Category: არქივი

  • ქართულ ოცნებას ქუცნაშვილის დაბრუნების აუცილებლობა არ აქვს- თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ,,ქართულ ოცნებას” ზაქარია ქუცნაშვილის დაბრუნების აუცილებლობა არ აქვს და არ არსებობს პრეცენდენტი, რომ საკუთარი ნებით წასული დეპუტატი დაბრუნებულიყოს.

    “მართალია, რომ მას პროპორციული სიით ეკუთვნის პარლამენტში შემოსვლა. თუმცა, ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა, რომ პარლამენტარს ეთქვას უარი თავის მანდატზე და შემდეგ პროპორციული სიით ხელახლა შემოსულიყოს პარლამენტში. ვფიქრობ, ქართული ოცნებაც არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ამის აუცილებლობა აქვს დღეს, რომ ხელმეორედ შემოყვანის დეპუტატი”, – ამბობს თალაკვაძე.

    ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების” წევრის, ოთარ ჩრდილელის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ გამოთავისუფალი ადგილი ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის, რადგან ოცნების სიაში ჩრდილელის შემდეგ ქუცნაშვილია.

  • ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს

    პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს. ინფორმაციას და ყოფილი დეპუტატის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

    „ბევრი ადამიანი ინტერესით ელოდება – ვისარგებლებ თუ არა კანონით მონიჭებული ადგილმონაცვლეობის უფლებით, რის საშუალებასაც 2016 წლის საპარლამენტო სიით განსაზღვრული რიგითობა მაძლევს. დავთანხმდები თუ არა, ისევ დავიკავო დეპუტატის ადგილი საქართველოს პარლამენტში. მართლაც დიდი პატივია ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საკუთარი ამომრჩეველის ინტერესებს წარმოადგენდე და მის უფლებებს იცავდე. ჩემი შეხედულებით, პოლიტიკოსი, ისევე როგორც სხვა სფეროში მომუშავე ადამიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია თავისუფალი, თუ შეუძლია ნებისმიერ ქმედებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა დაინახოს; თუ ადამიანურ სოლიდარობას თანამდებობის შენარჩუნების ინტერესს არ უქვემდებარებს და მის ზნეობრივ სასწორზე სამოქალაქო თანხმობა ბევრად გადაწონის პირად პოლიტიკურ კარიერას.

    ჩემთვის კანონს, უფლებებითა და ინტერესებით აღმჭურველი და მავალდებულებელი ბუნების გარდა, მორალური სახეც აქვს. მორალურობის მთავარი განმაპირობებლი კი სამართლიანობა და ტრადიციაა. არ ცდებიან ის იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას – სამართლიანად არ მიმაჩნია! პრეცენდეტის დაშვებით არ მინდა მახინჯ ტრადიციას მივცეთ დასაბამი. ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, პარლამენტში მოხვედრის ჯერადობა არჩევნებში გამარჯვების ჯერადი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ -ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგმართავთ თხოვნით, რათა ამომიღოთ საპარლამენტო სიიდან, ფორმალურად კანონიერი, მაგრამ რეალურად უსამართლო შესაძლებლობის წარმოშობამდე,“ – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი “ინტერპრესნიუსთან”.

    შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე პარლამენტში პარტიული სიის მიხედვით, სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი უნდა ყოფილიყო.

  • აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

    აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.გ. და 1988 წელს დაბადებული მ.ვ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკები.

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

    დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გვაზაურის, ქსოვრელის, დაისის, ქართლის, კნოლევის, ღრმაღელისა და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, შორაპნის, ცუცხვათის, იორის, ლასხიშვილის, აწყურის, კახეთის, კასპის, წინანდლის, ლეხ კაჩინსკის, ვაჟა ივერიელის, ბუკისციხის, გარეკახეთის, დოესის, ზურაბიშვილისა და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოსეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, კაიშაურის, ნიაბის, საინგილოს, გოლოვნის, ბეთანიის, განთიადის, ერისთავის, კვესეთის, მარტყოფის, ბზიფისა და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევისა და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილორის, სარაჯიშვილის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვისა და ჭელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • ერთპიროვნული მმართველი არც არასდროს ვყოფილვარ- სააკაშვილი გიორგი გაბუნიას პასუხობს

    მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მთავარი არხის ტელე-წამყვანს , გიორგი გაბუნიას უპასუხა, რომელმაც გადაცემაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვეღარასდროს ვეღარ მოვა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.

    სააკაშვილის თქმით, ის არასდროს ყოფილა ერთპიროვნული მმართველი და თუნდაც ნიჭიერ ჟურნალისტს არ აქვს უფლება, ხალხს თავისი აზრი მოახვიოს.

    ,,ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა მიხვდეს რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე. თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი. მას აქვს უფლება გამოთქვას ყველანაირი აზრი და ხალხს ზუსტად ასევე აქვს უფლება ეს აზრი გაატაროს. Edison research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში-ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ-ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That’s how f-n democracy functions stupid! და ისე გილოცავთ ნათლისღებას!”- წერს საკუთარ ,,ფეისბუქზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

  • ხანძარს დიღომში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

    დიღომში, ე.წ. მიონის ქარხნის შენობაში ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია ხანძარი, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი შენობის მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე მაშველებს ღია ცეცხლში შესვლა მოუწიათ. მათ შენობაში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი დახვდათ. ხანძრის ლიკვიდაციაზე 7 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • ქუთაისი–სამტრედიის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ქალი და ბავშვი ემსხვერპლნენ

    ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

    სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა.

    ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

    გარდაცვლილები შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

  • “ივანიშვილს ჰყავს მტრები და სამწუხაროდ, ეს მტრები ძირითადად გუნდის შიგნით არიან“–20/30-იანელები

    მოძრაობა 2030–იანელები მორიგი “ინიციატივით“ გამოდის და ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დასაბრუნებლად პოლიტიკურ სპექტრს საკონსტიტუციო ცვლილებების იდეას სთავაზობს.

    “ეს დღეებია გავრცელდა სასიხარულო ცნობა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად ბრუნდება.

    როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ამბავმა იმედი ჩაუსახა საზოგადოებას, რომ ქვეყანა შეუქცევადად დაუბრუნდებოდა სწრაფი განვითარების გზას, რომლისგანაც გადაუხვია მას მერე, რაც ბატონი ბიძინა დიდსულოვნად წავიდა პოლიტიკიდან, რათა თავისი ჭარბი ნდობით არ დაეზიანებინა დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში.

    ალბათ ახალს არაფერს ვიტყვით, იმის შეხსენებით, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს მტრები და სამწუხაროდ, ეს მტრები ძირითადად გუნდის შიგნით არიან, ისინი ბოროტად სარგებლობენ ბატონი ბიძინას უსაზღვრო მიმტევებლობით.

    მტრები დიდი ხანია ფარულად მუშაობდნენ, რათა ბატონი ბიძინა ჩამოეშორებინათ აქტიურ პოლიტიკას. ერთ-ერთმა ასეთმა ვითომ თანამოაზრემ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მას კონსტიტუციით აუკრძალა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება.

    თან იმავე მოტივით, რა მოტივითაც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. მათ ვერ აიტანეს, რომ ბატონი ბიძინა რამდენიმე ქვეყნის საპატიო მოქალაქეა.
    ამაზე დიდი პოლიტიკური ჩათლახობა საკუთარი გუნდელებისგან, ჩვენთვის წარმოუდგენელია.

    ასეა თუ ისე, ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები.

    ბატონი ბიძინა აუცილებლად უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

    მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” წევრებს, სასწრაფოდ დაიწყონ კონსულტაცია ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ამისთვის, სამწუხაროდ, აუცილებელია ოპოზიციური ხმებიც.

    ოპოზიციას ბატონი ბიძინასი, როგორც ძლიერი და სამართლიანი ლიდერის, ეშინია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა, თუ პატარა ტრიუკს ჩავატარებთ და ამ ცვლილებას, პროპორციული არჩევნების პაკეტთან ერთად შევიტანთ, უარს ვერ გაბედავენ.

    ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისთვის სწორედ ესაა საჭირო, პროპორციული არჩევნები და ბატონი ბიძინა პრემიერად.“–ნათქვამია 2030–იანელების განცხადებაში.

    ეს გაერთიანება ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ ტროლინგის ახალი სახეობით არის დაკავებული: მოძრაობის წევრები აგროვებენ ხელმოწერებს ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით, ჩამოასხეს ღვინო “ბიძინაური,“ მართავენ სხვადასხვა აქტივობებს ივანიშვილის სადიდებლად, უძღვნიან ლექსებს და ა.შ.

  • პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.
    პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

    დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისი–შარმ ელ შეიხის რეისი ჩაიშალა. რა გახდა მიზეზი

    თბილისი–შარმ ელ შეიხის რეისი ჩაიშალა. რა გახდა მიზეზი

    თბილისი–შარმ ელ შეიხის რეისი, რომელიც დღეს დილით უნდა შესრულებულიყო გაურკვეველი ვადით გადაიდო. 150–ზე მეტ მგზავრს, რომლებიც ეგვიპტურ კურორტზე დასასვენებლად მიდიოდნენ, ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის შესრულდება და საერთოდ შესრულდება თუ არა რეისი. მათ უთხრეს, რომ მიზეზი ავიაკომპანია ეარ ქაიროს კუთვნილი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა, თუმცა მგზავრების ნაწილი ამბობს, რომ თვითმფრინავის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

    მგზავრებს უთხრეს, ჯობს სახლებში წავიდნენ და მოგვიანებით დაუკავშირდებიან. ჯერჯერობით მათ იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიაწვდიან ინფორმაციას გაფრენის შესაძლო დროის შესახებ. კომპანია ინტერკო თრეველის წარმომადგენელი, რომელიც ამ რეისის ორგანიზატორია ამბობს, რომ რეისი სავარაუდოდ დღეს საღამოს შესრულდება, თუმცა საბოლოო პასუხს ვერ ამბობს.

    კომპანია ამჟამად ალტერნატიული თვითმფრინავის მოძიებაზეც მუშაობს და აცხადებს, რომ თუ რეისი ვერ განხორციელდა მგზავრებს თანხას აუნაზღაურებენ.