთხოვა. დოკუმენტში წერია, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებაში შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად მიიღეს. 19-მა დეპუტატმა წინადადებას მხარი დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, 4 დეპუტატი კი დადგენილებას არ დაეთანხმა.

    გუშინ ოპოზიციური ძალები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდნენ.

  • “ოცნების” რეფორმით მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და კლანი უზენაესში-ანა ნაცვლიშვილი

    “ოცნების” რეფორმით მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და კლანი უზენაესში-ასე ეხმაურება ლელოს პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი მიკერძოებული პოლიტიკისაგან დაცული არ იყო.

    “დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელსაც ჩვენ პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა პარლამენტში, ვაკრიტიკებდით. ვხედავდით რა, რომ ეს პროცესი იყო სრული ფარსი, ის არ ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრებით, არამედ ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცოს და ჯიბეში ჩაიდოს საქართველოში სასამართლოს უზენაესი და ბოლო ინსტანცია.

    ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ჩვენ ორად ორი რამ მივიღეთ: ჩვენ ვერ მივიღეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ახლა უკვე უზენაეს სასამართლოში”, – აცხადებს  ანა ნაცვლიშვილი.

  • 1 კგ ჰეროინის შეძენა-შენახვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი.ბ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ბ. 2019 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერებას ჰეროინს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებს პროკურატურა.

    2019 წლის 4 სექტემბერს ი.ბ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

  • ანაკლიის პროექტის საფრთხეებზე მითითება ივანიშვილის პრორუსულობას არ ნიშნავს- რომან კაკულია

    რომან კაკულია თავის გუშინდელ განცხადებას განმარტავს და ამბობს , რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტის უსაფრთხოებაზე მიუთითა, ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი პრორუსია.

    ,,ეს დიალოგი იმ შინაარსით, თუ ეს შედგა ისე, როგორ არსებობს, ეს არ არის პრორუსულობის ინდიკატორი. ის თვითონ ასახელებს დიალოგს მასსა და ივანიშვილს შორის და მე ამ დიალოგის ინტერპრეტაცია გავაკეთე, რომ ამ დიალოგზე აგება იმის, რასაც ცდილობს, რომ მთელი ხელისუფლება არის პრორუსული, არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება”,- ამბობს კაკულია.

    მისი თქმით, ხაზარაძისთვის უსაფრთხოების საკითხებზე მითითება არც იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოგონილია.
    “მე რისი თქმაც მინდოდა გახლავთ ის, რომ ბატონ მამუკას არგუმენტად ის არ გამოადგება, რაზეც საუბრობს, რომ მას ვინმემ მიანიშნა თავის დროზე, რომ შეიძლება პროექტს ჰქონდეს გარკვეული ტიპის საფრთხეები. ამის უფლება საქართველოში აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ამის თქმა იმას არ ნიშნავს, რომ გამოგონილია ის შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელიც მას აქვს და არ არსებობდა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული”,- აცხადებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

    შეგახსენებთ, რომ რომან კაკულიამ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება რუსული საფრთხეების აცილების გამო შეწყვიტა. ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

  • ორი დიდი ხანძარი გაერთიანდება- ავსტრალის მთავრობა ხალხს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს

    ,,ავსტრალიაში ორი ყველაზე დიდი ხანძარი სავარაუდოდ საღამოს ერთმანეთს შეერწყმება”, – აფრთხილებს ავსტრალიის ხელისუფლება მოსახლეობას და სანამ ხანძარი ძალიან საშიში გახდება, მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

    სახანძრო სამსახურის თქმით, არცერთი ხანძარი კონტროლს არ ექვემდებარება და ისინი ავსტრალიის დროით, დილის 8 საათზე გაერთიანდება. მათი თქმით, თვითმფრინავი მუშაობას ძლიერი კვამლის გამო ვერ მოახერხებს.

    ხანძრების შერწყმა ორი შტატის – ახალი სამხრეთ უელსის და ვიქტორიას საზღვარზე მოხდება, რასაც სამაშველო სამსახური უკვე რამდენიმე დღეა პროგნოზირებს.

    პრემიერ მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, პარასკევი რთული დღე იქნება. ,,პარასკევი რთული დღე იქნება აღმოსავლეთ შტატებში სიცხის და ძლიერი ქარის ფონზე”,- ამბობს პრემიერი.
    საფრთხე ემუქრება სამხრეთ ავსტრალიაში კუნძულ ,,კენგურუსაც”.

    ხანძრის ევაკუაციის სამუშაოებში ავსტრალიის სამხედროებს 150 ამერიკელი ჯარისკაცი შეუერთდა.

    ამჟამად ავსტრალიაში 100-მდე ხანძრის ძლიერი კერაა. ხანძრის შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია მილიარდზე მეტი ცხოველი.

  • “ვერ ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობით გვაგებინებს სათქმელს” – ანიტას დედა

    ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მარიკო წერს, ბავშვის ფილტვები მთლიანად ინფექციამ მოიცვა. მაღალი სიცხით პატარა ინტენსიურში მოათავსეს, გაუკეთდა ინტუბაცია ახლა კი ხელოვნური ძილის რეჟიმზეა.

    “გამარჯობა. ახლა ჩემი მდგომარეობა წერა-კითხვის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს, მაგრამ ვიცი რამდენი ადამიანი ნერვიულობს ჩემს შვილზე, ისიც ვიცი რამდენი უპასუხო შეტყობინება მაქვს პირადში და თავს უფლებას ვერ ვაძლევ რამდენიმე სიტყვით მაინც არ აგიხსნათ მდგომარეობა, ვალდებული ვარ, რადგან აქამდე ანიტა მარტო ჩემი იყო, ახლა ყველასი გახდა… გუშინ მთელი ღამე ტიროდა, გვეგონა უკვე ნერვული სტრესი დაეწყო, რადგან მონიტორზე ყველა მონაცემი იმდენად რიგზე იყო, ჟანგბადი მოხსნეს კიდეც. დილით ძალიან ცუდად გახდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიურში. აღმოჩნდა, რომ ინფექციამ მთელი ფილტვები მოიცვა და თურმე ბავშვს სუნთქვა უჭირდა. ჩვენ კი ვერაფერი გავუგეთ. ახლა პირველი მიზანია დავამარცხოთ ეს გაუგებარი ინფექცია და შემდეგ დაიგეგმება გულს რა ვუყოთ. ამხელა სიცხის ფონზე ვერანაირი ოპერაცია ვერ დაიგეგმება, რა თქმა უნდა. მეუბნებიან, რომ ახლა ნომერი პირველი პრობლემაა ამ ინფექციის დაძლევა. გაუკეთეს ინტუბაცია, ყავთ ხელოვნური ძილის რეჟიმზე, რომ არ მოიგლიჯოს. გონებაზეა, პერიოდულად იღვიძებს, მაგრამ ცდილობენ სულ იძინოს. ვერ ლაპარაკობს და ტუჩების მოძრაობით გვაგებინებს სათქმელს. არ მინდა დაგამძიმოთ და ჩემი ემოციები მოგახვიოთ, რადგან აუტანელია ჩემთვის ანიტას ყურება ამ მდგომარეობაში. მე გავაჩინე ყველაზე ენერგიული, ცელქი და სიცოცხლისმოყვარე ბავშვი. ახლა კი ვხედავ, რომ არაფრის ძალა არ აქვს. მინდა, ანიტას ძველი ვიდეო გაგიზიაროთ, რომ ნახოთ რა მხიარული ადამიანია და ყველამ ერთად ვინატროთ, რომ მალე ისევ ასე იმხიარულოს. მე მისი ძველი ვიდეოებით ვცოცხლობ. მაპატიეთ, უფრო ვრცლად წერა არ შემიძლია.” – წერს ანიტას დედა.

  • თბილისის ორი რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 10 იანვარს, საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამრეკელის, ცინცაძის, საბურთალოს, კუტუზოვის და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და ხევძმარის ქერჩის მცხოვრებლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • სალომე ზურაბიშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს  “ტვიტერის” საშუალებით ეხმაურება.

    „ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ სოხუმში ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.