Category: არქივი

  • “ვუახლოვდები მნიშვნელოვან ადგილს სადაც ადამიანი უბედურდება”- ავტობუსის მძღოლი მგზავრებს წინასწარ აფრთხილებს

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ამბავი 37-ე ნომერ ავტობუსის მძღოლზე რომელიც მგზავრებს წინასწარ აფრთხილებს, რომ ტოტალიზატორთან არ ჩავიდნენ. პოსტის ავტორი მაკრინე გოგებაშვილია. 

    „დღესაც, როგორც (“ეზ ოლვიზ”, ინგლისურიც რომ ვიცი), ძალიან მაგვიანდებოდა, მშობიარე ქალივით ველოდებოდი ნებისმიერ ავტობუსს, მოთხოვნა – კოსტავაზე უნდა ჩაევლო.

    ერთდროულად ორი მოქანდა, გაჩერდნენ ლიმუზინებივით და მოკრძალებით მეპატიჟებოდნენ (ვაზვიადებ/ვუტრირებ, ეს სიტყვაც რომ ვიცი რა), ავვარდი 37-ში, ბარათი (“დამიფიქსრეთ რა”) მადლობა და დავდექი მძღოლის გვერდით. სულ ასე ვდგები (“წინ დავჯდები, მალე ჩავალ”,მგონია). მოვიმარჯვე ყურსასმენები და უცებ, ჩემი მუზონების არა, სხვა ხმა მესმის., მეთქი, რა არიიის! გავიხედე, მეშლება-მეთქი, კიდევ გავიხედე და მართლა ის იყო. ბ-ნი მძღოლი, კოტე თაბაგარი. თავისი “რაციით” მოგვმართავს-

    “ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ გადმომძახოთ, ჩადიხართ ფილარმონიასთან და “ჩოუქროლო ქორივით”, “შეგახსნენებთ, რომ ჩვენ ახლა ვუახლოვდებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს, ტოტალიზატორს, სადაც ბევრი ადამიანი უბედურდება, დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ გავაჩერო”? მგზავრები, სულ უკანა კარიდან წინ გადმოდიოდნენ, მადლობას უხდიდნენ და ისე ჩადიოდნენ.(მართლა, არ ვუტრირებ :დდ, აქაც ჩავაკვინტახე).

    სადღა მახსოვდა, რომ უკვე “ძაან” დავაგვიანე, აღარ ჩავდიოდი ჩემს სანატრელ, ძლივს მიღწეულ გაჩერებაზე.
    კარი იკეტებოდა უკვე, ქალი მორბოდა, ჩემზე უარესი წივილ-კივილით, არ წახვიდეთო.

    რა თქმა უნდა, დაელოდა, მობრძანდითო, დაბრძანდითო და მადლობა რომ გაუხადა, “რავა გეკადრებათ ქალბატონო, წარმოვიდგინე, რა დაგემართებოდათ თუ წავიდოდი და მაგას რანაირად ვიზამდიო”.

    ამ მომენტით ისარგებლა ერთმა შუა ხნის კაცამაც და როგორც შეეძლო, სწრაფად “შემოახტა” სამშვიდობოს, ავტობუსი დაიძრა თუ არა, წაბირძიკდა, გახედა ჩემმა ბატონმა მძღოლმა სარკეში და ეუბენბა-“მგონი, იმ ასაკში არ ხართ,ფეხზე დგომის ტრიუკები ატაროთ, ა, აგერაა ადგილი და დაბრძანდით ბატონო”-ო.

    ყოლიფერი ეგი, (კილო გადმომედო) 2 გაჩერებაში მოხდა, სადმე სხვაგან რომ გავყოლოდი, ალბათ, კაი გაშვანშვალებული ორტომეულს შევკრავდი.
    ხოდა, რომ ვეღარ ჩავდიოდი, არ მეთმობოდა, სახელი და გვარი ვკითხე, რა ხდება ბიძიკოო, იქნებ, დავწერო რამე და ხომ უნდა ვიცოდე-მეთქი.
    ახლა გგონიათ, რამე ექსკლუზივი გამომივიდა?

    -ჩემზე დაწერეს და 13 000 ნახვას გადააჭარბაო. ასე მივყევ-მოვყევით საუბარს და ყველაზე საოცარი იცით რა იყო?
    არავის უთქვმს-“დროზე წავიდეთ რა”, “გვეჩქარება”, გოგონა, ჩადი თუ ჩადიხარ” და ა.შ.
    დავტიე ბოლოს ბატონი მძღოლი და კი არ ჩავედი, ჩავფრინდი, დაგვიანებული მივფრინდი დანიშნულების ადგილას, ვინმეს უკან რომ გამოვეშვი, ისევ ბედნიერი დავეწეოდი იმ 37-ს და მთელი დღე ბაღის ბავშვივით ჩამოვუჯდებოდი, იქვე სადმე. (უბრალოდ, დიდ ხანს მგზავრობას ვერ ვიტან).

    მთელი დღე მახსნედბოდა და მოღუშულს, უნებურად მეღიმებოდა. იქნებ, ვერც ნახოთ ჩემი ამბავი, მაინც გეტყვით, რომ მიყვარხართ. საჯაროდ გიხდით მადლობას ემოციისთვის, სიყვარულისთვის და იუმორისთვის. თითქმის, დარმწუნებული ვარ, რომ ადამიანს ჩვენზე მეტი თუ არა, ნაკლები პრობლემა არ ექნებოდა, მაგრამ, იჯდა და ბედნიერებას ოსტატური არტისტობით, დაუღალავად გვირიგებდა. დღეს გამიმართლა, მხოლოდ თქვენ გამო! გწერთ ვერ გამოხატული მადლიერებით. იმედია, კიდევ შევხვდებით. დაგელოდებით ხოლმე. 

    პ.ს. ყველასა და ყველაფრის დაჯილდოება არსებობს “გლამურებში”,
    ხო შეიძლება, იყოს ტიტული – “წლის მძღოლი” ან მისთ.
    რა თქმა უნდა, ბ-ნი კოტესთვის და კიდევ რამდენიმე მისნაირი ბედნიერების მატარებელი ადამიანისთვის“.

  • ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან, გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს გენადი ბასტაევს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

    ორგანიზაციის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩხრეკისას მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს.

    „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმეთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები, აღნიშნულ საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არ არსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს.

    „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასანთავისუფლებლად. ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • „ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ ექმნება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა- კახა კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით , ,,ანას ბაღს” არანაირი პრობლემა არ აქვს და ეს თითიდან გამოწოვილი თემაა.

    ,,მე ეს თემა შესწავლილი მაქვს თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ვიცი ყველა დეტალი. არანაირი პრობლემა „ანას ბაღს” არ ექმნება და ჩემი მერობის პირობებში არც ერთ სკვერს, არც ერთ ბაღს არ შეექმნება პრობლემა. ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა, იქ კონკრეტულ ადამიანებს არ ვიცი რა სურვილი აქვთ. ჩვენ დავიწყეთ ამ თემის შესწავლა, ნებართვა გაცემული იყო დავით ნარმანიას დროს. როდესაც შემოვიდა საჩივარი, გავაჩერეთ ნებართვა, დავიწყეთ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გაირკვა, რომ ნებართვა კანონიერად იყო გაცემული, გაირკვა ის, რომ თვითონ მწვანე სივრცეს, „ანას ბაღს” არანაირი საფრთხე და პრობლემა არ ემუქრება”- აცხადებს კალაძე.

    მისივე თქმით, მერია ,,ანას ბაღის” რეაბილიტაციას ჩაატარებს და მას დამატებითი ფართობიც დაემატება.

    ,,დამატებითი მოცულობა გამოვართვით ჩვენ მიწის ნაკვეთის, რომ მიემატოს „ანას ბაღს”. გარდა ამისა, დედაქალაქის მერია მზად არის, „ანას ბაღის” რეაბილიტია განახორციელოს და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე”,- ამბობს კახა კალაძე.

    შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ,,ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას ადგილობრივები რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ. ისინი მერიისგან მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

  • ირმა ინაშვილი NDI-ს დირექტორს კორუფციაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

    ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული და ის ნაციონალური მოძრაობისგან ფულს იღებს.

    ,,”NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება”,- ამბობს ინაშვილი.

    ის კვლევითი ორგანიზაციებს NDI-სა და IRI-ს ტერორიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებშიც ადანაშაულებს.

    “ეს ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ტერორიზმი ყველას მოგეხსენებათ რა მოვლენაც არის. ტერორის ფორმები განსხვავებულია. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს NDI-ს და IRI-ს თბილისის ოფისების მენეჯმენტი ადგილობრივ ქართულ კომპანიასთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა”,- აცხადებს ირმა ინაშვილი პრესკონფერენციაზე.

    ის ორგანიზაციების საწინააღმდეგო არგუმენტად ამბობს, რომ ,,პატრიოტთა ალიანსმა” კვლევა ჩაატარა და 28 517 გამოკითხულიდან ვერ იპოვეს ვერცერთი ადამიანი, რომელსაც NDI-ს კვლევაში მიუღია მონაწილეობა.

    ინაშვილი ამერიკის საელჩოსთან აქციებს აანონსებს.

    ,,26 იანვრიდან დაიწყება “NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანია. ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში”,- აცხადებს ირმა ინაშვილი.

  • ხელისუფლება აქტივისტების მიმართ ძალას შერჩევითად და არაპროპორციულად იყენებს- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”

    არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება.

    განცხადებაში წერია, რომ 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები ეკისრებათ.

    ,,ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება. 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ, სასამართლომ სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა. იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ”- წერს TI .

    ორგანიზაციის ინფორმაციით, მკაცრმა ჯარიმამ შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც აქტივისტს უბიძგებს, აქციებში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

    ,,სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა ან უმრავლეს შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება. ჯარიმის ოდენობა, ძირითადად, 1000 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან,”- ვკითხულობთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დასკვნაში.

  • ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც სჭირდებათ ქოფაკი თუ არა, თხა მაინც- ფოფხაძე ,,ქართულ ოცნებაზე”

    გედევან ფოფხაძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრემიერად დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს , რომ ბიძინა ივანიშვილი ამჩნევს, რომ გუნდი, რომელიც მას ჰყავს, გუნდი არ არის.

    მისივე თქმით, ქართველი ხალხისთვის ცალსახაა, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილი და სააკაშვილი არ უნდა იყვნენ.

    ,,თუ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე წავა, შეიძლება საფრანგეთის მოქალაქეობაზეც კი თქვას უარი. ამ სიტუაციაში ისიც ხომ ატყობს, გუნდი, რომლის ამარაც დარჩა, ეს გუნდი არ არის, ესენი არიან ცხვრები, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ თუ ქოფაკი არა, თხა მაინც. შესაბამისად, რაღაც დონეზე აუცილებელია ორგანიზებულობის მიცემა ამ ყველაფრისთვის არჩევნების წინ მაინც. პირდაპირ გეტყვით, ეს ყველაფერი არის მათი ინტერესი და არაა ქართველი ხალხის ინტერესი. ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესია „ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდეს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ალბათ, ეს ქართველი ხალხისთვის ცალსახაა, ეს არის მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ეს ორი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში,- ამბობს ფოფხაძე.

    ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა პრემიერ-მინისტრად დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში მას საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა მოუწევს.

  • არ გამოვრიცხავ, რომ რობაქიძემ თვითდაზიანებები მიიყენოს- ოხანაშვილი მასზე მუქარაში ბრალდებულზე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, შესაძლოა მასზე მუქარაში ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენოს, თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს და შემდეგ მას დააბრალოს.

    მისივე თქმით, რობაქიძე შეკვეთით მოქმედებდა და შესაძლოა, უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი.

    „ამ ადამიანმა ზღაპრები უთხრას მათ, ვინც ეს ყველაფერი დაარიგა. მისი ასეთი საქციელით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოინანიოს, რაც განახორციელა, ის შეკვეთით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ასევე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს თავდასხმის ინსცენირება და შემდგომ ჩემსკენ გამოიშვიროს ხელი. როგორ ჩანს, ეს ადამიანი ყველაფერს კადრულობს. კიდევ ერთხელ, ეს ზღაპრები უთხრას იმათ, ვინც მას ეს დაარიგა. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას კიდევ უფრო მძიმე რამ ჰქონდა დაგეგმილი, უბრალოდ, სისრულეში შესაძლოა, ბოლომდე ვერ მოიყვანა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა რობაქიძის საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ მასზე პოლიციამ ზეწოლა განხორციელდა, რა დროსაც პოლიციის შენობაში ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

    პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

    შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი ბაკურიანში 14 იანვარს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. მას 19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

  • ხმაური რედისონში- „გაბედეს“ წევრებს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობა დაატოვებინეს

    ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სასტუმრო რედისონში- “გაბედეს” წევრემა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მიერ  2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გააპროტესტეს.

    „გაბედეს“ წევრები შეძახილებით აპროტესტებდნენ კომიტეტის ანგარიშის წარდგენას და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შესაბამისი სანქციები უნდა დაწესდეს.

    “ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებენ, ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება და შესაბამისად ვითხოვთ სანქციებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღდეგ. ივანიშვილის წინააღმდეგ, თალაკვაძის წინააღმდეგ, გახარიას წინააღმდეგ და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ”- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

  • თუ ოპოზიციასთან ვერ შევთანხმდებით, არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდება- თალაკვაძე

    არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას შესთავაზეს კომპრომისული მოდელი – 100/50-ზე (პროპორციული – 100 , მაჟორიტარული 50 დეპუტატი), რომელზეც ოპოზიცია თუ არ დათანხმდება, 2020-ის არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდება.

    „ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით რაც მოხდება – არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    ოპოზიციასა და მთავრობას შორის საარჩევნო მოდელის განხილვის რამდენიმე ეტაპი უშედეგოდ დასრულდა. მხარეები დიალოგის გაგრძელებას კვლავ აპირებენ

  • ავტოსაგზაო შემთხვევას გორში მსხვერპლი მოჰყვა

    გორში  ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 2 დღის წინ, სადგურის დასახლებაში მოხდა.

    „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა. ქალი საავადმყოფოში მეორე დღეს გარდაიცვალა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.