Category: არქივი

  • საოპუკაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ნაგებობები აღმართეს- სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ნაგებობები აღმართეს.

    “საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ნაგებობები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს”,- წერია სუს-ის განცხადებაში.

    საოკუპაციო ძალებმა უკანონო ნაგებობები 14 იანვარს სოფელ ჩორჩანაშიც აღმართეს.

  • შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდში 8 000 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო 8000 ღერი სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

    საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი ზუგდიდში გამოავლინეს.

    კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებაზე საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან.  შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სადეპორტაციო ცენტრში.

    „შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

    4 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს, კონფლიქტში მონაწილეები, საბოლოოდ, დააკავეს. მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქეც.  ციხეში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა.

    ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8770 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2002 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0110 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • პოლიცია დახმარების ნაცვლად ჩვენს პროვოცირებას და დაკავებას ცდილობს- ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა

    ტრანსგენდერი ქალი გაბრიელას თქმით, პოლიცია გამოძახებისას დახმარების ნაცვლად, ცდილობს რომ ტრანსგენდერების პროვოცირება მოახდინოს და შემდეგ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავოს.

    “პოლიცია ყველანაირად ცდილობს მიგვიყვანოს იმ დონემდე, რომ ცოტა ხმამაღალ ტონზე ვისაუბროთ და თუნდაც შეურაცხყოფა მივაყენოთ. იმის მაგივრად, რომ დაგეხმაროს, პირიქით, აქეთ ცდილობენ პროვოცირება გაგიკეთონ და მერე დაგაკავონ დაუმორჩილებლობაზე. დიდი უსამართლობა ხდება უკვე და ვეღარ ვიცავთ ჩვენს თავს. ვერც დავიცავთ, ჩვენ ძალას არ ვიყენებთ პიროვნებების მიმართ”,- ამბობს გაბრიელა.

    იგი 18 იანვარს მომხდარ ინცინდენტს იხსენებს, როცა პოლიციამ ნატა ფერაძე და რამდენიმე ტრანსგენდერი დააკავა.

    ,,ნატა ფერაძემ ჩემს მეგობრებს შეშა მიუტანა გასათბობად, რა დროსაც 16-17 წლის ბავშვებმა გამოიარეს და დაუწყეს ტრანსგენდერებს შეშის სროლა. გამოიძახეს ჩემმა მეგობრებმა საპატრულო ეკიპაჟი და იმის მაგივრად , რომ მათ რამე მოქმედება გაეკეთებინათ და დახმარებოდნენ, პირიქით, განარიდეს არასრულწლოვანი ბავშვები და პროვოცირებდნენ, რომ გაეღიზიანებინათ ტრანსგენდერები. გააღიზიანეს კიდეც და ჩემი მეგობარი ხმამაღალი ტონის გამო დააკავეს”- ყვება ტრანსგენდერი გაბრიელა.

    ცნობისთვის, 18 იანვარს პოლიციამ ნატა ფერაძე და რამდენიმე ტრანსგენდერი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

  • გიორგი გახარია 21-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

    მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.

    გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.

    ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.

    მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – “Uniting Europe” მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

    საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

  • დავით ჭიჭინაძის დასახელებული 2 მიზეზი, თუ რატომ არ ესმის ,,ქართულ ოცნებას” კრიტიკა

    დავით ჭიჭინაძის აზრით, არსებობს ორი მიზეზი, თუ რატომ არ ესმის ქართულ ოცნებას კრიტიკა.

    მისი თქმით, ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი და კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა ,,ოცნებას” ინგლისური არ ესმის, რადგან ყველა ინგლისურის მცოდნემ პარტია დატოვა, ქართული კი პარტიაში თავიდანვე არ ესმოდათ.

    ,,ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი – ქართველი ხალხი, და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენების და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია „ოცნებას“ არცერთ ენაზე არ ესმის, რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ თავიდანვე არ ესმოდათ”,- ამბობს პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი.

    ჭიჭინაძის განცხადებით, ქართულ ოცნებას დასავლელმა პარტნიორებმა ვერდიქტი გამოუტანეს.

    ,,მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა. დასავლელმა პარტნიორებმა ვერდიქტი გამოუტანეს. ყველაზე დიდი სანქცია კი 2020 წელს ექნებათ, როდესაც საკუთარი მოსახლეობა უარს ეტყვის იმიტომ, რომ მათი ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამაბა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

    ცნობისთვის, 19 იანვარს ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოში დასავლური ინვესტიციებისთვის გაუარესებულ კლიმატზე, დემოკრატიის პრობლემებზე და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობაზე ისაუბრა.

  • “მამაშენს ჰკითხე, 3 სართულიანი სახლი საიდან ააშენა”- ირაკლი ზარქუა ნათელაშვილის შვილს (ვიდეო)

    სასტუმრო “რედისონთან” დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენ. “გაბედეს” წევრებმა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წლის შეჯამება გააპროტესტეს და ადგილზე ტრანსფარანტებით მივიდნენ. ხმამაღალი შეძახილებით და სხვადასხვა კითხვით დახვდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი ზარქუას.

    აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტის  ამ ფორმამ გააღიზიანა დეპუტატი, რომელმაც ჯერ აქტივისტს ვინაობა ჰკითხა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო რომ შალვა ნათელაშვილის შვილს ესაუბრებოდა, მოუწოდა მამამისს “გაუბედო და ჰკითხოს” ის რასაც მას ეკითხებოდნენ. 

    “90-იანი წლებიდან, მამაშენი ბიზნესში არასოდეს არ ყოფილა და ჰკითხე 3 სართულიანი სასახლე საიდან ააშენა.” – ირაკლი ზარქუა.

    აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ეცდებიან უცხოელ სტუმრებს გააგებინონ აღნიშნული კომიტეტის “უმოქმედო” მუშაობის შესახებ. ერთ-ერთი აქტივისტი ბექა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს ერთი ადამიანის უფლებებიც კი არა აქვს დაცული. 

    {{VIDEO}}

  • განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება- გია მურღულია

    განათლების ექპერტი, გია მურღულია კულტურისა და განათლების სამინისტროს გაყოფას დადებითად აფასებს. მისი თქმით, განათლება იმდენად დიდი სფეროა, რომ მას ცალკე მართვის სისტემა სჭირდება.

    მურღულიას აზრით, გაყოფის მიზეზი გახდა ის, რომ სამინისტროების გაერთიანებამ შედეგი ვერ გამოიღო.

    „თავის დროზე რომ ეს სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, ალბათ, ახლა არ გაყოფდნენ. მე ვფიქრობ, რომ განათლების სფერო იმდენად დიდი სფეროა, რომ ალბათ ცალკე მართვის სისტემა სჭირდება, ამდენად ალბათ მართებულია ეს გადაწყვეტილება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეც შეიძლება მართვა და ასეც შეიძლება მართვა. უბრალოდ, როდესაც ამხელა სფეროზე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით, უმჯობესია, რომ ცალკე იყოს განათლების სისტემა. ეს არის ცალკე, მოცულობითი სისტემა ბევრი პრობლემით და ბევრი ადამიანი მონაწილეობს ამ სფეროში. იმდენი სეგმენტისგან შედგება, რომ ალბათ სჯობს რომ იყოს ცალკე”- აცხადებს გია მურღულია.

    ცნობისთვის, მთავრობამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

  • Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

    Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსულ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
    გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings–მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით.

    Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათაქვამია, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს საქართველოში, სადაც იგი წარმოადგენს ლიზინგის ბაზრის ლიდერ კომპანიას. თიბისი ლიზინგი უზრუნველყოფს დაფინანსებას კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესისთვის, მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.

    „თიბისი ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა თიბისი ბანკთან, როგორც მის შვილობილ კომპანიას, მაგრამ იგი სრულიად დამოუკიდებელია ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ – ნათქვამია Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
    „2019 წელი სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს – სექტორი 32 %-ით გაიზარდა. ამ ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მოგვენიჭა. Fitch-ის რეიტინგი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება,“ – განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.

    თიბისი ლიზინგი ბაზარზე კვლავ უპირობო ლიდერად რჩება. კომპანიის მიერ წლის ჯამურმა პორტფელურმა დაბანდებამ 240 მილიონი ლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30 %-ით გაიზარდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკრედიტო რეიტინგი სამომავლოდ თიბისი ლიზინგის საშუალებას მისცემს დამატებით ფინანსური სახსრები მოიძიოს განვითარების ბანკებიდან და ასევე დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე საჯარო ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებაში.