Category: არქივი

  • ვისურვებდი, მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში-სალომე ზურაბიშვილი

    ვისურვებდი, მთლიანად, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც არის დღეს სპორტი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე, სპორტსმენებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

    „ეს მართლაც არაჩვეულებრივი წელი იყო. სურვილი მქონდა, ორბელიანის პრეზიდენტის სასახლეში მომეწვია ყველა სპორტსმენი, რომელიც დაჯილდოვდა 2019 წელს. გავიგე, რომ დაახლოებით 1 300 ჯილდო მივიღეთ სხვადასხვა შეჯიბრებში და მივხვდი, რომ ვერც ერთი სასახლე დაიტევდა ასეთ დიდ ღონისძიებას. ამიტომ ჩამოვედით ოქროს მედალოსნებზე და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებზე. ეს არის არაჩვეულებრივი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ამით გავდივართ საზღვრებს გარეთ. თქვენ შეძელით, რომ საქართველო გახდა ძალიან შორეულ ქვეყნებში ცნობილი, როგორც ერთ-ერთი ძალიან სპორტული და სპორტში გამარჯვებული ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე ნაჯახით მოკლა

    პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სურამში, სოფელ ბუღაურაში ყოფილი მეუღლე ნაჯახით მოკლა. ბრალდებული 36 წლის ლევან ლომიძეა.

    უწყების ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს – ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ნატა ფერაძე დააკავეს (ვიდეო)

    სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე  წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ნატა ფერაძის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ ის სავარაუდოდ  ვაკის პოლიციაში  ან ხილიანის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი

    ის ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსგენდერი ქალებისთვის შეშის მიტანის მიზნით იმყოფებოდა.

    როგორც ნატა ფერაძე “ფეისბუქ” ლაივში ამბობს, პოლიციამ ტრანსგენდერი ქალები დააკავა და ჰომოფობიურად იქცევა.

  • ივანიშვილს პრემიერად დაბრუნებას კონსტიტუცია უკრძალავს

    იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერად დაბრუნებას გადაწყვეტს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობა მოუწევს.

    დიდი ხანია ივანიშვილს და მის გარემოცვას არ დაუკონკრეტებია ინფორმაცია იმის შესახებ, თქვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე, თუმცა ბოლო ინფორმაციით ის კვლავ საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა, ანუ ორმაგ მოქალაქეობას ფლობს.

    საქართველოს კონსტიტუციის ბოლო ვარიანტი კი, რომელიც ქართული ოცნების მიერ არის მიღებული, ამბობს:
    მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება

    1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

    2. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა.

    2012 წლის მაისში კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და ჩაიწერა გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც დაიბადა საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, მიეცა არჩევნებში მონაწილეობის და თანამდებობის დაკავების  უფლება.  ეს იყო დროებითი დებულება და მოქმედებდა 2014 წლის პირველ იანვრამდე. ის მოქმედებდა 2012 წელს ჩატარებულ საპარლამენტო და 2013 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ პოლიტიკაში შემოსული ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას დიდი სკანდალი და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა მოჰყვა. სწორედ ამ ჩანაწერმა მისცა მაშინ ივანიშვილს უფლება პრემიერ–მინისტრის პოსტი დაეკავებინა.

    2014 წლის იანვარში, სასამართლომ ბათილად ცნო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბიძინა გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქლაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილის შესაბამისი აქტი არ გააუქმა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა, ბოლოს კი – უზენაეს სასამართლოს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, გაირკვა, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს და კვლავ ორმაგ მოქალაქედ დარჩა. სავარაუდოდ ასე რჩება დღემდე, რაც ივანიშვილისთვის პრემიერ–მინისტრის პოსტზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში პრობლემას შექმნის და მას საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს.

  • ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს 600-600 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

    სასამართლომ ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებულ ლაშა ცუცქირიძეს, რომლებმაც დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს, 600-600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ 166-ე მუხლის დარღვევისთვის სცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. რაც შეეხება 173-ე მუხლს – კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ბრალდება მათ მოეხსნათ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს გენერალურ პროკურატურასთან ზვიად კუპრავამ და რამდენიმე პირმა აქცია გამართეს. მათ უწყებასთან ბოტასები მიიტანეს და გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენა გააპროტესტეს. ზვიად კუპრავამ ბოტასები პროკურატურის ეზოში ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ინციდენტის დროს მასთან ერთად დააკავეს ლაშა ცუცქირიძეც.

  • ირანი ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთებს უკრაინას უგზავნის

    ირანი თეირანში ჩამოგდებული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის შავ ყუთებს უკრაინას გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters  ავრცელებს.

    “საფრანგეთის, კანადის და აშშ-ის ექსპერტიზის გამოყენებით, ჩვენ ფრენის მონაცემების ჩამწერის წაკითხვას კიევში შევეცდებით,” – თქვა ირანის სამოქალაქო ავიაციაში უბედური შემთხვევების გამოძიების დირექტორმა ჰასან რეზაიფარმა.

    მან ასევე  აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ უკრაინაში შავი ყუთებიდან ინფორმაციას ვერ მოიპოვებენ, შავი ყუთები საფრანგეთში გაიგზავნება.

    8 იანვარს ირანის მიერ გასროლილმა რაკეტებმა უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.თავდაპირველად ირანი  თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფდა, თუმცა 11 იანვარს ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აღიარა, რომ თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.

  • ბათუმში ძაღლი ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში ეხმარება

    ფეისბუქის მომხმარებელი ბექა გასიტაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ ეხმარება ზებრა გადასასვლელზე ბავშვებს ქუჩის ძაღლი.

    ვიდეოში ჩანს, როგორც ცდილობს ძაღლი ყეფით შეაჩეროს საავტომობილო მოძრაობა და გზა დაუთმონ პატარებს.

    “კოლორიტი ბათუმის მერია/Batumi City Hall ერთი ,,მწოლიარე პოლიციელი ცუდი არ იქნებოდა აქ”,- მოუწოდებს ბათუმის მერიას ბექა გასიტაშვილი.

  • კონფლიქტის მიზეზი შვილი იყო – რას ყვება სურამში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა (ვიდეო)

    სურამში მოკლული ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, მარიკა ლომიძე ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი შვილი იყო. მიზეზის შესახებ ეჭვმიტანილის დედა  „Dianews“-სთან საუბრობს.

    როგორც ის აცხადებს, ბავშვის დედა ყოფილ ქმარს უკრძალავდა შვილის ნახვას, მან ახალ წელსაც კი არ აჩვენა ბავშვი ყოფილი მეუღლის ოჯახს.

    „შვილის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. ურთიერთობა თვითონ ვერ დაამყარეს, შვილი ხომ ჰყავდათ. ეს ჩემი გაუბედურებული შვილი თავისი შვილის გიჟი იყო. თუ თავის სურვილი იყო, ჩამობრძანდებოდა და აჩვენებდა ბავშვს ყველას, თუ არადა არა“,- ამბობს ეჭვმიტანილის დედა.

    ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

    აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს. 

  • მოხვალთ 30-ში და სათითაოდ დაგითვლით – ვის აფრთხილებს გიგი უგულავა

    „მოხვალთ 30-ში და სათითაოდ დაგითვლით. ვნახოთ მოსამართლე როგორ ივაჟკაცებს“,- ჩემპიონის ცემის საქმეზე „ევროპული საქრთველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით, მას გამომძიებელმა დაურეკა და საქმის გადადება სთხოვა.

    „წარმოუდგენლად უტიფარია ეს ჩვენი პროკურატურა. აი ის საქმე მე რომ ვიღაც ჟლობი ჩეპიონი „ვცემე“ აეროპორტში, გირაო და პასპორტი რომ წამართვა მოსამართლე ბადრი შონიამ. ახლა რეკავს გამომძიებელი და იქნებ 30 იანვარს ჩანიშნული პროცესი გადავდოთო. რატომ? ბევრი საგამოძიებო მოქმედება დაგრჩათ? კამერები ამოიღეთ და საქმეში ჩადების ნაცვლად გაანადგურეთ.

    გასაგებია ხომ?! ჩემი პასპორტი უნდოდა ივანიშვილს და ახლა აღარ გინდათ ამ სამარცხვინო საქმის გაგრძელება. მოხვალთ 30-ში და სათითაოდ დაგითვლით. ვნახოთ მოსამართლე როგორ ივაჟკაცებს.

    პ.ს. აი მოიცადეთ, დაბრუნდეს შოთაძე და სამართლიანობაც აღდგება. მე ამის მჯერა“,- წერს გიგი უგულავა.

    საქმე ეხება აეროპორტში მომხდარ ფაქტს. გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი აცხადებდნენ, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

  • ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ

    ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალს მუქარასა და ხულიგნობაში წაუყენებენ. რობაქიძე, რომელსაც ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, გუშინ დააკავეს.

    ვახტანგ რობაქიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენენ, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

    რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.